მაია სიხარულიძე უცხოეთში მოღვაწე ქართველი ემიგრანტია, რომლის ცხოვრებაც 90-იანი წლების განადგურებული საქართველოდან იტალიაში საცხოვრებლად გადასვლამ რადიკალურად შეცვალა და ქართველ ხელოვანს არაერთი შესაძლებლობის გამოვლენის საშუალება მისცა.
– ქალბატონო მაია, როგორი იყო თქვენი ცხოვრება საქართველოში?
– ჩემი ცხოვრების ყველაზე ადრეული პერიოდიდან მახსენდება, თუ როგორ დავდიოდი მარტო, სულ რაღაც, ექვსი წლის პატარა გოგონა ავტობუსით ძველი პლეხანოვის გამზირიდან ვაკის ბოლოში ჩემს პედაგოგთან, ვიოლინოთი ხელში. დედა მუშაობდა და ყოველთვის ვერ მივყავდი ხოლმე. ერთხელ ერთი პატარა ინციდენტი მოხდა: დედა უნდა მოსულიყო და გაკვეთილზე წავეყვანე, დააგვიანდა და ტაქსიში ჩამსვა, ნომერი ჩაიწერა და გამიშვა… ტაქსის მძღოლმა, ჭავჭავაძეზე გზის გაგრძელების ნაცვლად, მრგვალ ბაღთან აუხვია. როდესაც მან რამდენიმე წრე დაარტყა მრგვალ ბაღს, ავფორიაქდი, ეტყობა, ვიღაცას ეძებდა, მე კი მაგვიანდებოდა და ბევრი ყოყმანის გარეშე, შევჩივლე, აქ რატომ ამოვედით, როდესაც ვაკის ბოლოში უნდა მიგეყვანეთ, ახლავე წამიყვანეთ დანიშნულების ადგილზე-მეთქი. ძალიან ავღელდი. მან რაღაც ჩაიბურტყუნა: ჰო, ჰო, ნუ მოიკალი თავი, ეს ვინ არის, ერთი ამ პატარას უყურეო? და გამაქროლა ყიფშიძისკენ. მე იმდენად ანერვიულებული ვიყავი, რომ ვუთხარი, იქვე კუთხესთან გაეჩერებინა, ფეხით წავალ-მეთქი. ასეც მოხდა და რა თქმა უნდა, გაკვეთილზე 40 წუთი დავიგვიანე. სამსახურიდან დედა რეკავდა თურმე მასწავლებელთან: მაია თუ მოვიდაო, თითქოს გული უგრძნობდა და რომ გაიგო, ჯერ არ ვიყავი მისული, გამოვარდა, კარზე ზარი დარეკა და ვიოლინოს ხმა რომ გაიგო, ჩაიკეცა, გული წაუვიდა და მოსასულიერებელი გაგვიხდა. ახლა მეცინება, მაგრამ მაშინ სულ სხვა ემოციები გვქონდა, ძალიან განვიცადეთ.
უფრო გვიანდელი პერიოდიდან, მახსენდება სამოქალაქო ომი, როდესაც თბილისი პოლიგონად გადაიქცა, შავკაბიანი ქალები, არეულობები, კუპონების პერიოდი და დაცარიელებული მაღაზიები, კომენდანტის საათი, რუსის ჯარი, 9 აპრილი! – ეს იყო ცუდი სიზმარი, კოშმარი, რომლის აღწერა მიჭირს. როგორც მოგახსენეთ, პლეხანოვზე ვცხოვრობდით და რუსთაველზე რაც ხდებოდა, კარგად მოგეხსენებათ. ღამით, როდესაც ისროდნენ, ვხედავდით, როგორ ბრდღვიალებდა ტყვიები ცაში. რამდენიმე ტყვია ჩვენს ფანჯარაშიც კი შემოფრინდა და მერე რაც კი სქელი გადასაფარებლები და ქურთუკები გვქონდა, ფანჯრებზე ავაკარით. როდესაც სამხატვრო სახლი იწვოდა, ღამე იყო. მახსოვს, ჩვენი აივნიდან ის ადგილი ჩანდა და გაოგნებულები შევცქეროდით წითლად ანთებულ ცას, ვტიროდით და ღმერთს ვევედრებოდით, რომ მალე სიმშვიდე დაბრუნებულიყო.
– რატომ აირჩიეთ პროფესიად მუსიკა და რა გზა გაიარეთ საქართველოში მუსიკალური თვალსაზრისით?
– პატარაობიდან მუსიკალურ ოჯახში ვიზრდებოდი. დედა პიანისტი და ქორმაისტერი იყო, მამა – ჰობოისტი, დედის მხრიდან ყველა მღეროდა და მამაც. ჩემი უდიდესი სურვილი საბალეტო სკოლაში სწავლა იყო, მაგრამ მამამ სასტიკი უარი განაცხადა და სამუსიკო სკოლა გადავწყვიტეთ. ვიოლინო მისაღები გამოცდის დღეს ავირჩიე, პატარა გოგო დავინახე თავისი პაწაწა ვიოლინოთი და მაშინვე ჩემად მეჩვენა. დედა კონსერვატორიაში სწავლობდა და ლექციებზე დავყვებოდი. მახსოვს, კონცერტის წინ გუნდის გენერალური რეპეტიცია იყო. მე სადღაც უკან მსმენელის სავარძელზე ვიჯექი და მთელი მათი რეპერტუარი ზეპირად ვიცოდი და რაღა თქმა უნდა, მათთან ერთად ვმღეროდი ჩუმად, ფარულად, რომ ხელი არ შეშლოდათ. უცებ დირიჟორმა შეაჩერა გუნდი, მე კი სიმღერით გართული, დარბაზის მოჩუქურთმებულ, ბუთქუნა ანგელოზებს ვუყურებდი და გავაგრძელე სიმღერა. ყველა ჩემკენ შემოტრიალდა და ტაშმა და ოვაციებმა ამოხეთქა. მე სირცხვილისგან სად შევმძვრალიყავი, აღარ ვიცოდი.
რამდენიმე წლის მერე მეც გავხდი სტუდენტი – საგუნდო-სადირიჟოროზე ჩავაბარე, მანამდე კი ვიოლინოს კურსი დავხურე პირველ სამუსიკო სასწავლებელში. სახელმწიფო კაპელაში ვმუშაობდი და თან ვსწავლობდი. კაპელამდე კი მუსკომედიის გუნდის მომღერალი ვიყავი. მუსიკით ვსუნთქავდი.
– იტალიაში წასვლა რატომ გადაწყვიტეთ?
– ეს, ალბათ, ბედისწერა იყო. სრულიად შემთხვევით ჩემი ძველი კოლეგა შემხვდა, რომელიც პარტნიორს ეძებდა. იტალიაში, კერძოდ სარდინიაში ქართული კულტურის ცენტრი უნდა გახსნილიყო და სჭირდებოდა ადამიანი, ვინც ცოტა იტალიური ან ინგლისური მაინც იცოდა. მე ენებში საკმაო გამოცდილება მქონდა, ინგლისური უფრო კარგად ვიცოდი, ვიდრე იტალიური, მაგრამ საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ამ პროექტში ჩავესვი და თანაც ჩემი მომღერლობა გააადვილებდა იტალიაში საზეიმო კონცერტის, მიღების ჩატარებას. მილანში მარტო ჩავფრინდი. იქ ჩვენი ოჯახის მეგობარი მელოდა რომელიც მიმასპინძლებდა. თვითმფრინავში კი ერთი ყმაწვილი გამომელაპარაკა, რომელმაც მერე თავისი უახლესი მეგობარი გამაცნო, ვინც ძალიან მალე ჩემი მეუღლე გახდა.
– როგორც მუსიკოსი, რა მიღწევებით ამაყობთ დღეს, რა გამოცდილება დააგროვეთ საქართველოსგან შორს?
– ჩემი მეუღლე ძალიან კარგი ადამიანი აღმოჩნდა, ის უსაზღვროდ აფასებს მუსიკას და სხვა ქვეყნების კულტურას. მე რომ გამიცნო და გაიგო, მევიოლინე და მომღერალი ვიყავი, მაშინვე წამიყვანა მუსიკალური ინსტრუმენტების მაღაზიაში და ვიოლინო მაჩუქა. მის მეგობრებთან ერთად ვმართავდით მუსიკალურ საღამოებს. ყველანი აღფრთოვანებულები ვიყავით, ისეთი ატმოსფერო იყო, შეუძლებელი იყო ბედნიერების დამალვა.
ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი ის გახლდათ, რომ დედამ – გულიკო ლომთათიძემ, რომელიც ჩემი პირველი ქალიშვილის დაბადების შემდეგ ჩვენთან დარჩა იტალიაში, აქ თავისი საქმე გააგრძელა. გუნდს დირიჟორობდა და მალე მსმენელს ქართული რეპერტუარი შესთავაზა. ბევრი კონცერტი გავმართეთ, რომელზეც დარბაზები ქართული სიმღერის ჰანგებით ივსებოდა, მსმენელის თვალები კი – ცრემლებით. ერთი მოწვევა მილანიდან მივიღეთ და ეს იყო სასწაული დღე. ამ მიღებას იტალიელების გარდა ქართველებიც ესწრებოდნენ. ამ თავყრილობას ქალბატონი ნინო ყაუხჩიშვილი ორგანიზატორობდა. მისი უდიდესი სურვილი იტალიაში მიმოფანტული ქართველების თავმოყრა იყო. მისი სურვილისამებრ, რამდენიმე ქართველი ემიგრანტი გავერთიანდით და დავაფუძნეთ ქართულ-იტალიური საზოგადოება „სამშობლო გულით სატარებელი“, რომელიც დღემდე აქტიურ როლს ასრულებს იტალიაში ქართული კულტურის პოპულარიზაციაში. თუმცა, პანდემიამ ჩვენს წარმატებულ საქმიანობას ხელი შეუშალა.
– როგორ გახდით ფლორენციაში ატელიეს ხელმძღვანელი – ამ საქმეს როდის დაეუფლეთ?
– ბავშვობიდან მიყვარდა ხელსაქმე: კერვა, ქსოვა, ქარგვა. დედაჩემის უახლოესი მეგობარი ჩვენთან ცხოვრობდა და სულ რაღაცას კერავდა. მეც მივუჯდებოდი და ყველაფერს ვეკითხებოდი. ძალიან ბევრი რამ მასწავლა. მოზრდილობისას უკვე თვითონ ვახერხებდი შარვლის, პალტოს თუ ფარდების კერვას, რაც ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. იტალიაში უკვე ჩემი ოჯახისა და ბავშვებისთვის ვკერავდი. მახსოვს, ცოტა ხნით ერთ-ერთ საამქროში მომიწია მუშაობა და ურთულეს ფარდებს ვკერავდით, ეს არაბი შეიხის შეკვეთა იყო. ფლორენციაში რომ გადმოვსახლდი, ჯერ სტილისტთან – სანტი რინჩარისთან ვმუშაობდი, რომელმაც საცეკვაო ტანისამოსის სტილისტიკა, ნაჭრის ფაქტურის არჩევა, მოდელის ხასიათობრივი სპეციფიკა მასწავლა. ძალიან საინტერესო იყო მასთან მუშაობა, შეკვეთები გვქონდა მილანის „ლა სკალას“ აკადემიიდან, რომის საბალეტო დასიდან, ტოსკანის თეატრებიდან. ურთულესი საბალეტო კორსეტების შექმნაში ვეხმარებოდი, ვჭრიდი, ვკერავდი და ვალამაზებდით კოსტიუმებს ბალეტებისთვის – „ბაიადერი“, „გედების ტბა“, „მაკნატუნა“ და სხვა. შემდეგ ერთ-ერთ სპორტული ცეკვების აკადემიაში დავიწყე მუშაობა, სადაც ადმინისტრაციულ საქმეს ვუძღვებოდი. როდესაც დირექტორმა ჩემი ბიოგრაფია შეისწავლა და ნახა, რომ თეატრალურ სამკერვალოსთან მქონდა პრაქტიკა, საკუთარი საამქროს გახსნა შემომთავაზა, ამით ამ აკადემიას თავისი პირადი სტილისტი და სამკერვალო ექნებოდა – ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა! გავხსენით კიდეც, ვკერავდი და ვქმნიდი კოსტიუმებს შეჯიბრებებისთვის, მაგრამ ერთი წლის შემდეგ, კოვიდის გამო, ყველაფერი დაიკეტა. ალბათ, ერთ დღეს ისევ ავმოძრავდებით.
– როგორც ვიცი, ოჯახური რესტორანი გქონდათ, სადაც ქართულ კერძებსა და ღვინოს უწევდით პოპულარიზებას. როგორ დაიბადა მისი შექმნის იდეა?
– ეს იდეა სრულიად მოულოდნელად გაჩნდა. ქართული კერძები ბევრი სტუმრისთვის მქონდა მომზადებული და ყველას ძალიან მოსწონდა. მეუბნებოდნენ, რომ ჩემი მხრიდან რესტორნის გახსნა არ იქნებოდა ცუდი იდეა. დროთა განმავლობაში ეს აზრი მომწიფდა და მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, ქართულ-იტალიური რესტორანი გაგვეხსნა. მეუღლე ფანტასტიკური მზარეულია, მისგან ბევრი რამ ვისწავლე იტალიური სამზარეულოსი. ლიცენზიის ასაღებად კურსები იყო გასავლელი. გავიარე და საკმაოდ რთული გამოცდის ჩაბარების შემდეგ, საკვები ობიექტის წარმოების უფლების სერტიფიკატი მომანიჭეს. საინტერესო იყო. კლიენტების რეაქციიდან გამომდინარე, ვხვდებოდი, რა უნდა შემეცვალა ამა თუ იმ კერძში. ცოტაოდენი დრო და ჩვენს რესტორანში უკვე დიდი კულინარიული დეგუსტაციისა და კულტურული საღამოები იმართებოდა. ჩვენთან საკმაოდ შორი გზიდან, იტალიის სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოდიოდნენ. მოკლედ, იტალიაში პირველი ქართული რესტორანი მე გავხსენი, ეს იყო 2009 წელს.
– თქვენი შვილებიც გააცანით ჩვენს მკითხველს.
– ჩემი ცხოვრების არსი შვილებზე ზრუნვა და მათი გზაზე დაყენებაა. ისინი უკვე დამოუკიდებლები არიან. თეამ – უფროსმა ქალიშვილმა ტურიზმის ფაკულტეტი დაამთავრა, მაგრამ ახლა სწავლის გაგრძელება გადაწყვიტა და ბოლონიის უნივერსიტეტში ანთროპოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა. მარკო, ბავშვობიდან ძალიან ათლეტური იყო და სხვადასხვა სპორტზე დადიოდა. ბოლო პერიოდში პარკურს დაუახლოვდა და შემდეგ კი – აკრო იოგას, ანუ აკრობატიკულ იოგას. იტალიაში ძალიან დიდი ინტერესია ამ მიმართულებაში და მარკომ ისე კარგად შეისწავლა, რომ უკვე კურსებს ატარებს და სხვადასხვა სპორტულ დარბაზში ასწავლის, მონაწილეობს ევროპის სხვადასხვა ვორქშოპებში. საქართველოზეც იყო ლაპარაკი, მაგრამ ჯერ ვერ მოვახერხეთ ორგანიზება. სოფო ბავშვობიდან ცეკვავს და მისი საყვარელი საქმე უკვე პროფესიად გადაიქცა. ის ფლორენციის თანამედროვე ბალეტის პროფესიონალური მოცეკვავე გახდა და სხვადასხვა ქვეყანაში არაერთ კონკურსსა თუ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა. ხშირად იწვევენ სამოდელო გამოსვლებზე და სარეკლამო ფოტოსესიებში.