მომღერალი ნინო ბაშარული დედაქალაქიდან საცხოვრებლად რაჭაში გადავიდა. როგორც ამბობს, ამ გადაწყვეტილებამ მისი ცხოვრება უფრო ბედნიერი გახადა. გარდა ამისა, მან ცოტა ხნის წინ თუშეთში შემოქმედებითი საღამო გამართა.
ნინო ბაშარული: ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შესაძლებლობა მომეცა, თუშეთში, კერძოდ ომალოში, გამეკეთებინა შემოქმედებითი საღამო. ჩვენი თუშეთში მოგზაურობა პროექტ „მუსიკალურ ქარავანს“ უკავშირდება. ეს პროექტი საოცარ მუსიკალურ-ტურისტულ მოგზაურობებს ახორციელებს სხვადასხვა რეგიონში. მოგზაურობისას, თან მუსიკა ჟღერდა, თან საოცარი სანახაობები იყო, ნამდვილი ზღაპარია.
– თუშეთში პირველად იყავით?
– კი და კარგია, რომ სრულიად გაცნობიერებულ ასაკში მოვინახულე საქართველოს ცაში გამოკიდული ქვეყანა, მხარე, რომელშიც პორტალის საშუალებით ხვდები. თუშეთის ურთულესი გზა ხომ მართლა პორტალს ჰგავს (იცინის). განსაკუთრებულად შევიყვარე თუშეთი. იქ ისეთი სილამაზეა, რომ მის შესაფასებლად ყველა სიტყვა უძლურდება.
– სოფელში დაბრუნებაზე ფიქრი კორონავირუსის პერიოდში დავიწყეთ. ამ დროს უამრავი ადამიანი დაუბრუნდა სოფელს. რთულ პერიოდში იქ იპოვეს ნავსაყუდელი. მეც ვფიქრობ, რომ სოფელია ის ნავსაყუდელი, რომელიც ისევ დაგვაკავშირებს ერთმანეთისგან სოციალური ქსელის გამო გარიყულ და დაქსაქსულ ადამიანებს. რაც მეტი დრო გადის, ბუნებასთან სიახლოვის სურვილი იმატებს. მიწასთან სიახლოვე კი ჩვენ წინაპრებთან გვაახლოებს, კოსმოგონურ ცოდნებს გვიბრუნებს და იმ ფანჯარას გვაღებინებს, საიდანაც მთელ სამყაროს ხედავ, აქ თვალსაწიერი გეზრდება.
– თუმცა არ არის მარტივი, მოსწყდე ქალაქს და ყოველდღიურ რუტინას.
– მე მჯერა სამყაროში არსებული მინიშნებების და ზუსტად ამ მინიშნებების ჯაჭვს და შინაგან მოთხოვნილებას გამოვყევი სოფელში. აღარ მინდოდა თბილისში ცხოვრება, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში დავიბადე და გავიზარდე. არ მემეტებოდა დასატოვებლად ჩემი ქალაქი. თუმცა, რაჭაში ცხოვრება არ ნიშნავს, რომ თბილისში აღარ დავბრუნდები. რა თქმა უნდა, ჩავალ ხოლმე, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ თბილისის სიყვარულს რაჭიდან უკეთ შევძლებ. თბილისში ბევრი რამ არ მომწონს. პირველ რიგში, არაგულწრფელი ურთიერთობები. სოციალურმა ქსელებმა ადამიანების ქცევები შეცვალეს. ტექნოლოგიებში ჩავიკარგეთ და დედამიწის გულის ფეთქვას მოვწყდით. ადამიანმა კომფორტის ზონაში ყოფნის სურვილის გამო დაკარგა თავისი შინაარსი. ვიფიქრე, რომ თბილისიდან წამოსვლით, ანუ კომფორტის ზონის დათმობით, გავძლიერდებოდი და მეტს შევძლებდი საკუთარი თავისა და ქვეყნისთვის.
– რა ბედი ეწევა შემოქმედებით აქტივობებს?
– ქალაქიდან სოფელში გადმოსვლა საკმაოდ რთულია. უძველესი, მორყეული სახლის განახლება ბევრად შრომატევადია, ვიდრე ახლის აშენება, მაგრამ ჩვენ მაინც გადავწყვიტეთ, რომ მამაპაპისეული სახლისთვის შეგვევლო ხელი. ეს იმხელა სტიმულია და იმდენად სასიამოვნო პროცესია, რომ შემოქმედებითი მუზითაც მავსებს. ეს გარემო იმდენად ნაყოფიერია, რომ მჯერა ეს ჩემს შემოქმედებაზეც დადებითად აისახება. ბუხარში ცეცხლის ტკაცუნი, შეშის ჩეხის ხმა, ძაღლის ყეფა თუ მამლის ყივილი ისეთი ბგერათა ჰარმონიაა, რომელიც შემოქმედ ადამიანს აუცილებლად მისცემს სიმღერის დაწერის საშუალებას. როდესაც შენში ხელოვნება ბობოქრობს, ვერსად გაჩერდები და მით უმეტეს, ასეთ განსაკუთრებულ გარემოში.
– მეუღლის წინაპრების სახლს აკეთებთ? როგორია ახლა თქვენი ყოველდღიურობა?
– დიახ. ყოველდღიურობა კი ძალიან საინტერესოა. დილაადრიან ვდგებით და ვსაუზმობთ. სოფელში ყველას აქვს საკუთარი ყველი და კვერცხი, ამიტომ განებივრებულები ვართ ნატურალური პროდუქტებით. წარმოიდგინეთ, როგორი განწყობით იწყებ დღეს ქართველი კაცი, როდესაც დილით, ქათმის ახალდადებულ კვერცხს მიირთმევ.
სახლში ბევრი ძველი ნივთი გვაქვს. მათ შექმნასა თუ შეძენაში ჩემი მეუღლის წინაპრებს იმდენი შრომა აქვთ ჩადებული, რომ გადავწყვიტეთ, თითოეულ მათგანს გავუფრთხილდეთ და ყველას ახალი სიცოცხლე შევძინოთ. მეუღლე აშენებს, მე ვეხმარები. კედლები უკვე განვაახლეთ. პირველ სართულზე უკვე დავასრულეთ სარემონტო სამუშაოები და ახლა ვალამაზებთ. დაგვრჩა მეორე სართული, რომლის განახლებაც ბევრად რთული იქნება, მაგრამ ეგეც სიმღერ-სიმღერითა და სიყვარულით გაკეთდება. ჩვენ ძალიან გვიყვარს სიძველეები და თბილისის სახლიც ძველებურ ყაიდაზე გვაქვს მოწყობილი. აქ, მით უმეტეს, მაქსიმალურად ვცდილობთ, სახლს ძველი იერსახე შევუნარჩუნოთ.
– ალბათ, მეუღლეს აქვს გარკვეული ცოდნა ამ მიმართულებით.
– კი, იმიტომ, რომ ჩვენი თბილისის სახლზეც მან იმუშავა, ყველაფერი თავის ხელით გააკეთა, „იუთუბისა“ და მეგობრების დახმარებით. ძალიან ხალისიანი და სასიამოვნო პროცესი იყო და ამიტომ, ამჯერადაც შემართებით შევუდექით საქმეს. თან, მამაპაპისეულ სახლში მუშაობა კიდევ სხვა სიამოვნებაა.
– თქვენ რამდენად ყოჩაღი აღმოჩნდით ამ ამბებში?
– შეგიძლიათ, სტუმრებსაც უმასპინძლოთ?
– რა თქმა უნდა, შეგვიძლია საოჯახო სასტუმრო გავაკეთოთ. აქეთკენ მივდივართ. გვინდა, ეთნოგრაფიული ეზო და ლამაზი სახლუკა გვქონდეს ჩვენთვისაც და სტუმრებისთვისაც.
– ალბათ, მეზობლებს ძალიან უხარიათ, მათ გვერდით ცნობილი მომღერალი რომ დასახლდა.
– კი, როცა ტყეში სოკოს საკრებად მივდივართ, წყაროზე წყლისთვის ან შაორის ტბაზე სათევზაოდ, მეზობლები გვხვდებიან გზადაგზა და მოგეხსენებათ, რაჭველების ამბავი – საათობით ვსაუბრობთ. მათში დიდი სიყვარული და თანადგომის სურვილი იგრძნობა. აინტერესებთ, როგორ შევძელით ამის გაკეთება, დახმარება ხომ არ გვჭირდება. საოცრად ყურადღებიანები არიან, დაუძახებ თუ არა, მზად არიან, შენ გვერდით გაჩნდნენ. ზუსტად ეს გვაძლევს უდიდეს მოტივაციას. მეუღლეც საოცრად ბედნიერია საკუთარ ფუძეზე დაბრუნებით. ამბობს ხოლმე, მგონია, წინაპრები გვლოცავენო.
– შინაური ცხოველებისა და ფრინველების ყოლასაც ხომ არ აპირებთ?
– მშენებლობას რომ დავასრულებთ, აუცილებლად მეყოლება თხები. თხის რძე ძალიან სასარგებლოა. ჩემი შვილი ალერგიულია და თხის რძე ერთადერთია, რომლის მიღებაც მას შეუძლია. ამიტომ არ მინდა ეს სიამოვნება მოვაკლო. გარდა ამისა, ჩემი ოცნებაა, მყავდეს ქათმები და მქონდეს სოფლის კვერცხი. საუზმეზე ამ სიამოვნებას ვერაფერი შეედრება.
– მიწის დამუშავებასაც მიჰყავით ხელი?
– ბოსტანი გვაქვს, რომელიც ჩემმა მეუღლემ დაამუშავა და ყოველდღიური მოხმარებისთვის აუცილებლად გვექნება ჩვენი მწვანილი, ხახვი, ნიორი, კარტოფილი, კიტრი და პომიდორი. სოფელში ყველა ოჯახს აქვს საკუთარი ბოსტანი, ეს დაუწერელი კანონია და არც ჩვენ ვართ გამონაკლისები.
– ბავშვი როგორ შეეჩვია ახალ გარემოს?
– ბავშვს ძალიან მოსწონს სოფელი. თვალები უციმციმებს ხოლმე, როდესაც მასზე საუბრობს. თბილისში როცა წამოვიყვანეთ, რომ ეკითხებოდნენ: რა გქვიაო, ამბობდა – ლაზარე თლუღელიო (იცინის). ჩვენთვისაც და ჩვენი შვილისთვისაც დიდი ბედნიერების მომტანი აღმოჩნდა ეს გადაწყვეტილება. გამიხარდება თუ ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯი, ვინმესთვის მოტივაცია გახდება და თვითონაც დაუბრუნდება მიტოვებულ კერას. უამრავი ადამიანი მწერს, აინტერესებთ, რა სირთულეებია ამ პროცესში, ვხედავ, რომ ბევრს უნდა მამა-პაპის სახლში დაბრუნება. რომ ვესაუბრები, მიხარია. ყველაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ ზუსტად ვიცი, მათგან 15 ადამიანი მაინც დაუბრუნდება სოფელს.
– რა შეგრძნებაა ახლა, თბილისში რომ ჩამოდიხართ?
– პირველ რიგში, სიცხე მაწუხებს (იცინის). თბილისში ფეხი არ მაქვს შემოდგმული, მაშინვე რაჭაში დაბრუნებაზე ვფიქრობ. თუმცა, რა თქმა უნდა, სულ მენატრება ჩემი ქალაქი და მომენტარება, ბეტონის ჯურღმულების მიუხედავად, რაც მეც და სხვებსაც დიდ ტკივილს გვაყენებს. სიმართლე გითხრათ, ადამიანებში იმხელა სურვილს ვხედავ, რომ მჯერა, ერთად შევძლებთ, ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის დაცვას. არავის მივცემთ მისი გაპარტახების უფლებას.
– ზამთარში რას აპირებთ?
– ზამთარი გადალახვადია, რადგან როგორც გვითხრეს, ჩვენს სოფელში აგვისტოს თვეში ბუნებრივი აირი შემოჰყავთ. თუკი მართლა ასე მოხდება და ყველაფერს მოვასწრებთ, შეიძლება, ჩვენც და კიდევ ბევრი ოჯახიც ზამთარშიც თლუღში დავრჩეთ. ბუნებასთან სიახლოვეში ჩემში კოლხი მედეაც კი იღვიძებს. მცენარეების მიმართ ვგრძნობ განსაკუთრებულ ინტერესს. საოცარი სამკურნალო თვისებების მქონე ბალახები დავკრიფე, მეგობარს კარაბადინი გამოვაგზავნინე და ვცდილობ, ახალი ცოდნა შევიძინო. ვგრძნობ, წინ დიდი გარდასახვები და ტრანსფორმაციებია. სოფელში ათი იმდენი ხდები, ვიდრე ხარ. ასე რომ, მივმართავ ხალხს დიდი სიყვარულით: არ დააყოვნოთ, დაუბრუნდით მიტოვებულ ფუძეს!