“ლეიტენანტმა მითხრა, სკოლაში დავდიოდი სერიალი რომ დაიწყო და თქვენს ყურებაში გავიზარდეო”

დიდხნიანი პაუზის შემდეგ სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“ ეკრანს დაუბრუნდა. ამ ამბავმა სერიალის მაყურებელი ძალიან გაახარა. ახალ სეზონთან დაკავშირებით და არა მხოლოდ, მსახიობ ლევან ყოჩიაშვილს ვესაუბრეთ.

ლევან ყოჩიაშვილი: ამაღლებული განწყობით ვუბრუნდებით ჩვენს ერთგულ მაყურებელს და ძალიან გვიხარია, რომ ეს ხდება. „ჩემი ცოლის დაქალები“ ეკრანს უბრუნდება და მსახიობები მოწოდების სიმაღლეზე უნდა ვიყოთ. უკვე ვფიქრობდი, რომ ეს აღარ მოხდებოდა, აღარ მეგონა, რომ სერიალი კიდევ გაგრძელდებოდა, მაგრამ უცებ ასე გადაწყდა, რაც ჩვენთვისაც დიდი და სასიამოვნო სიურპრიზი იყო.

– არ გაგიჭირდათ დასრულებასთან შეგუება?

– ადამიანი ასეთია, თავს აჩვევ, რომ ყველაფერი, რაც იწყება, ოდესღაც მთავრდება. ბუნებრივია, რომ ოდესმე ესეც დამთავრდება და ამისთვის მზად უნდა იყო, ამიტომ, ამ თვალსაზრისით, დიდ განცდებში არ ვყოფილვარ, მაგრამ, რა თქმა უნდა, საწყენი იყო. უკვე შეჩვეულები ვართ ამ ყველაფერს, განსაკუთრებით ის მსახიობები, ვინც დასაწყისიდან აქ ვართ, სერიალი ჩვენი ცხოვრების ნაწილი გახდა, მაგრამ ოდესღაც დასასრულის დროც დგება. ახლა გულს კიდევ უფრო მეტად ის მიხარებს, რომ ამდენხნიანი პაუზის მიუხედავად, ადამიანები ძალიან გახარებულები არიან იმ ფაქტით, რომ სერიალი გრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ინტერესი არ გამქრალა. საერთო ჯამში, დაწყებიდან 11 წლის შემდეგაც კი, ადამიანებს ისევ უნდათ ამ სერიალის ყურება და ეს ჩვენთვის დიდი სტიმულია.

– რას ველოდოთ ახალი სეზონიდან?

– ახალი სეზონი წინებზე არანაკლებ საინტერესო იქნება. ახალი პერსონაჟები შემოვლენ, ანუ, სერიალს ახალი სახეები შეემატება. დეტალები ჯერ არ ვიცი, რადგან სერიალი თანდათან იწერება. ერთში დარწმუნებული ვარ, რომ მე და ნინას ბავშვი აღარ გვეყოლება (იცინის). ჩვენი შვილები, პატარებიც კი, უკვე დიდები არიან (იცინის).

– როგორ ფიქრობთ, რამდენ ხანს იქნება სერიალი ასეთი საინტერესო მაყურებლისთვის და რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს?

– მაყურებელი თვითონ გაგრძნობინებს, როცა აღარ უნდა. სანამ ინტერესი იქნება, სანამ ქეთი დევდარიანი არ დაიღლება და წერას გააგრძელებს, ალბათ, გაგრძელდება. 11 წელი ცოტა არ არის. თავიდან სამ სეზონზე იყო ლაპარაკი. სერიალისთვის ეს წლები ძალიან ბევრია და წინასწარ ვერაფერს იტყვი. ფანტაზიაზეა დამოკიდებული, ამ ყველაფერს მოფიქრება უნდა, დაწერა… ყველაზე მნიშვნელოვანი კი მაყურებლის ინტერესია. ალბათ, გასაგებ ენაზე ვლაპარაკობთ. ეს ისტორიები მათთვის ახლობელია, დამაფიქრებელია, ამ სერიალის ტონალობა ნაცნობია ადამიანებისთვის. მაგალითად, უცხოეთში მცხოვრები ჩვენი ემიგრანტები გვეუბნებიან ხოლმე, ეს ერთადერთი ძაფია ჩვენს სამშობლოსთან დამაკავშირებელი. სერიალის დღეებში ვიკრიბებით და ერთად ვუყურებთ ყველა, ვინც ერთმანეთთან ახლოს ვცხოვრობთო. წარმოიდგინეთ, რამხელა სტიმულია, როცა ვიღაც ასე გელოდება იმისთვის, რომ შენი მოყოლილი ამბავი მოისმინოს, ნახოს. ალბათ, ეს ამბებიც გასაგებ ენაზეა და ჩვენც ნორმალურად ვთამაშობთ.

– მთელი ეს პერიოდი, სანამ სერიალი შეჩერებული იყო, თქვენ პასიური არ ყოფილხართ. „ხელოვნურ სუნთქვაში“ გამორჩეული პერსონაჟი ითამაშეთ. ეს ამბავი როგორ დაიწყო?

– მე ძალიან მომწონდა სერიალი „ხელოვნური სუნთქვა“. თუმცა პირველ-ორ სეზონში ჩემი ყოფნა შეუძლებელი იყო, მეც ძალიან დატვირთული ვიყავი და თან, ორ სერიალში ერთად, როგორ?! ახალ სეზონზე რომ დამიძახეს და ეს როლი შემომთავაზეს, ძალიან გამიხარდა. განსაკუთრებით იმიტომ, რომ რადიკალურად განსხვავებული როლი უნდა მეთამაშა. მსახიობისთვის გამოწვევაა ასეთი ცვლილება. უნდა მომეფიქრებინა დათოსგან სრულიად განსხვავებული ადამიანი. ძალიან გამიხარდა, რომ მენდნენ. იმიტომ რომ როდესაც 11 წელი ერთ როლზე მუშაობ, მერე შეიძლება, არ მოგცენ შანსი, განსხვავებულიც სცადო. ძალიან ვეცადე, ჩემი ახალი როლი კარგად მომერგო და ეს პერსონაჟი ორგანულად ჩამჯდარიყო იმ სერიალში, რომლის ორი სეზონიც მაყურებელს უკვე ნანახი ჰქონდა. საერთოდ, რთულია, როდესაც დაწყებულ სერიალში შედიხარ და ამის გამოც ვღელავდი, მინდოდა, ნორმალურად გამომსვლოდა.

– დათოსაც ბევრი მინუსი აქვს, მაგრამ მაყურებლისთვის უფრო საყვარელი პერსონაჟია. გაუჭირდა მაყურებელს „ხელოვნურ სუნთქვაში“ თქვენი არც თუ ისე კარგ როლში მიღება?

– თავიდან დაბნეულობა იყო, სიჩუმე. მერე ვგრძნობდი, რომ გმირს ვერ იღებდნენ. შემდეგ დაიწყო საუბარი იმის შესახებ, რომ ძალიან განსხვავებულია, რომ არ ჰგავს დათოს და ეს მიხარია. მინდოდა, მაყურებლისთვის გვერდიდან დამენახვებინა, როგორია წამალდამოკიდებულების პრობლემა, რა ემართება ადამიანს ამ დროს, თან, აქ ექიმს ეხება საქმე, მაღალი ინტელექტის მქონე კაცს, მაგრამ ხომ ნახეთ, მერე რას დაემსგავსა, რა გახდა? მაყურებელს რაც შეეხება, ეჭვიანობდნენ დათოზე და ამას უბრაზდებოდნენ ასეთი ქცევის გამო. კარგია, თუ ნერვები ავუშალე მაყურებელს, ესე იგი, გამოვიდა ის, რაც უნდა გამოსულიყო (იცინის).

– იღბალი თუ შრომისმოყვარეობა – რომლის დამსახურებაა ის, რაც დღეს გაქვთ?

– იღბალი, იმიტომ რომ მსახიობს ბედი უნდა ჰქონდესო, ნათქვამია. დიდი მსახიობებიც ამბობდნენ, რომ უნდა გაგიმართლოს. შეიძლება, შენ არ შეგხვდეს როლი, რომელიც თავის გამოჩენის საშუალებას მოგცემდა. სულ ვამბობ, ეს ძალიან დამოკიდებული პროფესიაა. შენ გირჩევენ, შენ ვერ ირჩევ. ადამიანს უნდა მოუნდეს შენთან მუშაობა. მე მიმართლებდა და მიმართლებს იმაში, რომ უნდათ. გამართლებაა „ჩემი ცოლის დაქალებში“, ამხელა პროექტში, პირველი წამიდან რომ ერთ-ერთ წამყვან როლს განდობენ და შენი პერსონაჟი ამდენი ხანი აგრძელებს არსებობას. შეიძლებოდა, სხვა ყოფილიყო ჩემს ადგილას და მე ტელევიზორში მეყურებინა ამ ყველაფრისთვის. უკეთესია, როცა ტელევიზორში შენ ხარ, ეს გამართლებაა და ბედი. შრომისმოყვარეობაც მნიშვნელოვანია, ერთადაა ეს ყველაფერი. ამ პროფესიაში, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ლოდინი და მოთმინების უნარი. ეს არ ნიშნავს, მანამდე სტვენა-სტვენით იარო და არაფერი აკეთო, პირიქით, მომზადებული უნდა შეხვდე გზაზე შეხვედრილ შემოთავაზებებს.

– საჭირო დროს საჭირო ადგილას მოხვედრა გიგრძნიათ?

– უფრო ის, რომ ადამიანები მენდნენ, საქმე მანდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის გამართლება. შეიძლება, ვარსკვლავებს წყვეტდე, მაგრამ ადამიანს არ უნდოდეს შენთან ურთიერთობა და სხვა აირჩიოს, ამიტომაც ვამბობ, რომ გამართლებაა მთავარი.

– წარმატებისკენ მიმავალ გზაზე რა არის თქვენთვის მთავარი მოტივაცია – ფინანსები თუ აღიარება და სახელი?

– შესრულების ხარისხი. ჩემთვის მთავარია, საქმიდან საქმემდე ხარისხი არ დაეცეს, არ გამეორდეს. უნდა მოინდომო და საინტერესო იყო. როლს ითამაშებ თუ ახმოვანებ, უნდა ეცადო, ხარისხიანად გააკეთო. კი, პოპულარობა ამ პროფესიის შემადგენელი ნაწილია, ესეც წამახალისებელია და ფინანსურადაც თუ ეს ყველაფერი წახალისებული იქნება, რა თქმა უნდა, უფრო კარგ ხასიათზე იქნები ადამიანი (იცინის). სულ ვამბობ, მე ტელევიზორში ჩემი ხმის მოსმენა კი არ მიხარია, ეს არის ჩემთვის ლუკმაპური (იცინის). ასეა ყველა მსახიობისთვის.

– ალბათ, მაყურებლისგან ბევრი სასიამოვნო შეფასება მოგისმენიათ…

– ერთხელ, პატრულის ოფიცერი მომესალმა ძალიან თბილად. ლეიტენანტი იყო, ახალგაზრდა კაცი. მეუბნება, სკოლაში დავდიოდი, სერიალი რომ დაიწყო და თქვენს ყურებაში გავიზარდეო. არადა, წინ ორმეტრიანი ლეიტენანტი კაცი მედგა (იცინის). ამაზე მეტი სიხარული რა უნდა იყოს, როცა მსახიობს ამას გეუბნებიან. გადამეხვია და მეც სიხარულით გადავეხვიე. ბევრს ისიც უთქვამს, მთელი ბავშვობა თქვენს გახმოვანებულ ფილმებს ვუყურებდი, რა კარგად ახმოვანებთო და მეტი რა არის ეს პროფესია?! ამ ყველაფრის გამო მადლიერი ვარ და ძალიან მიხარია.