ვინ “შეიწირა“ ხატია ქვათაძის საქორწილო მორთულობა და რატომ აატირა ნეფე–დედოფლის ფიცმა სტუმრები

ტელეწამყვანმა ხატია ქვათაძემ რამდენიმე წელია, ოჯახი შექმნა და უკვე პატარა კატაის დედაცაა, თუმცა, ოფიციალური ცერემონია და ჯვრისწერა ახლახან ჰქონდა და საკუთარ ემოციებსა და განწყობას ჩვენს მკითხველს უზიარებს.

ხატია ქვათაძე: ქორწილის შეფასებისას ჩემთვის, როგორც მასპინძლისთვის, მთავარი ინდიკატორი სტუმრების განწყობაა და მათი შეფასებებით თუ ვიმსჯელებთ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. რაც შეეხება ჩემს ემოციებს, საკმაოდ სტრესული აღმოჩნდა. თეორიულად უფრო მარტივი ჩანდა, რეალურად კი ამ პროცესს, თურმე, ბევრი სანერვიულო ახლავს. რთული იყო წინამოსამზადებელი პერიოდიც და კონკრეტულად ქორწილის დღეც. რეალურად, ქორწილი კარგად არ მახსოვს. მართლა ვერ წარმოვიდგენდი, თუ ასეთი რთული იქნებოდა.

როდესაც სტუმრებს მასპინძლობ, თურმე, დედოფალიც რომ იყო, შენი მოლხენა მაინც შეზღუდულია და უფრო სხვებზე ხარ ორიენტირებული. ამ დღის დანიშნულებაც ხომ ისაა, რომ ყველას ახარებდეს შენი ბედნიერების ზეიმი და დღე სასიამოვნოდ გაატარონ. მიხარია, თუ სხვებისთვის კარგი განწყობის შექმნა შევძელით. როგორც მივხვდი, სიძისა და პატარძლისთვის სწორედ ეს არის ამ დღის ბონუსი.

– როგორი ქორწილი იყო, ტრადიციული თუ თანამედროვე?

– ტრადიციული ქორწილი არ მინდოდა, არც ხალხმრავლობის მომხრე ვიყავი, მაგრამ საბოლოო ჯამში, შუალედურ ვარიანტზე შევჯერდით, არც ძალიან ბევრი ვიყავით და არც ცოტა. ჩვენთვის მთავარი ჯვრისწერა იყო, ყველაფრის მიზანი ეს იყო და არა ცერემონიის ნაწილი, ფოტოგადაღება ან ჩვენი ერთად ყოფნის აფიშირება. ამიტომ მინდოდა, ყველაფერი ძალიან სიმბოლური ყოფილიყო. თუმცა, სამზადისში მივხვდით, რომ მთლად ასე მარტივად არ გამოვიდოდა. თუმცა, ტრადიციული არა, მაინც არასტანდარტული ქორწილი გამოგვივიდა. იქიდან გამომდინარე, რომ ზაფხულია, ღია სივრცე შევარჩიეთ და თან, მეც და ჩემს მეუღლესაც ძალიან გვსიამოვნებს ბუნებასთან ახლოს ყოფნა. არცერთს არ მოგვწონს მეტისმეტად გადატვირთული და გრანდიოზული სადღესასწაულო გაფორმებები. ამიტომ ყველაფერი მინიმალისტური ავარჩიეთ. კაბაც ძალიან სადა და კომფორტული, იმავდროულად, ლამაზი და ყოველდღიურისგან ძალიან განსხვავებული იყო.

ცერემონიის ნაწილში ჩემი სურვილით შევიტანეთ ისეთი დეტალები, როგორიც ქართული ქორწილებისთვის არ არის დამახასიათებელი. მაგალითად, საქორწინო ფიცის დადება და პატარძლის შესვლის ცერემონია. ძალიან მომწონს, როცა პატარძალს სიძესთან მამა მიაცილებს და მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ქართული ტრადიცია, მაინც გავაკეთეთ. თან, რადგან უკვე გოგონას მშობლები ვართ, გვინდოდა, ამ ცერემონიაში მასაც მიეღო მონაწილეობა და ასეც გამოგვივიდა.

– საქორწინო ფიცის ტექსტის შედგენა რთული არ აღმოჩნდა?

– ნამდვილად რთული იყო. მე ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, წერა რთულად არ მეჩვენება, მაგრამ მაინც გამიჭირდა. სასაცილო ის იყო, რომ ჩემი მეუღლე, რომელიც ძალიან შორს არის წერისგან, ამბობდა, ყველაფერი შემიძლია, გავაკეთო, ოღონდ ეს არ დამაწერინოო. მეგობრები ეხუმრებოდნენ, ჩვენ დაგიწერთ და შენ მხოლოდ ხელი მოაწერე, რომ თანახმა ხარო (იცინის). ამ მიზეზით და ჩვენი მოუცლელობის გამო ეს საქმე ჯვრისწერის წინა საღამომდე მივიყვანეთ. საღამოს ვკითხე, ვდებთ თუ არა ფიცს-მეთქი, იმიტომ, რომ თუ მარტო დავრჩებოდი ჩემი ფიცით, ჯობდა, მეც არ მეთქვა (იცინის). მითხრა, ოღონდ არ დამაწერინო და იქ რამეს ვიზამო. დავთანხმდი. პირობა შეასრულა. მისი ხასიათიდან გამომდინარე, ძალიან ლაკონიური, მაგრამ ჩემთვის სრულიად საკმარისი და ძვირფასი სიტყვა წარმოთქვა. მე, როგორც ჟურნალისტს შეეფერებოდა, გრძელად ვთქვი (იცინის). ძალიან ემოციური გამოვიდა, იმდენად, რომ ჩვენც ვტიროდით და სტუმრების აბსოლუტური უმრავლესობაც. ნამდვილად ღირდა ამის გაკეთება, კარგ მოგონებად დაგვრჩება და ძალიან მიხარია, რომ არ დავიზარეთ.

– პატარა როგორ გაერთო მშობლების ქორწილში?

– კატაი დიდად ვერ გაერთო. სანამ ჩვენ მივედით, სტუმრებს დახვდა და ძალიან მხიარულად მიიღო, ნამდვილი მასპინძელივით, მაგრამ რადგან დედასთან განსაკუთრებული კავშირი აქვს, როგორც ყველა ბავშვს, რომ დამინახა, მერე ძალიან გაუჭირდა ჩემ გარეშე ყოფნა. დიდხანს ვერც გავაჩერეთ. ჯერ კიდევ პატარაა ასეთი დღესასწაულებისთვის და მალევე მოგვიხდა წვეულებიდან წაგვეყვანა. რაც მთავარია, ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. თან, ძალიან თავდაჯერებული იყო, სტუმრებს მიესალმა, ხელი აუწია, მაგრამ ჩემი ჩაცმულობა დიდად არ მოეწონა. არ უყვარს, როცა მაკიაჟი მიკეთია. ასეთს, ფაქტობრივად, ვერ მხედავს, იმიტომ რომ ძალიან ვერიდები მასთან ქიმიური საშუალებების გამოყენებას, არ მინდა, კოსმეტიკასთან კონტაქტი ჰქონდეს. ამიტომ ჯერ ეს გაუკვირდა, მერე ჩემი თავსაბურავი გააპროტესტა და მოკლედ, ჩემი საქორწინო მორთულობა შეიწირა (იცინის). ალბათ, არაფერი დაამახსოვრდება, მაგრამ რომ გაიზრდება, მერე ვაჩვენებთ, როგორი იყო ეს დღე მისთვის.

– თქვით, რომ მთავარი ჯვრისწერა იყო. რა დატვირთვა აქვთ თქვენთვის ამ რიტუალს?

– ორივესთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. რწმენასა და ასეთ დელიკატურ საკითხებზე საუბარი არ მიყვარს, მაგრამ ვიტყვი იმას, რომ ეს რიტუალი ორივესთვის განსაკუთრებულად ღირებულია. ასაკით ძალიან დიდები არა, მაგრამ აღარც პატარები ვართ და გარკვეული გამოცდილება ორივეს გვაქვს და ჯვრისწერის შინაარსს, ახლა უფრო დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, ვიდრე წლების წინ. გულწრფელად ვამბობ, მეც დამზარებია სხვის ქორწილში ამ ცერემონიაზე დასწრება, მაგრამ ახლა საერთოდ სხვა განწყობა მქონდა. მამაო, რომელმაც ჩვენ ჯვარი დაგვწერა, თვითონაც განსაკუთრებულად უდგებოდა ამ საკითხს. ჯვარი სვეტიცხოველში დავიწერეთ, მაგრამ არა ტაძრის ცენტრალურ ნაწილში. მოგეხსენებათ, ცენტრალური ტურისტულად ძალიან აქტიურია და იქ სულ ხალხმრავლობაა. ასეთ გარემოში ჯვრისწერის პროცესზე კონცენტრირება და მოძღვრის სიტყვებზე ფიქრი ნაკლებად გამოგვივიდოდა. არადა, მგონია, რომ ეს ძალიან საჭიროა. ამიტომ ვარჩიეთ პატარა ტაძარი. ბოლოს მოძღვარმა გვითხრა, აქედან რომ გახლავთ, გაჩერდით და ჩაუფიქრდით, იგრძნობთ თუ არა განსხვავებას, იგრძნობთ თუ არა, რომ თქვენ უკვე აღარ ხართ ცალ-ცალკე ადამიანი და ერთ მთლიანობას, ანუ, ოჯახს წარმოადგენთო?! ახლა ნამდვილად ვგრძნობ სიმშვიდეს და უფრო მეტ ძალასა და მოტივაციას.