მსახიობი დავით ველიჯანაშვილი სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ ახალი პერსონაჟის როლში ვიხილეთ.
დავით ველიჯანაშვილი: სერიალის ქასთინგმენეჯერი ეკა მჟავანაძე დამიკავშირდა და მითხრა, რომ სერიალში ახალ პერსონაჟს ამატებდნენ. გმირის ხასიათი ამიხსნეს, საკმაოდ საინტერესოდ მომეჩვენა, დეტალებზე შევთანხმდით და დავიწყეთ. „ჩემი ცოლის დაქალები“ საკულტო სერიალად იქცა, წლებია, ეთერშია, ხალხს ძალიან უყვარს და ბუნებრივია, ეს შემოთავაზება სიამოვნებით მივიღე. ასეთი პროდუქტის შექმნისათვის მინდა, მთელ გუნდს კომპლიმენტები ვუთხრა.
– ქმრიანი ქალის საყვარლობას ადვილად არ პატიობენ. არ მოჰყვა კრიტიკა ამ გმირის გამოჩენას?
– ეს პერსონაჟი არ არის მოსაწონი და ცხადია, რომ არც უნდა მოსწონდეთ. ეს არ არის ის, ვინც ყველას უნდა უყვარდეს და გულშემატკივრობდნენ. ეს არის გმირი, რომლის არც საქციელი და არც ღირებულებები ჯერჯერობით არ არის მოსაწონი. აქედან გამომდინარე, მაყურებელსაც ადეკვატური რეაქცია აქვს – არ მოსწონთ. კრიტიკა ჩემი, როგორც მსახიობის, შესრულებისადმიც რომ იყოს, არც ამაში იქნება რამე გასაკვირი, ესეც ჩვეულებრივი მომენტია.
– სერიალის პარალელურად, კიდევ რით ხართ დაკავებული?
– ბევრ სხვადასხვა საქმეს ვაკეთებ. ვერ ვიტყვი, რომ ცხოვრებაში მხოლოდ ერთ საქმეზე ან პროექტზე ვარ კონცენტრირებული. „პირველ არხზე“ ვმუშაობ რადიოგადაცემაზე, სხვა პროექტებიცაა. როგორც წესი, ადამიანებს, ზოგს საიდან ვეცნობი, ზოგს – საიდან. ვიღაცას შეიძლება, ჩემი ხმა მოხვედრია ყურში გახმოვანებიდან. მთელი ცხოვრება ასე იყო, მხოლოდ ერთი საქმისთვის არასდროს დამითმია მთელი ჩემი დრო და ფიქრი.
– ასე თუ ისე, ამ მხრივ, ყოველთვის „განებივრებული“ ვიყავი, ანუ სხვადასხვა მიმართულებით ვსაქმიანობდი. თუმცა, თვითრიალიზების პრობლემა ძალიან ფართოა. შეიძლება, ვიღაცას ძალიან ბევრი საქმე და პროექტი ჰქონდეს სამუშაოდ, მაგრამ თავს თვითრეალიზებულად არ თვლიდეს. შეიძლება, თვითრეალიზებული იყოს ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება ერთ თეატრში მუშაობს, მაგრამ ასეთად არ მიიჩნევდეს თავს ის, ვინც ხუთ თეატრში მუშაობს და ას ფილმშია გადაღებული. რით მიაღწევ თვითრეალიზებას, ეს შენზეა დამოკიდებული. საერთოდ, ვფიქრობ, რომ ეს თვითკმაყოფილებას ჰგავს და არა მგონია, ცხოვრების რაღაც ეტაპზე, დგებოდეს მომენტი, როცა ადამიანი იღვიძებს და ფიქრობს: „ოჰ, რა კარგი შეგრძნებაა, მე თვითრეალიზებული ვარ“. ამგვარმა თვითკმაყოფილებამ თუ შემოგიტია, ესე იგი, ცუდად არის საქმე, რადგან ეს ვერ არის კარგი ამბავი. სულ გინდა მეტი გააკეთო, წინ წახვიდე და ზღვარი სად გადის, არავინ იცის.
– ძირითადად, მაინც საიდან გცნობენ?
– ჩემთან ეს ამბავი იმდენად ჩახლართულია, მაგ კითხვაზე პასუხის გაცემა ცოტა გამიჭირდება. ახლა „ჩემი ცოლის დაქალებზე“ ვსაუბრობდით, მაგრამ ეს ახალი ამბავია. ვიღაცისთვის ნაცნობი ვარ გეიმ-შოუდან, რომელიც „პირველ არხზე“ გადიოდა სახელწოდებით – „ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანი“. ვიღაცები დღემდე უყურებენ „შუა ქალაქს“, ვიღაცას შეიძლება „იუთუბიდან“ ვეცნობოდე, გააჩნია ადამიანის ინტერესებს. ვიღაც ქუჩაში ან სუპერმარკეტში რომ გამიღიმებს და მკითხავს, შეიძლება, შენთან ერთად ფოტო გადავიღოო ან თბილ სიტყვებს მეტყვის, სულ მიჩნდება სურვილი, ვკითხო, საიდან მიცნობს. ხანდახან ვეკითხები კიდეც და ზოგს რა უთქვამს, ზოგს კი – რა. ვიღაცებს ისიც უთქვამთ, არ ვიცი, საიდან, მაგრამ მეცნობიო (იცინის).
– ეს ამბავი როდის დაიწყო, გახსოვთ?
– კონკრეტულად გახსენება გამიჭირდება, მაგრამ ის ნამდვილად ვიცი, რომ ძალიან კარგი შეგრძნებაა. ადრე ვიღაცები ამბობდნენ ხოლმე, დამღალა პოპულარობამო, ახლა ნაკლებად თუ იტყვიან მსგავს რამეს და მაშინაც ძალიან მეცინებოდა ამ სიტყვებზე. მე მგონია, რომ ეს ზედმეტი პრანჭიაობაა.
როგორ შეიძლება, ამით დაიღალო? ეს ხომ შენდამი სიყვარულის გამოხატულებაა ადამიანებისგან და რა უნდა იყოს ცხოვრებაში ამაზე კარგი?! როდესაც ადამიანები გიღიმიან, შენთან ფოტოს გადაღების სურვილი აქვთ, შენდამი კეთილგანწყობილები არიან – მე ვფიქრობ, ეს დიდი ბედნიერებაა და განსაკუთრებით დასაფასებელია.
– თუმცა, გარკვეულ შეზღუდვებს არ გიწესებთ?
– არც ეგეთი „სთარი“ ვარ, რომ მაგხელა პასუხისმგებლობები მქონდეს „აკიდებული“ (იცინის). თუ მივალ მანამდე, მერე ვილაპარაკოთ (იცინის).
– მსახიობობა ბავშვობიდან გინდოდათ?
– არა. ჩემს შემთხვევაში ისე არ მომხდარა, როგორც ბევრისგან გვსმენია, ანუ, ჩემი მშობლები არ ყოფილან თეატრალები და მე სცენაზე არ გავზრდილვარ. პირიქით, თეატრისგან ძალიან შორს ვიყავი. იქ სიარულის სურვილიც კი ძალიან გვიან გამიჩნდა. ჩემი ბავშვობა ცოტა მძიმე და ნაცრისფერი იყო. თინეიჯერობის წლებმა 90-იანებში გაიარა და მოგეხსენებათ, მაშინ რა ხდებოდა. გარეთ ტყვიას ისროდნენ, ციოდა და საჭმელი გვიჭირდა. მაშინ რთული იყო რაღაცებში გარკვევა, მაგრამ 16 წლისამ, სკოლა როგორც კი დავამთავრე, როგორც ხდება ხოლმე, მეზობლებს რომ არაფერი ეთქვათ, მაშინვე უმაღლესში ჩავაბარე. ტექნიკური საგნები ვიცოდი კარგად, ეს ნამდვილად ჩემი მშობლების დამსახურება იყო და ამიტომ, საინჟინო-ეკონომიკური მიმართულება ავირჩიე. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე, მაღლივში, სადაც მერე ფეხით მიწევდა ხოლმე სიარული, რადგან ტრანსპორტი არ მუშაობდა. მესამე კურსზე მივხვდი, რომ სხვაგან ვიყავი, ამ პროფესიისადმი ინტერესი საერთოდ არ მქონდა. ბუნებრივია, 16 კი არა, 40 წლის ადამიანები იცვლიან საქმიანობას და მე ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ.
შემდეგ სხვა ინტერესები გამიჩნდა – კინოსა თუ თეატრში ძალიან მაგარ მსახიობებს რომ შევხედე, მეც მომინდა მათ ადგილას ყოფნა და დავიწყე ფიქრი იმაზე, შევძლებდი თუ არა. მოვძებნე მეგობრები ამ სფეროში, მათ რაღაცებში გამარკვიეს, თუმცა მშობლების თხოვნით, ის ფაკულტეტი დავამთავრე, რაზეც ვსწავლობდი და იმავე წელსვე, უკვე საკუთარი სურვილით, თეატრალურში ჩავაბარე. ამის შემდეგ ყოველთვის მქონდა საქმე, რომელიც ჩემს მეორე პროფესიასთან და სურვილებთან მოდიოდა თანხვედრაში.
– რაც შეეხება ოჯახს…
– პირველი მეუღლე, ვინც მყავდა, ის მყავს დღესაც (იცინის). როცა გადავწყვიტეთ, რომ შეგვეძლო, ერთად გვეცხოვრა და შვილებიც გაგვეზარდა, არ ვიყავით პატარები, თუმცა არც ბებრები: მე 29 წლის ვიყავი, ჩემი მომავალი მეუღლე – 28-ის. ეს ყველაფერი გააზრებულად გავაკეთეთ. ორივე გაწონასწორებული და მშვიდი ადამიანები ვართ. ასე რომ, ცხოვრებაში მაინცდამაიანც დიდი კონფლიქტები არ გვქონია და არც პატარა (იცინის). მშვიდად, წყნარად და ბედნიერად ვცხოვრობთ. ორი შვილი გვყავს – გოგონები.
– მეუღლის პროფესიასა და საქმიანობის სფეროზეც ვისაუბროთ.
– მეუღლე არის ირინა ფრუიძე. ვინც „რა? სად? როდის?“ უყურებს, ალბათ, იქიდან იცნობს. პროფესიით ექიმია და ასევე, ფსიქოლოგი, მაგრამ ამ პროფესიებით არ უმუშავია. სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებში იყო და ახლაც გაეროს ერთ-ერთ პროექტზე მუშაობს.
– „რა? სად? როდის?“ მოთამაშეების მიმართ ცოტა სტერეოტიპული დამოკიდებულებები გვაქვს, თითქოს, ძალიან სერიოზულები და მძიმეები არიან. როგორია ქალბატონი ირინა ოჯახში?
– ქალბატონი ირინა არ არის მძიმე. კი, ეს, ალბათ, მართლაც სტერეოტიპული დამოკიდებულებაა, რაც ყველაზე არ ვრცელდება. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და მათი თვისებები განათლებასთან და საქმიანობასთან არ არის კავშირში. ირინა არის ძალიან საყვარელი გოგო. ჩემთვის გოგოა და ყოველთვის გოგო იქნება. ძალიან სანდო ადამიანია. ყველაზე დიდი რამ, რითაც შეიძლება, შენს გვერდით მყოფმა ადამიანმა გაგაძლიეროს, თვალდახუჭული ნდობაა. მისგან ძალიან დიდ მხარდაჭერას სწორედ მაშინ ვგრძნობ, როდესაც მე ეს მჭირდება.
– რა არის თქვენი ხანგრძლივი და მყარი ურთიერთობის განმსაზღვრელი?
– ამას „ცოტა“ ძალისხმევა სჭირდება, არა მგონია, მხოლოდ თავისთავად ხდებოდეს. თუ ეგოისტურად წარმართე შენი ცხოვრება, აღარ გამოვა ეს ამბავი. ეს მხოლოდ ცოლქმრულ ურთიერთობას არ ეხება, ასეა მეგობრობაშიც და ყველგან. მე მგონია, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი მეორე ადამიანთან ურთიერთობაში არის ის, რომ მუდმივად თუ არა, ხანდახან მაინც უნდა იფიქრო, როგორ შეუქმნა მას კომფორტული გარემო. როგორღაც უნდა მოახერხო, რომ სხვისთვის კომფორტული ადამიანი იყო. ამ შემთხვევაში ადამიანი შენს გვერდით თავს კარგად გრძნობს და სურვილი აქვს შენთან იყოს. როგორ მოახერხებ ამას – მისი გამხნევებით, მოსმენით, რჩევის მიცემით თუ საერთოდ ხმის გაუცემლად, ეს უნდა გამოიცნო. ყოველ შემთხვევაში მიზანი ერთია – შეეცადო, შენი მის გვერდით ყოფნით ან არყოფნით, გააჩნია მას რა სჭირდება, შექმნა მისთვის სასურველი და სასიამოვნო გარემო. ხანდახან მაინც რომ იფიქრო ამაზე, მგონია, რომ ყველაფერი კარგად იქნება. თითქოს ძნელიც არ არის, მაგრამ რატომღაც ყოველდღიურობაში ადამიანები მაინც ივიწყებენ, როცა ურთიერთობა ბევრი წლის განმავლობაში გრძლებდება. არადა, რამდენი დროც უნდა გავიდეს, სხვის მიმართ პასუხისმგებლობა უნდა დაიტოვო. თანაცხოვრება ძალიან ძნელია. ამიტომაც ურჩევნია ბევრს მარტო ყოფნა. ხვდება, რომ არ შეუძლია ამ პასუხისმგებლობის აღება და მათიც მესმის.
– შვილები…
– უმცროსი, ანი 7 წლისაა, უფროსი, სალომე – 15-ის. ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან, თუმცა, ორივე ძალიან კარგია. მეც ვცდილობ, კარგი მამა ვიყო და იმედია, გამომდის. ალბათ, უნდა შეეცადო და ყველაფერი მისცე შვილს, რომელიც გადაწყვიტე, რომ გყოლოდა და არ იყო ეგოისტი, ანუ არ ეცადო, შვილი იყოს ისეთი, როგორიც შენ წარმოგედგინა. მის ბავშვობიდანვე უნდა გქონდეს გააზრებული, რომ ის თავისუფალი ადამიანია და მის სურვილებს, უფლებებსა და ინტერესებს პატივი სცე.