რატომ თქვა მაკუნა ამაშუკელმა დროებით უარი წარმატებულ სამოდელო კარიერაზე და რის გამო ჩაიკეტა ის

ქართველი მოდელი მაკუნა ამაშუკელი მალაიზიაში გამართული საერთაშორისო კონკურსიდან განსაკუთრებული წარმატებით დაბრუნდა – იგი მეორე ვიცე Miss Uniworld 2023 გახდა.

მაკუნა ამაშუკელი: ამ კონკურსში 26 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი გოგონა იღებდა მონაწილეობას. მათი შერჩევა გამოცდილების მიხედვით მოხდა. რაც იმას ნიშნავს, რომ აქ მოსახვედრად აუცილებლად უნდა გვქონოდა ტიტული, როგორც საკუთარ ქვეყანაში მოპოვებული, ისე საერთაშორისო კონკურსებზე. პირადად მე ამ კონკურსის ერთ-ერთი დამფუძნებელი დამიკავშირდა. ბევრი წელია, ამ სფეროში ვსაქმიანობ და კარგი კონტაქტები დამიგროვდა. გამომდინარე იქიდან, რომ პირობებს ვაკმაყოფილებდი, კონკურსში ჩავერთე.

– როგორ ფიქრობთ, თქვენს შემთხვევაში რამ დაიმსახურა განსაკუთრებული მოწონება?

– კონკურსზე ქართული ცეკვა წარვადგინე, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა. ასევე, მოეწონათ ჩემი თავდაჯერებულობა. აზიის ქვეყანაში ევროპული გარეგნობის გოგონასთვის ცოტა რთულია წარმატების მიღწევა, რადგან ისინი სილამაზეს სხვანაირად აღიქვამენ და უპირატესობას უფრო აზიურ გარეგნობას ანიჭებენ. ამიტომ ცოტა მეტი მუშაობა იყო საჭირო და საბედნიეროდ, შრომისმოყვარეობას გიფასებენ.

– ელოდით გამარჯვებას?

– ამ კონკურსისთვის ექვსი თვე ვემზადებოდი და ამ დროის განმავლობაში ძალიან ბევრს ვშრომობდი როგორც ფიზიკურად, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით. ვემზადებოდი სიტყვით გამოსვლისთვის, ასევე, ვამზადებდი კოსტიუმებს, თუმცა, ამ პროცესში შედეგზე არ ვფიქრობ ხოლმე. ასაკით სხვებზე უფროსი ვიყავი, ზღვარზე, ერთი წელი მაპატიეს კიდეც. 30 წლის ვარ და სილამაზის კონკურსები ზოგადად, 28-29 წლამდე გოგონებისთვისაა. გამონაკლისი დაუშვეს, რამაც გამახარა, მაგრამ ეს შანსებზე მოქმედებს. ყველაფრის მიუხედავად, წინასწარგანწყობას არასდროს ვიქმნი, უბრალოდ, ვაკეთებ ყველაფერს, რაც შემიძლია. საკმაოდ ძლიერი კონკურენტები მყავდა, კარგი გამოცდილებით, ძალიან ლამაზები და თავიანთ ქვეყანაში, ჩემთან შედარებით, ბევრად პოპულარულები და ცნობადი სახეები. თუმცა ასეთ რამეებსაც არ ვაქცევ ყურადღებას, მხოლოდ საკუთარ თავზე ვკონცერტრირდები და მაქსიმალურს ვაკეთებ.

– ამ ყველაფერმა შედეგად მოიტანა მეორე „მის ვიცე უნივორდის“ წოდება. როგორი ემოციები იყო?

– მართლა არ ველოდი და ძალიან გამიხარდა. მინდოდა, მაგრამ ასაკი ცოტა მაბრკოლებდა. ნამდვილად ღირსეულ კანდიდატებს შორის მოვხვდი და ემოციური იყო. ტოპ-ხუთეულის გამოცხადების შემდეგ, კითხვებზე გვიწევს პასუხის გაცემა და მე ვფიქრობ, რომ კითხვებზე პასუხით მოვიპოვე მეორე ვიცეს სტატუსი. შენმა პასუხმა მაყურებელში ემოცია უნდა გამოიწვიოს, დრო 30 წამი გაქვს და კითხვის შესახებ წინასწარ არ იცი. თან, მე ბავშვობიდან მაქვს საჯაროდ გამოსვლის ძალიან დიდი შიში. სკოლაშიც კი დაფასთან გასვლისა და ყველას წინაშე საუბრის ფობია მქონდა. ამის გადალახვა ჩემთვის ცალკე გამარჯვებაა.

– სტატუსთან ერთად სასიამოვნო პრიზებიც თუ მიიღეთ?

– დიახ, 10 000 დოლარად შეფასებული ბრილიანტის ბეჭედი, ძვირფასი საათი და ფულადი ჯილდო, საჩუქრები სხვადასხვა მაღაზიისგან, სუნამოები და ასე შემდეგ. საკმაოდ მაღალი დონის კონკურსი იყო და პრიზებიც – შესაბამისი. ეს ახალი კონკურსია და მასშტაბებიც ზრდადია. ძალიან მიხარია, რომ ერთ-ერთი პირველი გამარჯვებული გავხდი. გარდა ამისა, სხვადასხვა კონკურსზე მიმიწვიეს და „მის უნივორდის“ პრეზიდენტმა შემომთავაზა, მომავალ წელს მათთან ჩავიდე, როგორც ნაციონალური დირექტორი საქართველოდან, ავირჩიო გოგონა ჩვენი ქვეყნიდან და წარვუდგინო.

– რა ასაკიდან დაიწყეთ სამოდელო საქმიანობა?

– 12 წლის ვიყავი, როდესაც „პატარების მის საქართველოზე“ მივიღე მონაწილეობა და გავიმარჯვე. შემდეგ წავედი „პატარების მის მსოფლიოზე“. ძალიან მომეწონა ეს საქმე, გამომდიოდა კიდეც. საშუალება მქონდა, ბევრი მემოგზაურა და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები გამეცნო. 2015 წელს გავედი დიდების მის საქართველოზე და გავხდი „მის მეგობრობა“. ამის შემდეგ დამიკავშირდნენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები და საერთაშორისო კონკურსებშიც ჩავები.

– რა გამოცდილება დააგროვეთ ამ მხრივ?

– პირველი საერთაშორისო კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა მივიღე, ჩინეთში, პეკინში გაიმართა. ეს იყო 2016 წელს, სადაც ტოპ 12-ში მოვხვდი და „მის ფოტოგენურობის“ ტიტული მივიღე. ამის შემდეგ იყო ისევ ჩინეთი და ამჯერად ტოპ-ხუთეულში მოვხვდი. ძალიან მაღალი დონის კონკურსი იყო, ჩვენ გამო ქალაქი ჩაკეტეს. ამ ღონისძიებას ჩინეთის 200 მედიასაშუალება აშუქებდა. ჩავდიოდით სხვადასხვა ქალაქში და ეს ქალაქები მთლიანად იკეტებოდა ჩვენი გამოსვლებისთვის, ძალიან შთამბეჭდავი იყო. უამრავი ქვეყანა იღებდა მონაწილეობას, პირველ კონკურსში – 102, მეორეში კი – 85. ამის შემდეგ საქართველოში ჩატარებულ საერთაშორისო კონკურსზე გავხდი ჯერ პირველი ვიცე-მისი, თუმცა, შემდეგ გამარჯვებულის პრიზი გადმომეცა, რადგან ამ ადგილის მფლობელი რაღაც მიზეზების გამო მოიხსნა კონკურსიდან. ამის შემდეგ იყო განა, სადაც „მის ევროპა“ გავხდი. ამ კონკურსში 60 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. ღონისძიება განის დამოუკიდებლობის 60 წლისთავს ეძღვნებოდა და მას ესწრებოდნენ პირველი ლედი, იქაური მეფეები და ასე შემდეგ. ესეც ძალიან დიდი მასშტაბის ღონისძიება იყო. ამას მოჰყვა ლიბანი, აქაც „პირველი ვიცე“ გავხდი, ისევე, როგორც კამბოჯაში. გამარჯვება მოვიპოვე Miss Union-ზე.

– ნათქვამი გაქვთ, არ ვიყავი გამორჩეულად ლამაზი ბავშვი და ბულინგის მსხვერპლიც არაერთხელ ვყოფილვარო.

– არასდროს ვფიქრობდი, რომ სილამაზით გამოვირჩეოდი. მოცეკვავე ვიყავი და ჩემ გარშემო ძალიან ბევრი ლამაზი და დახვეწილი გოგონა იყო. თავისებურად ხომ ყველა ბავშვი ლამაზია. ბულინგი გარდატეხის ასაკიდან მახსოვს. საქართველოში რატომღაც არ გვიხარია ხოლმე სხვისი წარმატება და მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი ვიყავი, ამას ვგრძნობდი. მე ვფიქრობ, ეს ნაკლებად იყო ბავშვების ბრალი, უფრო მათი მშობლების ბრალი მგონია. ხშირად დამრჩენია შთაბეჭდილება, რომ სხვისი სიხარულის გაზიარება არ შეუძლიათ. ალბათ, ჩვენი განვლილი ცხოვრებიდან გამომდინარე, დრამატიზება უფრო ახლოსაა მათთან, ვიდრე წარმატებების გაზიარება და ამიტომ ტრაგიკულ მომენტებში უფრო გიგებენ, ვიდრე წარმატების დროს.

– ამან კომპლექსები გაგიჩინათ?

– კი. მესმოდა შეძახილები, რომ მახინჯი ვარ. კლასიდან რომ გამოვდიოდი, მომაძახებდნენ ხოლმე, რაც საკმაოდ არასასიამოვნო იყო. კომპლექსები ყველა თინეიჯერს აქვს და ამანაც დამიმატა. მიმაჩნდა, რომ არ ვიყავი ლამაზი და საკმარისად გამხდარი, თუმცა, ყოველთვის გამხდარი ვიყავი. ხშირად არ მინდოდა სახლიდან გამოსვლა, სპეციალურად ვიცვამდი დიდი ზომის ტანსაცმელს და ასე შემდეგ. თუმცა, დროთა განმავლობაში ყველაფერი გადავლახე.

– ალბათ, ცოტა შურიც იყო მათი ასეთი დამოკიდებულების განმაპირობებელი.

– კი. ალბათ, შური ჰქვია, იყო ასეთი ფაქტები. თვითონაც ბავშვები იყვნენ, მაგრამ უფრო მშობლებისგან ვგრძნობდი აგრესიას. ბავშვები მხოლოდ იმეორებდნენ მშობლების დამოკიდებულებებს. მაგალითად, ერთხელ ჩემს მეგობარს და მის დედას შევხვდი. მკითხა, სად დაიკარგეო და ერთ-ერთ კონკურსზე მიღწეული ჩემი წარმატების შესახებ გავუზიარე. მახსოვს მათი სახის გამომეტყველება, გასაგები იყო, რომ არ გაუხარდათ. მანამდე მე მოცეკვავე ვიყავი, ჩემი დაც საბალეტო სკოლაში სწავლობდა და იქაც ხშირი იყო მსგავსი მომენტები. საერთოდ, ასეთ დროს იგრძნობა ხოლმე, რომ ბავშვებზე მეტად მშობლები უფრო ეჯიბრებიან ერთმანეთს, ხშირად შემხებია ეს პრობლემა და ძალიან სამწუხაროა, რომ ასეა.

14-15 წლის ვიყავი, როდესაც კონკურსებში მონაწილეობა შევწყვიტე. გარდატეხის ასაკს ბულინგი დაემატა და ჩავიკეტე, არაფრის გაკეთება აღარ მინდოდა, რადგან მეგონა, კონკურსებზე მიღწეული წარმატება იყო ყველაფრის მიზეზი, მათ შორის მეგობრების დაკარგვისაც. ბავშვი ამ ყველაფერს მტკივნეულად აღიქვამს. უნივერსიტეტში ჩავაბარე, ბაკალავრიატში ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტზე ჟურნალისტიკის განხრით ვისწავლე, მაგრამ შემდეგ ისევ სამოდელო სფეროს დავუბრუნდი.

– რა ხდება პირად ცხოვრებაში?

– ამ ეტაპზე არაფერი ხდება. როდესაც ბევრს მოგზაურობ და სულ სამზადისში ხარ, ძალიან რთულია პირადი ცხოვრების აწყობა. იყო სერიოზული ურთიერთობა, მაგრამ როცა ოჯახის შექმნის დრო დადგა, მივხვდი, რომ ეს არ იყო ის, რაც მინდოდა. ძალიან უნდა შემიყვარდეს ადამიანი, რომ მასთან ერთად ვიყო. თავისუფლებაც მიყვარს და მისი დათმობა გამიჭირდება.

– როგორი უნდა იყოს ადამიანი, ვინც ამ ნაბიჯს გადაგადგმევინებს?

– თავისუფლება არ უნდა დამათმობინოს (იცინის). პირველ რიგში, უნდა ვუყვარდე და პატივს სცემდეს ჩემს პირად სივრცეს. ჩემზე უფრო გაზრდილი ადამიანი უნდა იყოს, მენტალური თუ სხვა თვალსაზრისით, რომ გამიგოს და ამიტანოს, იმიტომ რომ არც ისე მარტივი ხასიათი მაქვს.

– ეს რაში გამოიხატება?

– შეიძლება, ერთ დღეს მთაზე ასვლა მომინდეს და არა კინოში წასვლა. როცა ოჯახი გაქვს, ეს ცოტა რთულია. შეიძლება, საერთოდ არსად წასვლა არ მომინდეს და ერთი კვირა სახლში ვიყო ჩემს ფიქრებთან ერთად.

– როგორი ხართ თაყვანისმცემლებთან ურთიერთობაში?

– როგორც ამბობენ, მკაცრი (იცინის). რამე თუ არ მომწონს, პირდაპირ ვეუბნები ან საერთოდ უპასუხოდ ვტოვებ. იმიტომ არა, რომ უხეშობა მომწონს ან თავს მათზე მეტად ვთვლი, უბრალოდ, ჩემებური ხასიათი მაქვს და ამას ზოგი სიმკაცრედ აღიქვამს. პირდაპირი უარი მირჩევნია, არ მიყვარს, როცა ვინმეს დროს ვაკარგვინებ. მარტივად ვხვდები, ადამიანი ჩემია თუ არა. ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანი ცუდია, შეიძლება, ძალიან კარგი იყოს, მაგრამ შენი – არა და როცა ამას ვხვდები, სჯობს, პირდაპირ ვუთხრა, რომ ჩვენ შორის არაფერი გამოვა. ეს ნორმალურია, მე ასე ვფიქრობ. ვიღაცისთვის მეც არ ვარ შესაფერისი და მათ უარსაც მივიღებ. სიყვარული და ეგოიზმი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან.

– თაყვანისმცემლებისგან მოწყობილი სიურპრიზებიც გავიხსენოთ.

– ხშირად უმღერიათ ჩემი კორპუსის წინ, პარკი გაუფორმებიათ ლამაზად და რომანტიკულად, ფანჯარასთან მოსულან ამწეთი და ასე შემდეგ.

– არცერთმა არ გაჭრა?

–არა (იცინის). ძალიან მიყვარს სიურპრიზები, მაგრამ ჯერჯერობით ასეა. თუმცა ვფიქრობ, რომ კაცმა უნდა შეაყვაროს ქალს თავი. ქალს უფრო ეშინია ამ გრძნობის. მე, პირადად, ძალიან მეშინია სხვა ადამიანისთვის ჩემი ცხოვრების გაზიარების, მით უმეტეს, რომ ჩემი მშობლები გაშორებულები არიან. მიუხედავად იმისა, რომ არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ და მეც არასდროს მომკლებია მათი ყურადღება, მაინც მიმაჩნია, რომ ოჯახი ძალიან მნიშვნელოვანია. როცა ამ ნაბიჯს გადადგამ და შვილი გეყოლება, პასუხისმგებლობაც დიდი გეკისრება და მინდა, ეს პასუხისმგებლობა იმ ადამიანთან ერთად გავიზიარო, ვინც მართლა მეყვარება და ხალხის აზრის გამო, რომლის თანახმადაც 30 წლის ასაკამდე აუცილებლად უნდა გათხოვდე, ოჯახი არ შევქმნა.

P.S. გამოყენებული ფოტოების ავტორები არიან: სულიკო ბუდაღაშვილი და ირაკლი კალატოზიშვილი.