იღბალი თუ შრომისმოყვარეობა, რომელს რა წვლილი მიუძღვის წარმატებაში ამ საკითხზე საკუთარ გამოცდილებას ოთო ნემსაძე გაგვიზიარებს, თუმცა, მანამდე ახლახან გამართული კონცერტისა და წლევანდელი ზაფხულის შესახებ მოგვიყვება.
ოთო ნემსაძე: წინა კვირას მე და ჩემს ჯგუფს, „ლიმბოს“, ხულოში გვქონდა კონცერტი, რომელმაც ძალიან მაგრად ჩაიარა. ჩვენთვის ყოველთვის განსაკუთრებული ემოციების მომტანი არის ხოლმე რეგიონებში გასვლა, სადაც ხალხს ძალიან ენატრება ცოცხალი მუსიკა. ჩვენ დიდი სიამოვნებით ვჩუქნით ბედნიერ საათებს და თვითონაც ძალიან ბედნიერები ვართ. ძალიან ბევრი ადამიანი იყო მოსული და გამახარეს. მინდა, ყველას დიდი მადლობა გადავუხადო. როგორც ყოველთვის, ბოლომდე დავიცალე ენერგიისგან და ემოციებისგან. არ ვიცი, მერე საიდან მოდის ისევ უზღვავი ენერგია, რომ ისევ შევივსო, მაგრამ მოდის (იცინის). სხვანაირად არ შეიძლება – თუ მსმენელს ემოცია არ მიეცი, ამის გარეშე მუსიკას ფასი არ აქვს. ჩემი მუსიკა მთლიანად ემოციებზეა აგებული. შესაბამისად, ჩემს ჯგუფთან ერთად ყოველთვის ვცდილობ, ჩვენი სიმღერები განცდების მომგვრელი იყოს და არა უბრალოდ ჭერში გასროლილი სიტყვები. საერთო ჯამში, ამ ზაფხულს ძალიან ბევრი კონცერტი გვქონდა.
– ზაფხულში დასვენება მოახერხე?
– ეგ არ ვიცი, რა არის, რაზე მელაპარაკები ვერ ვხვდები (იცინის). სხვა რომ ისვენებს, მე ვმუშაობ. დასვენებისგან არა, ამ ენერგიას ისევ ჩემი მსმენელისგან ვიღებ, უკან მიბრუნებენ, რასაც გავცემ ან გორელი რომ ვარ, მაგის დამსახურებაა (იცინის).
– დასასვენებლად საერთოდ არსად ყოფილხარ?
– არა. სინამდვილეში წელს ჩოხატაურში ვიყავი ჩემს მეგობრებთან ოჯახში. ძალიან კარგად დავისვენე და მართლა მიხარია. ჩემს ცხოვრებაში იშვიათად ხდება ასეთი რამ. იქ ყველა ზრუნავდა იმაზე, რომ თავი ძალიან კარგად მეგრძნო და იმ ერთი კვირის განმავლობაში მეც კარგი დრო გავატარე.
– იღბალი თუ შრომისმოყვარეობა – რომელს რა წვლილი მიუძღვის წარმატებაში?
– ერთს ან მეორეს თუ გამოვრიცხავთ ჩვენი ცხოვრებიდან, საერთოდ აღარაფერი მოხდება, წინ ვეღარ წავალთ. ბედნიერია კაცი, ვისაც იღბალიც აქვს და შრომისმოყვარეცაა. მე ძალიან გამიმართლა. ჩემი შრომისმოყვარეობით ბევრჯერ მივაღწიე წარმატებას. შრომა არ მეზარება და ძალიან იღბლიანი ადამიანიც ვარ.
– რის გამო მიიჩნევ თავს იღბლიან ადამიანად?
– ამდენი მეგაპროექტის მოგების შემდეგ, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ ძალიან იღბლიანი ვარ. იღბლიანი ვარ იმის გამოც, რომ ასეთი კარგი სამეგობრო მყავს. იღბლიანი ვარ, რომ ასეთი ოჯახი მყავს, იღბლიანი ვარ, რომ ასეთი მეუღლე მყავს. საბედნიეროდ, ბევრი მიზეზი მაქვს ამის სათქმელად. კარიერაშიც და ოჯახშიც, ორივეგან, იღბლიანი ვარ.
– უშედეგოდ გიშრომია?
– არა, ეგეთი მომენტი ცხოვრებაში არ მქონია. სანამ საქმეს არ გამოვიყვან, მანამდე თავს არ დავანებებ. სანამ სასურველ მიზნამდე არ მივალ, არ გავჩერდები. ისეთი სპორტული ჟინი მაქვს, რომ მეტი არ შეიძლება (იცინის). ყველა საქმეში ასეთი ვარ. რამე თუ ვერ გავაკეთე, ნერვები მეშლება – მაზოხისტი ხომ არ ვარ, სასურველ შედეგს უნდა მივაღწიო,რომ ნერვების მოშლის ნაცვლად ვისიამოვნო (იცინის).
– ყველაზე დიდი შრომა რაში ჩაგიდევს?
– ჩემს მეორე ალბომში, რომელიც მალე გამოვა. ამისთვის მართლა ძალიან ბევრი შრომა გავწიე. მგონია, რომ ყველას მანქანაში, ყველას სახლში, ყურსასმენსა და რადიოში ჩვენი სიმღერები იქნება ჩართული. ერთი ალბომისთვის ძალიან ბევრი ჰიტი გვაქვს ჩაწერილი და ამიტომ ჯგუფი „ლიმბო“ ფიქრობს, რომ ძალიან მასშტაბურად შემოვა ქართული შოუ- ბიზნესის ბაზარზე.
– რამდენად გაქვს ფულის შოვნის უნარი?
– არა, ეგ არ მაქვს, მაგრამ მაგ ამბავშიც ძალიან იღბლიანი ვარ. ყოფილა პერიოდები, რომ მქონია ბევრი ფული და პერიოდები, როცა ნაკლები მქონია. რაც მთავარია, როცა მჭირდება, მაშინ მაქვს. ჩვენ ხომ არ ვართ სტაბილური შემოსავლის მქონე პროფესიის წარმომადგენლები. თუმცა, არ ვფიქრობ, რომ ჩემს ქვეყანაში ცუდად ვცხოვრობ. ღმერთის და საკუთარი თავის წყალობით, როცა მჭირდება, მაშინ ჩემს თავს ისეთი რამეები ხდება, რომ საჭიროებებს ვუმკლავდები. თუმცა, რამისგან ფულის შოვნის უნარი დიდად არ მაქვს. მე ვარ მომღერალი და მე მიყვარს ეს პროფესია. მუსიკოსი აღარ ხარ, როცა იმაზე ფიქრობ, ესა თუ ის სიმღერა რამდენ ფულს გაშოვნინებს. ჩემი მუსიკა, პირველ რიგში, მე მიყვარს. მე თუ არ მეყვარება, სხვა ვერ შეიყვარებს, მე ასე მიმაჩნია. ამიტომ კომერციულ გათვლებს არ ვაკეთებ. კი, ეს საქმე ბიზნესიც არის, მაგრამ მისი ამ კუთხით აღქმა პროდიუსერის საქმეა და არა ჩემი.
– არაერთი ფინანსური თვალსაზრისით მოგებიანი გამარჯვება გქონია, ესეც განსაკუთრებული იღბალია.
– ძალიან ბევრი მაქვს ჩამოსათვლელი. ალბათ, ვიშრომე, დავიმსახურე და იქიდან გამომდინარეა. კონკურსში რომ მივდიოდი, წინასწარ ხომ ვერ დავგეგმავდი, რომ მანქანას მოვიგებდი, ბინას ბათუმში ან ალბომის თანხას და ასე შემდეგ. მე ეს გათვლები არ მქონდა. ყოველი ახალი ტური ჩემთვის ახალი დღე იყო. დღესაც ასე ვცხოვრობ. ყოველი სიმღერა სცენაზე ჩემთვის არის პირველი ან უკანასკნელი და ორივე ძალიან მნიშვნელოვანია. რაღაცებს წინასწარ არ ვთვლი – ეს არ არის ჩემი საქმე. პირიქით, ძალიან სპონტანური ვარ.
– ოდესმე გიფიქრია, რომ არა ეს გადაწყვეტილება, რა იქნებოდი?
– ალბათ, ქვეყანას ძალიან კარგი ეკონომისტი ეყოლებოდა, იმიტომ, რომ ძალიან კარგად ვსწავლობდი. თუმცა ამ შემთხვევაში კერძო სფეროში ვიქნებოდი და არა საჯაროში.
– რა გეხმარება რთულ პერიოდებში, რომ ფარ-ხმალი არ დაყარო?
– ადამიანმა ფარ-ხმალი როგორ უნდა დაყარო ცხოვრებაში?! როცა ადამიანს სუნთქვა შეგიძლია, ეს ნიშნავს, რომ მოქმედებაც შეგიძლია. ასეთ მომენტებში ისევ ჩემი თავი მეხმარება. ასევე, მეხმარებიან ადამიანები, რომლებიც ჩემ გვერდით არიან, ისინი დიდ სტიმულს მაძლევენ. არ მესმის, როგორ უნდა დაყარო ფარ-ხმალი?!
ეს ცხოვრება ძალიან პატარაა, შესაბამისად, ძალიან ცოტა დრო გვაქვს იმისთვის, რომ რამის გაკეთება მოვასწროთ, ისეთის, რასაც დავტოვებთ ამქვეყნად. სხვანაირად მე არ მესმის. ცხოვრებაში რთული პერიოდი ვის არ ჰქონია, მაგრამ ზუსტად მაშინ მიწევს ყველაზე მეტი შრომა და იღბალიც მეხმარება. ფარ-ხმლის დაყრას არავის ვაპატიებდი, ეს საკუთარი თავის წინაშე დიდი დანაშაულია.
– რომელი პერიოდი გახსენდება ყველაზე რთულად?
– როცა სკოლის დამთავრების შემდეგ, ძალიან პატარა, სტუდენტი ბიჭი ჩამოვედი გორიდან. დასაწყისში მარტო ვცხოვრობდი. ძალიან ბევრი შრომა მიწევდა ფიზიკურად, თან, ვსწავლობდი და ჩემი სახლიც ძალიან შორს იყო უნივერსიტეტიდან. მართლა ძალიან რთული პერიოდი იყო ჩემთვის. რომ ამბობენ ხოლმე, სტუდენტური ცხოვრება ტკბილად მახსენდებაო, მიკვირს კიდეც. ჩემი თავიდან გამომდინარე, იმავეს თქმა არ შემიძლია. მე ან წიგნში მქონდა თავი ჩაყოფილი, ან ბეტონში. გართობა – ძალიან ნაკლებად, მანამ სანამ ძალიან ბევრი მეგობარი არ შევიძინე. იმ პერიოდში ფინანსურადაც ძალიან უჭირდა ოჯახს და სულ სხვა პასუხისმგებლობა მქონდა. ახლაც, რომ ვიხსენებ, კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ის პერიოდი ძალიან რთულად გამოვიარე. თუმცა, იმ დრომ შრომისმოყვარეობა მასწავლა. იმასაც მივხვდი რომ ადამიანი არასდროს უნდა დანებდე, რომ ცხოვრება შეიძლება, შეიცვალოს, სულ სხვა რეალობაში აღმოჩნდე, მაგრამ შენ მაქსიმუმი უნდა გააკეთო.
– ცხოვრებამ ფინანსების სწორად გადანაწილება თუ გასწავლა?
– დღემდე არ ვიცი, ეგ რა არის. ფული იმისთვის არსებობს, რომ დაიხარჯოს. გადანახვა და ასე შემდეგ არ გამოდის. რაც არ გვიჭირს, ფულია (იცინის). რეალურად, მე არ მაქვს პრობლემა, არ არის ჩემი მთავარი მოწოდება ბევრი ფულის შოვნა. ფული ცუდი რამე არ არის, პირიქით, ძალიან კარგია, გააჩნია, როგორ გამოიყენებ და თუ ფულმა იქით გამოგიყენა, რაღად გინდა ასეთი ფული?!