სალომე ტეტიაშვილის ცხოვრებაში აქტიური ვარსკვლავური პერიოდი პასიურმა ჩაანაცვლა. ახლა მომღერალი საკუთარი პროფესიით ბანკში მუშაობს. შემოქმედებითი თვალსაზრისით კი ძველებურად აქტიური ვეღარ არის. ამის მიზეზებზე ჟურნალ „თბილისელებს“ უყვება.
– კი, ასეა. ბანალურად ჟღერს, მაგრამ როცა აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო, მაშინ გამოჩნდა ეს ადამიანი ჩემს ცხოვრებაში. ძალიან დაკავებული ვიყავი, რამდენიმე სამსახურში ვმუშაობდი, დრო არაფრისთვის მქონდა, პანდემია ახალი დაწყებული იყო და ახალ ადამიანთან კი არა, ურთიერთობები ოჯახის წევრებს შორისაც კი იყო გართულებული. ამ დროს გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩემთან ჰქონოდა ურთიერთობა და მეც გამიჩნდა მასთან ურთიერთობის სურვილი. მიუხედავად იმ შეზღუდვებისა, ორივემ ყველაფერი გავაკეთეთ ჩვენი ურთიერთობისთვის და დღეს თავს ძალიან კარგად ვგრძნობთ. თითქმის სამი წელია, ერთად ვართ. ეს ურთიერთობა იმაზე ბევრად უკეთესია, ვიდრე ოდესმე წარმომედგინა, რომ შეიძლებოდა მქონოდა.
– შეყვარებული სალომე როგორია?
– ალბათ, უფრო ლმობიერი. ზოგადად, ძალიან ფიცხი ხასიათი მაქვს. ფეთქებადი ვარ. გინდა არ გინდა, როცა ადამიანის მიმართ გრძნობები გიჩნდება, ამ მხრივ იცვლები, უფრო ლმობიერი და დამთმობი ხდები.