“თითქმის სამი წელია ერთად ვართ, ეს ურთიერთობა იმაზე ბევრად უკეთესია, ვიდრე ოდესმე წარმომედგინა…“

398

სალომე ტეტიაშვილის ცხოვრებაში აქტიური ვარსკვლავური პერიოდი პასიურმა ჩაანაცვლა. ახლა მომღერალი საკუთარი პროფესიით ბანკში მუშაობს. შემოქმედებითი თვალსაზრისით კი ძველებურად აქტიური ვეღარ არის. ამის მიზეზებზე ჟურნალ „თბილისელებს“ უყვება. 

სალომე ტეტიაშვილი: ჩემი გულშემატკივრები და გამომწერები ხშირად მეკითხებიან, თუ სად ვარ და ჩემი პასუხი ასეთია: იქ, სადაც, ალბათ, ყველა მომღერალია, რომელიც ოდესღაც ეკრანზე აქტიური იყო. ყველა მუდმივად ეკრანზე ვერ რჩება და ფართო ეკრანებიდან ჩრდილში ინაცვლებს. მუსიკა არ მიმიტოვებია, მაგრამ ისე აქტიური აღარ ვარ. ბანკში ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობ და ალბათ, მეც, როგორც მომღერლების უმეტესობა, ძირითადად, წვეულებებსა და კორპორაციულ საღამოებზე ვმღერი. თუმცა, მაქვს სიახლეებიც. ბოლო დროს, იმ ძველი, ცნობილი სიმღერის, „უდარდელას“, ახალი, სტუდიური ვერსია გავაკეთეთ, რომლითაც საერთოდ გამოვჩნდი. ველოდები მის გამოსვლას.
– კარგ ამბავზეც ვისაუბროთ. როგორც ვიცი, შეყვარებული და ბედნიერი ხარ.

– კი, ასეა. ბანალურად ჟღერს, მაგრამ როცა აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო, მაშინ გამოჩნდა ეს ადამიანი ჩემს ცხოვრებაში. ძალიან დაკავებული ვიყავი, რამდენიმე სამსახურში ვმუშაობდი, დრო არაფრისთვის მქონდა, პანდემია ახალი დაწყებული იყო და ახალ ადამიანთან კი არა, ურთიერთობები ოჯახის წევრებს შორისაც კი იყო გართულებული. ამ დროს გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩემთან ჰქონოდა ურთიერთობა და მეც გამიჩნდა მასთან ურთიერთობის სურვილი. მიუხედავად იმ შეზღუდვებისა, ორივემ ყველაფერი გავაკეთეთ ჩვენი ურთიერთობისთვის და დღეს თავს ძალიან კარგად ვგრძნობთ. თითქმის სამი წელია, ერთად ვართ. ეს ურთიერთობა იმაზე ბევრად უკეთესია, ვიდრე ოდესმე წარმომედგინა, რომ შეიძლებოდა მქონოდა.

– შეყვარებული სალომე როგორია?

– ალბათ, უფრო ლმობიერი. ზოგადად, ძალიან ფიცხი ხასიათი მაქვს. ფეთქებადი ვარ. გინდა არ გინდა, როცა ადამიანის მიმართ გრძნობები გიჩნდება, ამ მხრივ იცვლები, უფრო ლმობიერი და დამთმობი ხდები.