4 თვის წინ მწერალ ოტია იოსელიანის ოჯახში ახალი სიცოცხლე დაიბადა – დაჩი იოსელიანი, რომელიც ბაბუის ნაწარმოების გმირის სახელს ატარებს „დაჩის ზღაპრებიდან“.
ახლა პატარა დაჩის, ბაბუის მიერ დაწერილ ყველასათვის საყვარელ საბავშვო ნაწარმოებს მშობლები უკითხავენ.
პატარა დაჩის შესახებ მისი მშობლები – ნუცა ცისკარიშვილი და უმცროსი ოტია იოსელიანი საუბრობენ „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“.
„სხვა [სახელი] ალბათ წარმოუდგენელი იყო, ვინ შეიძლებოდა დაბადებულიყო, მით უმეტეს, როდესაც ვაჟი გაჩნდებოდა. ვერ ვიტყვით, რომ რადიკალურად შეიცვალა ჩვენი ცხოვრება, ჩვენი ყოველდღიურობა უფრო მრავალფეროვანი და სახალისო გახდა.
საყვედური არ გვეთქმის, მაგრამ ვამბობ ხოლმე, მთლად ასეთ შვილზეც არ მიოცნებია, ამის ნახევარსაც დავჯერდებოდი.
გინდა, არ გინდა, მაინც გამორჩეულია, ბოლოს და ბოლოს საკუთარი ზღაპრები აქვს და ზღაპრის გმირია.
[უმცროსი ოტია] ისეთი მამაა, წიგნებში რომ უნდა დაიწეროს ალბათ, ძალიან მეამაყება, ასეთი კაცები ნამდვილად იმსახურებენ, რომ ბევრი შვილი გაუჩინო და მრავალშვილიანი ოჯახის ღირსეული მამაკაცი და წამყვანი ძალა იყოს“, – ამბობს ნუცა ცისკარიშვილი.
პატარა დაჩის შესახებ საუბრობს მისი მამა, ოტია იოსელიანიც:
„ბევრად რთული აღმოჩნდა, ვიდრე გვეგონა, მაგრამ ძალიან საინტერესოა, ჯერჯერობით კიდევ გააზრების მომენტში ვარ, ვეჩვევი ნელ-ნელა“, – ამბობს უმცროსი ოტია იოსელიანი.