“დღეს, ცხოვრებაში მეორედ, სიკვდილს თვალებში ჩავხედე”

კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, მერი ტარიელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მის სახლში ხანძარი ხელოვნურად გააჩინეს.

“დღეს, ცხოვრებაში მეორედ, სიკვდილს თვალებში ჩავხედე და კიდევ ერთხელ დავაფასე წამი, რომელშიც ვცხოვრობთ!

დილით, 07:20 საათზე შეგრძნებამ გამაღვიძა, რომ ვეღარ ვსუნთქავდი, ჰაერი არ მყოფნიდა, მივხვდი, რომ რაღაც იწვოდა, აივანზე გამოვედი და ვხედავ, როგორ უკიდია ცეცხლი კარადას, მაშნვე დედას ოთახში შევვარდი, გავაღვიძე, მთელ სახლში კვამლი იდგა და აღარაფერი ჩანდა… ცეცხლი მშვიდობით ჩავაქრეთ, რა თქმა უნდა, პატრული გამოვიძახე და კრიმინალური პოლიციაც მოვიდა, ექსპერტმა დადასტურებით გვითხრა, რომ ცეცხლის კერა განზრახ იყო გაჩენილი… სანამ გვეძინა, ვიღაც გადმოძვრა ჩვენი საცხოვრებელი სახლის ეზოში და განზრახ ხანძარი გააჩინა.

არ მინდა წარმოვიდგინო, რა მოხდებოდა დროზე რომ არ გამღვიძებოდა. სახლში მხოლოდ მე და დედა ვიყავით, კარადა, რომელსაც ცეცხლი ეკიდა, ხის კარის გვერდით გვიდგას, რომლის თავზეც გადის დენის სადენები და გაზის მილი, რა შედეგი შეიძლება დამდგარიყო, თქვენც მიხვდებით.

წარმოდგენა არ მაქვს, ვის შეიძლება თავში აზრად მოსვლოდა ასეთი ბოროტება, ან რა განზრახვა უნდა ქონოდა, რომ ასეთი რამ გაეკეთებინა, მაგრამ ძალიან მეცოდება.

მე მინა ვიცხოვრო უსაფრთხო ქვეყანაში, მინდა რომ თითოეულ ოჯახს მშვიდად ეძინოს.  მთელი დღე და ღამე როცა ადამიანების თვითრეალიზაციაზე და წარმატების შექმნაზე ვმუშაობ, უცებ დღის წესრიგში უსაფრთხოების საკითხი დადგა.

საღად მოაზროვნე, რეალიზებული და ბედნიერი ადამიანები ასე არ იქცევიან. ამიტომ ათასჯერ მეტი მოტივაციით – ვაგრძელებ მეტი სიკეთის კეთებას და ბედნიერი, შემდგარი ადამიანების რიცხვის ზრდას.

და ბოლოს, უკვე საბოლოოდ დავრწმუნდი, ძალიან ცოტა დრო გვეძლევა! არ შეიძლება ეს დრო უმიზეზოდ, უმიზნოდ და უნაყოფოდ გავფლანგოთ! მხოლოდ რამდენიმე წამი გვაქვს მიზნის მისაღწევად!

პ.ს. იმედი მაქვს, ამ წამებს მხოლოდ კეთილი მიზნებისთვის გამოიყენებთ!”