“ონლაინ გავხდი სიდედრი, ონლაინ გავხდი დედამთილი… ონლაინ ცოლიც ვარ“ – ემიგრანტის ემოციური ინტერვიუ

ლია ბალიაშვილი თბილისიდანაა. ის უკვე მერვე წელია იტალიაშია, ოჯახისგან შორს.  რაც შეეხება სამუშაოს,  მისი სიტყვებით,  2 არჩევანია: ცუდი და ცუდზე უფრო ცუდი.  

თავიდან კი უპრობლემოდ დამთანხმდა ინტერვიუზე – რაც გინდა მკითხეო, – მითხრა. თუმცა,  საუბრისას  მომეჩვენა, რომ ჩემი კითხვებით რაღაც ეტკინა,  მიუხედავად იმისა, რომ ცდილობდა, ლაღად ეპასუხა.

ვიგრძენი  რეალობას როგორ მიენარცხა… დარწმუნებული ვარ, თავს არ უტყდებოდა, თორემ თვითონაც უჩნდებოდა იგივე კითხვები,  რაც  მე დავუსვი…

ინტერვიუ რომ დასრულდა, გული მქონდა დამძიმებული,   მასზე ვფიქრობდი… ვატკინე, მგონი ვატკინე…  არადა, სიმართლე რომ თქვათ, სარკეში ჩავახედე,  რომელშიც  ცდილობდა საკუთარი თავისთვის თვალი არ გაესწორებინა. ხანდახან  ილუზიაში ცხოვრება გამოსავლად მიაჩნიათ …  ალბათ, ოჯახის წევრებზე ბევრია დამოკიდებული ასეთ დროს.

იმედი მაქვს, ლიას გარდა ბევრს ჩაახედებს ეს ინტერვიუ სარკეში, როგორც ემიგრანტებს, ისე მათ ოჯახის წევრებს…

ლია: ემიგრაციაში დალხენილი ცხოვრების გამო არავინ მოდის. აქ ყველა 1-2 წლით ვართ ჩამოსულები… აგერ უკვე მერვე წელი დაიწყო აქ ვარ…

ბებიას ვუვლი და მასთანვე ვცხოვრობ. ჩვენ 24 საათიანები გვქვია. ჩემთვის ასეთი პირობა ბევრად მისაღებია, ეკონომიურია. იმიტომ, რომ არც ბინაში,  არც  კვებაში ფულს არ ვიხდით.  ბინა თუ იქირავე რაღა გამოვიდა, თან რამხელა ხელფასიც არ უნდა გქონდეს, აქ ძალიან ძვირია ბინები. საჭმელს რაც შეეხება, თუ არ მოგწონს რასაც გთავაზობენ, მაშინ ადექი და იყიდე, თუ გიღირს…

_  როგორც ვიცი, თბილისიდან ხართ, თავის დროზე რატომ  დაგჭირდათ  იტალიაში გამგზავრება?

_ ბანკის ვალებს ვერ ავუდიოდი და წამოვედი. აღარც მახსოვს რის გამო ავიღეთ ეს ვალები, მაგრამ ფაქტია, ვეღარ ვფარავდით. ამიტომ ოჯახის, ბავშვების დატოვება მომიწია  და 7 წლის მერე, წელს  პირველად ვნახე ისინი, ოღონდ უკვე  დაწყვილებულები. ონალიან გავხდი სიდედი, ონლაინ გავხდი დედამთილი და ონლაინ გავხდი ბებია…

_ ონლაინ ცოლიც ხართ?

_ კი ბატონო, ონლაინ ცოლიც ვარ.

ამ 7 წლის განმავლობაში გოგომ ბევრჯერ ჩამომაკითხა. ამ ზაფხულს ბიჭი და რძალიც მესტუმრნენ. ახლა ვითომ მინდა წამოსვლა, მაგრამ თითქოს არც მინდა, იმიტომ, რომ ყველა დაბინავებულია და მე მანდ ვეღარ ავეწყობი, ვეღარ ვნახავ, ისეთ სამსახურს, რომ დამაკმაყოფილოს. ამიტომ მირჩევნია, აქედან მივეხმარო. სიმართლე გითხრა, მანდ ჩემს თავს ვერ ვხედავ.

_ რატომ?

_ იმიტომ, რომ ჯერ მაქვს აქ  საქმე…

რომ ჩამოვიდე, მერეც კი აღარ ვეყვარები ჩემს ოჯახის წევრებს ისე, როგორც ახლა,  რომ ვუგზავნი და ვაძლევ…

ჯერ პენსიამდე დიდი დრო მაქვს და სანამ  შემიძლია, მირჩევნია აქ ვიყო და აქედან გავაძლიერო ისინი. რასაც არ ვუკეთებ, არ ვუფუჭებ ბავშვებს…

_ მესმის, მაგრამ ქმარი?..

_ ქმარიც მიეჩვია უკვე…

ქმარიც მიეჩვია და შვილებიც…

_  არ გასჩენია სურვილი ისიც მანდ რომ ჩამოვიდეს და იმუშაოს ?…

_ ქმარს  საბუთი არ აქვს. თან თბილისში რომ არის შვილებს ყურადღებას აქცევს. კარის მთლად გამოკეტვაც არ მინდა. მირჩევნია, მანდ იყვნენ და აქედან დავეხმარო. მე თვითონაც არ ვიცი ჩემს თავს რა ხდება, მაგრამ საქმე ისე არ მაქვს, რომ ავდგე და წამოვიდე. ამიტომ ჯერ-ჯერობით არ ვაპირებ საქართველოში დაბრუნებას,  მერე – ვნახოთ… ბუნებრივია, სამომავლოდ ყველა ემიგრანტს  გვინდა დაბრუნება, მაგრამ სანამ მუშაობა შეგვიძლია, ვმუშაობთ.

_ სამუშაოზე მიამბეთ, რა გევალებათ?

_ აქ სტანდარტივითაა, არაფერი განსხვავებული. ბებიასთან ვმუშაობ. აქამდე მოსიარულედ  ითვლებოდა. აგვისტოში ორივეს კოვიდი დაგვემართა და მას მერე ჩემს ბებიას  უჭირს გადაადგილება. ჯერ 86 წლისაა, რაც დიდ ასაკად არ ითვლება,  აქ ამხელები თხოვდებიან…

_ ამ 8 წლის განმავლობაში სულ ერთ ოჯახში მუშაობთ?

_ არა. თავიდან  5 წელი ერთ ბებოსთან ვიყავი, ბარში.  ბებო რომ მომიკვდა წამოვედი და  2 წელიწადია მილანში გადმოვედი.

_ სამსახური დაგახვედრეს?

_ აქ ყველა ბრმად მოვდივართ, არავისი დაიჯეროთ თუ გითხრეს, რომ სამსახურს დაგახვედრებენ…

უმუშევარი არავინ დარჩება. ყველასთან მივა თავის სამსახური, თუმცა – სულ  ვამბობ – ცოტა რისკიანიც უნდა იყო, ერთიდან მეორე ადგილას წახვიდე. ასე ენასაც უკეთ ისწავლი, მაგრამ მარტო ენის ცოდნა არაფერია, ამათ სამზარეულოსაც უნდა იცნობდე. ზოგჯერ თავმოყვარეობაზეც გვიწევს ხელის აღება.

_ რას გულისხმობთ?

_ მაგალითად შეიძლება დაცინვით გითხრან, – ჩვენი არაფერი იციო. შეიძლება სარეცხის მანქანასთან მიგიყვანოს და  ჩართვა გასწავლოს.  ზოგი ისეთები ჩამოდიან  სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომ სანამ გაერკვევიან საიდან, როგორი  განვითარებისა და კულტურის ქვეყნიდან  ვართ, შეიძლება  თავს უფლება მისცენ და აგიხსნან რომ ეს სკამია და ამაზე უკანალი უნდა დადოო. რა გითხრა,  ყველანაირი ოჯახია. აქ კარგი სამუშაო არაა, აქ არის ცუდი და  ცუდზე უფრო ცუდი სამუშაო.

წყარო – epilogi.ge