როგორ დაჰყვებოდა ანანო მგალობლიშვილს ზურგს უკან ბეჭდით მომავალი მეუღლე და რატომ გადაწყვიტა მან ამერიკიდან დაბრუნება

სერიალ „სიყვარულს მიღმაში“ ახალი პერსონაჟის, ქეთის, გამოჩენა საზოგადოების განხილვის საგანი გახდა – გარდაცვლილი მეგობრის მეუღლისადმი გრძნობები ვერ აპატიეს. ქეთის ულამაზესი და უნიჭიერესი მსახიობი, ანანო მგალობლიშვილი განასახიერებს, რომლისთვისაც ეს როლი წარმატებული დებიუტი აღმოჩნდა. როგორ მოხვდა ანანო სერიალში და რა ხდება მის ცხოვრებაში კადრს მიღმა, სტატიაში წაიკითხავთ.

ანანო მგალობლიშვილი: ბავშობიდან მომწონდა მსახიობობა, მაგრამ უნივერსიტეტში ჩაბარების დრო რომ მოვიდა, სამხატვრო აკადემია ავირჩიე. თუმცა, ჩემი პროფესიით არასოდეს მიმუშავია. ყოველთვის ვიყავი კამერის წინ ან მის მიღმა. ვმუშაობდი: რეჟისორის ასისტენტად, პროდიუსერად, მიმყავდა ამინდის პროგნოზი, გათამაშება, მონაწილეობას ვიღებდი სარეკლამო რგოლებში და ასე შემდეგ. სამსახიობო გამოცდილება რეკლამებიდან უფრო მაქვს. ჩემთვის სერიოზული ამბავი ეს სერიალია, რადგან პირველია.

– როგორ მოხვდით სერიალში?

– სხვა სერიალის ქასთინგზე დამიბარეს და ჩვეულებრივად გავიარე. მერე დამირეკეს და მითხრეს, ეს სერიალი დროებით გადაიდო და თუ დაგაინტერსებს, „სიყვარულს მიღმაში“ მთავარი პერსონაჟი კვდება და გვინდა, სხვა პერსონაჟის შემოყვანაო. თავიდან მეგონა, ქასთინგზე მეპატიჟებოდნენ, მაგრამ პირდაპირ გადაღებაზე დამიბარეს, თურმე, დამტკიცებული ვიყავი.

– როგორ ჩაიარა პირველმა გადაღებამ?

– ნამდვილად ვღელავდი, რადგან დიდი მნიშვნელობა აქვს პირველ გამოჩენას, როგორ მიგიღებს საზოგადოება. თუმცა, საბოლოო ჯამში, კმაყოფილი ვარ. თავიდან რატომღაც მეგონა, მარტივი იქნებოდა. თითქოს ძალიან სახასიათო როლი არ იყო და ჩავთვალე, დიდად თამაშიც არ მომიწევდა. უფრო მეტიც, ვიდრე ამ პერსონაჟს გავიცნობდი, ვფიქრობდი, ჩემს თავს ვთამაშობდი, თუმცა რეალურად ასე არ აღმოჩნდა.

– რით განსხვავდება ანანო ქეთისგან?

– ქეთი უფრო დიდია, დინჯია, მორიდებულია, ჩაკეტილი, ბევრად შემდგარი და დაკავებულია. სულ სხვა ტიპაჟია, უფრო სერიოზული, ვიდრე მე. ანანო ბევრად ლაღი, ქაოსური და ხმაურიანია (იცინის). შესაძლოა, ეს უცხო თვალმა ვერ შეამჩნიოს, რადგან ორივე დადებითი ადამიანი ვართ, მაგრამ ოჯახის წევრებისთვის და მეგობრებისთვის ნამდვილად შესამჩნევია.

– ქეთის გამოჩენას დიდი განხილვა მოჰყვა. კობას მიმართ გრძნობები ვერ აპატიეს…

– აქ საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ ქეთი იყო მარიამის მეგობარი. ეს მომენტი რომ არ ყოფილიყო და ისე გოგო ვყოფილიყავი, დარწმუნებული ვარ, ამხელა აჟიოტაჟი არ მოჰყვებოდა. თუმცა, ამიტომაც ჰქვია „სიყვარულს მიღმა“, სერიალში რეალობაა გადმოცემული. ხალხმა ისე სერიოზულად მიიღო, ძალიან ახლოს მიიტანეს გულთან, თუმცა ეს მოსალოდნელიც იყო. ჩემი გადმოსახედიდან ქეთი, როგორც პერსონაჟი, ნამდვილად დადებითია, ცუდი ზრახვები არ ამოძრავებს.

– სამსახიობოს რომ დავუბრუნდეთ, როგორ მოხვდით ამერიკაში სასწავლებლად და რატომ დაბრუნდით საქართველოში?

– რომ ვიზრდებით, მარტივია მშობელს დავაბრალოთ: აი, შენ ხელი არ შემიწყვე. ანალოგიური სიტუაცია იყო ჩემთანაც. ვიცოდი, რომ მინდოდა აკადემია ან თეატრალური. უფრო – თეატრალური, მაგრამ როცა ეს სახლში გავაჟღერე, უბრალოდ, მითხრეს, იქნებ სხვა რამეც მეცადა. მყარად რომ ვყოფილიყავი დარწმუნებული, რა მინდოდა, ჩემს იდეას გავიტანდი. 17 წლის პატარა ხარ იმისთვის, ზუსტად იცოდე, რა გინდა. საბოლოოდ დედაჩემს დავაბრალე – თქვენ არ გინდოდათ, თეატრალურში რომ ჩამებარებინა-მეთქი. მერე გავიდა ის ოთხი წელი, დავამთავრე აკადემია და საბოლოოდ მივხვდი, ტელევიზია და ეს სფერო მომწონდა, არ ჰქონდა მნიშვნელობა, კამერის წინ ვიქნებოდი თუ მის მიღმა. ბოლოს დედაჩემმა მითხრა: ერთწლიანი პროგრამა ვნახოთ და გაგიშვებ ამერიკაშიო. თან, მაშინ ჩემი დაც ამერიკაში სწავლობდა და ასე ჩავაბარე ნიუ-იორკის ერთ-ერთ ინსტიტუტში.

– როგორი იყო ის ერთი წელი ამერიკაში?

– ყველაზე კარგი იყო და ნამდვილად არ მინდოდა წამოსვლა, უბრალოდ, სწავლა საკმაოდ ძვირი ღირდა. რომ მეთქვა, მეორე წელიც მინდა-მეთქი, უარს არ მეტყოდნენ, მაგრამ იქ ზუსტად უნდა გცოდნოდა, რა გინდოდა სამომავლოდ, რა გზას აირჩევდი. ამერიკაში ამ პროფესიით თავის დამკვიდრება ძალიან რთულია, ამდენ ადამიანში რომ გამოჩნდე და იყოჩაღო, მარტივი ნამდვილად არაა. მეორე წელიც დამემატებინა, ამდენი ჩამედო და მერე ისე დავრჩენილიყავი – აქაც ცოტა მოვიკოჭლე, შემეშინდა და ეს პასუხისმგებლობა ვერ ავიღე, ამიტომ დავბრუნდი საქართველოში.

– თუ გინანიათ ეს გადაწყვეტილება?

– მშვენიერი ოჯახი მაქვს, ძალიან კარგი შვილი მყავს და ახლა უკვე აღარაფერს ვნანობ. ამერიკაში რომ დავრჩენილიყავი, იქ შეიძლებოდა, სულ სხვა ცხოვრება მქონოდა, შეიძლება, უკეთესიც, მაგრამ არაფერს ვნანობ. ვინც მიდის და რისკავს, ძალიან ბევრ შრომას დებს და დიდ რაღაცებთან უწევს გამკლავება. მე არასოდეს ვყოფილვარ ასეთი მებრძოლი, ფუფუნებაში ვარ გაზრდილი, არაფერი მაკლდა, იქ კი მივხვდი, გამიჭირდებოდა, ჩემით გამეტანა ყველაფერი.

– ბევრ ქვეყანაში ხართ ნამყოფი და რომელს გამოარჩევდით? თქვენმა მეუღლემაც ხომ მოგზაურობის დროს გთხოვათ ხელი?

– უფრო აზიურ მხარეს: ვიეტნამი, კამბოჯა, მაროკო, ბრაზილია, ყველა თავისებურად დასამახსოვრებელი იყო… დიახ, ჩემმა მეუღლემ ქრისტეს ქანდაკებასთან მთხოვა ხელი. თავად რეჟისორია და უნდოდა, დრონით მოეტანა ბეჭედი, მაგრამ იქ დრონით გადაღება არ შეძლებოდა და იდეა სპონტანურად შეცვალა. ქრისტეს ქანდაკებასთან ყველა იღებს ფოტოს, ქვემოდან ხელებს თუ შლი, იმიტაციაა, რომ ქრისტეს ქანდაკების ხელებთან აერთებ. იქ დამაყენა, მოდი, ფოტოს გადაგიღებო. მეც გავშალე ხელები და ქვემოდან ბეჭედი მომაწოდა.

– ალბათ, როგორი მოულოდნელი იყო… როგორ გაიცანით ერთმანეთი?

– ნამდვილად არ ველოდებოდი. თურმე, ბრაზილიაში მთელი მოგზაურობის დროს მიღებდა ვიდეოს – ზურგს უკან ბეჭდით დამყვებოდა. მე ჩემთვის ვიღებდი საინტერესო კადრებს და ეს, თურმე, ბეჭდით დადის (იცინის). ტელევიზიაში გავიცანით ერთმანეთი. 2020 წელს მოვაწერეთ ხელი და გვყავს ერთი საოცარი გოგონა.