“დედა და მეუღლე ვერასდროს უყურებენ ჩემს ასპარეზობას, რადგან ძალიან განიცდიან და როდესაც შედეგს გაიგებენ, მხოლოდ ამის შემდეგ ჩართავენ ხოლმე…”

სპორტის ქართველმა ვარსკვლავმა, ლაშა ტალახაძემ ოლიმპიადის ისტორიაში თავისი ფურცელი ჩაწერა. ტოკიოს ოლიმპიადაზე არა მარტო ოქროს მედალი აიღო, ორჭიდის ჯამში 488 კგ დააფიქსირა, რაც მსოფლიო და ოლიმპიური რეკორდია!

მსოფლიოს უძლიერეს ძალოსანი,27 წლისაა და ორი შვილის მამაა. 2019 წელს ტაილანდში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ლაშამ 3 ოქროს მედალი მოიპოვა და მეოთხედ შეინარჩუნა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული. ამ გამარჯვების შემდეგ ის ,,სარკესთან” ყვებოდა:

-მამაჩემი ჩემი პირველი მწვრთნელი იყო 15 წლამდე და მის აზრს ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. დედა და მეუღლე ვერასდროს უყურებენ ჩემს ასპარეზობას, რადგან ძალიან განიცდიან და როდესაც შედეგს გაიგებენ, მხოლოდ ამის შემდეგ ჩართავენ ხოლმე ჩემს გამოსვლას და უყურებენ.

– გარეგნობა კარგი პურისმჭამელი მამაკაცის გაქვთ. გაწერილი კვების რაციონის დარღვევა ხშირად გიხდებათ? როგორი თამადაა მსოფლიოს უძლიერესი მამაკაცი?

–მეკითხებიან, როდის დავლევ მათთან ერთად, მაგრამ, ალკოჰოლი ათასში ერთხელ შეიძლება დავლიო. წელიწადი შეიძლება ისე გავიდეს, რომ ღვინო არ მივიღო. ჩემს თამადობას ვერ მივესალმები,. ქართული სუფრა მიყვარს, მაგრამ თავს ვარიდებ. ზოგჯერ მწვრთნელები გვაძლევენ უფლებას, რომ ცოტა ლუდი დავლიოთ და კუნთი მოვადუნოთ და დავასვენოთ.

– რა დროს უთმობთ ოჯახს და ჩვილ გოგონას?

–ჩემი გოგონა რომ დაიბადა, მაშინ ვნახე და, კბილი რომ წამოუვიდა, ახლა ვნახე. მეუღლე ჩემი მხრიდან იმიტომაც იმსახურებს პატივისცემას, რომ მიგებს და კარგად იცის, რამხელა შრომა სჭირდება ამ სახეობას.

ახლა შედარებით თავისუფალი დრო მაქვს და მაქსიმალურ დროს ვატარებ მეუღლესთან და ბავშვთან. პამპერსის გამოცვლა, ჭამა, გასეირნება – ამ ყველაფერს ძალიან დიდი აზარტით ვაკეთებ, უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს.

–მხიარული კითხვა მინდა, დაგისვათ – სოციალურ ქსელში მსოფლიოს უძლიერეს მამაკაცს, ანუ თქვენ, ეროვნული ვალუტის აწევას გთხოვენ. შეძლებთ ლარის აწევას?

– ეგ ცოტა რთული საქმეა. მგონი, ამას მარტო ჩემი ძალა არ ეყოფა.