მომღერალი ნინი გველესიანი დაქორწინდა. მისი რჩეული ფინანსისტი ლევან ქობალიაა და მათი ისტორია ორწელიწად-ნახევრის წინ დაიწყო.
ნინი გველესიანი: ჩემი მეუღლე არის ლევან ქობალია. ლევანჩო ჩემი მეგობრის ნათესავია. ერთმანეთი ჩემი მეგობრის ოჯახში, დაახლოებით, ორწელიწად-ნახევრის წინ გავიცანით და იქიდან დაიწყო ჩვენი სიყვარულის ამბავი, რომელიც საბოლოოდ დაოჯახებით დაგვირგვინდა.
– ინტერვიუებში გითქვამს, რომ მარტივად არ გიყვარდებოდა, ახლა რა შეიცვალა?
– კი, ასე იყო. ეს არასდროს მაინტერესებდა. ჩემთვის დაოჯახებისა და სიყვარულის ამბავი ყველაზე ბოლო პლანზე იყო. თავიდანვე უფრო საქმესა და კარიერას ვუთმობდი დიდ დროს. ახლა ყველაფერი ისე უცებ მოხდა, გაცნობიდან ორ თვეში გავხდით შეყვარებულები. ეს მთლიანად ლევანზე იყო დამოკიდებული. იმდენი ქნა, რომ თავი შემაყვარა.
– როგორ მოახერხა ეს?
– ძალიან თბილი და კეთილი ადამიანია. ყველას უყვარს. ჩემი ქმარი რომ არის, ამიტომ არ ვაქებ (იცინის). მართლა ძალიან საყვარელია. ჩემს პროფესიაშიც გვერდით მიდგას, არაფერზე აქვს პრობლემა, პირიქით, საქმეშიც მეხმარება. ანალოგიურად, მეც დადებითად ვარ განწყობილი მისი პროფესიის მიმართ. თვითონ ფინანსისტია. თავიდანვე მარტივად შევეწყვეთ ერთმანეთს. მოახერხა ჩემთვის თავი შეეყვარებინა.
– სიურპრიზებით თუ ანებივრებთ ერთმანეთს?
– კი, საერთოდ რომ არ ველოდები, უცებ მანქანაში საჩუქარს გამომიჩენს (იცინის). ასეთ რამეებს ხშირად აკეთებს და მეც ვცდილობ, გავანებივრო სიურპრიზებითა და კარგი ამბებით. ყველა კარგ ამბავს, რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება, პროფესიული იქნება თუ სხვა, პირველ რიგში, მას ვუზიარებ. ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარია.
– როგორ მიიღე გათხოვების გადაწყვეტილება?
– სასაცილო ის იყო, რომ ჩემმა მეჯვარეებმა, ანუ ჩემი ჯგუფის გოგონებმა და ასევე, მომღერალმა მარი ჩაჩხიანმა, საერთოდ არ იცოდნენ, რომ ჩვენ შეყვარებულები ვიყავით. ფოტო დავდე სოციალურ ქსელში და იქიდან გაიგეს. ისეთი ზეწოლა წამოვიდა ჩემზე, რომ ვერც აღვწერ (იცინის). პირადზე საუბარი არასდროს მიყვარდა. ახლა ოჯახი რომ მაქვს, უკვე შემიძლია, თავისუფლად ვისაუბრო, მაგრამ ამაზე ახლაც არ ვგიჟდები. როცა გაიგეს, რომ ჩემს ცხოვრებაში ასეთი მნიშვნელოვანი ამბავი ხდებოდა და დაქორწინებაც გადავწყვიტე, ყველას ძალიან გაუხარდა და მოეწონათ ჩემი არჩევანი. როგორც ვთქვი, ოჯახის შექმნა ძალიან უკანა პლანზე იყო ჩემთვის და აქედან გამომდინარე, ჩემს მეგობრებს ჩემი ქორწილიც ვერ წარმოედგინათ (იცინის). თუმცა, საბედნიეროდ, ძალიან კარგი ქორწილი გამოგვივიდა, კონცერტივით იყო. ყველა კარგ ხასიათზე იყო და ვმხიარულობდით. მე და ჩემი მეუღლე სახლში რომ მოვედით, მერე გავაცნობიერეთ, ყველაფერმა რა მაგრად ჩაიარა. საბოლოო ჯამში, ყველამ ქორწილში დაიჯერა, რომ მართლა გავთხოვდი (იცინის).
– ხელის თხოვნა როგორი იყო?
– ხელი შარშან, ზამთარში მთხოვა და ეს ჩემთვის ძალიან მოულოდნელად მოხდა. სიურპრიზი გამიკეთა – ჩემი მეგობრებისა და ოჯახის წევრების თანდასწრებით მთხოვა ხელი. საერთოდ, ვერაფერს ვიფიქრებდი, იმიტომ რომ მოტყუებით წამიყვანა ისეთ ადგილას, სადაც ყველა გველოდა ფოიერვერკებით და მთელი ამბებით (იცინის).
– ჯერ სულ რამდენიმე დღეა, რაც ოჯახი გაქვთ, მაგრამ მაინც, რას იტყვი, როგორი აღმოჩნდა ახალი ეტაპი?
– კი, ჯერ ძალიან ახალია, მაგრამ უკვე ჩვენს საყვარელ სახლში გადავედით საცხოვრებლად და გავშინაურდით. ძალიან სასიამოვნო პროცესია, როდესაც ერთმანეთს ვუვლით, ვზრუნავთ ერთმანეთზე, საჭმელებს ვუმზადებთ და ასე შემდეგ. ყველაზე მაგარი ის არის, რომ სიყვარულით ვაკეთებთ აბსოლუტურად ყველაფერს.
– თქვენი ქორწილი მართლა კონცერტივით იყო. როგორ დაგეგმეთ?
– საქმეც ისაა, რომ საერთოდ არაფერი დაგვიგეგმავს. ყველაფერი ბუნებრივად წარიმართა. მე მგონი, აბსოლუტურად ყველაზე „დაუგეგმავი“ პატარძალი ვიყავი (იცინის). წინასწარ არც მუსიკალური ნომრები მოგვიმზადებია. რა თქმა უნდა, ვიცოდით, რომ ქორწილში ვიმღერებდით, მაგრამ ვინ და რას, ამაზე წინასწარ არ გვიფიქრია. საერთოდ, ძალიან მომწონს ქორწილში სიძე-პატარძლის მიერ შესრულებული ქართული ცეკვის ტრადიცია და მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში არ მიცეკვია, მინდოდა, რომ გვეცეკვა. ერთადერთხელ მივედით ცეკვაზე ქორწილის წინა დღეს და საბოლოო ჯამში, მაინც ძალიან საყვარელი გამოვიდა, თავისი შეცდომებით (იცინის). სიმღერებს რაც შეხება, ჩემი მეგობარი მომღერლები იყვნენ ჩვენ გვერდით და სპონტანურად, სცენაზე ავედით და ვიმღერეთ. ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ ჩემს ქმარს ჩემი სიმღერა აქამდე მოსმენილი არ ჰქონდა. ისე მოხდა, რომ ჩემი ნამღერი ლაივში არასდროს მოუსმენია. ამისთვის, მგონი, ქორწილს ველოდებოდით (იცინის). მეც არ ვიცოდი, თუ მასაც შეეძლო სიმღერა, მაგრამ ამოვიდა სცენაზე და უკომპლექსოდ იმღერა. ესეც ძალიან სასიამოვნო მომენტი იყო. მე, თავისთავად, ყველა სიმღერა მას მივუძღვენი, გამოვასწორე დანაშაული (იცინის). შეგძლებია სიმღერაო, მითხრა (იცინის).
– ქორწილის სამზადისში არ ნერვიულობდი?
– სიმართლე რომ ვთქვა, არა. ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული პატარძალი ვიყავი, ყოველგვარი ზედმეტი ემოციებისა და ფორიაქების გარეშე. ყველა საქმეს ძალიან წყნარად ვაგვარებდი. ამ დროს წყვილები ისე ხოცავენ ხოლმე ერთმანეთს, რომ ლამის შორდებიან და ჩვენ, პირიქით, ამ პროცესმა კიდევ უფრო დაგვაახლოვა. ჩემი მეუღლეც ძალიან მშვიდად და წყნარად აგვარებდა საქმეებს და იმასაც ვახერხებდით, რომ ამ პროცესისგან სიამოვნება მიგვეღო. არანაირი სტრესი არ გვქონია. ქორწილშიც არ მინერვიულია. ძალიან კარგი დრო გავატარეთ. მე და ჩემი მეუღლე ბოლო სტუმრამდე დავრჩით. ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ იმის ნაცვლად, მე, როგორც დედოფალი, მას მივეყვანე სახლში, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი მეუღლე ნასვამ მდგომარეობაში იყო, მე ამ ჩემი საპატარძლო კაბით დავჯექი საჭესთან და ქმარი თავად მივაბრძანე სახლში (იცინის).