მომღერალი წყვილის, ანუკი ცქვიტინიძისა და გელა დონაძის, დუეტი ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარული გახდა. მათი ნამღერი პირველად სოციალურ ქსელში გავრცელდა, შემდეგ ტელეპროექტში ,,მიმღერე” გამოჩნდნენ, მას შემდეგ კი მათ გარეშე ქალაქში კონცერტი იშვიათად იმართება.
მოსიყვარულე წყვილის ოჯახური ცხოვრება 14 წელს ითვლის. მათ ცხოვრებაშიც იყო რთული პერიოდი, რომელიც წყვილმა გადალახა და უფრო მეტად დააფასა სიყვარული და ოჯახური იდილია. გამოცდილებას, რომელიც ერთად დააგროვეს ცხოვრებასა და სცენაზე, ,,სარკის” მკითხველებს ანუკი ცქვიტინიძე უზიარებს.
– ანუკი, მას შემდეგ, რაც თქვენი ოჯახური დუეტი ასეთი პოპულარული გახდა, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება?
– ჩვენ-ჩვენი პროფესიით, გელა იურისტობით და მე ჩემი მუსიკალური განხრით ყოველთვის დაკავებულები ვიყავით, ამჯერად კი ჩვენი სამუშაო გრაფიკი უფრო დაიტვირთა. ძალიან სასიამოვნოა ეს დაღლილობა, რადგან ხალხს მოსწონს ჩვენი სიმღერები და მათგან ბევრი ემოცია მოდის. ჩვენი ასეთი დაკავებულობის გამო ბავშვებმა დაიწყეს წუწუნი. ყოველთვის ძალიან ჩართულები ვიყავით მათ ცხოვრებაში, ახლა კი დატვირთულები ვართ და გვეწუწუნებიან, ჩვენთვის დრო აღარ გრჩებათო. ვცდილობთ, დრო ისე გადავანაწილოთ, რომ ყველაფერი მოვასწროთ.
– სულ მუსიკაში ხართ და აქამდე რატომ არ მღეროდით ქმართან ერთად?
– როგორც კი პირველ კლასში მივედი, იქიდან დავიწყე სიმღერების წერა. დედაც პიანისტია და უკვე ნოტები კარგად ვიცოდი სკოლაში შესვლისას. პირველი ლექსი რომ ვისწავლე, სახლში დაბრუნებულმა მაშინვე ამ ლექსზე მუსიკა დავწერე. 8 წლის ასაკში დაწერილი სიმღერა “თუთიკო” დღემდე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ბავშვთა რეპერტუარში. როდესაც 9 აპრილი მოხდა, ჩანსუღ ჩარკვიანმა ასე პატარა ბავშვს მანდო, რეკვიემისთვის დამეწერა სიმღერა. 11 წლის ასაკიდან მოყოლებული ჩემს დაწერილ სიმღერებს უკვე ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე, ნუკრი კაპანაძე, თამრიკო ჭოხონელიძე მღეროდნენ.
თავიდანვე ჩემი გზა იყო საკომპოზიტორო მიმართულება, სიმღერით კი მეგობრების წრეში და სახლში სულ ვმღეროდი. გელა, თავის მხრივ, პატარა ასაკიდან ძალიან აქტიურად იყო ჩართული ფოლკლორში, მღეროდა მხოლოდ ფოლკლორს და დღემდე “ბასიანის” სოლისტია. მისთვის საესტრადო მიმართულება ახლო არ იყო. როდესაც დავქორწინდით, სამეგობრო წრეში, ბუნებრივია, სულ ვმღეროდით ერთად.
ჩვენს სამეგობრო წრეში გავრცელებულმა ვიდეომ სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობა მოიპოვა. ამის შემდეგ მივხვდით, რომ ჩვენი დუეტი შეიძლებოდა სცენაზეც გაგვეტანა. ცოტა დაგვიანებით, მაგრამ ამ ფორმით მოვედით მსმენელამდე. ყოველთვის მეგონა, მხოლოდ საკომპოზიტორო მიმართულება იყო ჩემთვის საინტერესო, არადა აღმოჩნდა, რომ სცენაზე დგომაც ძალიან დიდი ბედნიერებაა.
– რა შეგრძნებაა, როდესაც სცენაზე ქმართან ერთად მღერით?
– ეს საოცრად დიდი ბედნიერებაა. საკმარისია, სცენაზე დგომისას ერთმანეთს თვალებში ჩავხედოთ და მაშინვე მოდის ის ენერგია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. მარტივია, იმღერო იმ ადამიანთან ერთად სიყვარულზე, რომელიც გიყვარს. ამ დროს ყველა სიტყვასა და ემოციაში გულწრფელი ხარ და ამას მსმენელიც გრძნობს. სცენაზე ერთმანეთს ძალიან ვაძლიერებთ.
– როდესაც გელა გამოჩნდა თქვენს ცხოვრებაში, უფრო იმატა თქვენს შემოქმედებაში სიყვარულზე დაწერილმა სიმღერებმა?
– აქამდე თუ დედა იყო ჩემი პირველი მსმენელი და შემფასებელი, ახლა უკვე გელა აფასებს და მიზიარებს შთაბეჭდილებებს. ყოველთვის არის ხოლმე ჩართული ჩემს შემოქმედებაში და ძალიან კარგად ირგებს ჩემს დაწერილ სიმღერებს. ბოლო პერიოდის სიმღერები სულ სიყვარულზეა.
– როგორია თქვენი ოჯახური ცხოვრების 14 წელი, რა ეტაპები გაიარეთ?
– იყო ჩვენს ცხოვრებაშიც ცოტა რთული ეტაპები, უფრო კონკრეტულად კი, ჩვენი თანაცხოვრების შუა პერიოდში, როდესაც ცოტა გაუგებრობა გაჩნდა, რომელიც ხშირადაა ხოლმე ოჯახებში. მაშინ მივიღეთ გადაწყვეტილება და პაუზაც კი დაგვჭირდა. სწორედ ამ პაუზის პერიოდში მივხვდით, რომ ძალიან გაგვიჭირდა უერთმანეთოდ და ერთმანეთის გარეშე ნამდვილად ნახევარ-ნახევარი დავრჩით. ისევ თავიდან გავხდით შეყვარებულები, ისევ დავიწყეთ ერთმანეთისთვის გაპრანჭვა და ახლებურად აძგერდა გული.
– პაუზა რამდენ ხანს გაგრძელდა?
– დაახლოებით 2 წლამდე, მაგრამ აქ არ ყოფილა კონფლიქტი და დაპირისპირება. საკუთარ თავში რაღაცების გადაფასება და გადახალისება იყო საჭირო.
– რა მოგცათ ამ პაუზამ, რა გასწავლათ?
– ეს პერიოდი გელასთვის უფრო იყო გაკვეთილი. ალბათ კარგად მიხვდა, რომ შეიძლებოდა ისეთი მნიშვნელოვანი რამ დაეკარგა ცხოვრებაში, რასაც ოჯახი, შვილები, მეუღლე და საერთო საქმე ჰქვია.
– ცოლ–ქმარს ერთმანეთთან თავსებადი ტემპერამენტი გაქვთ?
– მიუხედავად იმისა, რომ გელა რაჭველია, არის ძალიან ემოციური და ენერგიული. მე კი ვარ გურული, მაგრამ აბსოლუტურად მშვიდი გახლავართ, ამიტომ კარგად ვაბალანსებთ ერთმანეთს. ბავშვებსაც მამის ტემპერამენტი გამოჰყვათ, ამიტომ სახლში სამი ტორნადოა და ერთი მე ვარ მშვიდი. ჩვენი განსხვავებულობა ძალიან გვეხმარება საქმეში.
– ოჯახში როლები როგორ გაქვთ განაწილებული, ვინ რაზე ზრუნავთ?
– ძალიან ვეხმარებით ერთმანეთს. ახლა ჩვენს ოჯახში დამხმარე ადამიანიც აღარ არის. ჩვენი ნათესავი მუშაობდა ბავშვების ძიძად, ახლა კი თავისი შვილიშვილი ჰყავს, ამიტომ ყველა საოჯახო საქმეს მე და გელა ვინაწილებთ. რა თქმა უნდა, ვცდილობ, სახლის საქმე უფრო საკუთარ თავზე ავიღო და გელამ ბავშვებზე იზრუნოს. როცა საჭიროა, გელაც გვერდში მიდგას საოჯახო საქმეებში. საოცრად კარგი კულინარია.
– გელას მომზადებული კერძებიდან ყველაზე მეტად რა მოგწონთ?
– ხორცისა და თევზის კერძები ძალიან კარგად გამოსდის. მის მიერ ღუმელში მომზადებული თევზი სხვადასხვა სანელებლებით უგემრიელესია. ამბობს, რომ უგემრიელეს ზებრას აცხობს, მაგრამ, რაც ერთად ვართ, არ გამოუცხვია და ველოდები.
– წარმომიდგენია, რომ თქვენს სახლში ხშირად იშლება სუფრა, სადაც არის სიმღერა და გიტარა.
– მე თვითონ ისეთ ოჯახში გავიზარდე, სადაც ეს ყველაფერი სულ იყო. ბაბუა და ბებიიდან მოყოლებული, ყველა მღეროდა. ჩემი მშობლების დიდი სახლი თავისი როიალით ყოველთვის სავსე იყო სტუმრებით. ახლა სადაც ვცხოვრობთ, სივრცე პატარაა და ამიტომ ისეთ შეკრებებს ვერ ვაკეთებთ, როგორიც გვინდა. სამაგიეროდ, ჩემი მშობლების სახლში ეს ტრადიცია ახლაც გრძელდება და მეგობრები ხშირად ვიკრიბებით.
– შვილებიც აგრძელებენ მშობლების მუსიკალურ ტრადიციას?
– თავისთავად ორივეს აღმოჩნდა მუსიკალური ნიჭი, ორივე სწავლობს ნიჭიერთა მუსიკალურ ათწლედში. ჩვენი სურვილია, მათ მივცეთ კარგი მუსიკალური განათლება და შემდეგ თვითონ გადაწყვიტონ, რა მიმართულებით წავლენ. შვილებისადმი ძალიან მეგობრული დამოკიდებულება გვაქვს, თუმცა ხანდახან სიმკაცრესაც ვიჩენთ სწავლასთან მიმართებაში. ვცდილობთ, რომ მაინც მშვიდ გარემოში გავზარდოთ.
– ახლა ქალთა დღესასწაულების პერიოდია. რამდენად ყურადღებიანია გელა ასეთ დროს და ჩვეულებრივ დღეებშიც?
– ძალიან ყურადღებიანია. 3 მარტს, დედის დღეს კონცერტი გვქონდა, სცენაზეც მომართვა ყვავილები და სახლშიც. გელას არაჩვეულებრივი გემოვნება აქვს, მისი შერჩეული საჩუქარი ყოველთვის ძალიან მოსაწონია ჩემთვის. სულ იმას ცდილობს, რამით მასიამოვნოს და გამახაროს. დეკემბერ-იანვრის დატვირთული საკონცერტო რეჟიმის შემდეგ სიურპრიზი გამიკეთა და მეგობრებთან ერთად ბარსელონაში დავისვენეთ.
– რა არის ის ერთი თვისება, რაც გამორჩეულად მოგწონთ მასში?
– ის, რომ ძალიან ყურადღებიანია არა მარტო ჩემი, არამედ ყველას მიმართ. ადამიანების დახმარებით არასოდეს იღლება. უბრალო ნაცნობსაც კი შეიძლება თან გადაჰყვეს. ასეთივეა სიმღერაში, რაც უნდა დაღლილი იყოს, არასოდეს იტყვის უარს, თუ ვინმე სიმღერას სთხოვს. ურთიერთობაშიც და სიმღერაშიც ყოველთვის ბოლომდე იხარჯება. როდესაც ვხედავ, რომ ასეთი მზრუნველი ადამიანია, მეც ვცდილობ, განსაკუთრებულად ვიზრუნო მასზე. მოკლედ, ერთმანეთს მზრუნველობაში ვეჯიბრებით.
– როგორია თქვენი კამათი?
– ჩვენი კამათი არის ძალიან ცეცხლოვანი და ძალიან ხანმოკლე. ყოფილა ისეთი სასაცილო მომენტები, როდესაც ან გელა, ან მე გავსულვართ სხვა ოთახში გაბრაზებული და ამ დროს ყოველთვის ასეთი განცდაა – გავიდა 2 წუთი, მოდი, ჩამეხუტე. რა თქმა უნდა, ოჯახში კამათი ყოველთვის არის და იქნება, მაგრამ, რაც მთავარია, წყენა უნდა იყოს ხანმოკლე. ბევრი ძალისხმევა არ გვჭირდება ერთმანეთის შემოსარიგებლად.
– საბოლოო ჯამში, როგორ ფიქრობთ, რა არის მნიშვნელოვანი ოჯახური ურთიერთობის სიმყარისათვის?
– ბანალური ვიქნები, მაგრამ მაინც სიყვარულია მთავარი. როდესაც გააზრებული გაქვს, რომ ეს ის ადამიანია, რომელიც ძალიან გიყვარს და მის გარეშე არ შეგიძლია, მაშინ ბევრი პრობლემა გვარდება. დათმობაც თავისით მოდის, ხასიათების დაბალანსებაც. ამ ბოლო დროს ძალიან ვითვალისწინებთ ერთმანეთის აზრებს.