ტელეკომპანია “ფორმულაზე” გასართობი გადაცემები იხურება. გასართობი შოუების წამყვანებმა – ია ფარულავამ და თათია შარანგიამ სოციალური ქსელის საშუალებით აუდიტორიას აცნობეს, რომ მათი გადაცემები ეთერში აღარ გავა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ნიკა არაბიძე არხიდან წავიდა.
AMBEBI.GE ტელეკომპანია „ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს, სერიალის “ჩცდ” პროდიუსერს, ირაკლი საღინაძეს ესაუბრა:
– შექმნილია რთული ფინანსური მდგომარეობა, რის გამოც, არხმა რეორგანიზაცია გადაწყვიტა. ამ რეორგანიზაციის შედეგად, საარჩევნო წლის გათვალისწინებით, მაქსიმალური აქცენტი საზოგადოებრივ პოლიტიკურ ტოქ-შოუებსა და ნიუსზე მოხდება. აქედან გამომდინარე, გასართობი კონტენტი, როგორც მინიმუმ, დროებით დაპაუზდება.
ამასთან, შევხედავთ, საბოლოოდ ამ რეორგანიზაციას როგორი სახე ექნება. დღეს არხი გააკეთებს გაცხადებას, რასაც დაინტერესებული ადამიანები მოისმენენ. სხვა მხრივ, მიდის მუშაობა სპონსორებთან, სხვადასხვა თანხის მოძიება მიმდინარეობს, რომ შევხედოთ, ამ კომბინაციით, ამ რესურსით რა შედეგს მივიღებთ. ამ ვითარებაში კრიტიკულ მედიაში ძალიან გართულებულია ფინანსების მოძიება. საერთოდ, ეს ყველგან პრობლემაა, მათ შორის, ჩვენთანაც. ამიტომ არხის მენეჯმენტმა გადავწყვიტეთ, ამ ეტაპზე ხარჯების ოპტიმიზაცია და მაქსიმალური აქცენტის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ტოქშოუებსა და ნიუსზე გაკეთდეს. ეს წელი სავარაუდოდ, ამ მიმართულებით იქნება აქცენტირებული.
– პოპულარული სერიალის “ჩემი ცოლის დაქალების” მიმართულებით რა სიახლეებია?
– მიმდინარეობს მუშაობა, რომ დაფინანსების ალტერნატიული წყაროები მოიძებნოს. სამწუხაროდ სარეკლამო ბაზარზე საკმაოდ კრიტიკული სიტუაციაა, ძალიან შემცირებულია. იმედია, რომ გამოჩნდება რაღაც რესურსი, რომ შედარებით სწრაფ ტემპში შევძლოთ სერიალის განახლება. მე-19 სეზონი, როგორც იყო დაგეგმილი, ახლა სრულდება, მე-20 განახლებას ერთ თვეში ვფიქრობდით, მაგრამ ვნახოთ. შეიძლება ცოტა გვიან, რაღაც პაუზის მერე მოხდეს ეს. ის აუცილებლად განახლდება და მას ნახავს მაყურებელი. სეზონიც ისე სრულდება, რომ განახლებას მოიაზრებს. უბრალოდ, ამ მომენტში არ მაქვს ინფორმაცია, ვერ ვამბობ კონკრეტულ თარიღს, ან რაღაც ვადას, როდის შეიძლება ეს მოხდეს.
– არ სრულდება, მაგრამ რაღაც პაუზა აუცილებლად იქნება…
– სხვანაირად არ შეიძლება, ადამიანებს უფასოდ ვერ ვამუშავებთ, თან, ეს ყველაფერი ხარისხზეც აისახება, ეკრანზე უხარისხო პროდუქტს მივიღებთ. ჩვენ გვინდა ის სტანდარტი, რომელიც გვიჭირავს – მაღალი ხარისხი. ამიტომ დაველოდებით უკეთეს დროებას, იმისთვის, რომ განვაახლოთ წარმოება.