ლაშა რამიშვილის „უცნობი მხარე“ 👇
– ვინ არის ლაშა რამიშვილი?
ლაშა რამიშვილი: ადამიანი, რომელიც ყოველთვის პოზიტივს ეძებს გარეთ და ყოველთვის ყველაფერი უნდა გუშინ.
– როგორია თქვენი საოცნებო ცხოვრება?
– ჩემი შვილები იყვნენ განათლებულები, წარმატებულები, ბედნიერები და მე ამით დავტკბე – ეს არის ჩემთვის საოცნებო.
– გულჩვილი ადამიანი ხართ?
– კი. მამაჩემმა ფეხი მოიტეხა, დედაჩემმა გულის ოპერაცია გაიკეთა. ორივე წევს. ფაქტობრივად, გადაადგილება უჭირთ. ასეთ დროს ძალიან გულჩვილი ვხდები, მაგრამ როგორც კი ეს ყველაფერი გადაივლის და ცხოვრებაში კარგი ნოტი შემოდის, რაც ბედნიერების მომტანი ხდება, მაშინ ვხვდები, რომ ღმერთი მეხმარება და ცაში რომ ვიყურები, ვტირი ხოლმე, თან ღმერთს მადლობას ვეუბნები.
– რას გააკეთებდით, ახლა რომ ლატარიაში მილიონები მოიგოთ?
– ეგ საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი. ბევრი ფული არასდროს მქონია და არც არასდროს მნდომებია. ზუსტად იმდენი მჭირდება, რამდენიც აუცილებელია ჩემი შვილების განათლებისა და მომავლის უზრუნველყოფისთვის. არასდროს მინატრია, ნეტავ მილიონერი ან მილიარდერი ვიყო-მეთქი. ამას წინათ მეუღლემ მკითხა, მილიონი რომ მოგცა, რას იმზადიო და ჩამოვთვალე: ათი ათასს იმას მივცემდი, ათს – იმას, ათს – იმას და ნახევარ მილიონზე რომ ავედი, მეუღლემ იყვირა, წავედიო. ადგა და დაიძინა (იცინის). ყველა ადამიანის უკან დგას ხალხი, რომელიც განსაკუთრებულ დახმარებას საჭიროებს. ამ წუთში გროში არ მიგდია ჯიბეში. არც ანგარიშზე მაქვს რამე. სულ რვა ლარი მაქვს, მაგრამ მილიონებს საერთოდ არ ვნატრობ. ბანკის ვალი მაქვს ერთი 80 ათასი ლარი და ვფიქრობ, რომ გავანულო და მერე კიდევ თავიდან ავიღო (იცინის).
– გიოცნებიათ მსოფლიო პოპულარობასა და გავლენიანობაზე?
– ეგეთ რამეზე არ მიოცნებია. მიოცნებია იმაზე, რომ მთელი ცხოვრება შემეძლოს ჩემი საქმე ვაკეთო. სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს ჩემი გული ამის საშუალებას აღარ მაძლევს. ცოტათი მღალატობს ხოლმე. გადაღლილობა, სტრესი, ყველაფერი ერთად. მსოფლიო დონის პოპულარობაზე იოლი არაფერია. ხელში გვიჭირავს ოთხკუთხედი ნივთი, რასაც შეუძლია, ზუსტად ერთ წუთში გაგხადოს პოპულარული, თუ კრეატიული აზროვნება გაქვს. ეს ნივთი კი ჩვენი ტელეფონია.
– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე არასწორ საქციელად?
– არ უნდა ვყოფილიყავი ასეთი მკაცრი ჩემი შვილების მიმართ. ალბათ, ბევრს მოვითმენდი, რომ შემეძლოს, მაგრამ არ შემიძლია. ახლა მკაცრი იმდენად არა, უფრო მომთხოვნი ვარ. ჩემი შვილები უკვე საკმაოდ დიდები არიან. ერთი 16-ისაა, მეორე – 12-ის, მესამე – 7-ის და სიმკაცრე უკვე აღარ სჭირდებათ. ყოველ წუთს თვალყურს ვადევნებ მათ ცხოვრებას, მაგრამ მაინც განვიცდი უდროობას. ამიტომ, როცა უფრო მეტი დრო მქონდა მათთან გასატარებლად, ჯობდა, ყველაფერი საცერში არ გამეტარებინა და ნაკლებად მკაცრი ვყოფილიყავი.
– ყველაზე უხერხული შემთხვევა, რომელიც თავს გადაგხდენიათ…
– ერთხელ მე და ბებია მეზობელთან ავდიოდით და ბებიამ მითხრა, რომ მეზობლისთვის რაღაც არ უნდა მეკითხა. ცოტა დრო რომ გავიდა, ავდექი და შევეკითხე. ბავშვურ ინტერესს ვერ მოვერიე და ის გავაკეთე, რაზეც ბებიამ მითხრა, რომ არ უნდა მექნა. ამან დიდი სევდა გამოიწვია და ის დღე ახლაც დაღდასმულად მახსოვს. ძალიან ცუდად მოვიქეცი.
– ოდესმე რამე მოგიპარავთ?
– ალუჩა მომიპარავს, ბალი მომიპარავს. ფული, სამწუხაროდ, არ მომიპარავს (იცინის). ძალიან პატარა ვიყავი, ალბათ, 10-11 წლის, რაღაც დაწესებულებაში სურათი მომეწონა. ავიღე და ოთახიდან გამოვიტანე, მაგრამ შორს წაღება ვერ გავბედე და იქვე დავდე. სულ მეშინოდა დედაჩემისა და მამაჩემის. მეუბნებოდნენ, თუ პოლიცია წაგიყვანს, ჩვენ მოვალთ, მაგრამ არ წამოგიყვანთო.
– ტყუილთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?
– ტყუილი მიყვარს, თუ ის უვნებელია. მაგალითად, დღეს გადაღებაზე ერთი ქალბატონი მოვიდა და ფული გვთხოვა, ეს შუა ქუჩაში ხდებოდა. სამწუხაროდ, ხურდები არ მქონდა და ბოდიში მოვუხადე. თურმე, მიცნო, აღმოჩნდა, რომ ოდესღაც მიმიცია მისთვის ფული და მითხრა, ბატონო ლაშა, თქვენ ბევრჯერ მოგიციათ ჩემთვის თანხაო. რომ შეტრიალდა, სხვამ ჩაუგდო თანხა, ერთ-ერთმა პროდიუსერმა ორლარიანი მომცა, მიეცი, შენგან გაუხარდებაო. მივეცი და ვუთხარი, აი, თურმე, მქონია-მეთქი. მერე კი დავამატე, აგერ ჩემმა მეგობარმა მომცა-მეთქი, მაგრამ პირველი ხომ ტყუილი ვუთხარი. დედაჩემმა რომ ოპერაცია გაიკეთა, მამას დავუმალე. მოვატყუე, ამზადებენ-მეთქი. ამ დროს დედა უკვე საოპერაციოში იწვა. არ მინდოდა, მამას ენერვიულა და ყველაფერი რომ დამთავრდა, მერე ვუთხარი.
– ბოლოს რა გამოცადეთ ცხოვრებაში პირველად?
– ჩემს ცხოვრებაში პირველად ღვინო დავაყენე. რომ იცოდეთ, როგორც კაცი ეფერება საყვარელ ქალს, ზუსტად ისე ვეფერები ხოლმე ჩემს მინის ჭურჭელს, თან მომრგვალებული ფორმები რომ აქვს?! ისეთ ბედნიერებას მანიჭებს მასთან შეხება, რომ მეტი არ შეიძლება (იცინის). ჯერ მხოლოდ ჩემთვის და სასაჩუქრედ ვაყენებ, მომავალში, ალბათ, რეალიზებასაც შევძლებ.
– პაემანზე სახალისო შემთხვევა გადაგხდენიათ?
– როდესაც თეატრალურში ჩავაბარე და თავი უკვე აკაკი ხორავა მეგონა, სოფელში, „ბირჟაზე“ გასულმა ლამაზი გოგონა დავინახე. სამი-ოთხი დღე ვამყარებდი მასთან კონტაქტს, იქ ვარდი მივართვი, იქ ლექსი მივუძღვენი და როცა გამოვუტყდი, რომ ძალიან მომწონდა, მისი პასუხი იყო საოცარი: გეიწი, ბიძია, იქით, თუ არა, რო გთხლიშავ ქვას თავში, ჩაგცეცხლავ, ჩაგაქვესკნელებო. იმ დღის მერე ყველაფერი დამთავრდა (იცინის). კიდევ, ერთი გორელი გოგო მომწონდა, რომელიც სადგურზე მივაცილე, სახლში მიდიოდა. ვუთხარი, ძალიან მომწონხარ-მეთქი და მიპასუხა, მე საერთოდ არ მომწონხარო. ეგრევე მივაყოლე, აბა, გავიდა გორი! იმ დღის შემდეგ აღარ მინახავს (იცინის). თუმცა, აქვე დავაყოლებ, რომ გორელები ძალიან მიყვარს.
– ყველაზე სასტიკი როდის ყოფილხართ?
– ერთხელ ტელეფონში შეურაცხყოფა მომაყენეს გაუგებრობის გამო. ავუხსენი, რომ რაღაცები ისე არ იყო, როგორც ფიქრობდა. მაინც იგივე გაიმეორა. მეორე დილით ძალიან ცუდი რამეები გავაკეთე. მოვნახე ეს ადამიანი და მართლა სასტიკი ვიყავი. ალბათ, მაშინაც სასტიკი ვიქნები, როცა ჩემს შვილებს ერთი თმის ღერი ჩამოუვარდება ან შეურაცხყოფას მიაყენებენ. მაშინ მართლა დაუნდობელი ვიქნები.
– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ მარცხად და გამარჯვებად?
– ჩემი ყველაზე დიდი გამარჯვება, ალბათ, ისაა, რაც დღეს ვარ. ძალიან ბევრს ჩემს სანათესავოსა და საახლობლოში არ ეგონა, რომ მე, თუნდაც, ოჯახს შევინარჩუნებდი, თუნდაც ნორმალური პროფესია მექნებოდა, თუნდაც ჩემი იმედი ექნებოდა ვინმეს. არასოდეს არავის ჩემი იმედი არ ჰქონდა. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მეგონა. დღეს საკმაოდ ბევრს ვეხმარები, ჩემს მეგობრებსა და საძმაკაცოს – გვერდში დგომით და ძალიან მიხარია, ეს ჩემი ერთ–ერთი ყველაზე დიდი გამარჯვებაა. ჩემი ოჯახიც ჩემი გამარჯვებაა. მე არასოდეს მეყოლება სხვა ოჯახი. ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. მე სამი შვილის მამა ვარ ერთი მეუღლისგან. ასეა და ასე იქნება, სანამ მე პირში სული მიდგას. ჩემი პროფესიაც ჩემი დიდი გამარჯვებაა. მე ჩემს პროფესიაში არასოდეს გამიკეთებია რამე სხეულით, არავისთვის არაფერი შემითავაზებია იმის ნაცვლად, რომ წინ წავსულიყავი. თუ შემოუთავაზებიათ, მოხვედრიათ კიდეც ალიყური.
ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი მარცხი, ალბათ ისაა, რომ მინდა, ძალიან ბევრს დავეხმარო, მაგრამ სამწუხაროდ, უკვე დრო აღარ არის. დრო რომ იყოს, უფრო მეტს ვიზამდი.
– ბოლოს რა მოისმინეთ საკუთარ თავზე კარგი და სასიამოვნო და ცუდი, რამაც გული გატკინათ?
– საოცარი რამ მოვისმინე (იცინის). კარგი ის იყო, რომ თქვეს, ნეტაი მაგას, რა უჭირს, მთელი დღის განმავლობაში ცეკვავს და მღერისო. მეორე და ყველაზე საოცარი ის იყო, რაც გავიგე, ეგ ლატენტური გეიაო (იცინის). ანუ, გეია, რომელმაც თვითონაც არ იცის, რომ გეიაო. ყველას თავის ცხოვრება აქვს, ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს, მაგრამ ის, რომ გეი ვარ და მე არ ვიცი, ასეთი რამ პირველად გავიგე (იცინის).
– რის გამო გაქებენ და გაკრიტიკებენ ახლობლები?
– ყველაზე მეტად მაქებს და სტიმულს მაძლევს ჩემი მეუღლე. ლაშ, ჩვენ ამას შევძლებთ, ჩვენ გავფრინდებით, სულ ამას შთამაგონებს. ძალიან მაგარი გოგოა. ყველაზე მეტად მშობლები მაკრიტიკებენ. დღესაც კრიტიკის ქარცეცხლში მატარებენ, ხანდახან ცოტა დაუმსახურებლადაც კი. მაგალითად, კორპორაციულზე ორ ჭიქას რომ დავლევ, დედა აუცილებლად მისაყვედურებს, რატომ დალიეო.
– რა არის ის, რითაც ყველაზე მეტად ამაყობთ?
– ჩემი ოჯახი.