მომღერალ კახა კუხიანიძისთვის ეს წელი მშვიდად, თუმცა ნაყოფიერად დაიწყო. როგორც თავად ამბობს, ახალი ენერგიით დაიმუხტა, ძალები მოიკრიბა და აპირებს ახალი შემართებითა და ენთუზიაზმით შეუდგეს სიმღერების ჩაწერას და თავის სასიმღერო კარიერაში ახალი სიტყვის თქმას. ის ახალი იმიჯით წარდგება მსმენელის წინაშე და ბევრ სიახლესაც შეიტანს თავის რეპერტუარში. ახალი წლის წინა პერიოდში მისმა ძმამ, გიგა კუხიანიძემ, სიურპრიზი გაუკეთა და ულამაზესი სიმღერა აჩუქა, რომელსაც, როგორც მომღერალი გვპირდება, სულ მალე მოვისმენთ და შევიყვარებთ. თუ რატომ შეხვდა ახალ წელს პირველად უბრალოდ, ძველით ახალ წელს კი – პომპეზურად, რა ეტაპზე აპირებს გადასვლას დრაკონის წელში და რა გამოცდილება დაუტოვა მას გასულმა წელმა, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
კახა კუხიანიძე: ყველა წელმა, გამოცდილება, განცდა და სიახლეები დამიტოვა და არც განვლილი წელი ყოფილა გამონაკლისი. რომ მკითხოთ, რომელ წელს და ასაკში გინდა დაბრუნდეო, ვერ გიპასუხებთ, რადგან ყველა წელი რაღაცნაირად მიყვარს და ყველა წელს თავისი ხიბლით გამოირჩეოდა, არ აქვს მნიშვნელობა, გამოწვევები მქონდა, ცუდი იყო თუ კარგი, ყველა წელმა მომცა საშუალება, საკუთარ თავში გავზრდილიყავი. საკმაოდ რთული იყო 2020 წელი, თუმცა, იმდენად გავიზარდე, ამასთან, სიმყარეც ვისწავლე, რომ ამ სირთულეებისთვის იმ წლისაც კმაყოფილი ვარ. ასე რომ, ყველა წლის მადლობელი ვარ. თუ რამე სირთულე და სიძნელე მქონია. ამან მხოლოდ გამაძლიერა. 2023 წელი კი, საქმის კუთხით იყო ძალიან დატვირთული, ნაყოფიერი და ზოგადად, კარგი წელი მქონდა. მოგეხსნებათ, საბავშვო სტუდიები მაქვს და გასულ წელს კიდევ უფრო მოიხვეჭა სახელი, მეტი ნდობა მოვიპოვეთ, ბევრი სიახლე იყო და კონცერტებიც გვქონდა. ძალიან ბევრი ვიმოგზაურე, ვიყავი ბრიტანეთში, ორჯერ ჩეხეთში, პორტუგალიაში, ესპანეთში… არაჩვეულებრივი ზაფხული მქონდა, 25 დღე დასასვენებლად ვიყავი ევროპაში, ჩემს დაბადების დღეს, 17 ივლისს, ჩემს თავს საჩუქარი გავუკეთე და მანქანაც შევიცვალე.
– ყველა სფეროს რომ შევეხეთ, პირადულში რა ხდებოდა? სასიმღერო კარიერის მხრივ რაიმე სიახლე ხომ არ გაქვს დაგეგმილი?
– ესე იგი, ეს ენერგია დაიჭირე?
– რა თქმა უნდა! და ვაპირებ ჩემი ახალი გეგმებისა და მიზნების რეალიზებას მოვახმარო. სასწაულები რომ მხოლოდ ახალ წელს ხდება და ჩათქმული სურვილები სრულდება, ამ კუთხით, მხოლოდ ამ პერიოდს ვერ გამოვყოფ. სამყაროსა და ღმერთს რაც არ უნდა ვთხოვო, რასაკვირველია, რეალური, ყოველთვის მისრულდება. თუ ადამიანს რაღაცების გჯერა, ყველაფერი ახდება.
– მეკვლის ფეხის თუ გჯერა?
– როგორც არსებობს ავი თუ კარგი თვალი, ასევე, არსებობს მეკვლის ფეხი. მეკვლე ვინ არის? კეთილი ენერგეტიკის შემომტანი ადამიანი ოჯახში.
– და, ვინ იყო ამ კეთილი ენერგეტიკის შემომტანი შენს ოჯახში წელს?
– მე ვიყავი (იცინის). ყოველ წელს ჩემი ოჯახის მეკვლე თავად ვარ. სხვათა შორის, საკუთარი თავის მეკვლეობა კარგად მაქვს დაცდილი. როცა შენი ოჯახის მეკვლე შენ ხარ, იმ ენერგიით შედიხარ სახლში, რა ენერგიაც სჭირდება შენს ოჯახს და ეს მთელი წელი კარგად მუშაობს. ყოველ ახალ წელს, ბავშვობიდან მოყოლებული, სასწაულად ვრთავ და ვკაზმავ ჩემს ბინას, ზღაპრულ გარემოს ვქმნი, თუმცა წელს ეს არ გამიკეთებია, მინიმალურად მოვრთე სახლი. სამაგიეროდ, ტრადიცია შევცვალე და ძველით ახალ წელს შევხვდი პომპეზურად. ძალიან მინდა, უცხოეთში შევხვდე ახალ წელს, თუმცა ვერ ვახერხებ. ხელოვანი ადამიანებისთვის, ხომ იცით, ეს დღეები როგორი დაკავებულია.
– ასტროლოგიის თუ გჯერა და როგორი წელი გელოდება შენი ზოდიაქოს მიხედვით წინ, რას გიმზადებს წლის მბრძანებელი დრაკონი?
– ასტროლოგიის მჯერა და ამ წლის პირადი რუკაც უკვე შევადგენინე. დაბადების ზოდიაქოთი კირჩხიბი ვარ, მაგრამ მთვარე მყავს მორიელში. წლით კი ტახი ვარ და როგორც ამბობენ, ჩემთვის დრაკონის წელი არ იქნება ცუდი და ახლა ვიწყებ ცხოვრებას.
– რის შეცვლას აპირებ?
– პირველ რიგში, კარიერის კუთხით ვაპირებ გავაქტიურდე. საშინლად არ მომწონს ეს ჩემი საფეხური, სადაც ახლა ვარ. წელს ვაპირებ ჩემი თავის რეალიზებას ისე, როგორც მე მინდა და როგორც ბავშვობიდან მაქვს წარმოსახვაში. ვაპირებ ახალი სიმღერების ჩაწერას, კლიპების გადაღებას და მაქსიმალურად გააქტიურებას. მსმენელს სჭირდება სიახლე, დღეს კი ამ სიახლის დეფიციტია. უბრალოდ სიმღერის ჩაწერა არ მინდა, მინდა, ისეთი სიმღერა ჩავწერო, მსმენელს მოეწონოს. რა თქმა უნდა, სიახლეები მქონდა, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია. ახალი სიმღერები უკვე მაქვს მომზადებული და წელს ახალი კახა წარვდგები საზოგადოების წინაშე, ჩემში ყველა ცვლილების გათვალისწინებით. მე ჩემი წესები მაქვს ცხოვრებაში. საკუთარ თავთან მიყვარს საუბარი – როგორ მოვიქეცი კონკრეტულ სიტუაციაში, რა გავაკეთე, რა მინდა, გავაკეთო და ასე შემდეგ.
თუ ბოროტება არ გაგიკეთებია, შური არ გაქვს და ბოღმით არ ცხოვრობ, ადამიანს, დრაკონი იქნება, ლომი, ვეფხვი თუ კატა, ნებისმიერ წელს გაგიმართლებს და დიდ სიურპრიზებსაც გაგიკეთებს ნებისმიერი წელიწადის მბრძანებელი. ჩემთვის აუცილებელია, შევიქმნა განწყობა. თუ განწყობა შევიქმენი, ყველაფერი კარგად მიდის. თუ რაღაც მოვიკელი, რაც განწყობაზე ცუდად მოქმედებს, დაკვირვებული ვარ, თითქოს ვჩერდები და ვფერხდები. ამიტომ, პირველ რიგში, ადამიანმა უნდა შეიქმნას განწყობა, ეს მოქმედებს ჩვენს ხასიათზე, როცა ბედნიერი ხარ, მეტი ენერგია და შემართება გაქვს, ნებისმიერი სირთულე გადალახო, უფრო ბევრ რამეს აკეთებ და შრომაც ნაყოფიერია და რეალიზებული. უდიდესი პრობლემა მქონია, მაგრამ ყველაფერს მოერევი, თუ თავს არ ჩაღუნავ და არ ეცდები რთული მდგომარეობიდან გამოხვიდე. მე მაქვს ეს თვისება – ჭაობში რომ ჩამაგდონ, იქიდანაც ამოვალ. ამიტომ, შეიქმენით განწყობა, იცხოვრეთ შურისა და ბოღმის გარეშე, ბოროტება არ გააკეთოთ, სიკეთე დათესეთ და ნებისმიერი წლის მბრძანებელი ხელს შეგიწყობთ, თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ წავიდეს.
– როგორც თქვი, ეს წელი იქნება შენთვის ახალ ეტაპზე გადასვლის წელი.
– კი, ნამდვილად ასეა. ისეთი შემართებით ვარ, ზუსტად ვიცი, ყველაფერი გამომივა და ამაში ჩემი განწყობა, ენერგია და შრომისუნარიანობა დამეხმარება.