ფრიდონ სულაბერიძე უმცროსი, ლეგენდარული მოცეკვავის, ფრიდონ სულაბერიძის ვაჟი გახლავთ, რომელმაც, როგორც მოცეკვავემ, საკუთარი ადგილის დამკვიდრება დიდი წარმატებით მოახერხა.
ფრიდონ სულაბერიძე: ჩემი ბავშვობა 90-იან წლებს უკავშირდება. მოგეხსენებათ, როგორი გაჭირვების პერიოდი გამოვიარეთ. მაშინ ყველაფერი რთული იყო, თუმცა, ვცდილობდით, კარგად გვესწავლა და სპორტული თვალსაზრისით აქტიურები ვყოფილიყავით. ძალიან მიყვარდა მეგობრებთან ერთად ეზოში ფეხბურთის თამაში. მე და ჩემი მეგობრები ბევრს ვვარჯიშობდით და არ ვეტანებოდით მავნე საშუალებებს, რაც მაშინდელ „ქუჩის ბიჭებში“ საკმაოდ პოპულარული იყო. სიმართლე გითხრათ, თავიდან ცეკვით არ ვიყავი დაინტერესებული, სპორტი უფრო მიყვარდა. ძალიან მინდოდა, კარგი ფეხბურთელი გავხდარიყავი, მაგრამ არ გამოვიდა, რადგან ამისთვის ფინანსები იყო საჭირო. ასევე, კალათბურთსაც ვთამაშობდი.
– ფრიდონ სულაბერიძის შვილი ხართ და გასაკვირია, რომ ხელოვნებამ ბავშვობიდანვე არ გაგიტაცათ.
– ყოველთვის მეუბნებოდნენ, ისეთი სახელი და გვარი გაქვს, რად გინდა კალათბურთი ან ფეხბურთი, წადი, იცეკვეო. არადა, მე მინდოდა, სპორტში ვყოფილიყავი წარმატებული. მე დედისერთა ვარ, დედამ აღმზარდა და ბავშვობაში ცეკვასთან სიახლოვე არ მქონია. მამამაჩემის კონცერტებზე დავდიოდი, მის დადგმულ ცეკვებსაც ვუყურებდი, მაგრამ ცეკვის მიმართ ინტერესი არ გამჩენია.
– მამაც არ ჩარეულა?
– არა, არც მას უფიქრია, რომ მე უნდა მეცეკვა. ჩვენ არ გვქონია ძალიან აქტიური ურთიერთობა. ის თავის პროფესიაში მაქსიმალურად იყო ჩართული. მამასთან და მის ხელოვნებასთან მე ყოველდღიური შეხება არ მქონდა.
– ამის გამო მამის პროფესიაზე ხომ არ ეჭვიანობდით ან პროტესტის გრძნობა თუ გქონდათ?
– ცეკვა მოგვიანებით, მაგრამ მაინც დაიწყეთ. შეიძლება, ბევრმა იფიქროს, რომ ის მამამ შეგაყვარათ, მაგრამ როგორც ჩანს, ასე არ ყოფილა.
– 15 წლის ვიყავი, როდესაც ცეკვის შესწავლა დავიწყე. ანსამბლ „რუსთავს“ რაჭული ცეკვის პრემიერა ჰქონდა, რომელსაც დათუნიკა სხირტლაძე ცეკვავდა. ეს რაჭული მამამ შექმნა, მაგრამ დათუნიკამ ისე შეასრულა, მთელ საქართველოს მისი ილეთებით დააწყებინა ცეკვა. ყველა მოხიბლული იყო. როდესაც დათუნიკას შესრულება ვნახე, გავოცდი. იმდენად მომეწონა, რომ გადავწყვიტე, ცეკვა დამეწყო. დათუნიკა იყო ჩემი ინსპირაცია და პირველი მასწავლებელი. მამა რომ განთქმული და ლეგენდარული მოცეკვავე იყო, ეს, რასაკვირველია, ყოველთვის ვიცოდი, მაგრამ ეს არ იყო ჩემთვის საკმარისი მოტივაცია, რომ ცეკვისკენ ნაბიჯი გადამედგა. მერე და მერე, როცა ქართულ ცეკვას მოვკიდე ხელი და ძალიან ჩავუღრმავდი, უკეთ გავაცნობიერე, რა დონის მოცეკვავე იყო მამა. თავიდან, სანამ ამ სფეროს სიღრმისეულად გავეცნობოდი, არც დავინტერესებულვარ ამით.
– როგორ გადაწყვიტეთ, რომ ეს უნდა გამხდარიყო თქვენი პროფესია?
– მე და დათუნიკა სხირტლაძე, ფაქტობრივად, 24 საათი ვვარჯიშობიდით. ეს ადამიანი რომ არ გამეცნო, შეიძლება, მოცეკვავე არ გავმხდარიყავი და ეს საქმე პროფესიად არ მექცია. მისი დამსახურებით გამიჩნდა ინტერესი და გადავწყვიტე, რომ ცეკვა ქართულში მამაჩემისთვის მეჯობა, თუმცა, ამას რომ ვამბობდი, ხალხი გიჟდებოდა (იცინის).
– მამა რას ამბობდა?
– ჯერ – ვერ იცეკვებ, თავიდან არ გამოგივაო. არ ეგონა, თუ ამ საქმეს ხელს მთელი სერიოზულობით მოვკიდებდი და ბოლომდე გვერდით დავუდგებოდი. როცა დაინახა, რომ ამას მართლა მთელი გულით ვაკეთებდი, თვითონაც გვერდით დამიდგა. მერე ცეკვით იმდენად „მოვიწამლე“, რომ ფეხბურთსა და ეზოს თავი საერთოდ დავანებე. ყველაფერს მერჩივნა, ცეკვაში მევარჯიშა და ასეც ვიქცეოდი. ამ გზაზე დიდ სირთულეებს წავაწყდი. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე სპორტით ვიყავი დაკავებული, 15 წლის ასაკში ცეკვის დაწყება, ძალიან რთული აღმოჩნდა.
– დიდი გამოწვევის წინაშე დაგიყენებიათ საკუთარი თავი – მამაზე უკეთ უნდა ვიცეკვოო…
– ვნახე, რა მაგრად მუშაობდა მამა, რამდენად მაგარი მოცეკვავე იყო – ცეკვა ქართულის უბადლო შემსრულებელი, მასავით დღესაც ვერავინ ასრულებს. გარშემო ყველა იმის შესახებ საუბრობდა, თუ როგორი შრომისმოყვარე იყო ფრიდონი. ყვებოდნენ, რომ 2-3 საათი იდგა ერთ ადგილას და გასმებს აკეთებდა. შეუსვენებლად უსვამდა და უსვამდა, იატაკს ხეხავდაო, იხსენებდნენ. ამ საუბრებმა დიდი მოტივაცია მომცა. გადავწყვიტე, მეც მამასავით დაუღალავად მევარჯიშა და მართლაც, 24 საათს ვარჯიშში ვატარებდი. მამაჩემი ამას რომ უყურებდა, ალბათ, თავის ბავშვობას იხსენებდა. თუმცა, ამას მამაჩემის ან ჩემი სახელისა და გვარის გამო არ ვაკეთებდი, ცეკვა უკვე მართლა ძალიან მაინტერესებდა და მიზიდავდა.
– მამის ვინაობის გათვალისწინებით, ალბათ, კრიტიკული თვალით გაკვირდებოდნენ და შეცდომასაც ნაკლებად გპატიობდნენ. როდის მოვიდა აღიარება მამისა თუ საზოგადოებისგან?
– როცა კარგად შეასრულებდი, ფრიდონი შეგაქებდა. ხანდახან მოტყუებითაც წაგახალისებდა, მაგრამ მე ყოველთვის უკმაყოფილო ვარ საკუთარი თავით. როდესაც გაიგეს, რომ ცეკვა დავიწყე და მამაჩემის გზას ვაგრძელებდი, ვიგრძენი, რომ ძალიან ბევრს არ ესიამოვნა. ხელოვან ხალხშიც არის ინტრიგა და შური. თან, როდესაც გამიჩნდა ამბიცია, რომ ცეკვა ქართული მამაჩემისავით უნდა მეცეკვა, კონკურენტად აღმიქვეს. ამ დროს მე ინტრიგები საერთოდ არ მაინტერესებდა, არც ის მადარდება, რას ლაპარაკობდნენ ზურგს უკან ჩემზე. ვგრძნობდი, რომ შურის თვალით მიყურებდნენ. ვერ „გაქაჩავსო“, მესმოდა ასეთი საუბრები და ეს ჩემს მოტივაციაზე მხოლოდ და მხოლოდ დადებითად მოქმედებდა. ჩემთვის ვფიქრობდი, ილაპარაკონ და ნახავენ, რომ კიდევ უფრო მეტ სალაპარაკოს გავუჩენ-მეთქი (იცინის).
თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარე და პროფესიად ქორეოგრაფია ავირჩიე. სწავლის დასრულების შემდეგ სავარჯიშოდ არტოს ბაღში მივდიოდი. მიუხედავად იმისა, რომ საშინელი პირობები იყო, ღამის საათები, ყინვა და ასე შემდეგ, არაფერს ვერიდებოდი.
ცეკვა ქართული პირველად კონკურსზე ვიცეკვე. კონკურსგარეშე ვიყავი, მაგრამ გავიმარჯვე. ამან მოტივაცია კიდევ უფრო გამიზარდა. ვფიქრობდი, რომ შევძლებდი ანსამბლ „რუსთავის“ მექართულე გავხდარიყავი. ამ ანსამბლში ძალიან მაგარი მექართულეები ცეკვავდნენ და ვიცოდი, რომ ეს ჩემთვის მარტივი არ იქნებოდა. საბედნიეროდ, მიზანს მივაღწიე და ამას დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდე. ეს გამოცდილება ფრიდონის დამსახურებით მივიღე. მინდა, გითხრათ, რომ ძალიან მკაცრი იყო ჩემ მიმართ და მეც შესაბამისი მონდომება მქონდა. ცეკვამ ძალიან დაგვაახლოვა. ფაქტობრივად, ხელოვნებამ ჩამოაყალიბა ჩვენს შორის მამაშვილური ურთიერთობა და დღემდე ასე მოვდივართ.
– ცოტა ხნის წინ, მონაწილეობას იღებდით სატელევიზიო პროექტ „კუნძულში“. ამან რა შეგმატათ?
– მოგეხსენებათ, პროექტი „კუნძული“ „იმედის“ არხზე გადიოდა და მასში ყველასთვის ცნობილი სახეები გამოჩნდნენ. ამ პროექტის დამსახურებით, პირველად ვიყავი ლათინურ ამერიკაში. როდესაც პროექტის ხელმძღვანელმა, ნოე სულაბერიძემ მასში მონაწილეობა შემომთავაზა, თავიდან ვიფიქრე, რომ ვერ შევძლებდი ორი თვით ასე შორს წასვლას. ეს ჩემი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე მოხდა, მამა ვხდებოდი და როგორია, ასეთ დროს დედამიწის მეორე მხარეს წახვიდე და ცოლ-შვილი მარტო დატოვო?! საბოლოოდ, მაინც დავთანხმდი, რადგან ეს მნიშვნელოვანი იყო ჩემი საქმის პოპულარიზაციისთვის. ძალიან შემიწყო ხელი ოჯახმა. მეუღლე ყველანაირად დამიდგა გვერდში. მითხრა, წადი და ეცადე, მაქსიმუმი გააკეთოო. ყველაფერს თავისი წესები აქვს და გასაგები იყო, რომ მოგებით მე არავინ მომაგებინებდა, მაგრამ წავედი, რომ ხალხის სიყვარული მომეპოვებინა. საერთო ჯამში, საინტერესო პროექტი გამოვიდა და ყველასი მადლიერი ვარ.
– თუმცა, პატარას დატოვება გაგიჭირდათ.
– რასაკვირველია, გამიჭირდა. ჩემი შვილი ერთი თვის დაბადებული იყო, როცა წავედი და რომ დავბრუნდი, სამი თვის დამხვდა. განსაკუთრებით მაშინ გამიჭირდა, როცა პროექტიდან გამოვვარდი, მაგრამ მაინც კუნძულზე მიწევდა დარჩენა, სანამ პროექტი არ დასრულდებოდა, რადგან ასეთი იყო ჩვენი პირობა. 24 საათი მეუღლეს ვესაუბრებოდი. თუმცა, არც ეს იყო მარტივი, რადგან დროში 11-საათიანი სხვაობა გვქონდა. ისიც და ჩვენი შვილიც ძალიან მენატრებოდა.
მე და ჩემი მეუღლე ერთად ვცეკვავთ ანსამბლ „რუსთავში“. ის მეხმარება, როგორც ქორეოგრაფი და ერთად ვასწავლით ქართულ ცეკვას „ფრიდონ სულაბერიძის ცეკვის აკადემიაში“. ოჯახშიც და საქმეშიც ერთმანეთის გვერდით ვართ. ბევრი მოსწავლე გვყავს და ძალიან მინდა, რომ მათაც და ჩვენს შვილსაც ქართული ცეკვა სათანადოდ შევაყვაროთ.