“ყოველთვის იყო ჩვენი სამეგობროს ეპიცენტრი და ასე იქნება მუდამ”

სტეფანე მღებრიშვილი იუბილარია. მუსიკოსს პოსტი მიუძღვნა მაესტრო ნიკოლოზ რაჭველმა.

ჩვენ დავმეგობრდით ძალიან ადრე, 14-15 წლის რომ ვიყავით. ძირითადად ბორჯომში ვიკრიბებოდით ყოველწლიურ მუსიკალურ ფესტივალებზე და ბავშვთა ფედერაციის მოწყობილ საოცარ ზამთრის სემინარებზე კომპოზიტორთა დასასვენებელ სახლში.

მაშინვე გავხდი მისი ნიჭის და აზროვნების თაყვანისმცემელი. მისი წყალობით პირველად მოვისმინე ალტერნატიული მუსიკა, თვით ბიორკიც… სხვაგან იყო, წინ, მომავალში, 90-იანი წლების გაჭირვებით დაბინდულ ქვეყანაში იმაზე მეტს ხედავდა და გრძნობდა, ვიდრე ჩვენ ყველა დანარჩენი.

გავიდა წლები და პოპ ინდუსტრიაში ყველაზე მრავალფეროვანი და ხანგრძლივი პერიოდის წარმატებით მოვიდა 21-ე საუკუნის მესამე ათწლეულის დასაწყისთან, ცხადია დაღმართებითაც, მაგრამ ყოველი პაუზის შემდეგ ისეთი ახალი გამონათებით და ისეთი აქტუალურობით, რომ მის დარად არავის უგრძვნია ერთის კი არა, ბევრი თაობის მაჯისცემა – ხშირად მუსიკის ჟღერადობის მისეული ტრენდის დამკვიდრებით და მართლაც უკომპრომისო გემოვნებით!

საქმეში ბევრჯერ გადავეკვეთეთ, გარკვეული წლები უფრო მისი პროდიუსერული ხედვის ობიექტივში ვექცეოდი, რამაც არაერთი მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი პროდუქტი შემაქმნევინა, მათ შორის თანამედროვე არტისტების არაერთი კოლაბორაცია სიმფონიურ ორკესტრთან, მისი უნიჭიერესი მეუღლის მაია დარსმელიძის დაუვიწყარი სოლო კონცერტი “რკინიგზელთა სახლში” და სუხიშვილების მთელი რეპერტუარი ასევე სიმფონიური ორკესტრის თანხლებით.

შემდეგ კი მიუზიკლების ეპოქა დაიწყო და ჩემეულ “ქეთო და კოტეში” ნანი ბრეგვაძესთან, პაატა ბურჭულაძესთან, ლადო ათანელთან, სოფო ნიჟარაძესთან, ნინო ანანიაშვილთან, ეკა კახიანთან, ნინო ქათამაძესთან და დანარჩენ ასევე შესანიშნავ არტისტებთან ერთად ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი განასახიერა, ისე, რომ მისი შესრულებული “ჯან-აია” სპექტაკლის კულმინაციად იქცა, ხოლო თავად ამ მუსიკალური თემის გაორკესტრებაში მთლიანად მის იდეას და მოსაზრებას დავეყრდენი, საბედნიეროდ!

შემდგომ კი “ვერის უბნის მელოდიები” გავაკეთეთ ერთად. აქაც მან არტისტულად და მუსიკალურად ძალიან საინტერესო პერსონაჟი შექმნა, ნაკლებად მნიშვნელოვანი გმირისგან უნებურად მთავარი როლი გააკეთა – სრულიად განსხვავებული ცეკვის მასწავლებელი ქეთათო ჩარკვიანის სცენური პარტნიორობით. მერე აღარ მღეროდა, წლები გადიოდა მის გარეშე ქართულ სცენაზე, მეგობრები ვღელავდით, გვეშინოდა რომ არ დაუბრუნდებოდა სასიმღერო კარიერას, ერთ მშვენიერ დღეს კი ისე დაბრუნდა ნებისმიერ პოპვარსკვლავს რომ შეშურდება!

ჰო, ის რომ ნამდვილი ვარსკვლავია ამაზე ბევრი რამ მიუთითებს, მისი მოფიქრებული და განხორციელებული პროექტით BBC-ზე და CNN-ზეც კი ვუყურებდით მის ინტერვიუებს პირდაპირ ეთერებში, განა ბევრმა მოახერხა ეს ქართულ სინამდვილეში?! განა ბევრმა დაწერა ისეთი ჰიტი, რომელიც მსოფლიომ აიტაცა და მრავალი ერის ახალგაზრდობა აამღერა სიტყვებით: We don’t wanna Putin!

პოპ მუსიკა ჩემი გატაცება არასდროს ყოფილა, მაგრამ მაღალი სტანდარტის მუსიკა ჩემთვის ჟანრზე მაღლა დგას. ამიტომ მე მის კომპოზიციებს ყოველთვის ვუსმენ, მის ვიდეოებს სულ ველოდები და მის ლაივებზე დიდ სიამოვნებას ვიღებ გარს შემოკრებილი შესანიშნავი მუსიკოსების თანამონაწილეობით. ხშირად მეც დავიჭერ ხოლმე ჩემს აკორდეონს და სიხარულით ვეშურები მასთან დასაკრავად მამუკა ჩარკვიანის სიმღერის მისეულ რემეიქში, რომელიც ასევე თავიდან შეაყვარა ქართველ მსმენელს.

წელს “ისთერნ ფრომოუშენმა” Black Sea ჯაზ-ფესტივალზე ჰედლაინერ არტისტად მიიწვია და 22 აგვისტოს კორტებზე მორიგ დიდ სოლო საღამოს აჩუქებს ათასობით მის თაყვანისმცემელს, რომელშიც უკვე ისე აირია ასაკი, რომ ყველა თაობას შეხვდებით აუდიტორიაში, თუმცა სულ პატარებს ასე ძალიან რომ უყვართ მისი მუსიკა, ეს მაინც ყველაზე მეტად მახარებს!

დაუსრულებლად შემიძლია მასზე საუბარი, რადგან ჩემთვის უძვირფასესი და უახლოესი მეგობარია, კრეატიული დახმარებაც არაერთხელ გამომდგომია მისი და ადამიანურ ყოველდღიურობაში ხომ საერთოდ ვერ წარმომიდგენია ყოფნა მის გარეშე, ვერც მე და ვერც დანარჩენ მისიანებს. ყოველთვის იყო ჩვენი სამეგობროს ეპიცენტრი და ასე იქნება მუდამ” – წერს რაჭველი “ფეისბუქზე”.