ანა ბარბაქაძე არის ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრი ტკივილი გადაიტანა, იმაზე მეტს გაუძლო, ვიდრე ამის წარმოდგენა ადამიანს შეუძლია და გადარჩა. როგორ მოახერხა გადარჩენა, რამ დაუბრუნა სიცოცხლის ძალა და როგორ შეძლო ცხოვრების ბედნიერად გაგრძელება ამაზე თავად მოგვიყვება.
ანა ბარბაქაძე: მოზარდობის პერიოდიდანვე ინსტინქტის დონეზე ვგრძნობდი, რომ სხვა ქვეყანაში უნდა წავსულიყავი. რეალურად, გაქცევა მინდოდა. საქართველოში შიშზე დამყარებული, ცხოველური გადარჩენის ინსტინქტი მამოძრავებდა, მაგრამ ამას მხოლოდ ახლა ვხვდები, რადგან მაშინ ანალიზის უნარი არ მქონდა, იმ დროს მხოლოდ გადარჩენას ვცდილობდი. სანამ ეს რეჟიმი არ გამოვრთე, არაფერი შეიცვალა. როცა გამოვრთე, ყველაფერი უკეთესობისკენ წავიდა.
16 წლიდან ვმუშაობ. მაშინაც, 23 წლის ასაკში, როცა ქვეყნიდან წასვლა გადავწყვიტე, ვმუშაობდი და თან, ვსწავლობდი. ჯერ ამერიკაზე ვფიქრობდი, მაგრამ უარი მივიღე. სამყაროს უნდოდა კანადაში წავსულიყავი, რადგან ეს ქვეყანა დამწყებთათვის იდეალურია. მიუხედავად იმისა, რომ აქ წამოსვლა ურთულესი იყო, მითხრეს, შანსი ერთი პროცენტიაო, ვთქვი: ან კანადა, ან არცერთი ქვეყანა-მეთქი. სამყაროს თუ უნდა, სასწაულები ხდება და მე კანადაში ჩამოვედი. მე ეს მეგონა ხსნა, მაგრამ სინამდვილეში, ეს გაქცევა იყო. გაქცევით კი ვერაფერს უშველი, პირიქით, უარესს იღებ.
– როდის შეიცვალა მდგომარეობა და როგორ გამოხვედით ამ მდგომარეობიდან?
– მე აქ ორსული ჩამოვედი. ჩემი შვილი რომ პირველად ავიყვანე ხელში, სიცოცხლისკენ შემოვბრუნდი. საოცრება იყო, სიცოცხლის უნარი დამიბრუნდა. მივხვდი, რომ გადავრჩი. ამიტომ ვამბობ, რომ მე ჩემმა შვილმა გადამარჩინა, დედაჩემის დაავადებამ – დემენციამ კი მასწავლა და გამზარდა.
ბავშვის გაჩენამდე თან ვმუშაობდი, თან ვსწავლობდი. ორსულს, ფაქტობრივად, არ მეძინა. თუ მეძინა, იქვე, სამსახურში, მაცივრების გვერდით. ეს მხოლოდ არსებობა იყო და არა სიცოცხლე. მერე, როცა ჩემი შვილი დაიბადა, ყველაფერი შეიცვალა. ერთი მომენტი მახსოვს ძალიან კარგად, ცვლილებები იქიდან დაიწყო – ბავშვს ვასეირნებდი და საოცრება მოხდა: გამახსენდა მომენტი ჩემი წარსულიდან და ამ მოგონებამ ყველაფერს თავის ადგილი მიუჩინა. მაშინ დავფიქრდი, რატომ მტკენდა მამა ბავშვობაში ელემენტარულის გამო? თუ მე ფორტეპიანოზე ვერ დავუკრავდი „სალამი, ჩიტუნებოს“, ჩემი სისხლი რატომ იფრქვეოდა კლავიშებზე, თეთრი კლავიშები წითელი რატომ ხდებოდა?! მაშინ უცებ გავიაზრე – „სალამი, ჩიტუნებო“ – ეს რა ქართული სიტყვებია?! თქვენ წარმოგიდგენიათ რა ტრავმირებული ვიყავი? როგორ დავუკრავდი, როცა „სალამი, ჩიტუნებო“ ამ სიტყვების მნიშვნელობაც კი არ მესმოდა. შიშისგან გონება ისე მქონდა დახშული, ვერ ვიაზრებდი, რომ ეს ქართული სიტყვები იყო, ჩინურივით მესმოდა. პირველად ეს სიტყვები ქართულად იმ მომენტში, ჩემს შვილთან ერთად სეირნობისას აღვიქვი. მაშინ მივხვდი, რომ გადავრჩი, მაშინ მივხვდი, რომ შიშიდან გამოვედი და გონება უკვე ნათელი მქონდა. სანამ მამა თავზე მედგა და მეუბნებოდა, აბა დაუკარიო, ამ სიტყვების მნიშვნელობასაც კი ვერ ვიგებდი და დაკვრას როგორღა მოვახერხებდი?! მამა ძალიან ტრავმირებული ადამიანი იყო. მე მესმის ტრავმირებული ადამიანების, რომლებიც მერე სხვებზე ძალადობენ ისე, როგორც ერთ დროს მასზე ძალადობდნენ. მესმის იმიტომ, რომ მე მათ სულს ვხედავ, მათში ბავშვს ვხედავ. ისინი არ გაზრდილან, თორემ გაზრდილი ადამიანი როგორ შეიძლება, სხვაზე ძალადობდეს?!
– საუბედუროდ, ეს არ იყო ერთადერთი ტრავმა თქვენს ბავშვობაში. რა ტკივილების გამოვლა მოგიხდათ სხვა ადამიანების გამო?
ეს ტირილს მაიძულებდა. ძალიან მტკიოდა, მტკიოდა იმიტომ, რომ ისეთ ადგილას მეხებოდა, სადაც არაფერი მქონდა. სულიერ ტკივილს რომ თავი დავანებოთ, სხეულს ძალიან სტკიოდა და ეს არ იყო ერთი ადამიანი.
რატომ ვისაუბრე ჯერ ოჯახზე და ჩემს ბავშვობაზე? პედოფილი ბედნიერ ბავშვს არ ირჩევს. ის სუნით გრძნობს, ვინ ამოიღოს მიზანში – ჩაკეტილი, ტრავმირებული ბავშვი და ასე იყო ჩემს შემთხვევაშიც.
– რას აკეთებდა ამ დროს თქვენი ოჯახი, მშობლები? სულიერი ტრავმის გადაფარვას ფიზიკური ტრავმების მიყენებით ვცდილობდიო, იხსენებდით. ეს მდგომარეობა ვერ დარჩებოდა მშობლებისთვის შეუმჩნეველი.
– რთულია თავად ტრავმირებულმა და ტკივილიანმა ადამიანმა სხვისი ტკივილი დაინახოს, თუნდაც ის სხვა შვილი იყოს. ამიტომ მე არ ვბრაზდები ჩემს მშობლებზე. დაინახე? შიში თვალს ფართოდ დაგახუჭინებს. გარიყულობის შიში, საკუთარი ტკივილის გახსენებისა და მოშუშების, ცვლილების შიში და ასე შემდეგ. რა არ იცოდნენ ჩემი დასერილი და დაჩეხილი ხელები? იცოდნენ, მაგრამ ვერ უსწორებდნენ თვალს. აგრძელებდნენ ილუზიურ ბედნიერებაში ყოფნას. მე კიდევ პედოფილებისგან გადარჩენას ვცდილობდი.
– არც თქვენს წრეში გითქვამთ ამ ადამიანების ვინაობა?
– აქ რომ ჩამოვედი, როცა ყველა ტრავმა მოვიშუშე, მერე ვთქვი მხოლოდ იმ ადამიანის ოჯახის წევრთან. ვუთხარი, აპატიე-მეთქი. შენ რომ მას ჩემს ტკივილს აპატიებ, მე ყველაზე თავისუფალი ადამიანი ვიქნები-მეთქი. მან აპატია და მე უბედნიერესი ადამიანი ვარ. მან მას აპატია ჩემი ბავშვობის თითქმის ყოველდღიური მკვლელობა და მე ამით გავცოცხლდი. იმიტომ, რომ უპატიებლობით თავს ვიწამლავთ, თავს ვიკლავთ.
მე ამ ტკივილით ჩამოვედი ტორონტოში, ტკივილზე ტკივილს ვიმატებდი. თავშესაფარშიც კი მოვხვდი შვილთან ერთად და ღმერთმა უწყის, სადამდე მივიყვანდი ჩემს თავს, რომ არა ბოლო ტკივილი – დედის დაავადება. მაშინ ვთქვი, მე აღარ მინდა ტკივილით ტკივილი მოვიზიდო, თავისუფლება მინდა. ეს დიდი ტრანსფორმაცია იყო.
– დედის კანადაში წაყვანა როგორ გადაწყვიტეთ და მერე როგორ შეიცვალა ყველაფერი?
– სულ მინდოდა, დედა ჩემთან ჩამომეყვანა. ძალიან მენატრებოდა. თავიდან ვერ შევძლებდი. თავად ხომ საკუთარი თავის გადარჩენას ვცდილობდი. მარტოხელა დედა როცა ხარ, არავის უნდა ოთახი მოგაქირაოს. თუმცა, იმასაც ვიტყვი, რომ მარტოხელა დედობა ჩემი არჩევანი იყო. მიჭირდა, მაგრამ ჩემს ოჯახს არ ვუყვებოდი ჩემს რთულ მდგომარეობაზე. ყველაფერი მერე ვთქვი, როცა მდგომარეობა დალაგდა. იცოდნენ, რომ ძალიან კარგად ვიყავი.
გაინტერესებთ როგორ დავლაგდი? მართლა საოცრება მოხდა. აქ, უპატრონოთა თავშესაფარში, ძალიან ცუდი რაღაცები ხდება. მე ეს ვიცოდი. საოჯახო თავშესაფარში შედარებით უკეთესი მდგომარეობაა და ამიტომ ერთ-ერთ ოფიციალურ პირს ვთხოვე, ჩემთან დაკავშირებით დაერეკა და საოჯახოში გაეწია შუამდგომლობა, რომ ჩემი შვილისთვის ცოტათი უკეთესი პირობები მქონოდა. საკვებს მივირთმევ, არ მცალიაო, მითხრა მან ჩემს თხოვნაზე და კარი მომიჯახუნა. დაბლა დავეცი და განწირული ღმერთს მივმართავდი, ახლაც არ გესმის ჩემი ხმა-მეთქი? ვუმატებდი და ვუმატებდი ხმას. იქვე ადამიანები მიდიოდნენ და მოდიოდნენ, თუმცა არავის აინტერესებდა, რა ხდებოდა ჩემს თავს. უმძიმეს მდგომარეობაში ვიყავი და ზუსტად ამ დროს, როგორც კრუხი გადააფარებს წიწილებს ფრთებს, ისე მომხვია ხელი ვიღაცამ. ამაყენა და რომ შევხედე, გოგო ვერა, მხოლოდ სინათლე დავინახე. ინგლისურად მეკითხება, რა ხდებაო. ვუთხარი ჩემი მდგომარეობის შესახებ. საიდან ხარო, მკითხა და საქართველოდან-მეთქი. უცებ მესმის, ქართველი ხარ, გოგოო? დღეს მე და თამუნა ვმეგობრობთ. ამ ქართველი გოგოს წყალობით, დავიქირავე სახლი, მე და ჩემს შვილს თავზე ჭერი გაგვიჩნდა და ასე გავხდით უსახლკარონი სახლკარიანები. მთელი ცხოვრება უდიდეს მადლობას ვეტყვი თამუნას, ის ძალიან მიყვარს.
– მითხარით, დედას, რომელსაც დემენცია აქვს, მე თვითონ, წამლის გარეშე ვკურნალობ სიყვარულითო, პატარა შვილს ზრდით, როგორ ახერხებთ ამ ყველაფერს?
– ღმერთზე მინდობით სასწაულები ხდება. დედა აქ ჩამოსვლამდე კარგად იყო. ერთმა ფრენამ მოახდინა დემენციის პროვოცირება და აქ სულ სხვა ადამიანი ჩამოვიდა. ფიზიკურად იგივე, მაგრამ გონებრივად ის აღარ იყო. მივხვდი, რომ დედის შვილად მიღება მომიწევდა. ეს ურთულესი პროცესი აღმოჩნდა, ამიტომ ვეძახი ჯვარცმას, მაგრამ ტკივილი სიყვარულად გარდავქმენი იმით, რომ დედა ისეთად მივიღე, როგორიც იყო, თავის დაავადებით. საკუთარი დედა რომ შვილად მივიღე, ყველაფერი მაშინ დალაგდა. ამიტომ ვამბობ, რომ დედამ გამზარდა. მერე დავიწყე დედაჩემის ცხოვრებაზე დაკვირვება. ვკითხულობდი, თუ რა გამოიარა. სამყარო პასუხებს მიგზავნიდა და მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ჩემში იყო. რა გზაც დედამ განვლო, ის განვვლე მეც და მეც იქამდე მივდიოდი, სადაც დედა მივიდა – საკუთარ თავს ვანადგურებდი უპატიებლობით, წარსულის არ გაშვებით და ასე შემდეგ. მაშინ მივხვდი, რომ მე ეს არ მინდოდა და ცვლილება მჭირდებოდა. ზუსტად მაშინ გავძლიერდი, სამყაროს მივენდე, ვაპატიე, წარსული გავუშვი და დავიწყე სიყვარულით სავსე ცხოვრება მხოლოდ აქ და ახლა.