უნგრეთში, ევროპის ჩემპიონატზე, მარიამ ფროდიაშვილი ტყვიის სროლაში ევროპის ჩემპიონი გახდა. სპორტსმენმა კონტინენტის ახალგაზრდული რეკორდი 242.2 ქულით დაამყარა.
მარიამ ფროდიაშვილი: პირველი შეჯიბრება შერეულ წყვილში გვქონდა. მე და ჩემს მეწყვილეს ფინალში გერმანიის წყვილთან მოგვიხდა ბრძოლა და ოქრო მოვიგეთ. სხვათა შორის, ძალიან დაძაბული ბრძოლა იყო, რადგან გერმანია ამ სპორტში საკმაოდ ძლიერია. 14:14 იყო, თითო ქულით ვიგებდით ხან ჩვენ, ხან ისინი და ბოლო გასროლა აღმოჩნდა გადამწყვეტი. მე და ჩემმა მეწყვილემ – გიორგი მუმლაძემ ვიმარჯვეთ და ორი ქულით დავწინაურდით, რითაც გამარჯვება მოვიპოვეთ. მეორე დღეს ინდივიდუალური პირველობა მქონდა, სადაც ჩემი შედეგი საუკეთესო აღმოჩნდა. მე, ჩემს ტყუპისცალ დას – სალომე ფროდიაშვილს და ჩვენს გუნდელს, მარიამ აბრამიშვილს გუნდურიც საუკეთესო გვქონდა. ერთად დავაგროვეთ უმაღლესი ქულა და გუნდური მოვიგეთ. შემდეგ იყო ფინალი ჩემს პირადში. ფინალში რვა საუკეთესო შედეგი შედის და პირველი სამი ადგილისთვის იბრძვიან. სიმართლე რომ გითხრათ, ასეთ შედეგს ვერ წარმოვიდგენდი, მაგრამ ჩვეულებრივად ვემზადებოდი როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად, ისე, როგორც საჭიროა. როცა ფინალში გავედი და სტარტი მოგვცეს, უკვე დაღლილი ვიყავი, რადგან შეჯიბრება საკმაოდ დიდი წნეხია, მაგრამ როცა საქმე გაქვს გასაკეთებელი, დაღლაზე ფიქრის დრო არ არის. შანსი მომეცა, კიდევ ერთი მედლისთვის მებრძოლა და ის ბოლომდე უნდა გამომეყენებინა. ამიტომ მთელი ძალა მოვიკრიბე. სროლის დროს მაინც ისეთი გათიშული ვიყავი, ხმაც კი არ მესმოდა, მაგრამ მაინც ვცდილობდი, ვკონცენტრირებულიყავი. წამყვანი ამბობდა, რომ ძალიან წინ წავედი. სხვაობა ხუთ ქულამდე გაიზარდა, რაც განსაკუთრებული მაჩვენებელია, მაგრამ მას არ ვუსმენდი, რადგან მეგონა, ოდნავ მაინც თუ მოვეშვებოდი, პირველ ადგილს დავთმობდი. ჩემი ყველა გასროლა ბოლომდე კბილებით მეჭირა.
– როგორი განცდები მოიტანა ევროპის ჩემპიონობამ?
– სანამ ბოლო გასროლა არ შევასრულე, მანამდე გონებაში არ გამივლია აზრი, რომ ოქროს ვიგებდი. გავისროდი, თვალებს ვხუჭავდი და შემდეგ გასროლაზე ვფიქრობდი. მერე, როცა მონიტორზე შედეგი დავინახე და ჩემი სახელის გვერდზე ოქრო გამოჩნდა, მხოლოდ მაშინ აღმომხდა ის ემოციები, რომელიც სროლის დროს გულის რომელიღაც კუნჭულში მქონდა დამალული. როგორც იქნა, გავიღიმე, ემოციების სკივრი გაიხსნა (იცინის). არც შედეგი ვიცოდი, არც ის, რომ რეკორდი მოვხსენი, მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ოქრო მოვიგე. მერე, როცა გამოცხადდა, რომ ჩემი შედეგი რეკორდი იყო, კიდევ უფრო საოცარი განცდა დამეუფლა.
– როგორი გამოხმაურება მოჰყვა ამ ამბავს?
– ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა მთელი საქართველოს მასშტაბით. ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ საქართველო ამაყობს ამ ისტორიული სამი ოქროს მედლით. პირველად ისტორიაში საქართველოს სროლის ახალგაზრდულმა გუნდმა მოიგო, ჯერ წყვილების ოქრო, რაც აქამდე არ მომხდარა, შემდეგ გუნდური ოქრო და პირადის რეკორდი. სროლა რომ დავიწყე, იქიდანვე მიზნად მქონდა, რომ ჩემი სახელი ისტორიაში ჩამეწერა. ზუსტად ეს მოხდა, რაც ძალიან მაბედნიერებს.
– რამდენი წლის ხარ და რა ასაკში დაიწყე სროლა?
– ახლა 20 წლის ვარ. ამ შეჯიბრებაზე მიმავალი გავხდი 20 წლის, ფაქტობრივად, აეროპორტში (იცინის). სროლა 17 წლის ასაკში დავიწყე. მაშინ საერთოდ არ ვიცოდი, თუ ეს სპორტის სახეობა იყო და მით უმეტეს, თუ ახალგაზრდებს ჩემს ქალაქში, თელავში გვქონდა მისი სწავლის საშუალება.
სკოლიდან მოყოლებული, მე და ჩემი და ყოველთვის აქტიურები ვიყავით სპორტში. სხვადასხვა სპორტის სახეობებზე გამოვდიოდით შეჯიბრებებზე: ტენისში, ბადმინტონში და ასე შემდეგ. ვიმარჯვებდით და ფინალში დები ერთმანეთს ვხვდებოდით ხოლმე ოქრო-ვერცხლზე (იცინის). შემდეგ ქალაქ თელავში სკოლებს შორის ჩატარდა შეჯიბრება სროლაში და ჩვენი სკოლის სპორტის მასწავლებელმა გვთხოვა, ჩვენ წავსულიყავით, რადგან ჩვენი იმედი ჰქონდა, სპორტის არაერთ სახეობაში ვასახელეთ სკოლა და ამიტომ. ჩვენ დიდად არ გვინდოდა, მაგრამ დედამ გვთხოვა, ცადეთო და დავთანხმდით. ზუსტად ამ შეჯიბრების შემდეგ გვითხრა მწვრთნელმა, წინ ძალიან დიდი მომავალი გელოდებათ, ძალიან ნიჭიერები ხართო და გადავწყვიტეთ, ვარჯიში გაგვეგრძელებინა.
– დებს ერთმანეთში გაქვთ კონკურენცია?
– ეს ისეთი სპორტია, სხვას ვერ აღიქვამ კონკურენტად, აქ მხოლოდ საკუთარი თავის კონკურენტი ხარ. იმარჯვებს ის, ვინც გასროლის დროს ყველაზე კარგად აკონტროლებს თავს და თოკავს ემოციებს. ამიტომ, აქ კონკურენტი მხოლოდ საკუთარი ემოციებია.
– როგორია საზოგადოების დამოკიდებულება გოგო მსროლელების მიმართ, არის სტერეოტიპული შეხედულებები?
– ძალიან. სასაცილოა ხოლმე, მსროლელებს საშიშად აღგვიქვამენ, განსაკუთრებით გოგონებს. არადა, ეს ხომ სპორტია, ისევე, როგორც კალათბურთი, ფეხბურთი და ასე შემდეგ. არ ვიცი, ხალხს ასე რატომ ეშინია. ჰგონიათ, რომ ჯიბით დაგვაქვს იარაღი და რამეს თუ გვეტყვიან, მაშინვე ამოვიღებთ (იცინის). ვინც ასე ფიქრობს, მათ მინდა, ვუთხრა, რომ 21 წლამდე არ გვაქვს ტარების უფლება და მერე ვნახოთ (იცინის).
– როგორც ვიცი, სროლის გარდა კიდევ ბევრი ინტერესი გაქვთ.
– მე და ჩემი და ყოველთვის ძალიან ინტერესიანები ვიყავით როგორც სპორტში, ისე ხელოვნებაში და ოჯახიც ხელს გვიწყობდა. სხვათა შორის, თვითნასწავლები ვართ, არაფერზე არ გვივლია. გვიყვარს მუსიკა, ვმღერით კიდეც, ვუკრავთ, ვხატავთ, ტანმოვარჯიშეებიც ვიყავით. რომ გვეკითხებოდნენ, რა გინდათ, გამოხვიდეთო, ვპასუხობდით, რომ „ყველაფერი“ (იცინის). განათლების გარეშე და ზოგადად, ინტელექტის გარეშე, კარგი სპორტსმენი ვერ იქნები, ამიტომ ამასაც განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ.