მსახიობი, ტელეწამყვანი ნანუკა გულუა ნოე სულაბერიძის გადაცემას სტუმრობდა. ინტერვიუში მან ისაუბრა როგორც ოჯახზე, ქორწინებასა და დედის ამპლუაზე, ისე მშობლებსა და ბავშვობაზე. ნანუკამ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ეძებს გაშვილებულ ძმას:
– ხანდახან თავი სიზმარში მგონია, შინაბერობიდან მოულოდნელად მრავალშვილიან დედად ვიქეცი. როცა ვიღვიძებ და ვხედავ, რომ ჩემს მკლავებში თუ ჩემს გვერდით ბავშვებს სძინავთ, საოცარი განცდა მეუფლება, მე ხომ ამ სამი ღვთიური საჩუქრის დედა ვარ! ეს ნამდვილი სასწაულია.
კახა ჩემი ოცნების პრინცია, ზუსტად ისეთი მამაკაცი, როგორზეც მუდამ ვოცნებობდი. ის უნაკლოა: უკეთილესი, ულაღესი, საუკეთესო მამა, საუკეთესო მეუღლე და საუკეთესო სიძე. ყველაფერში გამორჩეულია. ამას მხოლოდ სიტყვის მასალად არ ვამბობ, ხშირად მართლა მიფიქრია: რით დავიმსახურე ასეთი ადამიანი?
ჩვენი ქორწინების მეოთხე წელია და თითოეულ დღეს მხოლოდ ბედნიერება, სიმშვიდე და დადებითი ემოციები მოაქვს. ასეთი შინაგანი ჰარმონია მანამდე არასდროს მიგრძნია.
“არ გავჩერდები, სანამ არ ვიპოვი. ბავშვობაში ყველაფრის საქმის კურსში ვიყავით, არაფერი გამოგვეპარებოდა. ერთ-ერთი ასეთი მოსმენის წყალობით მე და ჩემმა დამ ჯერ კიდევ ბავშვობაში შევიტყვეთ ჩვენი ძმის არსებობის შესახებ. ის ჩვენზე უფროსია, მამას ეს ურთიერთობა დედასთან ქორწინებამდე ჰქონდა.
მაშინვე მივხვდით, რომ ეს დახურული ისტორია იყო. მიუხედავად იმისა, რომ მამასთან ძალიან ვმეგობრობდით, ამ თემაზე კითხვის დასმა ვერ გავუბედეთ, რადგან თვითონ არასოდეს ხსნიდა ამ საკითხს და ჩვენც ვერ დავიწყეთ საუბარი.
როცა მამა გარდაიცვალა, ურთულეს მდგომარეობაში ვიყავი. მისი გარდაცვალების წამიდან ვფიქრობდი, რომ როგორც კი ეს ყველაფერი დასრულდებოდა, ძმის ძებნას დავიწყებდი. არ ვიცი, რისი იმედი გამიჩნდა, იქნებ იმის, რომ მამას ვიპოვიდი მასში, ან ის იქნებოდა მამას მსგავსი… არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ იმ წამიდან უკვე მეშვიდე წელია, ერთი დღეც არ დამისვენია, ისე ვეძებ ჩემს ძმას. ეს არის უდიდესი თავგადასავალი, რომელიც დავიწყე.
პირველ რიგში, ფიცი მაქვს დადებული, რომ იმ ქალბატონის ვინაობას, რომელიც ძმის დედაა, არასოდეს გავამჟღავნებ. მას თავისი ოჯახი ჰყავს და მათ ეს ამბავი არ იციან. მეც დავიფიცე, რომ მის შვილებს ამას არ შევატყობინებ, თუმცა ამ ქალის ნახვა ჩემთვის აუცილებელი იყო. ძიება მეზობლებიდან და ექიმებიდან დავიწყე. როგორც აღმოჩნდა, ყველამ იცოდა ფაქტი, რომ მამაჩემს ჰყავდა ვაჟი, რომელსაც მთელი ცხოვრება ეძებდა, თუმცა ვერ იპოვა.
როდესაც ეს თემა საჯაროდ გავაჟღერე, იმ ქალბატონის უბნიდან ანონიმურად მომწერეს: “შენ შენს ძმას ვერ იპოვი, რადგან მამაშენმა მთელი თავისი რესურსი დახარჯა მის საპოვნელად და ვერ შეძლო”. თურმე დედაჩემიც მთელი ცხოვრება ეძებდა მას. ისინი ერთმანეთს ამას არ ეუბნებოდნენ. როცა დედას ვკითხე, თუ რატომ ეძებდა, მიპასუხა – “მინდოდა მცოდნოდა, თუ უჭირდა, ჩუმად დავხმარებოდიო”. მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, მათ ძებნა შედეგით ვერ დაასრულეს, რადგან ვერცერთი ვერ მივიდა იმ ქალბატონამდე, ვინც ბავშვის დედაა. მე კი მივედი.
ძალიან ვთხოვე… ვუთხარი, რომ ჩვენი საუბარი, მისი ვინაობა ოჯახისა და საზოგადოებისთვის მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე საიდუმლოდ დარჩებოდა. მჭირდებოდა მასთან მხოლოდ ერთი შეხვედრა და ის დამთანხმდა. ისე არასოდეს მინერვიულია, როგორც მასთან მისვლის დღეს. არ ვიცოდი, რას მეტყოდა ან როგორ მომექცეოდა.
ის მშობიარობის დროს 18 წლის იყო, მამაჩემი კი, სულ ახალგაზრდა სტუდენტი. სხვა დრო იყო. სულ მაწუხებდა კითხვა, როგორ შეიძლებოდა ასეთ სიკეთით სავსე კაცს ეს ამბავი დავიწყებოდა, მაგრამ როცა გავიგე, რომ მთელი ცხოვრება ეძებდა და რა გზა ჰქონდა გავლილი, ცოტათი ამოვისუნთქე.
ამ ქალბატონთან მისვლისას მეშინოდა, იქნებ აგრესიული ყოფილიყო მამას ძველი საქციელის გამო, იქნებ რაიმე პირობა ჰქონდა დადებული… თუმცა დამხვდა ძალიან ღირსეული ადამიანი, რომელმაც მითხრა: “ჩვენ მაშინ ბავშვები ვიყავით“.
ცხრა თვემდე ისე ატარა ნაყოფი, რომ საკუთარმა დედამაც არ იცოდა მისი ორსულობის შესახებ. წარმოუდგენელია, როგორ მოახერხა ეს. ბავშვი სახლში გააჩინა და სწორედ მაშინ ნახა დედამისმა, რომ მისმა შვილმა ლოგინში იმშობიარა. მითხრა: „ხომ დედა ხარ და იცი ეს ტკივილები, სიმწრისგან ყველაფერი მოჭმული მქონდა, მაგრამ დედის შიში ისეთი იყო, ხმა არ ამომიღია, ისე გავაჩინეო“.
შემდეგ, რა თქმა უნდა, კლინიკაში წავიდნენ. იქ გაირკვა, რომ ბავშვი მამასგან იყო. საავადმყოფოდან ახალშობილი ბებიაჩემთან, ჭუტა ჩიქოვანთან მიიყვანეს. ეს ქალბატონი სლავური წარმოშობის იყო. ბებიაჩემმა – ალბათ მაშინდელი დროის გამო, ბავშვი არ მიიღო. არ მინდა ამის გამართლება, მაგრამ ფაქტია, რომ ბავშვი არ მიიღეს და ის ამ ქალბატონის დედამ გააშვილა.
მინდოდა, მცირედი საყვედური მეთქვა, როგორც ახალნამშობიარები დედა, ვერ ვეგუებოდი იმ აზრს, რომ შვილი გააშვილეს. ვკითხე, ეს როგორ შეძლო-მეთქი, მან კი მიპასუხა:
„ვიყავი 18 წლის ბავშვი, უცხო ქვეყანაში, უცხო ქალაქში, მხოლოდ დედის ამარა, შეშინებული და მარტო. ხელში ბავშვი მიჭირავს, შემოდის დედაჩემი ორ ქალთან ერთად, ბავშვს მაგლეჯენ და მიჰყავთ. მაშინ არ მქონდა იმის ძალა, რომ შევწინააღმდეგებოდი. დავჯექი და ვთქვი: ან ახლა უნდა მოვიკლა თავი, ან ისე უნდა ვიცხოვრო, თითქოს ეს ამბავი ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილაო“.
მან მეორე გზა აირჩია და იმ დღის შემდეგ არაფერი იცის“ – ამბობს ნანუკა.