რას ხვდება საყვარელი ადამიანის მზერით თაკო ბოგველი და სად გაიცნო მან დეპუტატი ქმარი

„ახალი შაბათის შოუს“ მსახიობი და მომავალი ექიმი, 26 წლის თაკო ბოგველი მაყურებელმა გამორჩეული, სახასიათო და იუმორისტული როლებით გაიცნო. ეკრანზე გამოჩნდა თუ არა, მაშინვე ყურადღების ცენტრში მოექცა და ბევრი გულშემატკივარიც გაიჩინა. თაკო ახლახან დაოჯახდა. მისი რჩეული, ასევე წარმატებული ადამიანია, რომლის გვერდით თაკო თავს ბედნიერად და მშვიდად გრძნობს.

თაკო ბოგველი: მე და ლუკა ბავშვობიდან ვიცნობთ ერთმანეთს. ყოველ ზაფხულს ყვარელში ბებიასთან და პაპასთან ჩავდიოდი. ლუკაც იქ ისვენებდა. ერთმანეთს შორიდან ვიცნობდით და მხოლოდ გამარჯობით შემოვიფარგლებოდით. ბავშვობის მერე ძალიან დიდი ხანი არ მყავდა ნანახი და ერთმანეთი პირველად ფესტივალზე ვნახეთ. მე ჩემს მეგობრებთან ერთად ვიყავი და ლუკა – თავის მეგობრებთან. ამ დღის შემდეგ დავმეგობრდით და მერე შეგვიყვარდა ერთმანეთი. არაჩვეულებრივი ბიჭია, ყველას მიმართ ყურადღებიანი, უზომოდ ზრდილობიანი, დღემდე მაოცებს თავისი კარგი ადამიანობით.

– ლუკამ ხელი რომ გთხოვა, ეს მისგან სიურპრიზი იყო?

– ვიცოდი, რომ ერთად უნდა გადავსულიყავით საცხოვრებლად და ბინის რემონტი დავიწყეთ. ისიც ვიცოდი, რომ მანამდე ხელს მთხოვდა და შესაფერის მომენტს ელოდებოდა. ბეჭედს საგულდაგულოდ მალავდა, რომ არ მეპოვა. დაგეგმილი ჰქონდა, როგორ მთხოვდა ხელს, მაგრამ ბეჭედი ჯიბით დაჰქონდა და უკეთესი ვარიანტის გამოჩენას ელოდებოდა (იცინის). „ნიუ-იორკ კაფეში“ სავახშმოდ წავედით, მიმტანი მოვიდა შეკვეთაში რაღაც პრობლემააო და მანდ ცოტა დავეჭვდი, შემდეგ დავინახე ვიდეოს როგორ იღებდნენ და რაღაც კერძი მოჰქონდათ. მაშინ მივხვდი, მაგრამ ისიც ვიფიქრე: იქნებ ჩემთან არ მოაქვთ და მოდი, ტყუილად არ გამიხარდეს-მეთქი და ნამცხვრის ჭამა გავაგრძელე. ჩვენს მაგიდასთან რომ მოვიდნენ და ლუკამ ხელი მთხოვა, მაშინაც ვერ დავიჯერე. რაღაც სხვანაირი გრძნობა იყო, ვიცოდი, რომ ჩვენს შეყვარებულობას ეს დასასრული უნდა ჰქონოდა, მაგრამ მაინც ემოციური და დაუჯერებელი იყო. ცხოვრებაში პირველად ვარ შეყვარებული ერთდროულად გულითა და გონებით. მგონია, რომ ლუკა და მე ერთი ადამიანი ვართ, ორივემ ზუსტად ვიცით ერთმანეთის ხასიათი, მზერით ვხვდებით, რა გვწყინს და რა გვიხარია. მგონია, რომ ჩემი მეორე ნახევარია, ისიც ასე ფიქრობს და ასეცაა.

– უკვე ერთად ცხოვრობთ?

– ერთი კვირაა, რაც საცხოვრებლად ლუკასთან გადმოვედი. სანამ ჩვენი ბინის რემონტი დასრულდება, მანამდე ლუკას ოჯახთან ერთად ვცხოვრობთ. ლუკას ძალიან კარგი, სამაგალითო ოჯახი აქვს. ყველას ვუყვარვარ, პატივს მცემენ და სულ ცდილობენ, რამით მასიამოვნონ. ძალიან ბევრს აკეთებენ ჩემთვის. არ გამჭირვებია შეჩვევა და თანაცხოვრება, თითქოს დიდი ხანია, აქ ვარ და ეს ჩემი ოჯახია. ძალიან მიყვარს ლუკას დედასთან ყოფნა, ყველანაირ კომფორტს მიქმნის, რომ თავი კარგად ვიგრძნო. ნარდის თამაში მასწავლა და საღამოობით ყავას ვსვამთ და ვთამაშობთ. ამ სახლში ყოველი დღე ერთმანეთზე უკეთესია და მადლიერი ვარ. დიდ მადლობას გადავუხდი ლუკას მშობლებს ასეთი შვილების გაზრდისთვის. ყოველთვის მინდოდა, ჰარმონიაში ვყოფილიყავი ჩემი მეორე ნახევრის ოჯახთან და ასეც ამიხდა. ლუკა ხელბურთელია, ერთ სეზონში 199 გოლი აქვს გატანილი და ტრავმების მიუხედავად, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში დღემდე ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ ითვლება. დაამთავრა ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტი. ახლა კი ყვარლის დეპუტატია.

– სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ხარ. არადა, ალბათ, ყველას ეგონა თეატრალურში ჩააბარებდი. ხომ ასეა?

– დიახ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ვსწავლობ, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტზე. თავიდან არ ვიცოდი, სად ჩამებარებინა. ბავშვობაში ექიმობაზე ვოცნებობდი, მაგრამ გული მაინც თეატრალურისკენ მიმიწევდა. გავიგე, რომ სამედიცინო უნივერსიტეტს ჰქონდა თეატრალური დასი „ჰიგია“ და გადავწყვიტე, ორივე ოცნება რეალობად მექცია – ჩავაბარე სამედიცინოზე და წლების განმავლობაში „ჰიგიას” მსახიობი ვიყავი, რამაც ჩემს კარიერაში დიდი როლი ითამაშა. ჩემი პირველი სპექტაკლიდან ქალის კომედიური როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფესტივალზე ჯილდო ავიღე და სერიალ „ჩცდ-ში“ ერთ-ერთ ეპიზოდურ როლზე მიმიწვიეს. ეს ძალიან დიდი წარმატება იყო დამწყები მსახიობისთვის.

– ფართო საზოგადოებამ ტელეეკრანიდან გაგიცნო, სადაც საკმაოდ სახასიათო, კომედიურ როლებს ქმნი. „ახალ შაბათის შოუში“ როგორ მოხვდი?

– მე, ასევე, ვიყავი სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდ „კოზანოსტრას“ წევრიც, „კავეენს“ ვთამაშობდით და აქედან გამიცნო ბევრმა იუმორისტმა. სოციალურ ქსელში ყოველთვის მიყვარდა იუმორისტული ვიდეოების დადება და „ახალი შაბათის შოუს“ გუნდში ამ ვიდეოების წყალობით მოვხვდი. ვანო ჯავახიშვილმა დამიბარა გასაუბრებაზე და თანამშრომლობა შემომთავაზა, რაზეც დიდი სიამოვნებით დავთანხმდი. არ ვიცი, როგორ ავხსნა, მაგრამ ბავშვობიდან ვიცოდი, რომ „შაბათის შოუში“ ვიქნებოდი, რაღაც ხუმრობას ან პერსონაჟს რომ მოვიფიქრებდი, ვიმახსოვრებდი ან ვიწერდი, რომ „შაბათის შოუს“ სკეტჩებში გამომეყენებინა. ჩემი ბევრი ჩანაწერი გამომადგა და ბავშვობის იმ ჩანაწერებიდან ბევრი პერსონაჟიც შეიქმნა. არ ვიცი, ამ ყველაფერს რა ახსნა აქვს, მაგრამ ასეა. შენს ოცნებაზე ისე უნდა იფიქრო, თითქოს ეს შენს ცხოვრებაში ახლა, ამ წამს ხდება, თითქოს რეალურია. ყოველთვის დადებითად და რეალურად ვფიქრობ და ყველაფერი თავისით მოდის. მაგრამ, როცა მოდის, არასდროს ვაკლებ შრომასა და ენერგიას. მარტივად თუ მიაღწევ რამეს, შემდეგ უკვე ბევრი შრომით უნდა შეინარჩუნო.

– არ ვიცი, რატომ, მაგრამ მგონია, ცელქი ბავშვი უნდა ყოფილიყავი, ჯიუტი და თავნება. ასე იყო თუ ვცდები?

– ძალიან მშვიდი და წყნარი ბავშვი ვიყავი, ყოველთვის ვუჯერებდი მშობლებს და როცა ვიცოდი, რომ საშუალება არ გვქონდა, არაფერს ვითხოვდი. რამეს რომ ყიდულობდნენ ჩემთვის, მაშინაც ვეუბნებოდი: თუ ძვირი ღირს, არ მინდა-მეთქი. დღემდე ასე ვარ, არასდროს არაფერს ვითხოვ. 19 წლიდან ვმუშაობ, ჩემი შრომით ვყიდულობ და ვაკეთებ იმას, რაც მინდა. ასე უფრო მომწონს. სხვათა შორის, ბაღი არ მიყვარდა, პირველივე დღიდან სამი თვე ფანჯარაზე ვიჯექი, ჯგუფელებთან არ ვჯდებოდი, არ ვჭამდი, არ ვთამაშობდი. ძალიან მწყინდა, ჩემი მშობლები იქ რომ მტოვებდნენ და მერე არ ველაპარაკებოდი ხოლმე (იცინის). დღემდე არ მიყვარს ბაღის შენობები. ვცდილობ, არ მომიწიოს იქ შესვლა, რადგან ცუდ განწყობაზე ვდგები.