უნიჭიერესი რიტა შამუგია თვითნასწავლი ხელოვანია, რომელიც ულამაზეს და საოცრად პოზიტიურ თოჯინებს ქმნის.
რიტა შამუგია: როგორც ყველა პატარა გოგონას, ბავშვობაში თოჯინები მეც მიყვარდა. თამაშიც მიყვარდა და მათი მოვლაც. არასდროს გამიფუჭებია, პირიქით, თმას ვვარცხნიდი, ტანსაცმელს ვუკერავდი და ყოველთვის მოწესრიგებული მყავდა (იცინის). საკმაოდ დიდი კოლექცია მქონდა.
მე აფხაზეთიდან ვარ. ომის დროს დედამ ჩემი თოჯინები სხვა საოჯახო ნივთებთან ერთად ავტოფარეხში შეინახა. ხომ იცით, იმ პერიოდში, ყველა ცდილობდა საოჯახო ნივთები გადაერჩინა და ამიტომ შეძლებისდაგვარად მალავდნენ, რადგან ყველა დაბრუნებაზე ფიქრობდა. ასე დაიდო ბინა ჩემი თოჯინებით სავსე სამმა ტომარამ ავტოფარეხში. თუმცა, მას შემდეგ თვალით აღარ მინახავს.
ბავშვობიდან მიყვარდა ხატვა და ძერწვა. ჩემს შვილებს სკოლისთვის თუკი რამე დასახატი ექნებოდათ, სიამოვნებით ვეხმარებოდი. სახატავი მასალა თუ დარჩებოდათ და მეც თავისუფალი დრო გამომიჩნდებოდა, სიხარულით ვხატავდი. შესაბამისად, ოჯახში ჩემი ინტერესის შესახებ კარგად იცოდნენ. ერთ-ერთ დედის დღეს ჩემმა შვილებმა სახატავი ნაკრები მაჩუქეს. პატარა ბავშვივით გამიხარდა. ყველაფერი იყო, რაც ხატვისთვის მჭირდებოდა და უფრო მეტიც, მათ შორის პოლიმერული თიხაც აღმოვაჩინე. ეს სიახლე იყო ჩემთვის. მანამდე ისევ და ისევ ჩემი შვილებისთვის პლასტელინისგან ძალიან ლამაზ ფიგურებს ვძერწავდი ხოლმე და ეს თიხა ამიტომ შეუძენიათ, უთქვამთ – დედა ამისგანაც გამოძერწავს რამესო (იცინის). აქედან დაიწყო ყველაფერი, მაშინ დავიწყე თოჯინების კეთება. მას შემდეგ ოთხი წელი გავიდა და ამ საქმეს აქტიურად ვაგრძელებ.
– და ისეთი კარგი გამოვიდა, რომ აღარც გაჩერებულხართ.
– დიახ, მართლა მოეწონათ და მეც ვიფიქრე, რომ გამეგრძელებინა მცდელობები. პოლიმერული თიხა ისევ შევიძინე, ჩემი შვილებიც მანებივრებდნენ და მივყევი ამ საქმეს. რამეს რომ შექმნი და ირგვლივ ყველას მოსწონს, მოტივაცია იმატებს. მეც გადავწყვიტე, დამეხვეწა ეს საქმე და საკმაოდ ბევრი თოჯინა დამიგროვდა.
– ჩემს თავზე ამ კონტექსტში საუბარი ცოტა მეუხერხულება, მაგრამ ძირითადად, მოწონებას იმსახურებს. ბევრი შექება მივიღე. გამოფენებზეც რომ გამაქვს, ხალხი აღფრთოვანებული უყურებს ჩემს თოჯინებს, მათთან ფოტოებს იღებენ, რაც ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა.
– თვითნასწავლი ხართ…
– კი. არც კი ვიცოდი, რომ ინტერნეტში ვიდეოგაკვეთილები და მასტერკლასები იყო, რომელიც შეიძლებოდა, დამხმარებოდა. მეთოჯინეობის შესახებ საერთოდ არაფერი ვიცოდი. მე თვითონ დავხვეწე ტექნიკა. ეს დიდი შრომის შედეგია. როცა არ დაიზარებ იმის გაკეთებას, რაც ძალიან გინდა და ბევრჯერ მოინდომებ, შენი ნამუშევარი თანდათან იხვეწება. ნიჭიც ბევრს განსაზღვრავს, მაგრამ თუ დასახული მიზნისთვის ბევრს იშრომებ, აუცილებლად გამოგივა.
– იშვიათად, რომ პატარა გოგონას თოჯინებით თამაში არ უყვარდეს. მახსოვს, როდესაც მჩუქნიდნენ, ძალიან მიხაროდა. განსაკუთრებით ვუფრთხილდებოდი. მერე, ალბათ, ქვეცნობიერში მქონდა გულისწყვეტა ჩემი თოჯინების გამო. მე ბიჭები მყავს და მათთვის თოჯინები არ შემიძენია. ანუ, ბავშვობის შემდეგ, ოჯახში თოჯინა არ გვქონია. ალბათ, ამიტომაცაა, რომ ამ საქმეს სიამოვნებით შევყევი და უკვე თოჯინების კოლექცია დამიგროვდა (იცინის).
– როგორ არჩევთ თქვენი თოჯინების სახეებს?
– თქვენი თოჯინების ღიმილიანი სახეები მართლა განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს.
– ცოტა ხნის წინ თოჯინების გამოფენა მოეწყო და ძალიან მოეწონათ ჩემი თოჯინები. შესაძენად დამიკავშირდნენ, მაგრამ ვერ შეველიე. იქ სხვა თოჯინებიც იყო და ვიკითხე, რატომ მაინცდამაინც ჩემი-მეთქი. მითხრეს, იმიტომ, რომ თქვენი თოჯინები სახასიათოები და ღიმილიანები არიანო (იცინის). საერთოდ, მუშაობას რომ ვიწყებ, წინასწარ არ ვიცი, რა გამომივა, მაგრამ სანამ თოჯინა არ გამიღიმებს, მანამდე არ ვჩერდები (იცინის).
– შეკვეთებზე არ მუშაობთ?
– არა, არ მიფიქრია, რომ ეს საქმე შემოსავლის წყაროდ მექცია. მუზა სხვა არის, შეკვეთა – სხვა. თოჯინის კეთების პროცესში იმდენ შრომას ვდებ, რომ მერე ვერ ველევი. რომ ვუყურებ, ისე მსიამოვნებს, მინდა, სულ ჩემთან იყოს, თითქოს, ოჯახის წევრი ხდება (იცინის). ამიტომ გასხვისება ძალიან მიჭირს. თან, მინდა, რომ ჩემი თოჯინები ჩემს ოჯახს დარჩეს.
– ლამაზი სახეების გამო, ალბათ, ბიჭი თოჯინის გაკეთება გიჭირთ.
– ბიჭი თოჯინის გაკეთებას ვცდილობდი და გოგო გამომივიდა (იცინის). სახე რომ მოვუხატე, ლამაზ გოგოდ იქცა. მამაკაცის სახის გამოძერწვა გამიჭირდა. რადგან მინდა, გაღმებული სახე ჰქონდეს და თვალები უბრწყინავდეს, მამაკაცის უფრო მკაცრი სახე კი არ გამომივიდა. მეგობრებს ბევრჯერ უთქვამთ, ბიჭ თოჯინას რატომ არ აკეთებო. ერთი მქონდა გაკეთებული, მაგრამ არ მომწონდა, ავდექი და წვერი მივახატე, რომ გოგოს სახე არ ჰქონოდა (იცინის).
– თოჯინას ძალიან ბევრი დეტალი სჭირდება, მათი დამზადებაც ისწავლეთ?
– დიახ, თუნდაც, ქუდის შეკერვა, არადა, ქუდი მანამდე არასდროს შემიკერავს. დღეს ჩემი თოჯინების უმეტესობას თავსაბურავი აქვს. თოჯინის სახემ სხვადასხვა აქსესუარი მოითხოვა და მეც ვეცადე, გამომსვლოდა. მაგალითად, გოგონას, რომელსაც ნაწნავები გავუკეთე და ქართული სამოსი ჩავაცვი, ქართული ტრადიციული თავსაბურავი დასჭირდა და ესეც ვისწავლე. მეორე ღიმილა გოგო მყავს, კნაჭას ვეძახი, თავისებური ცილინდრი ახურავს, მოუხდა მის განწყობას. ასევე, ფეხსაცმელი, არც ეს შემიკერავს არასდროს, თუმცა გამომივიდა, ისევე, როგორც სამოსი. ეს ყველაფერი ერთად საკმაოდ შრომატევადია და დიდ დროს მოითხოვს. შეიძლება, ერთი თოჯინის გასაკეთებლად თვე ან თვე-ნახევარი დამჭირდეს. ისე არ ხდება, რომ მთელ დღეებს თოჯინის გამოძერწვაში ვატარებდე, ოჯახი მაქვს და ბევრი საქმეა, მაგრამ დღეში საათ-ნახევარი, ხან ორი საათი მაქვს ამისთვის გამოყოფილი.
– დღესაც აქტიურად ხატავთ?
– დიახ, ხან ვხატავ, ხან თოჯინებს ვაკეთებ, ორივეს თანაბარი ადგილი აქვს ჩემს ცხოვრებაში და ორივე ძალიან მაბედნიერებს.