მოქანდაკე ირაკლი ჟვანია 30 წელია, ხელოვნების სამსახურშია. მისი ცნობილი ნამუშევრების ნახვა შეგიძლიათ როგორც თბილისში, ისე ქუთაისში, ბათუმსა თუ სხვა ქალაქებში.
– ბატონო ირაკლი, როგორც ვიცი, თქვენი ქანდაკებები საქართველოს არაერთ ქალაქს ამშვენებს.
ირაკლი ჟვანია: დიახ, ასეა. თბილისში, მრგვალ ბაღში დგას პატარა უფლისწული, ვაკის პარკთან – მუსიკოსების შადრევანი ქანდაკებებით, მთაწმინდის პარკში – ნატვრის ხე, გმირთა მოედანზე – აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი. თბილისში, მთაწმინდის პარკში იყო ბადრი პატარკაციშვილის ძეგლი, რომელთანაც განსაკუთრებული მეგობრობა და თანამშრომლობა მაკავშირებდა, მაგრამ ეს ქანდაკება მოგვახსნევინეს და მის საფლავზე გადავიტანეთ. ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე დგას დიდი კოლხური შადრევანი, თუმცა ის მხოლოდ ჩემი არა, კოლექტიური ნამუშევარია. ბათუმის ბულვარში დგას გოგონა ველოსიპედით, ეს ქანდაკება ჩემს შვილს მივუძღვენი. ქობულეთში დგას დავით აღმაშენებლისა და შოთა რუსთაველის ძეგლები, ასევე, ავთანდილ ცხვედიანის ძეგლი, ადამიანის, რომელმაც სიცოცხლე ძაღლის გადასარჩენად გაწირა და ასე შემდეგ.
არა მხოლოდ საქართველოში, ევროპაში, კერძოდ, უნგრეთში დგას ჩემი დიდი პლანეტა აპოლო, რომელიც 2017 წელს გავაკეთე.
– ევროპას რაც შეეხება, პატარა უფლისწული, რომელიც მრგვალ ბაღში დგას, ფაქტობრივად, პირველი შემთხვევა იყო ქართულ ქანდაკებაში, რომელიც ევროპელი ავტორის, ევროპული პერსონაჟის მიხედვით შეიქმნა. 2002 წელს საფრანგეთის სენატის თავმჯდომარე გახლდათ ჩამოსული საქართველოში და მე და ზურაბ ჟვანიამ ის მრგვალ ბაღში, პატარა უფლისწულის სანახავად მივიყვანეთ. ქანდაკება რომ ნახა, გვითხრა, ქართველებმა გვაჯობეთ, საფრანგეთში არ გვაქვს ეგზიუპერის ასეთი დონის მონუმენტი, ფრანგებმა თქვენნაირის გაკეთება ვერ მოვახერხეთო და მახსოვს, როგორი ამაყები ვიყავით ამ შეფასების გამო.
– ინტერნეტში უნახავთ ჩემი ერთ-ერთი ესკიზი. პირდაპირ დამირეკეს და მითხრეს, გვინდა, თქვენ გააკეთოთ ეს ნამუშევარიო. ამხელა მასშტაბის ქანდაკებაზე მანამდე არ მიმუშავია, თან ვადა სულ ორი თვე გვქონდა, კონსტრუქცია კი სიმაღლეში 11 მეტრია. მიუხედავად ბევრი სირთულისა, შევძელით გაკეთება. ეს ქანდაკება 2017 წელს 7 აპრილს უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა გახსნა და ჩვენი ნამუშევარი თავის ოფიციალურ გვერდზეც გააზიარა. ძალიან ლამაზი გამოვიდა და ვფიქრობდი, რომ თბილისში ან ქუთაისის აეროპორტის ტერიტორიაზეც შეიძლებოდა ასეთის გაკეთება, განსაკუთრებით მოუხდებოდა, მაგრამ მცდელობების მიუხედავად, შედეგს ვერაფრით მივაღწიე.
– აბსოლუტურად საპირისპირო. ბოლო 12 წლის განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან სულ ათი ქანდაკებაა დაფინანსებული. აქედან ხუთი ჩემი გაკეთებულია, მაგრამ, საერთო ჯამში, ეს ძალიან მცირე რაოდენობაა. არანაირი მოთხოვნილება ან სურვილი არ აქვს ხელისუფლებას თუ კულტურის სამინისტროს, რომ ეს დარგი განვითარდეს. საქართველოში ეს სფერო იმდენად ჩამკვდარია, რომ ალბათ, ქანდაკებაში სულ ხუთი კაცი მუშაობს, დანარჩენებმა ვერ გაუძლეს ამ მდგომარეობას და თავი დაანებეს. გამორიცხულია, დღეს ამ საქმით ვერ იცხოვრებ. მეც როგორ ვარსებობ, არ ვიცი. ხანდახან ძალიან დიდი ჩავარდნები მაქვს, შეიძლება, ორი წელი არ მქონდეს შეკვეთა, შესაბამისად, შემოსავალიც არ იყოს. საერთო ჯამში, 30 წელია, ამ სფეროში ვმუშაობ და ჩემი შემოსავალიდან საშუალო რომ გამოვთვალე, თვეში 700 ლარი გამომივიდა. ძალიან რთულია.
– ის, რაც უკვე 30 წელია თქვენი ცხოვრებაა, სრულიად შემთხვევით დაიწყო, არა?
– ზუსტად ასე მოხდა. მამა კინორეჟისორი მყავდა, დედა დრამატურგი მყავს. ხუთი წელი ვიმუშავე რეჟისორის ასისტენტად, კინორეჟისორობა მინდოდა, თუმცა ვერ ჩავაბარე. მერე დედას ამხანაგმა ზურაბ წერეთელთან მიმიყვანა და ზურამ თავის ფაკულტეტზე მომაწყო სამხატვრო აკადემიაში.
ჩემი სადიპლომო ნამუშევარი პატარა უფლისწული იყო. ძალიან პატარა ზომის გავაკეთე და გამიბრაზდნენ. გამოცდიდან რომ გამოვდიოდი, კომისიის თავმჯდომარემ, თბილისის მაშინდელმა მერმა, ოთარ ლითანიშვილმა, რომელიც მამას მეგობარი იყო, მითხრა, ნუ გეშინია, მე შენ დიპლომის გარეშე არ დაგტოვებ, მაგრამ ისე, მართლა ცოტა დიდი გაგეკეთებინაო. მაშინ ვუთხარი, ბატონო ოთარ, მე თქვენ ამის გახსნაზე დაგპატიჟებთ-მეთქი. მართლა არ ვიცი, ეს რამ მათქმევინა. გავიდა 7-8 წელი და მართლა ყველა დავპატიჟე პატარა უფლისწულის გახსნაზე. გაოგნებულები იყვნენ (იცინის).
ქანდაკებებზე უკვე ვისაუბრეთ, ცალკეა შადრევნები, რომელიც საკმაოდ დიდი რაოდენობით მაქვს შექმნილი.
ალბათ, 30-35 მაინც მთელი საქართველოს მასშტაბით. მათ შორის: ბათუმში, თბილისში, ლანჩხუთში, ქუთაისში, სოფელ შემოქმედში, ქობულეთში, თელავში, წყალტუბოში და ასე შემდეგ. თბილისში განსაკუთრებით ბევრგან ნახავთ ჩემს შადრევნებს: კიკვიძის ბაღში, ვაკის პარკში, მუშტაიდის ბაღში და სხვაგან.
ცოტა ხანში 60 წლის ვხდები და არ ვიცი, სწორი იყო თუ არა, რომ ამ გზიდან არ გადავუხვიე. ერთი მხრივ კარგია, როცა შენ მერე რაღაცას ტოვებ. მაგრამ მეორე მხრივ, მთელი ეს 30 წელი გაუთავებელი სტრესია. მე სხვა შემოსავალი არ მაქვს. მხოლოდ შეკვეთებზე ვმუშაობ და თვითონ წარმოიდგინეთ, როგორია, როცა შეიძლება, საქმეში სამწლიანი ჩავარდნა გქონდეს. ერთის მხრივ, ვაგროვებ კარგ ნამუშევრებს, მაგრამ მეორეს მხრივ, რაღაც მომენტში, შეიძლება სახლში კომუნალურის ფული არ იყოს.
– თქვენთვის ვისი შეფასება უფრო მნიშვნელოვანია, რიგითი გამვლელის თუ ხელოვნებათმცოდნის?
– რასაკვირველია, გამვლელის. ყველა ხელოვნებათმცოდნე ტენდენციურია. მათ თავისი მოსაზრებები და ამბიციები აქვთ, გამვლელებისგან განსხვავებით. გამვლელს ან მოსწონს, ან – არა. ერთ, ორ, ას და ორას გამვლელს რომ მოსწონს, ხვდები, რომ რაღაც კარგი შექმენი და ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია. მე არცერთი კავშირის წევრი არ ვარ, არც ჯილდოების სიუხვით გამოვირჩევი, მხოლოდ ერთი, შევარდნაძის მიერ გადმოცემული ღირსების მედალი მაქვს. იქაც ჩემმა უახლოესმა ადამიანმა, რომელიც მაშინ კანცელარიაში მუშაობდა, ძალით წამიყვანა. მითხრა, პრეზიდენტი მრგვალი ბაღისთვის გაჯილდოებს, მოდი, ეს შენი ცხოვრების ისტორიაში ჩაიწერებაო. ის რომ არა, იქაც არ მივიდოდი.
– დღემდე არიდებთ თავს ჯილდოებს?
– მეტსაც გეტყვით, მონუმენტის გახსნაზე ტელევიზიებსაც კი არ ვეძახი, კამერების წინ საუბარი არ მიზიდავს. ხშირად ადამიანები რომ გამიცნია და ჩემი ნამუშევრების შესახებ გაუგიათ, გაჰკვირვებიათ, ეს თქვენ ხართ? სახელი და გვარი ვიცოდით, მაგრამ სახეზე არ გიცნობდითო. საჯაროდ გამოჩენას ყოველთვის ვერიდებოდი, მიუხედავად იმისა, რომ საბაბი ძალიან ბევრი მქონდა. არასდროს მდომებია, ტელევიზიით გამოვსულიყავი და მესაუბრა იმაზე, თუ რა მაგარი ბიჭი ვარ. მირჩევნია, ჩემმა გაკეთებულმა საქმემ ილაპარაკოს და არა მე.