მომღერალ ნათია თოდუას მამა გარდაეცვალა. მდგომარეობა იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ დიაგნოზის დასმიდან სამ თვეში ოჯახი სამწუხარო რეალობის წინაშე დადგა.
ნათია მთელი ეს დრო მამის გვერდით იყო და გარკვეული პერიოდი, სანამ მამის გარდაცვალებიდან 40 დღე არ გავა, კვლავ საქართველოში აპირებს დარჩენას.
„სამი თვეა, რაც მე, ჩემი მეუღლე და შვილი საქართველოში ვართ. ზუსტად სამი თვის წინ დამირეკეს და მითხრეს, რომ მამამ გამოკვლევები გაიკეთა და ეჭვი სიმსივნეზე ჰქონდათ. რომ ჩამოვედი, მითხრეს, რომ ფილტვზე მეოთხე სტადიის სიმსივნე აღმოაჩნდა. სამი თვის განმავლობაში, თუკი რამის გაკეთება შეიძლებოდა, ყველაფერი ვცადეთ. თვითონაც ყველაფერში მოგვყვებოდა, სჯეროდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ მისი მდგომარეობა დღითი დღე უარესდებოდა.
დღემდე ვერ ვიჯერებ, რომ გარდაიცვალა. უკვე სამი კვირა გავიდა, მაგრამ ვერ ვიღებ ამ რეალობას“, – ამბობს ნათია თოდუა ჟურნალ „თბილისელებთან“.
– ესე იგი, დაავადება ძალიან გვიან აღმოაჩინეთ?
– როდესაც ჩივილები დაეწყო, ექიმთან მივიდა და იმ დღის შემდეგ, ექიმიდან ექიმთან დავდიოდით. იანვარში დაიწყო გამოკვლევების გაკეთება. წელი სტკიოდა და თიაქარზე იყო ეჭვი, მაგრამ თებერვალში გაიგეს, რომ ფილტვის სიმსივნე ჰქონდა. მეტასტაზები უკვე მთელს ხერხემალსა და თავის ტვინზე იყო მოდებული. ექიმები გვეუბნებოდნენ, რომ 6-8 თვე იცოცხლებდა. ჩვენ უკეთესობაზე ვფიქრობდით, მაგრამ სამწუხაროდ, სამი თვეც ვერ იცოცხლა. ეს დაავადება ყველასთან სხვადასხვანაირად პროგრესირებს, მამას შემთხვევაში იმაზე სწრაფად განვითარდა, ვიდრე გვეგონა. როგორც ექიმებმა ივარაუდეს, დაახლოებით, ორი წლის დაწყებული იყო პროცესი.
– რა აწუხებდა?
– ამბობდა ხოლმე, ფეხი მიჩერდება, წელიდან გადამდის ტკივილიო. ისიც, როგორც ყველა ამ ტიპის ტკივილის დროს, ფიქრობდა, რომ თიაქარი აწუხებდა, რადგან ეს პრობლემა დღეს ძალიან გავრცელებულია. საჭესთან დიდ დროს ატარებდა და ესეც ეგონა ამ მდგომარეობის მაპროვოცირებელი. საუბედუროდ, ასე არ აღმოჩნდა. 19 თებერვალს გავიგეთ საშინელი დიაგნოზი და 4 მაისს გარდაიცვალა. 61 წლის იყო. ბოლო დაბადების დღე მასთან ერთად გავატარეთ, უკვე ეტლში იჯდა. წელს ქვემოთ მგრძნობელობა აღარ ჰქონდა. ბოლოს თავის ისეთი ძლიერი ტკივილები დაეწყო, სამ საათში ერთხელ მორფს ვუკეთებდით, მაგრამ ესეც კი ვერ უყუჩებდა ხანგრძლივად. თავში ყველაზე მეტი მეტასტაზა აღმოაჩნდა და ამიტომ.