რამდენიმე დღის წინ, სოციალური ქსელი მოიცვა კადრმა, სადაც 8 წლის ნია ცეცხლაძე აჭარულ ცეკვას ასრულებს.
ვიდეო ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრშია გადაღებული, სადაც სალოტბარო სკოლების გალა-კონცერტისთვის რეპეტიცია მიმდინარეობდა.
ინტერნეტ ვარსკვლავი შუახევიდან, 8 წლის მომღერალი, ნია ცეცხლაძე გადაცემას „დილის ტალღა“ სტუმრობდა, სადაც იმ ცეკვაზე ისაუბრა, რომლითაც არაერთი ადამიანის გული მოიგო.
„თვითნასწავლი ვარ, მაგრამ ილეთები ცოტა მასწავლებელმაც მასწავლა. ამასთან, სახლში, ბაბუაც მამზადებდა, ის მოცეკვავე იყო. სიმღერისა და ცეკვის გარდა, სკოლა მიყვარს, განსაკუთრებით მათემატიკის სწავლა“
როგორც გადაცემაში აღნიშნა, ნია ცეცხლაძის ბაბუა, რეზო ცეცხლაძე განთქმული ქორეოგრაფი იყო და ნიამ ეს ცეკვა სწორედ გარდაცვლილ ბაბუას მიუძღვნა.
8 წლის ნია ცეცხლაძის აჭარულ ცეკვას უამრავი დადებითი შეფასება მოყვა.
„ეს გოგონა ნამდვილად მომავალი ვარსკვლავია, რაღაც უცხო სტილის, სრულიად განსხვავებული მოძრაობების აღმოჩენის მომსწრენი ვართ“
„როგორ შეძლებდა ყოველივე ამას, გენეტიკურად რომ არ მოდგამდეს. ყოჩაღ მის მასწავლებელს და შუახევის სალოტბარო სკოლას, რომ გააცოცხლეს ისტორია ცეკვაში“, – წერენ სოციალურ ქსელში.