მღვდელმა თეიმურაზ ქორიძემ, რამდენიმე თვის წინ, სიკვდილს თვალებში ჩახედა. დიდი ჩაილურის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, კლინიკაში ფილტვების მძიმე დაზიანებით მოხვდა და ერთი თვის მანძილზე მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. გადარჩენის შანსი ნელ-ნელა იკლებდა, შეუძლებელიც იყო. როგორც ამბობს, გაუსაძლისი ტკივილების გამო, უფალს ამ სოფლიდან გაყვანასაც კი სთხოვდა. თუმცა ღვთის წყალობით, გამოჯანმრთელდა და თავის მისიას ისევ უშურველად ასრულებს.
მოძღვარი გიორგი დარასელიასთან ინტერვიუში საუბრობს იმ მთავარზე, რასაც ის სასიკვდილო სარეცელზე მყოფი განიცდიდა. აი, რას გვირჩევს ახალგაზრდა სასულიერო პირი.
მამა თეიმურაზ ქორიძე: როცა ადამიანი სიკვდილის სარეცელზე ხარ, მაშინ ხვდები, რომ რაც კი დაგრჩენია და რაც კი მიგაქვს, ეს მხოლოდ სიყვარულია. დანარჩენი ყველაფერი ამაო და ამ ქვეყნიურია. გახსენდება ყველა წყენა, ვინმეს თუ მიაყენე, განსაცდელი, რაშიც შენი ქმედებით სხვა ჩააგდე. სადღაც ნანობ, სადღაც ელოდები ღმერთთან შეხვედრას. სადღაც იმის იმედი გაქვს, რომ მას აუცილებლად იხილავ, რადგან ამ იმედით ცხოვრობს ადამიანი. ერთადერთს დანამდვილებით ხვდები, რომ არაფერია ადამიანის ცხოვრება სიყვარულის გარეშე. აბსოლუტურად ყველა წამი ამაოა სიყვარულის გარეშე.
ჩვენ გვსურს ამ სამყაროში დავიმკვიდროთ თავი, მივაღწიოთ წარმატებებს, მაგრამ გვავიწყდება, რომ ამსოფლიურ ცხოვრებას აქვს დასასრული და ეს დასასრული, შეიძლება დადგეს ერთ წამში. ისე, რომ ვერც გაიგოს, ვერც შეიგრძნოს, ისე მალე და უეცრად შეიძლება მოვიდეს ეს აღსასრული. სანამ ცხოვრობ და სუნთქავ, ყველა წამი სიყვარულით უნდა გაჟღინთო, ყველას უნდა მიანიჭო სიყვარული. დავინახე, რომ სიყვარულის გარდა ყველაფერი ამაო გახდა.
ასევე, არაფერი ადამიანის ფასი არ არის ამ სამყაროში. ვნახე სიკვდილიც და ვნახე სიცოცხლეც. და მივხვდი, რომ ადამიანის ფასად სამყაროში არაფერი ღირს.
ყველა სიტყვას უნდა გაუფრთხილდეს ადამიანი. სიტყვა ძვირფასია, სიტყვას ძალა აქვს. შეიძლება მუშტმა ვერ გატკინოს და გავნოს ისე, როგორც სიტყვამ. სიტყვები ადამიანის გულში გრძნობებად იქცევა, გრძნობები საბოლოოდ დარჩება ჩვენგან და გაგვყვება მარადისობაში. სიყვარული რჩება და სიყვარული მიგვყვება. ეს ვნახე და ეს განვიცადე. დანარჩენზე ტყუილად ვზრუნავთ.
თავიდან, გაუსაძლისი ტკივილების გამო, ღმერთს ვთხოვდი, გამიყვანე ამ წუთისოფლიდან-მეთქი. ეს უფალმა არ ინება. მერე, თურმე, მეუღლეს შევპირებივარ, დავბრუნდები-მეთქი. ამ დროს ჩემი გადარჩენის ერთი პროცენტიც არ იყო. მაგრამ დღეს მხნედ ვგრძნობ თავს. ეს ძალიან დიდი მასწავლებელია ჩემთვის.
ადამიანი არაფერი ხარ. აი, მხოლოდ იმისთვის ხარ ადამიანი, რომ სიყვარულის გაცემა შეგიძლია.
***
დაბრუნდი საიქიოდან ხომ? უნდა გახსოვდეს, რომ არავის არასდროს არ უნდა შეგშურდეს. ასე მართლა ბედნიერი იქნები და ღვთის გზით ივლი. შური ყველაზე მძიმე და საშინელი ცოდვაა. ეს ყველა ცოდვის საწყისია. კაცობრიობის ისტორიაში პირველი მკვლელობა შურმა გამოიწვია. და ვის და ვის შორის? ძმებს შორის შურმა. ეშმაკის დაცემულობა შურმა გამოიწვია. მან მოინდომა ღმერთს გატოლებოდა. დაცემულობა და ყველა ცოდვის დასაბამი შურია. რატომ უნდა გვშურდეს ერთმანეთის? რატომ? უნდა გიხაროდეს სხვა ადამიანის წარმატება და ბედნიერება. განა ყველა ერთნი არ ვართ ქრისტეში? განა ყველა იმ ერთ ბარძიმს არ ვეზიარებით და ერთ ქრისტეს სისხლსა და ხორცს არ ვიღებთ? როგორ უნდა მშურდეს? შეიძლება შემოვიდეს ეს ცოდვა, მაგრამ ჩვევად არ უნდა გვექცეს, თორემ შინაგანადაც დაგღუპავს და ფიზიკურადაც მოგშლის.
როცა ვინმე შენს სიკეთეზე მწუხარებს, შენ გაძლევს მოტივაციას, რომ უფრო მეტი გააკეთო. ამას ძალა სჭირდება. ადამიანმა სხვისი მისადმი შური სათავისო იარაღად უნდა აქციოს. ამით, სიკეთის საკეთებლად, მოტივაცია შეიქმნას. ღმერთს ვთხოვოთ გვქონდეს ძალა, რომ მეტად ვიშრომოთ და ვაკეთოთ ის, რის გამოც შურთ ჩვენი.
შური მოშურნეობად როგორ უნდა ვაქციოდ?
მოშურნეობაა, როცა ხედავ სხვის სიკეთეს და გინდა მის მსგავსად იცხოვრო. პავლე მოციქული ამბობს, “მობაძვად ჩემდა იყავით, ვითარცა მე ქრისტესა”. როცა სიკეთეში ჰბაძავ და მისდევ ადამიანს, ეს მოშურნეობაა.
არავისზე მეტი არ უნდა გვეგონოს თავი. ყველანი ერთი ღმერთის შვილები ვართ. ღმერთი არც ერთს არ განვგყოფს პრივილეგიების თუ სხვადასხვა რამის გამო. არასდროს არავისზე მეტი არ უნდა გვეგონოს თავი და აი, მაშინ დაიბადება მოშურნეობა და არა – შური. შური მაშინ მოდის, როცა ვიღაცაზე მეტი გგონია თავი და გწყინს, რომ ვთქვათ, შენზე კარგი სახლი იყიდა, წარმატებას მიაღწია. ადამიანებს სწყინთ და აღიზიანებთ ისიც კი, რომ ვიღაც მათზე მეტად უყვართ. როგორ შეიძლება გაღიზიანებდეს ის, რომ ვიღაც უყვართ?! ესე იგი შენში შურია. გინდა დადგე მის ადგილას. დადექი.
მაცხოვარმა თორმეტი მოციქული აარჩია სხვადასხვა ხასიათებით და სახეებით. ასეთები ვართ ჩვენ, სხვადასხვანაირები. ჩვენ უნდა ავირჩიოთ ვის გვინდა ვგავდეთ – პეტრე მოციქულს თუ იუდას? იოანეს თუ იაკობს? რაც ადამიანმა უნდა გაიაზროს არის ის, რომ არავინ არავისზე მეტი არ არის. ამას თუ გავიაზრებთ, მართლა ბედნიერი იქნება სამყარო.