“ამხელა კაცისთვის საქართველოს პრემიერობა ძალიან პატარა საქმეა. ვიწრო მოუვა მხრებში”

ამხელა კაცისთვის, საქართველოს პრემიერობა ძალიან პატარა საქმეა.
ვიწრო მოუვა მხრებში,
ამის შესახებ პუბლიცისტი დავით კალანდია  ფეისბუქზე წერს:

“გავალ-გამოვალ, ჩავრთავ-ავუწევ, გავიხედავ-წყალს ჩამოვუშვებ და…
და ყველგან მხვდება ასეთი მოწოდება:
„გიორგი ვაშაძე პრემიერად!“
ყოველ ფეხის ნაბიჯზე, ყოველ გასროლაზე, ყოველ გადაფურთხებაზე:
„გიორგი ვაშაძე პრემიერად!“
კინოს ვუყურებდი, „ჯარისკაცის მამის შვილებს“ და იქაც 25 კადრი გიორგი ვაშაძის სახე გამოისახა.
დავფიქრდი.
მეც კი მჩვევია ზოგჯერ დაფიქრება, აბა ყველაფერს სპონტანურად კი არ ვაკეთებ.
სპონტანურად მხოლოდ ცოლები მომყავს და ყველა ჯერზე გამიმართლა.
ამჯერად დავფიქრდი.
მივიდე საჩვენებელი თითი საფეთქელთან, თავი ცოტა უკან გადავზნიქე, აკაკი წერეთელივით წვერი მოვუშვი და დავფიქრდი.
და მივხვდი, რომ
რომ ამხელა კაცისთვის, საქართველოს პრემიერობა ძალიან პატარა საქმეა.
ვიწრო მოუვა მხრებში.
მის გაქანებასა და გამოქანებას სულ სხვა მასშტაბი უნდა.
წინადადება მაქვს, გიორგი ვაშაძე ავირჩიოთ პატრიარქად, რომის პაპად, დიდ მუფტად.
ანდა, არა!
მაინც ცოტაა.
უცებ გონება გამინათდა, რაც საკმაოდ იშვიათად ხდება.
იყო ასეთი რუსი ავანგარდი პოეტი, ველიმირ ხლებნიკოვი.
საინტერესო პოეტი იყო, პოეტების პოეტს ეძახდნენ, რადგან მაგარ აბდაუბდას წერდა. ცოტა აფრენდა, მაგრამ უწყინარი ადამიანი იყო და თავის თავს „დედამიწის თავმჯდომარეს“ ეძახდა.
ველიმირი ვერ მოესწრო იმ ტიტულის დაკანონებას.
მაგრამ დღეს ჩვენ გვყავს გიორგი, რომელიც ვაშაძეა.
მე მგონი ძალიან მოუხდება ამ ჩვენს გიორგის „დედამიწის თავმჯდომარეობა“.
ნაცნობი ნოტარიუსი მყავს და მითხრა, შეღავათიან ფასებში მის ტიტულს რეესტრში გავატარებო.
ახლა შეღავათიანი ფასების რაოდენობას ვაზუსტებ და ანგარიშის ნომერს დავდებ.
გთხოვთ შემომიერთდეთ და ჩვენი გიორგი, რომელიც ვაშაძეა, გახდება „დედამიწის თავმჯდომარე“.
ფსიქიატრიულშიც სამყაროს დამაარსებლის, მიხეილ სააკაშვილის გვერდით მოათავსებენ!”, – წერს დავით კალანდია.