გარდაცვლილი ანიტა ფაცაციას დედა, მარიკო სადრაძე შვილის დაბადების დღეს სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ეხმიანება:
„2017 წლის 14 აგვისტო… ვადაზე ერთი თვით ადრე დაიბადა ანიტა… ჩემმა გოგომ ისევე იჩქარა ჩემთან მოსვლა, როგორც ჩემგან წასვლა. მაინც მადლობელი ვარ, რადგან 2 წელი და 5 თვე ხომ ვიყავით ერთად… ამ დროის მანძილზე ხომ მაინც გამოვცადე ის ბედნიერება, რაც შენთან ურთიერთობამ მომიტანა.
ამ ახალ წელს ერთად შევხვდით და მინდოდა ჩამეფიქრა, რომ 14 აგვისტოსაც ერთად ვყოფილიყავით, მაგრამ არ ჩავიფიქრე, რადგან ეს ნიშნავდა იმის დაშვებას (თუნდაც 1%-ით), რომ ჩვენი დაშორება შესაძლებელი იყო. მე და ანიტა არასდროს ვყოფილვართ ცალ-ცალკე და ახლა სხვადასხვა განზომილებაში აღმოვჩნდით, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.
მიუხედავად ამისა, მაინც არ ვგლოვობ. პირიქით, ძალიან, ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ გამოვცადე შენი დედობის სიტკბო. მიყვარხარ უსასრულოდ და ველოდები ჩვენს მომდევნო ჩახუტებას“, – წერს მარიკო სადრაძე.