გიორგი დვალიშვილი, 38 წლისაა. უკვე რამდენიმე წელია კუნძულ მაიორკაზე ცხოვრობსდა მარკეტინგული საქმიანობის გარდა, აქვს ექსტრემალური ჰობი, რითაც რამდენიმე ხნის წინ თავი გააცნო მთელ მსოფლიოს: ქართველმა ემიგრანტმა მეგობარ გოგონასთან ერთად, რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ, დანიელ ტურისტს ძვირად ღირებული მაჯის საათი უპოვა, რომელიც საოჯახო რელიკვია იყო და თაობიდან თაობას გადაეცემოდა. რაც ყველაზე მთავარია, გიორგის ურთულესი სამუშაოს შესრულებაში ჰონორარი არ აუღია. ემიგრანტი თავისი ცხოვრების შესახებ ჟურნალ „გზას“ ესაუბრა.
– დაივინგი თქვენი ჰობია?
– დიახ, ასეა, მე და კარო მოხალისეობრივ საქმიანობას ვეწევით, ვეხმარებით ადამიანებს, რომელთაც ზღვაში ძვირფასი ნივთები დაკარგეს. მათი პოვნით მოგვრილ სიხარულს არაფერი შეედრება.
– ბოლო შემთხვევაზე გვიამბეთ, რომლითაც მთელმა მსოფლიომ გაგიცნოთ.
– ეს ბოლო შემთხვევა მართლაც განსაკუთრებული იყო – დანიელმა გოგონამ, „პატეკ ფილიპის“ ბრენდის მაჯის საათი დაკარგა. გარდა იმისა, რომ 65 ათასი ევროს ღირებულებისაა, დანიელ ტურისტს ოჯახისგან ის მემკვიდრეობით ჰქონდა მიღებული და დაკარგვას ძალიან განიცდიდა. შემთხვევა შარშან, მაიორკაზე, პორტთან ახლოს მოხდა, ქალაქ ბანიალბუფართან რამდენიმე კილომეტრში. გოგონა ზღვაში ბანაობდა, რა დროსაც მაჯიდან საათი მოსძვრა. ეტყობა, წყალქვეშ სამაჯურმა უმტყუნა… მითხრა, რომ შარშანდელი ზაფხულის შემდეგ, მთელი წელი ამაზე დარდობდა, რადგან ის საათი ოჯახის რელიკვია იყო. მისი თქმით, ძალიან უნდოდა საათი შვილისთვის გადაეცა და ძალიან უფრთხილდებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, არ გაუმართლა. საათმა ათი მეტრის სიღრმეში, მთელი წელი გაატარა… ანუ იოლი საპოვნი არ იყო. სპეციალური აღჭურვილობით, ამისთვის სამი მცდელობა დაგვჭირდა. 9-საათიანი ძებნის შემდეგ, როგორც იქნა, ვიპოვეთ…
ეს ტურისტი ძალზე მშვიდი და თავდაჭერილი ადამიანი ჩანდა, მაგრამ ნივთი რომ ვიპოვეთ, სიხარულისგან ყვირილი მორთო, მაშინვე თავისი ოჯახის წევრებს დაურეკა და აცნობა – ქართველმა მყვინთავმა და მისმა მეგობარმა რელიკვია გვიპოვესო… ეს ემოცია ალბათ არასდროს დაგვავიწყდება.
როდესაც დაკარგულ ნივთებს ვეძებთ, უამრავი ცრუგანგაშიც გვქონია, ასე მოხდა ახლაც. სამწუხაროდ, წყლის ფსკერზე თუნუქის ქილები და სხვა წვრილმანი ნივთებიც ყრია. მეტალოდეტექტორი ყველას შესახებ გვაწვდის ინფორმაციას.
– ვიცი, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მომსახურების თანხა არ აგიღიათ, ხომ?
– დიახ, არ აგვიღია, გვინდოდა, ეს ამბავი ისტორიას დარჩენოდა და ამაზე შემდგომაც ძალიან ბევრი ესაუბრათ.