“სასტიკი ვარ როცა ვხედავ რომ ძლიერი სუსტს უსამართლოდ ჩაგრავს”

ნიკუშა შენგელაიას “უცნობი მხარე”👇

– ვინ არის ნიკუშა შენგელაია?

ნიკუშა შენგელაია: მთელი ცხოვრებაა, ამას ვარკვევ. ჯერ არ ვიცი. თუ ღმერთი მომცემს შესაძლებლობას, რომ კიდევ ვიცოცხლო, შეიძლება, გავარკვიო. თუმცა, შეიძლება, პასუხგაუცემელიც დამრჩეს ეს შეკითხვა.

– თქვენი საოცნებო ცხოვრება როგორია?

– მადლობელი ვარ უფლის იმის გამო, როგორც ვცხოვრობ. ოცნება სხვა რამეა, ჩემთვის მადლიერების გრძნობაა მთავარი. ეს მაქვს. მადლიერი ვარ იმის გამო, რომ ჩემს ოჯახში გავჩნდი, ჩემს ქვეყანაში გავჩნდი, მყავს ისეთი სამეგობრო, როგორიც მყავს და ვცხოვრობ ისე, როგორც ვცხოვრობ. არაფერ სხვაზე არ ვოცნებობ, ეს ყველაფერი ჩემთვის საკმარისია.

– ოდესმე გიკეთებიათ საქმე, რომელიც გძულდათ?

– სიძულვილით არაფერი, მაგრამ ახალგაზრდობაში მამაჩემი მეგობრებთან ერთად მამუშავებდა ეზოში. ბეტონიც ჩაგვისხამს, ღობეც გაგვიკეთებია, ტალავერიც. სინამდვილეში, ეს ყველაფერი კარგ მოგონებებად მაქვს. არაფერი არ მიკეთებია ისეთი, რაც მძულდა. მონათმფლობელობა აღარ არის, არავინ გაძალებს ის გააკეთო, რაც გძულს. თუმცა, შეიძლება, გარკვეული მიზეზების გამოც მოიქცე ასე. არ ვიცი, ვერ გეტყვით.

– ბოლოს როდის იტირეთ და რის გამო?

– მშობლების წასვლის დროს ვიტირე. დანარჩენი რა ვთქვა, ხომ იცით, მხოლოდ ცრემლებში არ გამოიხატება ემოციები. შეიძლება, მოგაწვეს ძალიან, მაგრამ არ იტირო, ყელში გაგეჩხიროს ბურთი. არის ცხოვრებაში ასეთი მომენტები და მეც ემოციურად ვრეაგირებ.

– თქვენთვის რას გააკეთებდით? უკეთესი სახლი, ავტომობილი…

– სამოგზაუროდ თუ წავიდოდი, მეტი არაფერი. აბსოლუტურად მაკმაყოფილებს ის, რაც მაქვს. უკეთესი და უკეთესი არ არის ჩემი მოთხოვნილება. მე მაქვს სახლი აივნით, რომელიც კავკასიონს და ზედაზენს უყურებს, წყნეთში ვცხოვრობ. ეზო მაქვს, ვარდებით, ხეხილით და მათ ვუვლი. ყველაფერი მაქვს და მიხარია მათი მოვლა. სამოთხესავით ადგილია, მეტი რაღა უნდა ვინატრო?! ჭერი მაქვს თავზე, მეტი რა მჭირდება. სხვა ტიპის ადამიანებს სჭირდებათ სასახლეები. მე არ მაინტერესებს, მთავარია, სახურავი იყოს თავზე და ხედი, რომ შენს სამშობლოს უყურო. მაგიდა გქონდეს, სადაც ოჯახი და სამეგობრო დაეტევა, დაჯდები და უფალს მადლობას ეტყვი, რომ მათთან ერთად ლუკმას ჭამ. ბედნიერებას სახლის ზომა არ განსაზღვრავს. ბედნიერება ადამიანებსა და ურთიერთობებშია.

– გიოცნებიათ მსოფლიო მასშტაბის ცნობადობასა და გავლენაზე?

– ასეთ რამეზე ნამდვილად არასდროს მიოცნებია. თუ ისეთი ძალაუფლება მექნება, რომ სიკეთისკენ და უკეთესობისკენ შევცვალო მსოფლიო, კარგი იქნება, მაგრამ სამწუხაროდ, ამას ერთი კაცი ვერ აკეთებს. სისულელეა, მატერიალური მისწრაფებების, სიხარბის, გამდიდრების სურვილის ან ძალაუფლების შეგრძნების გამო რომ ხოცავენ ერთმანეთს ოცდამეერთე საუკუნეში. არადა, ჩვენ კიდევ ამას ვუყურებთ. ეს სიგიჟეა. ადამიანი განვითარდა სხვა მხრივ, მეცნიერება და ტექნოლოგიები ვითარდება, მაგრამ რისთვის ვიყენებთ? სამწუხაროდ, სულიერი მხარე არ ვითარდება. ისევ იმ გამოქვაბულში ვართ, მაგრამ სამაგიეროდ, ახალ-ახალი ტექნოლოგიური იარაღებით ხოცავენ ერთმანეთს, რომ მიწები, რესურსები და გავლენები მოიპოვონ. ეს დიდი უბედურებაა.

– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე მცდარ საქციელად, რასაც შეიძლება, სინანულიც უკავშირდებოდეს?

– ბევრი რამ მინანია. შეცდომების მეტი რა მაქვს. შეუცდომელი ვინ არის? მთავარია, დაინახო, რომ არასწორად მოიქეცი, მიიღო და გულწრფელად მოინანიო. სხვამ არ უნდა დაგასწროს შენი ცუდი საქციელის დანახვა, თორემ ადამიანში მთელი ცხოვრება ბრძოლა მიდის. ზნეობრივი პარამეტრები, რწმენა გაქვს და ცდილობ, აღარ გაიმეორო ის შეცდომები, რომელიც შენივე ზნეობრივი პარამეტრებით მიუღებელია.

– ოდესმე რამე მოგიპარავთ?

– „მაროჟნის“ ფული – პაპაჩემისგან (იცინის). მაშინ 20 კაპიკი გვყოფნიდა ბავშვებს ყველაფერში, „პონჩიკსაც“ იყიდდი, ნაყინსაც და სხვა რამესაც.

– როდის ყოფილხართ ყველაზე სასტიკი?

– სასტიკი ვარ, როცა ვხედავ, რომ ძლიერი სუსტს უსამართლოდ ჩაგრავს. ამ დროს ემოციები მოდის წინა პლანზე და უკონტროლო ხარ. შეიძლება ფიზიკურადაც შეეხო ადამიანს.

– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ მარცხად და გამარჯვებად?

– რომ გითხრათ, დიდ გამარჯვებებს ვითვლი-მეთქი, ტყუილი იქნება. მარცხს რაც შეეხება, ძალიან ბევრი დრო მაქვს დახარჯული ფიქრში. მეტი დრო უნდა დამეთმო შემოქმედებისთვის. ეს მარცხი არ არის, უბრალოდ, ასე აჯობებდა. ფიქრი საჭიროა, მაგრამ მას აუცილებლად დროული ქმედება უნდა მოაყოლო. ფილოსოფიური წყობის ადამიანები, შეიძლება, სულ ფიქრობდნენ, მეც ცოტა შემეცნებითი გონება მაქვს – რაც არ ვიცი, ის უფრო მაინტერესებს, ვიდრე იმაზე ლაპარაკი, რაც ვიცი. როცა ასეთი სტილის გონება გაქვს, ბევრს ფიქრობ, მაგრამ აუცილებელია, თუ შემოქმედი ხარ, ნაფიქრი რეალობად გარდასახო. არ ვნანობ, მაგრამ მეტია საჭირო.

– ხართ ადამიანი, ვინც მიზნებს ისახავს და მათი მიღწევა მიაჩნია გამარჯვებებად?

– არ ვარ ასეთი ადამიანი. გეგმები მაქვს, ვიცი, რა უნდა გავაკეთო, მაგრამ არა იმიტომ, რომ რაღაცას მივაღწიო. მე უფრო ვფიქრობ, რომ ყველა მიზნისკენ ღირსეულად უნდა იარო. მთავარია, ღირსება არ დაკარგო. მიზნის მისაღწევად რომ ყველა საშუალება მისაღებია – ეს გზა ჩემი არ არის. ზოგადად, მიმაჩნია, რომ ეს უღირსი გზაა. მთავარია, ღირსეულად იარო, ვინც ასე არ მოიქცა, ეს ისტორიიდან ვიცით. მირჩევნია, მიზანს ვერ მივაღწიო, ვიდრე ღირსებას გადავუხვიო. ღირსება ყველაზე მნიშვნელოვანია.

– ბევრი წლის შემდეგ, როგორ ისურვებდით სიცოცხლის დასრულებას?

– უფლის გადასაწყვეტია. ერთადერთი, მინდა, რომ ბოლო ამოსუნთქვამდე შევინარჩუნო მადლიერების გრძნობა. ხან მიფიქრია – ზღვაში, ხან ბალახში, ხანაც ბრძოლაში. რატომღაც, ლოგინში არ მინდა (იცინის). თუმცა, სადაც უფალი ინებებს, იქ უნდა დახვდე კაცურად.