როგორ შეიცვალა ნინო საბაშვილის ცხოვრება 19 წლის ასაკში სხვისი შეცდომის გამო და რა სირთულეების გადალახვა შეძლო მან

ნინო საბაშვილი წარმატებული სპორტსმენია. მისი ცხოვრება ერთმა შეცდომამ სამუდამოდ შეცვალა, თუმცა ფარ-ხმალი არ დაუყრია და პირიქით, დღეს ბევრი ადამიანისთვის სტიმულია ყველაფერი ის, რასაც ნინო აკეთებს.

ნინო საბაშვილი: 19 წლამდე ჩვეულებრივი ცხოვრება მქონდა. ექსპერტ-კრიმინალისტობა მაინტერესებდა ძალიან და სამომავლოდ ამ პროფესიაზე ვფიქრობდი, მაგრამ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა.

2001 წელს ოპერაცია გავიკეთე. ტერფის გამრუდება მქონდა და მდგომარეობის გამოსწორება მინდოდა. მაშინ ექიმი ტრავმატოლოგი არკადი კიშკო იყო ახალი ჩამოსული და მასთან მივედი. გამსინჯა და ასპროცენტიანი გარანტია მომცა, ამ მდგომარეობას უპრობლემოდ გამოვასწორებთო. თუმცა, სამწუხაროდ, შეცდომა დაუშვა და ნერვი და საყრდენი ძვალი ორივე ფეხზე დამიზიანა. ეს უკვე შემდეგი გამოკვლევებით გაირკვა. მას შემდეგ ეტლით მოსარგებლე ვარ.

– ოპერაციის შემდეგ, მაშინვე აღმოჩნდით ამ მდგომარეობაში?

– თაბაშირი სამი თვის შემდეგ მოვიხსენი. მანამდეც და მერეც, ძალიან ცუდი რეალობის წინაშე აღმოვჩნდი. სეფსისი დამემართა და ერთი პროცენტი არ იყო ჩემი გადარჩენის შანსი. ექიმმა ლევან კობახიძემ აბსოლუტურად ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ გადავერჩინე. მერე იმდენად ვიყავი დასუსტებული, ვეღარც ვჭამდი, ვეღარც ვდგებოდი, ჯდომაც არ შემეძლო. დიდი ხანი გაგრძელდა ასე, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვიყავი, მაგრამ გადავრჩი.

როცა ტრავმატოლოგთან რეაბილიტაციაზე მივდიოდი, მსაყვედურობდა, რატომ არ ვარჯიშობო. აქეთ მე მადანაშაულებდა, აბა, იმას ხომ არ იტყოდა, რომ ოპერაცია არასწორად გააკეთა. მეუბნებოდა, მასაჟები გჭირდებაო და ვიკეთებდი კიდეც, მაგრამ მაინც სულ ერთსა და იმავეს იმეორებდა, ზარმაცი ხარო. რაც საჭირო იყო, ყველაფერი გავაკეთეთ. ჩემმა მშობლებმა აბსოლუტურად ყველაფერი გაყიდეს, რაც კი გააჩნდათ, მათ შორის სახლიც. წლების განმავლობაში რომ შედეგი ვერ მივიღეთ, ხელახალი ოპერაცია შემომთავაზა, რაზეც, რა თქმა უნდა, უარი ვთქვი.

– არ გიცდიათ, თქვენი სიმართლე დაგემტკიცებინათ?

– იმ პერიოდში აზრი არ ჰქონდა ჩივილს. თან, მთელი ჩემი ოჯახი ჩემი გადარჩენისთვის იბრძოდა და ჩივილისთვის არავის ეცალა. მერე კიდევ ისეთი პერიოდი იყო ჩვენს ქვეყანაში, არავინ არაფერს ეტყოდა. ექიმი იყო, ფულს გადაიხდიდა და ლიცენზიასაც არ შეუჩრებდნენ.

ოპერაცია, რომელიც მე გამიკეთა, პირველად ჩემზე ჩაატარა. ასე ვთქვათ, ექსპერიმენტი იყო. 500 დოლარი გადავიხადეთ, რაც იმ დროისთვის საკმაოდ დიდი თანხა იყო. როგორც გაირკვა, ყველაფერი თანხის გამო გააკეთა.

– რაც მთავარი იყო, გადარჩით, მაგრამ ახალ რეალობასთან მოგიხდათ შეგუება.

– ფსიქოლოგიურად საკმაოდ ძლიერი ადამიანი ვარ და დეპრესიაში არ ჩავვარდნილვარ. ყველაფერი გარემოცვასა და ოჯახზეა დამოკიდებული. თუ ყოველდღე თავს დაგტირიან, ეს რა დაგემართაო, მომხდარს შენც ტრაგედიად აღიქვამ. მე არასდროს მაგრძნობინებდნენ, რომ რაღაც კატასტროფული მოხდა. პირიქით, ყველანაირად ხელს მიწყობდნენ, რომ მალე გამოვჯანმრთელებულიყავი. გამიმართლა ოჯახში, მეგობრებში, გარემოში. არ მიფიქრია, რომ პრობლემა, რომელსაც ვებრძოდი, დაუმარცხებელი იყო.

– თავიდანვე გადაჭრით არ უთქვამთ, რომ სიარულს ვერ შეძლებდით?

– არა, სანამ მე თვითონ არ ჩავჯექი ეტლში, არ უთქვამთ, რომ სიარულს ვერ შევძლებდი. ბევრი ექიმი გამოვიცვალე, დამხმარე საშუალებებს ვიყენებდი, ყავარჯნებს, მაგრამ მერე ექიმმა სასტიკად ამიკრძალა, ხერხემალს ექმნებოდა საფრთხე. ამის შემდეგ დავჯექი ეტლში.

– სამწუხაროდ, დღესაც პრობლემები გვაქვს გარემოს ადაპტირების კუთხით, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ უმჯობესდება. იმ წლებში გაცილებით რთული მდგომარეობა იყო და ადაპტაციაც არ იქნებოდა მარტივი.

– პირველად რომ გამოვედი გარეთ და მუშაობა დავიწყე, ისეთი რეაქციები ჰქონდათ, ახლა რომ მახსენდება, მეცინება. პირველად დაინახეს ეტლით მოსარგებლე ადამიანი. პატარა ქალაქში ვცხოვრობ, ქარელში და ეტლით მოსარგებლეს მეორეს არავის ვიცნობდი. მე ვიყავი პირველი, ვინც ეტლით გარეთ გამოვიდა.

– რა იყო პირველი სამსახური და თუ გაგიჭირდათ მუშაობის დაწყება?

– შშმ ბავშვებთან ვმუშაობ, დღის ცენტრში, წლების განმავლობაში ხელოვნებას ვასწავლიდი და სამი წელია, უკვე სპორტის პედაგოგიც ვარ. დღემდე ამ სამსახურში ვმუშაობ, ადაპტირებულიცაა და არ გამჭირვებია. არც ბავშვებს გასჭირვებიათ ჩემი მიღება.

– დღეს სპორტის ორ სახეობაში გაქვთ საამაყო მიღწევები, როგორ დაიწყო ყველაფერი?

– ჩემი მოსწავლეები მყავდა წაყვანილი სპორტულ ღონისძიებაზე. იქ გავიცანი არსენ შოშიაშვილი – მკლავჭიდის მთავარი მწვრთნელი და შემომთავაზა, იმ პირველ ეტლით მოსარგებლე გოგონებს შორის ვყოფილიყავი, ვინც ამ სპორტით დაკავდებოდა. ეს 2015 წელს მოხდა. ძალიან გამიხარდა, რადგან სპორტი ჩემი ბავშვობის სიყვარული იყო. მკლავჭიდი რომ ვნახე ჩამონათვალში, მაშინვე დავრეგისტრირდი და პირველივე შეჯიბრებაზე საქართველოს ჩემპიონი გავხდი. ნაკრები თბილისში ვარჯიშობდა, მე ქარელში ვიყავი და რამდენიმე თვე ჩავარდნა მქონდა. ისევ მწვრთნელმა მომძებნა და ისევ ყველაფერი თავიდან დაიწყო. გადავწყვიტე, თბილისში მევლო. ვარჯიშის დაწყებიდან ხუთ თვეში მსოფლიო ჩემპიონატზე ვიყავი, ორივე ხელში ვიცე-ჩემპიონი გავხდი. სამი წლის შემდეგ კი ჩემპიონი გავხდი. ჩემპიონატიდან შედეგის გარეშე არასდროს დავბრუნებულვარ. ძალიან დიდი ბედნიერებაა, როდესაც შრომა გიფასდება. თუმცა, არ უნდა მოდუნდე, რომ ეს შეგრძნება კიდევ განიცადო.

2020 წელს პარაწოლჭიმით დავინტერესდი. არაერთი მედლის მფლობელი ვარ. ევროპის ვიცე-ჩემპიონი გავხდი, მსოფლიო თასზე მაქვს ბევრი მედალი. საერთო ჯამში, სპორტის ორივე სახეობაში 43 მედალი მაქვს მოპოვებული.

– ალბათ, თქვენი შემართება დიდი მოტივაციაა სხვებისთვის.

– ბევრი ადამიანი პირადად ჩემი ინიციატივით დაკავდა სპორტით. ჩემი მიღწევების გამო სტიმული გაუჩნდათ. ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. ბევრს ნიშნავს, თუნდაც ერთ ადამიანს რომ მისცემ ცხოვრების სტიმულს. ჩემი მოსწავლეებიც ძალიან მიჯერებენ, რაც არ უნდა დავავალო, ასრულებენ და დარწმუნებული ვარ, რომ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწევენ.