მანანა მოსულიშვილი იმ ქალბატონების რიგს მიეკუთვნება, ვინც სტერეოტიპებს ამსხვრევენ, თავს ჩარჩოებში არ იქცევენ და ბედნიერებისთვის საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ წასვლა არ აშინებთ.
მანანა მოსულიშვილი: დიდი მანქანები ძალიან მიყვარს. პატარა, გოგუშკური ავტომობილები არ მომწონს. ჩემი პირველი მანქანა „ტოიოტა ჰაილუქსი“ იყო. მერე კიდევ უფრო დიდი „ჯიპი“ მყავდა. შემდეგ „მინივენზე“ გადავედი. მერე იყო მოკლე „მარშუტკა“ და ახლა უკვე – დიდი „მარშუტკა“. ყოველთვის „კაცური“ ავტომობილებისკენ მქონდა მიდრეკილება. ზოდიაქოთი ვერძი ვარ, კაცური ენერგიების ზოდიაქოაო, ამბობენ და ალბათ, აქედან მოდის ჩემი ინტერესი (იცინის).
– პროფესიით ჟურნალისტი ხართ.
– კი, ასეა. თავიდან პოლიციელობა მინდოდა, მერე – მსახიობობა. მქონდა კიდეც მონაცემები, მაგრამ შემდეგ ჟურნალისტიკისკენაც გადავიხარე. მითხრეს, მსახიობობა ადვილი არ არის, სოფლიდან ჩამოხვიდე და ჩააბარო, გაგიჭირდებაო. მე ყვარლის რაიონში, ახალსოფელში გავიზარდე. მოკლედ, გადამაფიქრებინეს მსახიობობა და ბოლოს ჟურნალისტიკა ავირჩიე, იმიტომ, რომ ჩანახატების წერა მიყვარდა, რომლებსაც მერე კლასიდან კლასში დააფრიალებდნენ (იცინის).
ბოლო კურსზე ვსწავლობდი, როდესაც იძულებით გავთხოვდი. მაშინ მოდაში იყო მოტაცებები და ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა. თან, მალევე ორი შვილი შემეძინა და სახლში დავრჩი, ვერ ვრეალიზდი.
არ მინდოდა სახლში ჯდომა. მკლავდა რუტინული საქმეები და სულ მინდოდა სამსახური, რომელიც თან თავისუფლების საშუალებას მომცემდა. ანუ, ერთ სივრცეში გამოკეტილი არ უნდა ვყოფილიყავი. ოფისში მუშაობა რომ მომკლავდა, ეს ზუსტად ვიცოდი და მუდმივად ძიების პროცესში ვიყავი. ბევრ რამეს მივედ-მოვედე და ბოლოს აქამდე მოვედი.
– როგორ გახდა საჭე თქვენი პროფესია?
– აქამდეც დიდი მანქანების სიყვარულმა მომიყვანა. „მინივენზე“ რომ დავჯექი, ტურში წავედი და ძალიან მომეწონა. მერე ისევ გამიჩნდა იგივე სურვილი და ასე ნელ-ნელა შემომეპარა ამ საქმის სიყვარული. ბოლოს გადავწყვიტე, ჩემი მიკროავტობუსი მეყიდა, მაგრამ გადავიფიქრე, რადგან ისეთი ტრანსპორტი მინდოდა, რომლითაც ქალაქშიც უპრობლემოდ გადავაადგილდებოდი. ამიტომ „მარშუტკაზე“ შევჩერდი.
– მეუღლე და შვილები როგორ შეხვდნენ თქვენს გადაწყვეტილებას?
– ვიტყვი ხოლმე, გოგო რომ მყავდეს, ვინატრებდი, ჩემნაირი მეუღლე შეხვდეს-მეთქი. ჩემი მეუღლე ჩემს ყველაზე გიჟურ გადაწყვეტილებასაც კი პატივს სცემს. შეიძლება, თავიდან წინააღმდეგი იყოს, არ გინდა, რა გაჭირვება გაქვსო, მითხრას, მაგრამ ვიცი, რომ ბოლოს აუცილებლად მეტყვის, შენ როგორც გინდაო.
ჩემი მეგობარი დამლაგებლად მუშაობდა პოლიციაში. მე სახლში ჯდომამ რომ დამღალა, მიუხედავად იმისა, რომ დედა და ჩემი ძმა ძალიან წინააღმდეგები იყვნენ და თავიდან ჩემი ქმარიც გაგიჟდა, ეგონა, ვხუმრობდი, მაგრამ წავედი და მუშაობა დავიწყე დამლაგებლად. მომწონდა დამლაგებლობა. დილით ორი საათი ვმუშაობდი და მერე სულ თავისუფალი ვიყავი. დილის 6 საათზე ავდგებოდი, გამოვიპრანჭებოდი და მივდიოდი. ძალიან ბედნიერი ვიყავი. იქაც ყველანაირი სტერეოტიპი დავარღვიე. მაშინაც დიდი „ჯიპი“ მყავდა. პოლიციაში ვმუშაობდი და ხუმრობდნენ, ერთი გენერალი დადის „ჯიპით“, მეორე ჩვენი დამლაგებელი მანჩოო (იცინის).
დიზაინერული ნიჭიც მაქვს. სულ ჩემი გადაკეთებული ტანსაცმელი მეცვა და რომ დამინახავდნენ, ამბობდნენ, მოვიდა ჩვენი დიზაინერიო (იცინის). ყველა განსაკუთრებულად მეპყრობოდა.
მე პროფესიებს სტერეოტიპულად არ ვუყურებ. მთავარია, მე მომანიჭოს ბედნიერება და სილაღე.
– ტურისტებზე ვმუშაობდი, მაგრამ წლევანდელი სიტუაციებიდან გამომდინარე, ტურისტების ნაკადმა იკლო და სახლში ჯდომამ გამაგიჟა. ყვარლის ხაზზე დავიწყე მუშაობა და ყვარლის სოფლებზე. მშვენიერი სამსახური გამოდგა, შემოსავლიანიც და ძალიან სახალისოც. ვიტყვი ხოლმე, ეს გრძნობა ყველამ უნდა გამოსცადოს-მეთქი. უნდა ნახოთ, როგორ მიყურებენ, უკლებლიც ყველა დადებითად არის განწყობილი, მეფერებიან და ემოციებით მავსებენ – ეს ცალკე ბედნიერებაა.
– თქვენს წამწამებიან სამარშრუტო ტაქსის, ალბათ, უკვე ყველა ცნობს. გაოცებასა და აღფრთოვანებას როგორ გამოხატავენ ხოლმე?
– კი, ეს უკვე სავიზიტო ბარათივითაა (იცინის). სხვადასხვანაირი რეაქციები აქვთ. შეიძლება, ზოგმა გამოხედვაში ჩაატიოს ყველაფერი. ვიღაცას შეუძლია, ვერბალურად გამოხატოს, მაგრამ ყველა დადებითად არის განწყობილი, უამრავ კომპლიმენტს ვიღებ და ეს დიდებული შეგრძნებაა.
– ავტომობილი შიგნითაც საოცრად გაქვთ მორთული, ქალური ხასიათი თითოეულ დეტალში იგრძნობა.
– ეს ყველაფერი მართლა ძალიან ლამაზია. მერიდება ამის თქმა, მაგრამ ბავშვობიდანვე მაქვს იმის ამბიცია, რომ მეც და ყველაფერი ჩემი, განსხვავებულები ვიყოთ – ჩემეული, არ უნდა ვმეორდებოდე. სხვასავით არ უნდა მეცვას. ამიტომ, რამეს რომ ვიყიდი, გამორიცხულია, პირდაპირ ჩავიცვა. რაღაცას მოვაჭრი, რაღაცას მივამატებ, მაგრამ ჩემი შტრიხი მასში აუცილებლად უნდა შევიტანო.
ეს სამარშრუტო ტაქსიც ხომ უნდა ყოფილიყო განსხვავებული?! 10-12 ათასებს იხდიან სალონების მოწყობაში, მაგრამ ყველა სტანდარტულია და რა ვქნა, ასეთი არ მომწონს. ამიტომ თავიდანვე გადავწყვიტე, ჩემეული ყოფილიყო. თავიდან მეუბნებოდნენ: ვაიმე, კარგი რა, რა მძივები დაკიდე, რა წესია, „მარშუტკაა“, საქორწინო დარბაზი ხომ არაო. სიმართლე გითხრათ, მწყინდა, მაგრამ მერე ვთქვი, რისთვის მაქვს ორი ყური? ერთში შეუშვი, მეორედან გაუშვი, დროებით დაეთანხმე, მაგრამ შენი გასაკეთებელი გააკეთე-მეთქი. ასე, ნელ-ნელა, მცირედი დეტალებით მივყევი და გავავსე ჩემი ავტომობილი, ჩემს ჭკუაზე დავაყენე. ზუსტად ისეთია, როგორიც მინდოდა. ჩემს მანქანაში ყველაფერი გოგოსთან უნდა ასოცირდებოდეს. სარკეები დავამაგრე, ბეწვი, მაქმანები, ჯაჭვები, ბისერები, მაგრამ კიდევ მინდოდა რაღაც. ბოლოს ჯინსები გავაკარი ჭერზე და კურტუმოების ნაწილი გამოვავსე. ვაიმე, ძალიან უცხო და საყვარელი გამოვიდა.
მახსოვს, ახალ წელს მეც ისე მოვირთე, ხალხი რომ ამოდიოდა, ამბობდნენ, თავი საშობაო ზღაპარში გვგონიაო (იცინის).
– მეუღლეც ამ საქმეშია?
– კი, მეუღლე 15 წელია, ყვარლის რაიონის სოფლებზე მუშაობს. მის რეისშიც ბევრჯერ ვიმუშავე. ქალაქის გარეთ, საქალაქთაშორისო ხაზზე ქალი მძღოლი სხვა არ არის და სიამაყით ვიტყვი ხოლმე, პირველი ქალი მძღოლი ვარ ტურისტულ კომპანიებში და ხაზზე მომუშავე-მეთქი (იცინის).
– მანქანის ნომერი – QA 777 JI, ამასაც თავის ისტორია ექნება.
– სამციფრას დროს მინდოდა, მქონოდა სერია „თხა“. მერე შეიცვალა და არ გამომივიდა, ბოლოს ქაჯი მოვიფიქრე. აბა, რომელი ნორმალური აირჩევს ამ ნომერს? მე ხომ მინდოდა, მარტო მე მქონოდა და ამიტომ ავირჩიე, თან სახალისოა და თან ნომერზეც ბევრი ამახვილებს ყურადღებას.
– მარტო მანქანაზე არა, საკუთარ გარეგნობაზეც ძალიან ზრუნავთ.
– გამორიცხულია, გარეთ ტუჩსაცხის გარეშე გავიდე. მგონია, რომ ყველა ქალი ვალდებულია, გაპრანჭული იყოს. არ მიყვარს, მოვალეობის მოხდის მიზნით რომ არჩევენ სამოსს, უბრალოდ, რომ ხორცი დაიფარონ. ყველაფერი ნაფიქრი და ერთმანეთთან შეხამებული უნდა იყოს. ჭეშმარიტ ქალს ნამდვილად აქვს ეს ვალდებულება, ყოველთვის ფორმაში იყოს, მე ასე ვფიქრობ.