მწვერვალ შხელდაზე, უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული ალპინისტი 34 წლის არჩილ ბადრიაშვილია. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა სპორტსმენი მწვერვალზე მეხის დაცემის შემდეგ გარდაიცვალა.
ახალგაზრდა ალპინისტის ტრაგიკულ გარდაცვალებას უამრავი ადამიანი ეხმიანება და სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
არჩილის წარმატებაზე, მის კეთილ ადამიანობასა და მეგობრობაზე დილიდან არ წყდება სოციალურ ქსელში გამოსამშვიდობებელი პოსტები.
ერთ-ერთ ასეთ პოსტს ნინო ჟვანია აქვეყნებს:
„არჩილს არ ვიცნობდი, მაგრამ ისეთ პატივს ვცემდი რომ დავინახე, მახსოვს სანამ გავიაზრებდი ფეხზე წამოვუდექი და ისე მივესალმე. ასე მემართებოდა ზურაზე ოთახში რომ შემოდიოდა ფეხზე ვდგებოდი. ასეთი ადამიანები როცა არსებობენ მშვიდად ხარ, რადგან იცი, რომ ისინი წინ მიდიან“,-წერს ნინო ჟვანია.
ცნობისთვის, 34 წლის არჩილ ბადრიაშვილი გამორჩეული ალპინისტი იყო, რომელსაც ამ სპორტის უმაღლესი ჯილდოც კი ჰქონდა მოგებული.
ბადრიაშვილი 2022 წელს ‘ოქროს წერაყინის’ (Piolets d’Or) გამარჯვებული გიორგი ტეფნაძესთან და ბაქარ გელაშვილთან ერთად გახდა. ქართველმა სპორტსმენებმა პრიზი პაკისტანის აქამდე დაუპყრობელ მწვერვალ სარაგარზე ასვლის გამო მიიღეს.
2020 წელს გამოვიდა ფილმი – “ახალი გზა უშბაზე”, რომელიც ქართველი მთასვლელების ისტორიას მოგვითხრობს და არჩილ ბადრიაშვილი კოლეგასთან, გიორგი ტეფნაძესთან ერთად, დეტალურად მოგვითხრობს, როგორ დალაშქრეს ქართველმა ალპინისტებმა კავკასიონი.