“როდესაც უსამართლობას ვხედავ, ძალიან ცუდი ქალი ვხდები”

ეკა მჟავანაძის “უცნობი მხარე”👇

– ვინ არის ეკა მჟავანაძე?

ეკა მჟავანაძე: ერთი ჩვეულებრივი, თბილისში დაბადებული და გაზრდილი ქალი, რომელსაც ძალიან უყვარს თბილისი და თბილისელები.

– როგორია თქვენი საოცნებო ცხოვრება?

– ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე. ბავშვობაში ვგეგმავდი, რამდენი შვილი მეყოლებოდა, როგორი იქნებოდა ჩემი ქმარი და როგორ გავზრდიდით ჩვენს შვილებს. ჩემს ფანტაზიებში ზღაპრული სამყარო მქონდა დახატული, მაგრამ 90-იან წლებში შევქმენი ოჯახი და პირველი შვილი რომ გამიჩნდა, ქვეყანაში ისეთი მდგომარეობა იყო, რომელიც ძალიან შორს იდგა ჩემი ოცნებებისგან. სამშობიაროდან რომ გამოვედი, შუქი ჩაქრა და 12 წლის შემდეგ აინთო. რაზე უნდა გეოცნება მაშინ – იმაზე, რომ შუქი მოსულიყო და ტელევიზორისთვის გეყურებინა? დაინგრა კომუნისტური წყობა, დარჩი ნულზე და ყველაფერი შეიცვალა – ეს იყო მაშინ ჩვენი რეალობა. მოგვიწია ამასთან შეგუება და ყველაფრის ნულიდან დაწყება. ვიღაც ძლიერი აღმოჩნდა, ვიღაც – სუსტი. ვფიქრობ, რომ მე ამ შემთხვევაში ძლიერი აღმოვჩნდი. მიღებულმა გამოცდილებებმა უფრო მებრძოლი გამხადა, ვიდრე მეოცნებე. თუმცა, ოცნებაც არასდროს დამვიწყებია. პირიქით, ფიქრი და ოცნება ძალიან მიყვარს. მაშინაც ვოცნებობდი, როდესაც ქვეყანა იქცეოდა. ალბათ, იმიტომ, რომ ოპტიმისტი ვარ.

– ახლა რომ ლატარიაში მილიონები მოიგოთ, რას გააკეთებდით?

– ძალიან ბევრ რამეს, მაგრამ არ მინდა. ამხელა ფულის სწორად განაწილებას დრო, ენერგია და ნერვები უნდა. დაღლილი ვარ და აღარ მინდა ფორიაქი. დასვენება და სიმშვიდე მირჩევნია (იცინის). რომ გითხრა, ფული არ მინდა-მეთქი, არ იქნება მართალი, მაგრამ რაც მის მოგებას მოჰყვება, ამაზე ფიქრიც კი უკვე დამღლელია. ხარბი არასდროს ვყოფილვარ, აბსოლუტურად არაფრის მიმართ, მაგრამ ღმერთი ყოველთვის მაძლევდა.

– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე არასწორ საქციელად თუ შეცდომად?

– რომ ვთქვა, შეცდომა არ დამიშვია-მეთქი, მართალი არ იქნება, თუმცა, ვცდილობ, რომ არ დავუშვა. დამიშვია და ალბათ, კიდევ დავუშვებ, მაგრამ ცხოვრება ისეთი რამეა, რომ შეცდომები ბევრს გასწავლის. ვცდილობ, სხვებს არ ვატკინო გული. მირჩევნია, ჩემი შეცდომის შედეგებმა ჩემზევე გადაიაროს უარყოფითად და სხვა არ დაზარალდეს.

– რა გამოცადეთ ბოლო პერიოდში ცხოვრებაში პირველად?

– ჩემი საქმე იმდენად მრავალფეროვანი და სიურპრიზებით სავსეა, რომ მე სულ გამოცდების წინაშე ვარ, იქნება ეს თეატრში თუ ჩემს მეორე პროფესიაში, ვგულისხმობ ქასთინგმენეჯერის საქმიანობას. მუდმივად ახლის ძიებაში ვარ და როდესაც ვპოულობ, კიდევ ვრწმუნდები, რომ შევძელი და ეს ყოველ ჯერზე სიახლეა. როცა მოქმედი ხარ და საქმეს აკეთებ, მით უმეტეს, როცა რამეს ხელმძღვანელობ, სულ ძიებასა და გამოწვევებში ხარ და ალბათ, წინ კიდევ ბევრი ახალი გამოცდილება მელოდება.

– ოდესმე რამე თუ მოგიპარავთ?

– მე ბავშვობაში ხშირად დავდიოდი სამეგრელოში ბებია-ბაბუასთან. ძალიან მიყვარს ჭყინტი სიმინდი და შემიძლია, უზომო რაოდენობით ვჭამო (იცინის). მახსოვს, ბავშვები გავიპარებოდით ხოლმე მის მოსაპარად. მე ხომ ძალიან შორეული წარსულიდან ვარ, მაშინ კომუნისტური წყობა იყო და ჩვენც კოლმეურნეობის ყანებს მივაშურებდით ხოლმე სიმინდისთვის (იცინის). მაშინ ეს ჩემთვის გმირობის ტოლფასი იყო. მეზობლის ბავშვებთან ერთად შევიპარებოდი ყანაში, სიმინდებს ვტეხდით და მერე მდინარის ნაპირზე კოცონს დავანთებდით და ვწვავდით. ძალიან აზიზი ბავშვი ვიყავი, ყველაფრის მეშინოდა, ხვლიკის, ბაყაყის და ასე შემდეგ და სულ შიშით გავრბოდი ხოლმე, რომ რამეს არ წავწყდომოდი. ასე მოპოვებული სიმინდი ისეთი გემრიელი იყო და ეს ყველაფერი – იმხელა თავგადასავალი, რომ დღემდე საოცრად მახსოვს (იცინის). სახლში რომ მოეტანათ ის სიმინდი, ასეთი გემრიელი არ იქნებოდა და ვერც მე ვიქნებოდი ისეთი ბედნიერი.

– ტყუილთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?

– კეთილი ტყუილი მითქვამს. ტყუილი არ არის ჩემი პროფესია?! ქასთინგზე რომ მოდიან მსახიობები, ვეუბნები, კარგად მომატყუე-მეთქი. როცა კარგად იტყუები, კარგადაც თამაშობ და მეც აღფრთოვანებული ვუყურებ შენს თამაშს. ცხოვრებაში კი არ მიყვარს ტყუილის თქმა, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ არ მითქვამს და ამ დროს ძალიან ვიბნევი. შეიძლება, ითქვას, რომ ცხოვრებაში ვერ ვარ დიდი მატყუარა.

– პაემანზე სახალისო შემთხვევა გადაგხდენიათ?

– მე და ჩემი მეუღლე დიდი ხანი დავდიოდით ერთად – წელიწად-ნახევარი. ძალიან სასაცილო იყო, ყოველთვის ერთსა და იმავე ადგილას ვხვდებოდით – ეს იყო ვერაზე, მაშინდელ კიროვის, ახლანდელ ვერის პარკში. მე ვერაზე დავიბადე და გავიზარდე. ჩემი მეუღლეც ვერელია, იქ ვხვდებოდით და სულ ერთსა და იმავე სკამზე ვსხდებოდით. მერე და მერე ხშირად მიფიქრია ამაზე, თუ როგორ ვისხედით იქ საათობით, რა ნერვები გვქონდა (იცინის). არადა, მაშინ ერთი სული მქონდა, მივრბოდი ხოლმე შესახვედრად. კიროვის პარკის იქით ვერ ვიყურებოდით (იცინის). ძალიან თბილი მოგონებები მაკავშირებს ამ ადგილთან. ხომ შეიძლება სითბოსა და კარგ ამინდში იქ შევხვედროდთ, ზამთარში კი – სხვაგან, მაგრამ არა, ზამთარში თუ ზაფხულში ჩვენი შეხვედრის ადგილი უცვლელი იყო. საბედნიეროდ, როცა ძლიერი სიცივეები დაიწყო, ზუსტად იმ პერიოდში გაიხსნა კოოპერატივები და ზამთარში, ყინვის დროს, იქ შევდიოდით ხოლმე (იცინის). დღესაც მეღიმება, როცა ამ პარკს ვხედავ.

– როდის ყოფილხართ ყველაზე სასტიკი?

– ვცდილობ, ძალიან სასტიკი არ ვიყო, მაგრამ როდესაც უსამართლობას ვხედავ, ძალიან ცუდი ქალი ვხდები.

– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?

– გამარჯვებად მიმაჩნია ის, რომ 39 წლის ასაკში პროფესიაში აბსოლუტურად ნულიდან დავიწყე ყველაფერი და მივაღწიე იმას, რომ ჩემი კომპანია შევქმენი და წინ კიდევ გეგმები მაქვს – ეს, რაც შეეხება ქასთინგს.

– არადა, დღეს რომელი მსახიობიც არ უნდა საუბრობდეს ქასთინგზე, ეკა მჟავანაძეს აუცილებლად ახსენებს.

– ეს არის ჩემთვის ბედნიერება. მარტო ის არაა, რომ ეს ჩემი სამსახურია და ხელფასს ვიღებ. საერთოდ, არანაირი შრომა არ მეზარება. შეძლებისდაგვარად ყველაფერს გავაკეთებ და მგონია, რომ ვისაც შრომა არ ეზარება, არ არსებობს, არ გაუმართლოს. გამორიცხულია ასეთი რამ. ახალგაზრდებს ვეტყვი, რომ როცა შრომა გიყვარს, მუდმივად წინ მიიწევ. რაც შეეხება მარცხს, ამის თქმა რთულია. რა უნდა იყოს მარცხი, როცა შვილები მყავს და ახლახან ოჯახის ახალი წევრიც შევიძინე – უმცროსი ბიჭის მეუღლე.

– რა გსმენიათ საკუთარ თავზე – კარგი, რამაც გაგახარათ და ცუდიც, რამაც ცოტა გული გატკინათ?

– ცუდს რაც შეეხება, ეს, ალბათ, ყველამ ნახა, როდესაც „ფეისბუქზე“ ტალღასავით აგორდა ჩემი ვიდეო სპექტაკლიდან. მეგონა, ორ დღეში დამთავრდებოდა ეს ამბავი, მაგრამ იმდენი გაზიარება ჰქონდა, მინიმუმ, ორი კვირა სულ ეს ვიდეო ხვდებოდა ყველას. ვიღაცები მლანძღავდნენ. გასაგებიცაა, ცოტა ისეთი ვიდეო იყო…

ეს სპექტაკლი 2011 წელს ვითამაშე. მერე გაჩერდა და წელს აღადგინეს. რომ გითხრათ, თამაშის დიდი სურვილი მქონდა-მეთქი, არა. 13 წლის წინ მქონდა მასში ნათამაშები და ეს ცოტა არ არის. აღარც ისეთი ასაკი მქონდა, თუმცა, დავთანხმდი, რომ ვითამაშებდი და ასეთი გაუგებრობა მოჰყვა ამ ამბავს. ვიღაცას შეიძლება, არც უნდოდა ამის გაკეთება, მაგრამ ფაქტია, რომ ვიდეოს ძალიან ცუდი გამოხმაურებაც ჰქონდა. მე საერთოდ არ ვფიქრობდი ამაზე. კაცია და გუნება, ერთი რომ ცუდს წერდა, მერე ძალიან ბევრი შეესეოდა და მექომაგებოდნენ, მსახიობია და როლს ასრულებსო. ანტირეკლამის მაგივრად რეკლამა გამოუვიდათ. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც მაშინ გვერდში მედგა. მე, რა თქმა უნდა, პასუხი არავისთვის გამიცია. უბრალოდ, როცა ოჯახი გყავს, ცოტა რთულია. რაც არ უნდა იყოს, შვილებს არ სიამოვნებთ, დედაზე რომ უხეშ სიტყვებს წერენ, ისეთს, როგორიც არ არის საკადრებელი, მაგრამ ყველა თავისი მენტალიტეტიდან და შინაარსიდან გამომდინარე მოქმედებს. ბიჭები მყავს, მე მათ ვუფრთხილდებოდი, არ მინდოდა, გული სტკენოდათ, თორემ ჩემს თავზე სულ არ ვფიქრობდი. მსგავს სიტუაციაში სხვა მსახიობებს, პირველ რიგში, მე ვურეკავ და ვუხსნი, რომ ასეთ რამეებზე არ ღირს ნერვიულობა. რას იზამ, სოციალური ქსელი ისეთი სივრცეა, სადაც ბევრი რამ ხდება. უარესისგან დაგვიფაროს ღმერთმა, თორემ ეს გადავიტანეთ. უბრალოდ, არასასიამოვნო ფაქტი იყო.

კარგიც ამ ამბავში იყო – თურმე, რამდენ ხალხს ვყავრებივარ, როგორი სითბოთი და სიყვარულით მწერდნენ თუ მირეკავდნენ. ბევრს პირადად საერთოდ არ ვიცნობდი, მაგრამ ძალიან თბილად და პოზიტიურად მომიხსენიებდა. ალბათ, არ მიცხოვრია ძალიან ცუდად და ეს ყველაზე დიდი სიმდიდრეა ადამიანისთვის.