მსახიობ მაკა ძაგანიას ცხოვრება პანდემიის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა. ქალაქურ ცხოვრებას სოფლად ცხოვრება არჩია. თბილისთან ახლოს ქმარ-შვილთან ერთად დასახლდა და კორპუსების გარემოში გაზრდილი მსახიობი აქტიური სოფლის მეურნეობით დაკავდა. მას და მის ქმარს სერიოზული გეგმები აქვთ. 1400 კვ.მ ვენახი გააშენეს და მათი საქმიანობა მთლიანად ბიოპროდუქციაზე იქნება ორიენტირებული. მსახიობი ყოველ თავისუფალ წუთს მიწასთან მუშაობაში ატარებს.
„სარკის“ ინტერვიუ ცოლ-ქმრის ცხოვრების ახლანდელ ეტაპს ეხება.
– მაკა,თბილისური, ქალაქური ცხოვრება საერთოდ აღარ გიზიდავთ?
– ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა. ძალიან მსიამოვნებს მიწასთან ურთიერთობა. დილით თვალს რომ ვახელ და კორპუსების ნაცვლად სიმწვანეს ვუყურებ, ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს?! სულ სხვანაირად მამშვიდებს და მაწყნარებს.
ბუნებასთან ახლო კონტაქტი მსიამოვნებს. ფიზიკურად შრომას დაღლაც სხვანაირი ახლავს, მით უმეტეს, შენი დარგული და დათესილი ბოსტნეულის შედეგს რომ ხედავ, სასწაული შეგრძნებაა! ვაზი რომ გავაშენეთ, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ უამრავი შვილი გავაჩინე. სასწაული პროცესია, როდესაც უყურებ, შენს დარგულს როგორ გამოაქვს კვირტები, როგორ იზრდება.
– ზამთრის პირობებში ცხოვრება სოფლად უფრო რთული და მკაცრია. თქვენ როგორ მიეჩვიეთ?
– მიუხედავად იმისა, რომ ქალაქთან ძალიან ახლოს გვაქვს სახლი, ზამთარი ძალიან მკაცრი იცის. ზღვის დონიდან 750 მეტრზე ვართ და ამიტომ ზამთარში სერიოზული სიცივეებია, თუმცა სუსხს თბილი ბუხარით ვებრძვით. ყველა სეზონს გემრიელად ვირგებთ.
ყველაფერს შევეჩვიე. თავიდან მქონდა შიში, ან სასწრაფო რომ დამჭირდეს, ან სხვა რაიმე, რა უნდა ვქნათ-მეთქი, მაგრამ ქალაქთან რომ ძალიან ახლოს ვართ, ეს დიდი კომფორტია. არც ისე საშიში აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა. ყოველდღე მაინც მიწევს თბილისში ჩამოსვლა, ბავშვი სკოლაში დამყავს და ამიტომ არც ურთიერთობის და კომუნიკაციის დეფიციტი მაქვს.
– წლების წინ ალბათ ვერც წარმოიდგენდით, რომ თქვენს ყოფას რადიკალურად შეცვლიდით და სოფლის მეურნეობას მიჰყოფდით ხელს. თუ მიწა ყოველთვის გეძახდათ?
– არა, არც კი ვიცოდი, რომ მიწას შეიძლებოდა ჩემთვის დაეძახა. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ქალაქგარეთ გადავწყვეტდი ცხოვრებას. სოფელი არასოდეს მქონია, აგარაკი მქონდა სურამში და წელიწადში მხოლოდ ორი კვირა თუ ვახერხებდით წასვლას. პირველად აქ დავიწყე მიწასთან მუშაობა და ეს ფანტასტიკური შეგრძნებაა!
– ასეთმა გარემომ თქვენი და თქვენი ქმრის ურთიერთობას ახალი ფერები შესძინა?
– სოფლად ცხოვრებისას მი-ვხვდით, რომ უფრო მეტი საერთო გვაქვს, ვიდრე მანამდე წარმოგვედგინა. ბევრ რამეში ერთნაირი ხედვა აღმოგვაჩნდა. როდესაც საყვარელ ადამიანთან ბევრი საერთო ინტერესი გაქვს და საერთო მიზნისკენ მიდიხართ, უფრო კარგია ცხოვრება.