მუდამ მხიარული, ენერგიული და პოზიტიური გიორგი გაგლოევის ცხოვრებაშიც იდგა საკმაოდ რთული და დეპრესიული მომენტები, თუმცა ამის გამო არასოდეს უთქვამს უარი პროფესიაზე. ბავშვობიდან მსახიობობაზე ოცნებობდა და ეს ოცნება აიხდინა, თუმცა ასახდენი დარჩა მისი სახასიათო შტრიხების საწინააღმდეგო როლების განსახიერება.
გიორგი გაგლოევი: ვერ ვიტყვი, რომ ძალიან იღბლიანი ან ძალიან წარმატებული ადამიანი ვარ, მაგრამ ბედს არ ვუჩივი. ჩემი მეგობარი ნინო მუმლაძე სულ მეუბნება: ნუ ამბობ ასე, იცოდე, ბევრი შენზე ცუდ მდგომარეობაშია და შენ ვერ აფასებ შენს ბედს და იღბალსო. ვფიქრობ, ბევრად წარმატებული უნდა ვიყო ჩემს სფეროში, მაგრამ სამწუხაროდ, საქართველოა და სათანადოდ ვერ ფასდება ვერცერთი პროფესიის, ვერცერთი მოხელის ნიჭი და შემოქმედება.
– მსახიობობა შენი გადაწყვეტილება იყო თუ ვინმემ ან რამემ იქონია გავლენა?
– ხუთი წლიდან მინდოდა მსახიობობა. ხშირად დავყვებოდი მამიდას სამსახურში. იქ იყო რადიო და გადიოდა რადიოსპექტაკლები. ჩავრთავდი ამ ოთხკუთხედ დანადგარს, ვუსმენდი და მიკვირდა, ასე სხვანაირად და მხატვრულად როგორ მეტყველებენ-მეთქი. მოკლედ, რადიოსპექტაკლების მოსმენა სხვა სამყაროში მაგდებდა და აქედან დაიწყო თეატრის სიყვარული. მერე სატელევიზიო სპექტაკლების ყურება დავიწყე, თეატრში სიარული და ცალსახად გადავწყვიტე მსახიობობა. სკოლა ისე გავიარე, ზუსტად ვიცოდი, დავამთავრებდი თერთმეტ კლასს და აუცილებლად გავხდებოდი თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტი.
– ოდესმე გინანია, ეს პროფესია რომ აირჩიე?
– არასოდეს. სამწუხაროდ, ფინანსურად არ ვართ მსახიობები ისე კარგად, როგორც სხვა პროფესიის ადამიანები, მაგრამ მაინც არასოდეს მინანია, მსახიობობა რომ ავირჩიე. მე ეს პროფესია მიყვარს და არასოდეს ვიტყვი, გადაწყვეტილებას ვნანობ-მეთქი. არც კი გამიფიქრია.
– არის ისეთი როლი, რომლის თამაშზეც ოცნებობ?
– ორი გმირი ცხოვრობს ჩემს სხეულში. მთელი ცხოვრება მინდოდა, უარყოფითი გმირი მეთამაშა და რეჟისორებმა არასოდეს მათამაშეს. არადა სულ ვამბობდი: ძალიან საინტერესო იქნება, დადებითი, მოღიმარი, „სმაილი“ ადამიანის მიღმა, უარყოფითი გმირი რომ შევასრულო და ვითამაშო, ვიდრე სახასიათო. ეს ბევრად საინტერესო იქნება, ვიდრე სახე და გარეგნობა რომ გიწყობს ხელს და თამაშობ უარყოფით გმირს-მეთქი. ეს ოცნება, ოცნებად დამრჩა. მოკლედ, დღემდე ისე მოვედი, არცერთი უარყოფითი როლი არ მითამაშია. რატომ – არ ვიცი, მაგრამ დღემდე მაქვს ოცნებად.
– რა მიგაჩნია შენი ცხოვრების მთავარ წარმატებად?
– ჩემს ყველაზე დიდ წარმატებად მიმაჩნია ის, რომ დღეს თვრამეტი, ოცი, ოცდახუთი წლის ახალგაზრდები მოდიან და მეუბნებიან: შენ, მთელი ჩემი ბავშვობა ხარ, შენს როლებზე გავიზარდეო. გულისხმობენ სერიალებს: „გოგონა გარეუბნიდან“ და „შუა ქალაქში“. შემდეგ კი გასართობი გადაცემაც მიმყავდა ნინო მუმლაძესთან ერთად და იქიდანაც მცნობენ. მაშინ მეც პატარა ვიყავი, მაგრამ ამ თაობას ბავშვობიდან რომ ვახსოვარ, მიხარია. ალბათ, იმათი გადმოსახედიდან, ძალიან დიდი ვარ, თუმცა სულ რამდენიმე წლით დიდი ვარ, ბევრით არა (იცინის). სერიალაში რომ გამოვჩნდი, არასოდეს დამავიწყდება ჩემი პირველი დიდი ემოცია, როცა ჟურნალისტმა პირველად დამირეკა და მითხრა, შენთან ინტერვიუ უნდა ჩავწეროო. რომ დამიბარა, ჩუმად მივიპარე და კარგა ხანს შორიდან ვუყურებდი ჟურნალისტს, ვინმე ხომ არ მეღადავება-მეთქი (იცინის). სხვათა შორის, ყველა ჟურნალი მაქვს შენახული, სადაც ყდაზე ვარ. არ დამავიწყდება, რუსთაველის თეატრში ვიყავით სპექტაკლზე და ბატონი ნოდარ მგალობლიშვილი მოვიდა და მითხრა: მე ვარ ნოდარ მგალობლიშვილი, სულ გგულშემატკივრობ ეკრანზე, სერიალებში და მე ვარ შენი ფანიო. ეს წონიანი ადამიანი ამ სიტყვებს რომ გეტყოდა, ხომ წარმოგიდგენიათ ჩემი ემოცია. ზოგადად, მაყურებელი არა თეატრის სცენიდან, არამედ ტელეეკრანიდან მიცნობს. სამწუხაროდ, დღევანდელმა ცხოვრებამ მოიტანა, თუ არ ჩანხარ ეკრანზე და თუ არ ხარ სატელევიზიო პროექტში დაკავებული, საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილი გიცნობს. ასე რომ, ჩემი ცნობადობა ტელევიზიის დამსახურებაა და არა თეატრის სცენის. აბა, მეფე ლირი მე არ მითამაშია, რომ ფართო საზოგადოებას, როგორც თეატრის სცენაზე მოღვაწე მსახიობი გავეცანი (იცინის).
– პოზიტიური, ენერგიითა და იუმორით სავსე ბიჭი ხარ. შენგან სულ დადებითი ემოციები მოდის. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ შენს ცხოვრებაში საკმაოდ ცუდი მომენტებიც იყო. როდის იდგა ყველაზე რთული პერიოდი შენს ცხოვრებაში?
– ჩემს ცხოვრებაში ბევრი ცუდი მომენტი ყოფილა. საკმაოდ დამიგროვდა უსიამოვნო, ცუდი, მძიმე მომენტები, მაგრამ არასოდეს მითქვამს: როლის სათამაშოდ არ წავალ-მეთქი. სხვათა შორის, წლების წინ ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა, დედა გარდამეცვალა, მაგრამ არცერთხელ, არცერთი წუთით არ მიფიქრია, არ დავდგები სცენაზე ან არ ვითამაშებ სერიალში-მეთქი.
– ჯანმრთელობის პრობლემაში რას გულისხმობ? და, თუ იყო დეპრესია?
– ცუდად გავხდი, ვერ ვხვდებოდით რა მჭირდა, ერთ თვეში ოცი კილო დავიკელი. გავიკეთე ბიოფსია და ღმერთის წყალობით, გადავრჩი და არ აღმომაჩნდა ის ავად სახსენებელი დაავადება. ვიმკურნალე და გამოვჯანმრთელდი. იყო შიში, განცდა, თუმცა, არც მაშინ მიფიქრია სცენის მიტოვება.
ერთადერთხელ მქონდა დეპრესიული მომენტი, როცა ამბობდნენ: ტელევიზიაში პროექტი დაუხურეს, სერიალი დაიხურა და თეატრიდან გამოუშვესო. გამომიშვეს კი არა, გამომაგდეს! საკმაოდ კარგი შემოსავალი მქონდა, სამ სამსახურში ვმუშაობდი, მაგრამ სამივე ერთდროულად დავკარგე. ჩემი პირველი დეპრესია იყო, როცა სერიალი „გოგონა გარეუბნიდან“ და სატელევიზიო პროექტი დაიხურა, მას მიება თეატრიდან გამოშვება და გაკოტრების გამო კერძო კომპანიიდან წამოსვლა. ჩემი ამ სამი სამსახურის ერთდროულად დაკარგვა იცით, როგორი დეპრესიით შემოიფარგლა? დავურეკე ნინო მუმლაძეს და ვუთხარი: სასწრაფოდ წამყევი საშოპინგოდ-მეთქი. ჩემი დეპრესიიდან გამოსვლაა, როცა მივდივარ და ვყიდულობ ტანსაცმელს. ამის მერე, დეპრესია ქრება და ეგრევე „ვიხოდები“.
– თეატრიდან რატომ გამოგაგდეს, რა იყო მიზეზი?
– ნამდვილად არ ვიცი. მოზარდ მაყურებელთა თეატრში, ჯერ ხელფასი გამინახევრეს და მერე ხელშეკრულება აღარ გამიგრძელეს. ჩათვალეს, მე თეატრისთვის არ ვიყავი საჭირო. ვინც გამომაგდო, არც მისი მიყვანილი ვიყავი და არც მისი მიღებული, მაგრამ ასე გადაწყვიტა, არ ვიცი, თეატრის განვითარების როგორი ხედვა ჰქონდა ან რა სპეციფიკას ხედავდა. ფაქტია, გადაწყვიტა, თეატრისთვის საჭირო არ ვიყავი. ფიფქია და შვიდი ჯუჯა რომ დაიდგა, შვიდივე ჯუჯა ფიფქიაზე მაღალი ჰყავდათ და ვამბობდი, ჯუჯად მაინც დავეტოვებინე-მეთქი (იცინის).
– თქვი, რომ დედის გარდაცვალება, ყველაზე ტრაგიკული მომენტი იყო შენს ცხოვრებაში. ალბათ, არც გინდა იმ დღეების გახსენება.
– ახლა გახდება ერთი წელი, რაც დედა გარდაიცვალა. კი ვიცოდი, რომ შერყეული ჰქონდა ჯანმრთელობა, მაგრამ ასე მალე თუ დამტოვებდა, არ მეგონა. ვერაგი დაავადება რომ აღმოაჩნდა, ერთ თვეში აღარ იყო. რომ ამბობენ, დედის გარდაცვალებისას ვიგრძენი, გავიზარდეო, ეს დამემართა. ყოველდღე, ისევ ველოდები ზარს მისგან და აღარ რეკავს. არადა, სულ ველოდები, ახლა დარეკავს და მეტყვის: სად ხარ, როდის მოხვალო? სულ აინტერესებდა, სად ვიყავი და მისგან ეს კონტროლი დამაკლდა, აღარავინ მირეკავს და მეკითხება: რამდენ ხანში დაბრუნდებიო. სულ მელოდებოდა და ეს მოლოდინი მაკლია. დედის გარდაცვალების მერე მივხვდი, აწი მე უნდა გავართვა თავი ყველაფერს, სხვა ვერაფერს გამიკეთებს, ჩემი თავის პატრონი თავად ვარ.
– ბევრი ჭორი დადიოდა შენსა და შენს უახლოეს მეგობარ ნინო მუმლაძეზე. ამ თემაზე, ორივე ხშირად ხუმრობდით. ნინო გათხოვდა და არაჩვეულებრივი მეუღლე და შვილი ჰყავს. შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?
– ნინო დავაბინავე და ახლა, ჩემს თავს მივხედავ (იცინის). სხვათა შორის, ნინოს მე გავაცანი მისი მომავალი ქმარი, მათი სიყვარულის ამბავი კი ერთ-ერთი სატელევიზიო გადაცემიდან გავიგე.