იღბალი თუ შრომისმოყვარეობა, რას მიუძღვის ადამიანის წარმატებაში უფრო დიდი წვლილი – ამ საკითხზე საკუთარ გამოცდილებას ისტორიკოსი, ხელოვნების სასახლის დირექტორი და ტელეწამყვანი გიორგი კალანდია გაგვიზიარებს.
გიორგი კალანდია: როგორც ვიცით, იღბალზე არ უნდა იწუწუნო, ამიტომ ვეცდები, ასე არ მოვიქცე, თუმცა, ჩემს ცხოვრებაში იღბალზე მეტ როლს შრომისმოყვარეობა თამაშობს. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ უიღბლო ადამიანი ვარ, საერთოდ, მჯერა, რომ იღბალი ყველა ადამიანს აქვს, შანსი ყველას ეძლევა, მაგრამ ადამიანი უნდა მიხვდეს, რომ საჭირო მომენტში საჭირო ადგილას აღმოჩნდა და არსებული შანსი გამოიყენოს, თუმცა, მაინც ვფიქრობ, რომ ყველაფერი, რისთვისაც მიმიღწევია, იყო არა იღბლის, არამედ, უფრო მეტად, ჩემი შრომისმოყვარეობის დამსახურება.
– ეს თანდაყოლილი თვისებაა თუ გამომუშავებული?
– ამის თქმა გამიჭირდება, მაგრამ თამამად ვიტყვი, რომ მე არასდროს არ ვარ იღბლის იმედად. დაახლოებით, 20 წლის წინ, როცა ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, მეგონა, რომ შეიძლებოდა, ლატარიაში ფული მომეგო და უცებ გავმხდარიყავი ძალიან მდიდარი ადამიანი ან არქოლოგიური გათხრებისას, იღბლის წყალობით, რაღაც განსაკუთრებული აღმომეჩინა და ასე შემდეგ. მერე მივხვდი, რომ ეს წარმოუდგენელია. შრომისმოყვარეობა, სკოლის ასაკიდან მოყოლებული, ჩემი განუყრელი თვისება იყო, მაგრამ ამის გაცნობიერების შემდეგ, ეს თვისება გამიორმაგდა. როცა რამის განხორციელებას ჩავიფიქრებ, ვიცი, რომ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა ჩავდო და არა გავიღო მინიმუმი და დაველოდო გარემოებების სასიკეთო დამთხვევას. მე სასურველ გარემოებებს არასდროს ველოდები. პირიქით, უმეტეს შემთხვევაში, გარემოებები ხელისშემშლელია ხოლმე. მთელი აქცენტი შრომისმოყვარეობაზე მაქვს გაკეთებული და ეს არის თანდაყოლილიც, თუმცა, მეტწილად გამომუშავებული თვისება. საკუთარ თავს ყოველთვის შთავაგონებდი, რომ ეს აუცილებელი იყო – დაწყებული დილით ადრე ადგომით, ნებისყოფის გამომუშავებით თუ ასე შემდეგ. მწვრთნელივით ვუდგებოდი ჩემს თავს.
ეთერში რომ ვზივარ, ალბათ, მაყურებელიც შეამჩნევს, ძალიან ხშირად პიჯაკზე მარცხენა მხარეს ფუტკრის გამოსახულების ოქროსფერი გულსაბნევი მიკეთია და ძალიან მომწონს, რადგან ფუტკარი სწორედ შრომისმოყვარეობის სიმბოლოა. საკუთარ თავზე არაფერს ვიტყვი, მაგრამ მე ძალიან მომწონს შრომისმოყვარე ადამიანები. იაკობ გოგებაშვილი ერთ-ერთ შეგონებაში ქართველების ცხოვრების წესთან დაკავშირებით ხაზგასმით ამბობს, რომ ბოლო პერიოდში, სამწუხაროდ, გვაქვს მუდმივი პრობლემა შრომისმოყვარეობისა. მოკრძალებული ცხოვრების წესს დამატებული შრომისმოყვარეობა, მეჭირნახულეობა, რომ დავარქვათ იაკობის ენით, ადამიანის ის თვისებებია, რომელიც მე ძალიან მომწონს და ვცდილობ, თავადაც ასე ვიცხოვრო.
– ადრე ხშირად გვესმოდა, ნიჭიერია და ყველაფერს მიაღწევსო, დღეს უფრო რეჟიმსა და დისციპლინაზე კეთდება აქცენტი…
– დიახ, ყველაფერი საკუთარი თავის წვრთნასთან არის დაკავშირებული. მე მუდმივად რეჟიმში ვცხოვრობ. საკუთარ თავთან მუდმივად გარკვეული მოთხოვნები მაქვს. არ დავმალავ და ვიტყვი, რომ საკმაოდ მკაცრი უფროსი ვარ. ხელოვნების სასახლის წარმატების ფორმულა ზუსტად ეს მგონია. ის, რომ ხელოვნების სასახლე ნანგრევებიდან საქართველოს წამყვან მუზეუმად იქცა, მხოლოდ და მხოლოდ რეჟიმის დამსახურებაა. ჩვენ, ყველანი, ვიყავით მკაცრ რეჟიმში. ჩვენს ორგანიზაციაში რამდენიმე წუთით დაგვიანების პრეცენდენტიც კი ძალიან მკაცრი რეაგირების საფუძველი იყო. როდესაც მუშაობა დავიწყე, ძალიან კარგად ვაცნობიერებდი, რომ მხოლოდ და მხოლოდ ასე – დისციპლინირებული და თავდაუზოგავი შრომით შეიძლებოდა შედეგის მიღწევა და ასეც მოხდა – რამდენიმე წლის წინ ნგრევის პირას მყოფი და სრულიად უცნობი მუზეუმი, დღეს საქართველოს და არამხოლოდ, ერთ-ერთი წამყვანი მუზეუმია და ეს მთელი ჩვენი ჯგუფის შრომისმოყვარეობის შედეგია. როცა ამის შედეგს ხედავ, ყველაზე სასიამოვნო შეგრძნებაა.
ალბათ, უმეტესობას გვქონია ზედმეტი წონა და მასთან ბრძოლა, მით უმეტეს, როცა გარკვეულ ასაკს გადააბიჯებს ადამიანთა უმეტესობისთვის ნაცნობი საკითხია. მეც მქონია ეს პრობლემა და ამ მხრივაც, მუდმივად საკუთარი თავის წვრთნაში ვარ. როდესაც მიღწეულ შედეგს სარკეში ხედავ, ხომ ძალიან კმაყოფილი ხარ?! ასეთ დროს მოტივაცია კიდევ უფრო გიძლიერდება. ასეა ნებისმიერი შრომის შედეგის ხილვისას, მიღწეულის დანახვა, კიდევ უფრო მეტის გაკეთების სურვილს გიჩენს.
– თუმცა, ისეც ხდება, რომ ბევრს ვშრომობთ, მაგრამ მერე ვამბობთ ხოლმე: ყველაფერი წყალში ჩაიყარაო…
– ძალიან ბევრჯერ. რამდენიმე დღის წინ ლექციაზე სტუდენტებს ვესაუბრებოდი ამ თემაზე. 21-ე საუკუნეში სოციალური ქსელების ეპოქაა და ადამიანებს მიაჩნიათ, რომ ერთი კარგი ვიდეოთი შეიძლება, ერთ დღეში გახდნენ ძალიან პოპულარულები და კარგშემოსავლიანები. ამიტომ დღევანდელი ახალგაზრდობის უმეტესობაში გაჩნდა ყალბი წარმოდგენა, რომ იღბლითა და „ნიჭიერებით“ შეიძლება, ძალიან მოკლე დროში მდიდარი და წარმატებული ადამიანი გახდე. რადგან ამ თემაზე ლექცია უნდა წამეკითხა, ვეცადე ღრმად ჩამეხედა საკითხში და აღმოვაჩინე, რომ ყველა ძალიან ცნობილი და მდიდარი ადამიანი, ილონ მასკი იქნება, ბილ გეითსი თუ სხვა, თავდაუზოგავი შრომის შედეგად გახდა წარმატებული. ჩვენ გვგონია, რომ ყველამ ადვილად მიიღო წარმატება, თუმცა, მათ ბიოგრაფიაში რომ ჩაიხედავ, დაინახავ, რამდენჯერ სცადეს და რამდენჯერ „ჩაეყარათ წყალში“ შრომა, მაგრამ გული არ აცრუებიათ და წარმატების ძიება განაგრძეს. როცა სასურველ შედეგს ვერ იღებ, გგონია, რომ უიღბლო ხარ, კოსმოსი არ გეხმარება, უბედურ ვარსკვლავზე გაჩნდი და ასე შემდეგ, მაგრამ, როცა ასეთი წარმატებული ადამიანების ბიოგრაფიაში ჩაიხედავ, მიხვდები, რომ მასა და შენს შორის მხოლოდ ერთი განსხვავებაა, მათ ფარ-ხმალი არასდროს დაუყრიათ და თუ ასე არ გამოსვლიათ, ისე უცდიათ. ხოლო, ის, რასაც დიდი შრომა არ უდევს საფუძვლად, ძალიან მალეც ქრება.
– პირადად თქვენ რა გეხმარებათ წარუმატებლობის მომენტში, რომ ფარ-ხმალი არ დაყაროთ?
– სხვა გამოსავალი არ არის. მგონია, რომ თუ ახალ საქმეს არ დავიწყებ, გამოუვალ სიტუაციაში აღმოვჩნდები, ეს სიკვდილის ტოლფასია. მე არაერთი პროექტის, წიგნისა და სატელევიზიო გადაცემის ავტორი ვარ.
ადამიანებს ესმით, „გიორგი კალანდიამ მოიგო რუსთაველის ფონდის პროექტი“, „მოიგო ამერიკის შეერთებული შტატების პროექტი“ და ასე შემდეგ და შეიძლება, ბევრი ფიქრობს, რა კარგია, გზა ია-ვარდით აქვს მოფენილიო. არადა, დისშვილებს ვფიცავარ, წლის განმავლობაში მინიმუმ 10-12 პროექტს ვწერ. წელიწადი შეიძლება ისე გავიდეს, რომ არცერთმა პროექტმა არ გაიმარჯვოს ან 15 დავწერო და ერთმა მოიპოვოს გამარჯვება. ერთია, რა ჩანს და მეორეა, რა დგას მის უკან. მე ჩემს თავზე არ ვამბობ, მაგრამ წარმატებულ ადამიანებს რომ ვუყურებთ, გვგონია, რომ მათი მიღწევებისა და ღიმილის უკან, მხოლოდ მოოქრული კიბეებია, რაშიც ძალიან ვცდებით. სინამდვილეში ეკლიანი გზა, ბევრი შრომა, ცრემლი, იმედგაცრუება, მაგრამ იმედი და თავდაუზოგავი მცდელობებია.
– ამ პროცესში რთულია, საკუთარ თავს გაუფრთხილდე ფიზიკურ თუ მენტალურ დონეზე. ეს რამდენად გამოგდით?
– გადასარევად გამომდის. ეს უმთავრესია და საკმაოდ ადრეულ ასაკში ვისწავლე, რომ თუ საკუთარ თავს არ დავზოგავ, თუ საკუთარ ინტელექტუალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას არ გავუფრთხილდები, ყველაფერი უკან დარჩება და ყველა მიზანი მიუღწეველი მექნება. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში არაერთგზის ბულინგისა და უსაფუძვლო თავდასხმის თუ ლანძღვის საგანი გავმხდარვარ, მაგრამ შემიძლია, ვთქვა, რომ ამაზე არ მინერვიულია. ვერ ვიტყვი, რომ ყურადღება არ მიმიქცევია, ყურადღებას ვაქცევ და ვითვალისწინებ კიდეც, მაგრამ ეს ჩემი მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობის შელახვის საფუძველი ვერ გახდება, რადგან ძალიან კარგად ვაცნობიერებ, რომ მთავარი სწორედ ამის შენარჩუნებაა. თავდაუზოგავად არაფერს ვაკეთებ, რადგან თუ წარმატებას მივაღწევ, მინდა, ის სასიკეთოდ გამოვიყენო და არა თავის დასაზიანებლად.