მსახიობი მაშო მელქაძე წლებია, ოჯახთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს. მართალია, პირველ თვეებში ძალიან გაუჭირდა უცხო ქვეყანაში საკუთარი ადგილის პოვნა, მაგრამ მერე ადაპტაცია შეძლო, გააქტიურდა, მეორე შვილიც გააჩინა და ახლახან თორმეტწლიანი ურთიერთობის შემდეგ საყვარელ მეუღლესთან, დავით ქელეხსაშვილთან ჯვარიც დაიწერა. ჟურნალი „თბილისელები“ ულოცავს და უსურვებს წყვილს დიდხანს ჯანმრთელად და სიყვარულში ცხოვრებას.
მაშო მელქაძე: შვიდი წელია, რაც საქართველო დავტოვე. ერთი წლით ადრე დედა წამოვიდა ამერიკაში და მერე ჩვენც – მე, ჩემი მეუღლე და უფროსი გოგოც – ჩამოვედით, მაშინ მეორე არ მყავდა. ჩემმა მეუღლემ სამსახური დაკარგა, მარტო ჩემი, მსახიობის ხელფასი ვერ იქნებოდა საკმარისი და ფინანსური კრიზისის გამო გადავწყვიტეთ, წამოვსულიყავით. ვიზები გვქონდა, სამი თვით ჩამოვედით, დედა რომ მენახა და მერე დავრჩით..
– გაგიჭირდა უცხო ქვეყანაში ცხოვრების დაწყება?
– თავიდან, შვიდი თვე ძალიან გამიჭირდა. სახლიდან გარეთ ვერ გავდიოდი. თუ გავდიოდი, შიშები და პანიკები მეწყებოდა, წერტილი მეგონა თავი ამ სამყაროში და ძალიან რთული იყო. ჩემმა მეუღლემ უფრო მარტივად მოახერხა ადაპტირება, რადგან აქ ბევრი მეგობარი ჰყავდა, მათ შორის ბავშვობის მეგობრები.
– საქართველოში „თავისუფალი თეატრის“ მსახიობი იყავი. არ გაგიჭირდა სცენის დათმობა? ალბათ, დღემდე სიზმარში ნახულობ, რომ სცენაზე გადიხარ.
– სხვათა შორის, პირველი შვილის დაბადების შემდეგ თეატრში ნაკლებად ვიყავი დაკავებული. ბოლო წელი თეატრში თითქმის არც მივდიოდი, ძირითადად, სატელევიზიო პროექტებზე ვიყავი დაკავებული. ეს პროექტებიც, მოგეხსენებათ, უწყვეტი არ არის, ხან არის, ხან – არა. რა თქმა უნდა, იმ შვიდი თვის განმავლობაში, შიშებთან ერთად, იყო ის ტკივილიც, რომ მე, როგორც მსახიობს, არასრული ინგლისური ენის მცოდნეს, ბავშვით, ამ ქვეყანაში ძალიან გამიჭირდებოდა, რთული იქნებოდა. კი მეუბნებოდნენ, ქასთინგები ტარდება და იქნებ ბედი გეცადაო, მაგრამ არც კი ვუსმენდი. არ მიყვარს ლოდინის რეჟიმში ყოფნა, ფაქტობრივად, მე ჩემს თავში დავასრულე სამსახიობო კარიერა და ეს გადავლახე, ასე მომიწია. ახლა, უფრო თამამად ვარ, მაშინ კი წინ ვერაფერს ვხედავდი, ერთი დიდი ტრაგედია იყო ჩემი აქ ყოფნა, რადგან მეგობრები, ჩემი და, ოჯახის ნაწილი დავტოვე. ჩემთვის კი ცხოვრებაში ყველაზე მთავარი ურთიერთობებია. ერთი სიტყვით, ძალიან რთული იყო, კარიერაც დავტოვე და აღარც მიფიქრია. სხვათა შორის, რაღაც დროის გასვლის შემდეგ და ჩემდა გასაკვირად, სატელევიზიო პროექტებიდან მაინც მცნობდნენ ემიგრანტები. გარეთ გასვლა და ხალხთან კომუნიკაცია რომ დავიწყე, უდიდეს სითბოსა და სიყვარულს ვიღებდი და ამან კიდევ უფრო მეტი სტიმული მომცა. მე არ ვიცნობდი, ჩემი მეუღლე კი მეგობრობდა ნინი წიკლაურთან და მოხდა ისე, რომ მეც გავიცანი, თავისი სასიმღერო სტუდია აქვს და მან გადამადგმევინა პირველი ნაბიჯი. მიბიძგა, მოდი, ერთად რამე გავაკეთოთო. დავიწყეთ თეატრალური წრის შექმნა, მერე, უკრაინასთან მიმართებაში, საქველმოქმედო პროექტებზე ვიმუშავე.
– მაშო, წლების წინ, შეხვდი მამაკაცს, რომელიც შენი ცხოვრების მეგზურად აირჩიე.
– ჩემს ქმარს ოცი წლის წინ შევხვდი და ვიყავით საუკეთესო მეგობრები. შემდეგ, მივხვდით, მეგობრული სიყვარული, სერიოზულ სიყვარულსა და გრძნობაში გადაიზარდა და თორმეტი წლის წინ ოჯახი შევქმენით. არასდროს დამავიწყდება ჩვენი ორიგინალური ხელის მოწერა (იცინის). ქორწილს ვაპირებდით, მაგრამ გადაიდო და გადაიდო და ერთ დღეს, მეგობრის დაბადების დღეზე ვიყავი და იქ ვთქვით: მოდი, ხელი მოვაწეროთო. სამეგობრო ჩავსხედით მანქანებში, ჩავედით სიღნაღში, გავაღვიძეთ ხელის მომწერი ქალი და ასე დავაკანონეთ ჩვენი ქორწინება ღამის ოთხ საათზე.
– და, მას შემდეგ გავიდა 12 წელი, ამერიკაში გააჩინე მეორე შვილი და ახლახან გადაწყვიტეთ, ჯვარი დაგეწერათ. როგორ დაგეგმეთ და სად დაიწერეთ ჯვარი?
– ჩვენი ჯვრისწერაც სპონტანურად დაიგეგმა. ჩემი ქმარი აქ სხვა შტატში მუშაობს. ორი დღით ადრე ჩამოვიდა და ბოლო დღეს გადაწყდა ჯვრისწერა. ორი კაბა შევარჩიე და ულამაზესი ფოტოსესიაც მოვაწყვეთ. სულ გვქონდა ჯვრისწერის სურვილი, მაგრამ რატომღაც ვერ მოვახერხეთ. ჩემი დაბადების დღე 20 სექტემბერია, თანაცხოვრებაც ამ დღეს და რიცხვში დავიწყეთ და ჯვრისწერაც ამ დღეს დავამთხვიეთ. ჯვარი დავიწერეთ ნიუ-იორკში, უკრაინულ ტაძარში, სადაც წმიდა დედა მატრონას სასწაულმოქმედი ხატია, ჩემთვის მნიშვნელოვანი ხატი და მფარველი. ქართული კუთხეც არის, ძალიან მიყვარს ამ ეკლესიაში სიარული და ამიტომ, იქ დავიწერეთ ჯვარი.
– ვინც ფოტოები ნახა, ყველა დამეთანხმება, ამ დღეს ძალიან ლამაზი იყავი. ვინ შეგირჩია იმიჯი?
– პატარძლის კაბა ყველას გრძელი და საზეიმო წარმოუდგენია. მე კი პირველად ვირგებდი საპატარძლო იმიჯს და მინდოდა, თან ლამაზი ყოფილიყო, თან საზეიმო და თან ორიგინალური. ამიტომ, მოკლე, სადა, დეკოლტე კაბა შევარჩიე და ზემოდან შემოცმული პიჯაკი. ფოტოსესიისთვის მინდოდა ასეთი იმიჯი და ძალიან კარგი ფოტოები გამოვიდა. თუმცა, ჯვრისწერაზე სხვა თეთრი კაბა მეცვა, ისიც მოკლე. ლუქის შერჩევაში კი ჩემი მეგობარი გოგო, კაწია აფსნაძე დამეხმარა. მეჯვარეებად მყავდნენ, ჩემი ორივე შვილის ნათლიები და უახლოესი მეგობრები. ცერემონიალს, ასევე, ჩემი ორივე შვილი, დედა და მეგობრებიც ესწრებოდნენ. ძალიან მგრძნობიარე ვარ და იმდენად იმოქმედა ჯვრისწერის წამებმა, გული ამიჩუყდა და ცრემლები მდიოდა. მეორე დღეს, ჩემი პატარა შვილი სკოლაში რომ მივიდა, ამაყად განაცხადა: მე დედაჩემის ქორწილში ვიყავიო (იცინის). სამახსოვროდ ულამაზესი ფოტოები დაგვრჩა, რომლიც ბრუკლინში საკმაოდ წარმატებულმა ფოტოგრაფმა, ეკატერინე ესებუამ გადაგვიღო. ეს დღე, ჩემი შვილების დაბადების შემდეგ, ყველაზე ტკბილ მოგონებად დამრჩება. მერე ბრუკლინში, საუკეთესო ქართულ რესტორან „ოდა ჰაუსში“ აღვნიშნეთ. საღამოს ნინი წიკლაური გვილამაზებდა თავისი სიმღერებით. სულ 27 კაცი ვიყავით და ვიწრო წრეში კარგად მოვილხინეთ. უბრალოდ, გული მწყდება, რომ ჩემი ბევრი ახლობელი ვერ დაესწრო ჩემს ამ ბედნიერ დღეს და გადავწყვიტე, საქართველოში რომ ჩამოვალ, ჩემი საყვარელი ადამიანების გვერდით, ყოველ წელს გადავიხადო ქორწილი.