ბელა ნოზაძე მსახიობ ლაშა რამიშვილის მეუღლე გახლავთ. წყვილი ახლახან ამერიკული მოგზაურობიდან დაბრუნდა, სადაც ბელას ოცნების ასასრულებლად იყვნენ. უფრო მეტს თავად ბელა მოგვიყვება.
ბელა ნოზაძე: ამერიკაში მოგზაურობაზე ყოველთვის ვოცნებობდი. საბედნიეროდ, მე და ჩემმა მეუღლემ უკვე ბევრ ქვეყანაში ვიმოგზაურეთ, მაგრამ ამერიკა ჩემთვის ყოველთვის გამორჩეულად სასურველი იყო. საერთოდ, მეოცნებე ადამიანი არ ვარ, ამასთან, რეალისტიც და ძალიან მყარად ვდგავარ მიწაზე. ნაკლებად ვიცი იმის ხაზგასმა, რაც ძალიან მინდა, რისი განსაკუთრებული სურვილიც მაქვს, მაგრამ ამერიკაში მოგზაურობა ერთადერთი რამ იყო, რასაც ბავშვობიდანვე ვაჟღერებდი. იმდენად მინდოდა, ჩემდა უნებურად მეთქმევინებოდა ხოლმე (იცინის).
ეს რომ ლაშამ გაიგო, გადაწყვიტა, ჩემთვის ოცნება აესრულებინა – ნატვრისთვალი მეუღლე მყავს. ვერ ვიტყვი, რომ ბევრჯერ მითქვამს მისთვის ჩემი ამ სურვილის შესახებ, ალბათ, სულ ერთხელ მექნება ნახსენები, რომ ბავშვობიდან ეს ოცნება მქონდა, მაგრამ როგორც კი გაიგო ამის შესახებ, მაშინვე დაიწყო ზრუნვა, რომ ამერიკაში მოვხვედრილიყავი. მოგეხსენებათ, ამისთვის ვიზა არის საჭირო, რომელიც მარტივი მოსაპოვებელი არ არის, მაგრამ როგორღაც ყველაფერი მოხერხდა და შემოდგომისთვის ამერიკაში მოგზაურობა დაიგეგმა. იქიდან ახლახან დავბრუნდით და ისეთ ემოციებში ვარ, რომ ვერც აღგიწერთ. ისე მიხაროდა, თითქოს პირველად ვიყავი სამოგზაუროდ. ამერიკულ ფილმებს ყოველთვის ვუყურებდი და ისეთი განცდა მქონდა, თავი ტელევიზორში მეგონა, თითქოს, ყველაფერი ვიცოდი, ყველაფერი ნანახი მქონდა, ქუჩებსაც კი ვცნობდი (იცინის).
– როგორი შეგრძნება იყო, პირველად რომ დადგით ფეხი საოცნებო ქვეყანაში?
– ბავშვობის ოცნების ახდენა, სულ სხვა ემოცია ყოფილა. ამერიკაში ბევრი ქართველია და მე არ მახსენდება იქიდან ვინმე აღფრთოვანებული ჩამოსულიყო. ლაშა ადრეც იყო ამერიკაში და რომ ჩამოვიდა, მითხრა, არ არის ისეთი, როგორიც შენ გგონიაო. იგივე ბევრისგან მომისმენია, მაგრამ ჩემთვის სულ სხვა იყო ეს ქვეყანა. ზუსტად ის ამერიკა დამხვდა, როგორიც წარმომედგინა. ჯერ ერთი, რომ ჩემი სურვილი იმდენად დიდი იყო, ყველა ნაბიჯს უდიდესი სიხარული გასდევდა. ყველაფერი წინასწარ მქონდა გათვლილი, რა უნდა მენახა და რა გამეკეთებინა. ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ ამერიკაში დაგვხვდნენ არაჩვეულებრივი ქართველები, ლაშას მეგობრები და სასწაულ გარემოში აღმოვჩნდით. მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ზუსტად ისეთი ამერიკა მენახა, როგორზეც ვოცნებობდი. ისინი რომ არა, შეიძლება, ასეთი შთაბეჭდილებებით არ დავბრუნებულიყავი, დაუვიწყარი დღეები მოგვიწყვეს. გაწერილი ჰქონდათ გეგმა, მთელი შვიდი დღის განმავლობაში – სად უნდა წავსულიყავით და რა უნდა გვენახა. ლაშას და მათი დამსახურებით თავი რომელიღაც ჰოლივუდური ფილმის გმირი მეგონა (იცინის).
– რა ნახეთ?
– ნიუ-იორკში მოკლე დროში თუკი რამის ნახვა შეიძლებოდა, ყველაფერი ვნახეთ, ყველანაირი ამერიკული საჭმელი დავაგემოვნეთ, რაც კი მაინტერესებდა. გული არაფერზე მწყდება. ქუჩის საკვები იყო თუ მაღალი კლასის რესტორნის კერძი, ყველაფერი გავსინჯეთ. ძალიან გაგვიმართლა, რომ ჰელოუინის წინა პერიოდი დაემთხვა და სახლები სასწაულად ჰქონდათ მორთული. ყველა სახლი საშიშად ლამაზად გამოიყურებოდა. როგორც მივხვდი, ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვისი სახლი უფრო საშიშად გამოიყურებოდა. ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ საქართველოში ცხოვრებაში არ აღმინიშნავს ჰელოუინი, მაგრამ იქ იმდენად გადამდები განწყობა იყო, რომ ვერც გავიგე, ჩემს ჩემოდანში სამი დიდი გოგრა როგორ აღმოჩნდა (იცინის). მაღაზიაში ბავშვებისთვის საჩუქრებს ვყიდულობდით, როცა სამი სხვადასხვა ზომის ასაწყობი გოგრა დავინახე, მაშინვე ჩავიხუტე და ლაშას მივუტანე სალაროსთან, გეხვეწები, მიყიდე-მეთქი (იცინის). მიყიდა, მაგრამ მერე მე თვითონ გამიჩნდა კითხვა, ეს როგორ წავიღოთ სახლში-მეთქი?! დრეკადი პლასტმასია, ჰელოუინისთვის ამოჭრილი პირით, დავშალეთ, შიგნით ტანსაცმელები ჩავაწყვეთ და ასე წამოვიღე ბედნიერმა (იცინის). ამ გოგრების ყიდვიდან წამოსვლამდე ოთხი დღე იყო დარჩენილი, ლაშა ყოველ დილას იღვიძებდა და ამბობდა, უფ, გოგრა გვაქვს, აწი აღარ მეშინიაო (იცინის). არ ვიცი, რატომ ჩამოვიტანე, ჩემს ბავშვებსაც კი არ გაეცინათ ამ ამბავზე. სახლში თაროზე დავდე და ჩემს შვილს გული შეუწუხდა, ბოლოს მთხოვა, გეხვეწები, გარეთ გავდოთო (იცინის). ამის მერე რამე პრობლემაზე თუ ვლაპარაკობდით, ლაშა უცებ იტყოდა, ხალხო, რა დროს ეგ არის, გოგრა გვაქვსო (იცინის). ძალიან ბევრი ქართველი ვნახეთ, უამრავი გვხვდებოდა ქუჩაში და ლაშას დანახვა საოცრად ახარებდათ. რომ გვეგონა, უცხო ქვეყანაში ვიყავით, ამ დროს, უცებ მოვიდოდა ვიღაც და ქართულად გვიწყებდა საუბარს. მეტროში ერთი ადამიანი მოვიდა და ლაშას უთხრა, არ შემეძლო, არ მოვსულიყავი და არ ჩაგხუტებოდიო. ერთმა ბიჭმა უთხრა: ახლა, ამ წუთს, გიყურებ და ჩემთვის საქართველო შენ ხარო. ქუჩაში ისეთი თბილი შეხვედრები გვქონდა, ძალიან გესიამოვნებოდა. იმდენად ბევრი ქართველი შეგვხვდა, რომ გაოცებული ვიყავი.
– მეუღლემ ეს მოგზაურობა მთლიანად თქვენ მოგიძღვნათ და იქაც თუ განებივრებდათ?
– ლაშა სულ ამბობდა, რომ ეს მოგზაურობა ჩემი სიამოვნებისთვის იყო და ყველაფრის უფლება მქონდა. დილით, პირველ რიგში, იმას მეკითხებოდა, დღეს რა გესიამოვნება, რისი ნახვა გინდა, რას გასინჯავო და ასე შემდეგ. უნდოდა, ბოლომდე მესიამოვნა ამ მოგზაურობით. ნამდვილად გამოუვიდა მასაც და მის მეგობრებსაც. ამინდიც ძალიან კარგი დაგვემთხვა და მიუხედავად დიდი გზისა, ძალიან კმაყოფილები ჩამოვედით. ლაშაც კმაყოფილია, რომ მე ასეთი ბედნიერი ვარ (იცინის).
– ოცნებების ამხდენი მეუღლე გყავთ.
– ნამდვილად. ჩემი ნატვრისთვალია – სულ ამას ვამბობ. თუ რამე მინდა, არ გამორჩება, მაგრამ ამას ბოროტად არ ვიყენებ. პირიქით, რომ ვიცი, ასეთია, ძალიან ფრთხილად ვეკითხები მსგავს ამბებს და ჩემს სურვილებს ძალიან ფრთხილად ვაფიქსირებ. ვიცი, რის ფასადაც არ უნდა დაუჯდეს, მაინც გააკეთებს, ძალიან მაგარი ბიჭია.
– თავგადასავლებიც იქნებოდა ამ მოგზაურობაში…
– გაგვაფრთხილეს, რომ მეტროში ყურადღებით ვყოფილიყავით. შეიძლება, აგრესიულმა ადამიანმა გამოიაროს, ბაქანზე მდგომს ხელი გკრას და ლიანდაგებში ჩაგაგდოსო. ამ მიზეზით ძალიან ხშირად ჩერდება მეტრო. აქ ეს ჩვეულებრივი ამბავიაო, გვითხრეს. წარმოიდგინეთ ლაშას რეაქცია, როცა ეუბნებიან, შეიძლება, ვინმემ გამოიაროს, შენს ცოლს ხელი ჰკრას და გადააგდოსო. ამის გაგების შემდეგ, დედას გეფიცებით, იცით, როგორ დავყავდი მეტროში? სვეტებთან მიმაყუდებდა სიმყარისთვის და ხელს ისე მაგრად მიჭერდა, ვინმე რომ გამოქანებულიყო და ძალიან მოენდომებინა ჩემი გადაგდება, შანსი არ ჰქონდა ადგილიდან დავეძარი. გაძეგლებულები ვიდექით თავდასხმისთვის მზადყოფნაში (იცინის). ძალიან სასაცილო იყო (იცინის). საბედნიეროდ, გადავრჩით და საერთო ჯამში, მართლა დაუვიწყარი მოგზაურობა გამოგვივიდა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მართლა საოცარი მეუღლე მყავს. მინდა, თქვენი საშუალებითაც კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა ვუთხრა ახდენილი ოცნებისთვისაც და საერთოდ ყველაფრისთვის, რასაც ჩვენი ოჯახისთვის აკეთებს.