“იმდენი ტრაგედია გადახდა ჩემს ოჯახს აღარ მემღერებოდა“

„რანინელი“ მათე მარტიაშვილი დედასთან, მომღერალ თინათინ ჭულუხაძესთან ერთად გადაცემას „დღის პოსტი“ სტუმრობდა, სადაც დედა-შვილმა მათ ურთიერთობაზე, სიმღერასა და დღემდე მოპოვებულ წარმატებაზე ისაუბრეს.

როგორც თინათინ ჭულუხაძემ აღნიშნა, 15 წლის იყო, როდესაც „ჯეოსტარის“ გამარჯვებული გახდა და ხალხის სიყვარულს დღემდე გრძნობს.

ამასთან, თინათინ ჭულუხაძემ განმარტა, რატომ ჰქონდა 2006 წლის შემდგომ შემოქმედებითი პაუზა.

„მაშინ ყველაზე მცირეწლოვანი მონაწილე ვიყავი, ფაქტობრივად ამ პროექტში ვისწავლე სწორად სიმღერა, სტრესი ახლდა თან, მაგრამ ძალიან დიდი გამოცდილება მომცა…

დედა სულ მეუბნება, რაც უნდა მოხდეს, გადავალ შემდეგ ტურში თუ ვერ გადავალ, წინ დიდი მომავალი მაქვს და ამით არაფერი გადაწყდება.

მე მრავალგზის მითქვამს, რომ ორჯერ დევნილი ვარ სამაჩაბლოდან, როდესაც დავიბადე დევნილის სტატუსი ავტომატურად გადმომეცა, ცხინვალში დავკარგეთ ყველაფერი, შემდგომ აგვისტოს ომიც დაგვემთხვა,მაშინ პროექტის ახალი გამარჯვებული ვიყავი, იმდენი ტრაგედია გადახდა ჩემს ოჯახს, რომ აღარ მემღერებოდა… შემდგომ ოჯახიც ადრეულ ასაკში შევქმენი, 13 წელია ჩემი მეუღლე გვერდში მიდგას, მაგრამ მე მაინც ოჯახი დავაყენე პრიორიტეტებში და ფაქტობრივად, ოჯახს მივუძღვენი თავი“, – თქვა თინათინ ჭულუხაძემ.

თავის მხრივ, როგორც მათე მარტიაშვილმა აღნიშნა, სცენაზე ყველაზე კომფორტულად თავს, სწორედ დედასთან ერთად გრძნობს.

„მგონია, რომ დედა სულ დამეხმარება, მის გვერდში დაცულად ვგრძნობ თავს… სახლში ხშირად მამეცადინებს, ყველა მასწავლებელი მკაცრი უნდა იყოს, დედაც მკაცრია, როგორც მასწავლებელი…“