“გოჩას მეუღლემ ზურასთან დარეკა და უთხრა შენ ძმა გყავსო, ზურა თავიდან სიმართლეს არ მეუბნებოდა“

მომღერალ ზურა მანჯავიძის დედა, იზო ჩიკვაიძე იხსენებს მძიმე ამბავს, როგორ მოჰპარეს ვაჟი სამშობიაროდან.

როგორც ის ჟურნალ „სარკესთან“ ექსკლუზიურად საუბრობს, მეხუთე შვილზე მშობიარობის შემდეგ კლინიკაში უთხრეს, რომ ბავშვი გარდაიცვალა:

„მეხუთე შვილი, გოჩა რომ გამიჩნდა, მშობიარობის შემდეგ18 დღე უგონოდ ვიყავი, ამით კი ერთმა ადამიანმა ისარგებლა. იცოდნენ, ბევრი შვილი მყავდა და მომატყუეს, რომ ბავშვი გარდაიცვალა…

18 დღე ვიწექი, ჩემთან ოჯახის წევრებს არ უშვებდნენ, ბავშვი არც არავის უნახავს. მთელი ყურადღება ჩემზე ჰქონდათ გადმოტანილი, რომ მე გადავრჩენილიყავი და ამიტომ მათ როცა უთხრეს, ბავშვი გარდაიცვალაო, ეჭვი არავის შეჰპარვია…

როგორ და რამდენი წლის შემდეგ იპოვეთ შვილი?

27 წლის შემდეგ. გოჩას გამზრდელი ჩემი მეუღლის სტუდენტი აღმოჩნდა. ჩემი გოჩა 17 წლის ასაკში დაქორწინებულა. თურმე ქორწინებამდე ყური მოუკრავს, აყვანილ ბიჭს შვილს ცოლად როგორ ატანო. გოჩამ ამის შემდეგ თავის გამზრდელს სთხოვა, ყველაფერი აეხსნა. მას ჩვილის სამაჯური ჰქონდა, რომელსაც ახლად დაბადებულ ბავშვებს სამშობიაროში უკეთებენ და გოჩასთვის უჩვენებია. ამის მიხედვით დაიწყო ჩვენი ძებნა…

როგორც იქნა, მოგვძებნა. გოჩას მეუღლემ ზურასთან დარეკა და უთხრა, შენ ძმა გყავსო.

დნმ-ის ანალიზი გააკეთეთ?

არა. გოჩა მამის ასლია. სამწუხაროდ, ამ ფაქტს ჩემი მეუღლე ვერ მოესწრო, ის უკვე გარდაცვლილი იყო.

როგორი იყო თქვენი შეხვედრა?

ზურა თავიდან სიმართლეს არ მეუბნებოდა. ერთ დღეს გოჩა სახლში დაპატიჟა, მაშინ ვმუშაობდი და მეც დამიბარეს. როგორც კი კარი გამიღეს შვილიშვილებმა, მაშინვე მახარეს, აქ შენი შვილიაო. რა თქმა უნდა, შეხვედრა ძალიან ემოციური იყო…

ძმებს ხომ არ გაუჭირდათ მისი მიღება?

გაუჭირდათ კი არა, მათ შორის წარმოუდგენელი სიყვარულია. გოჩას ვუთხარი, ერთადერთ რამეს ვნანობ, რომ ჩემს ოჯახში და დანარჩენ დედმამიშვილებთან ერთად ვერ გაიზარდე-მეთქი…“