ნინი სხირტლაძე მხატვარი გახლავთ. ის სასურველ პროფესიას იტალიაში ეუფლება და მიაჩნია, რომ ყველაზე სწორ გარემოში მოხვდა, თუმცა, სამშობლოსგან შორს ყოფნა, რა თქმა უნდა, მარტივი არ არის.
ნინი სხირტლაძე: უკვე ორი წელია, რაც იტალიაში ვცხოვრობ და ვსწავლობ. სამხატვრო აკადემიის მესამე კურსის სტუდენტი ვარ. საერთოდ, იტალიაში საოცარი გარემოა, განსაკუთრებით კი ჩემი სფეროს წარმომადგენლებისთვის. რომი ხელოვანებისთვის ზედგამოჭრილი ადგილია და მიხარია, რომ აქ ვარ.
– კონკრეტულად რა მიმართულებაზე სწავლობთ?
– ვიზუალური ხელოვნება. ფერწერის ფაკულტეტია, მაგრამ ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობთ. მე ყველაზე მეტად ფერწერა მაინტერესებს. იტალიამდე საფრანგეთში ვსწავლობდი. თბილისში ფრანგული სკოლა დავამთავრე და ფრანგული ატესტატი მაქვს. საქართველოში ვერ გავაგრძელე სწავლა, იმიტომ, რომ ჩემი ფრანგული ატესტატი არ მიიღეს. არადა, მას ყველა სხვა ევროპულ ქვეყანაში აღიარებენ. ამიტომ, საფრანგეთში წავედი და კინოსარეჟისოროზე ჩავაბარე.
წერა, ხატვა და მუსიკა ყოველთვის მიყვარდა. თინეიჯერობაში ჩემი ბენდიც მყავდა. საერთოდ, ყველაფერი მიტაცებდა, რაც ხელოვნებას ეხება – კინო, თეატრი… ამიტომაც ავირჩიე კინოსარეჟისორო. თუმცა, კოვიდის დროს საქართველოში მომიწია დაბრუნება და მაშინ მივხვდი, რომ ეს პროფესია არ იყო ჩემი. მშობლების, განსაკუთრებით კი დედის, ძალიან დიდი მხარდაჭერით, გადავწყვიტე, ის მეკეთებინა, რაც ყველაზე მეტად მიყვარდა და მსიამოვნებდა, ანუ, მეხატა და ეს გამხდარიყო ჩემი პროფესია. დავიწყე მომზადება ძალიან მაგარ ქალბატონთან – ეკა გიგაურთან, შემდეგ კი ვიპოვე აკადემია იტალიაში, სადაც ჩავაბარე და ასე მოვედი აქამდე.
ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მოვლენები ასე განვითარდა. ახლა ჩემი თავი სხვაგან ვერც წარმომიდგენია. დარწმუნებული ვარ, რომ სხვა ვერცერთი საქმე ვერ მომიტანს ასეთ ბედნიერებას. ალბათ, თავიდანვე ეს უნდა მეკეთებინა, თუმცა, გზა, რომელიც გავიარე, ძალიან საინტერესო იყო. სწორედ მან მომიყვანა აქამდე და მიღებული გამოცდილება დღემდე ძალიან მადგება.
– მშობლები სახლში, კაფეში თუ სამკაულებთან მიმართებით ძალიან აქტიურად მუშაობენ. სწავლის პარალელურად, მათაც თუ ეხმარებით, ანუ პრაქტიკებს თუ გადიხართ?
– აკადემიაში, ძირითადად, სულ პრაქტიკული ლექციები მაქვს. სახელოსნოც მუდმივად ღიაა მათთვის, ვისაც ცალკე მუშაობა სურს. კოვიდის პერიოდში ჩვენ მცხეთაში გადავედით საცხოვრებლად, ჩემი დიდი ბაბუების აშენებულ სახლში, მამას ხეზე უყვარს მუშაობა, დედა მხატვარია, თან იუველირია, დიზაინერი, შესაბამისად, იქ კიდევ უფრო გამეხსნა სურვილი და მოვინდომე კიდეც, მეც მათთან ერთად მემუშავა. ყველაფერს ერთად ვაკეთებდით, საკუთარი ხელით. მთელი ავეჯი მოვხატეთ და მგონი, ამან კიდევ უფრო მომანდომა ამ მიმართულებაზე ჩაბარება. ახლაც, სახლში ყოფნის დროს, სულ აქტიური ვარ. ცოტა ხნის წინაც მამაჩემის გაკეთებულ მაგიდაზე დავიწყე მუშაობა, მაგრამ ჯერ ვერ დავამთავრე. როგორც კი ჩამოვედი, დედაჩემმა მაშინვე ფუნჯი დამაჭერინა ხელში (იცინის). სულ რაღაცას ვაკეთებ, მგონი, დღე არ გადის ამის გარეშე.
– საუბარი იტალიური გარემოს ხაზგასმით დავიწყეთ, მაგრამ მეორე მხრივ, ასეთ ქვეყანაში, ალბათ, კიდევ უფრო რთულია ხელოვანისთვის თავის დამკვიდრება.
– კი, გეთანხმებით, რთულია, რაც უფრო მეტია კონკურენცია, მით უფრო რთულია. საოცრად ნიჭიერი კურსელები მყავს, მაგრამ ვისწავლე, რომ ჩემი თავი სხვებს არ უნდა შევადარო და ჩემი ტემპით უნდა განვვითარდე. საქმე მიყვარს და ეს არ მაშინებს. დარწმუნებული ვარ, რომ აქ უნდა ვიყო და ეს უნდა ვაკეთო. ისე ძალიან მიყვარს, არ მეშინია დაბრკოლებების, არ მეშინია, რომ წარმატებას ვერ მივაღწევ. მამაჩემი სულ მეუბნებოდა, სჯობს, რთული გზა გაიაროო. მირჩევნია კიდეც მეტი სირთულე და გამოწვევა შემხვდეს, რადგან მერე უფრო დიდი ინსპირაცია და ცოდნა მექნება. რთული, ქაოტური რეჟიმი, დიდი კონკურენციით, ძალიან მომწონს, ეს მეტს მაძლევს.
– სხვა მხრივ, როგორია ცხოვრება იტალიაში?
– არ დაგიმალავთ და ძალიან საინტერესოა. ცოტა რთულია სამშობლოსგან შორს, მაგრამ ბევრი პლუსია და მინუსებს გადაწონის. შევეგუე, გავეხსენი ამ ქალაქს და ქალაქიც გამეხსნა. საფრანგეთში ძალიან მიჭირდა. პარიზის მიუღებლობა მქონდა, შესაბამისად, ვერც ქალაქმა მიმიღო. პარიზი ძალიან ცივია, ამინდიან ადამიანებიანად, შესაბამისად, იქ ცხოვრება უფრო რთული იყო. რომი პარიზთან კონტრასტში ძალიან მზიანი ქალაქია. აქ ჰაერში ბედნიერებაა. ეს იმდენად გადამდებია, რომ ყოფით პრობლემებს აღარ აქცევ ყურადღებას. მგონია, რომ იტალიელები მართლა ძალიან გვგვანან გარეგნულად, ხასიათით, ტემპერამენტით, ღვინისა და საჭმლის სიყვარულით, არაპუნქტუალობაშიც კი და ეს მსგავსებებიც მიადვილებს აქ ცხოვრებას. მაგალითად, გუშინ ძალიან სასაცილო ამბავს შევესწარი: ჯართს იბარებდნენ, ზუსტად ისე, როგორც საქართველოში და უცებ თავი სახლში მეგონა (იცინის). საცხოვრებლად საფრანგეთში რომ გადავედი ძალიან პატარა ვიყავი, 18 წლის. ზუსტად არ ვიცოდი, რა მინდოდა და ესეც ართულებდა საქმეს, მაგრამ ფრანგული ენა ვიცოდი და ეს მეხმარებოდა. იტალიაში რომ ჩამოვედი, არ ვიცოდი იტალიური, მაგრამ საბედნიეროდ, ენებისადმი მიდრეკილება მაქვს და მალე ავითვისე, ასე რომ, ამის გამო ნაკლებად მქონდა დისკომფორტი.
– საერთო ჯამში, ხუთი წელია, ევროპულ ქვეყნებში ცხოვრობთ. ხშირად ჩამოდიხართ საქართველოში?
– რაც უფრო მეტი დრო გადის, ამაზე მით უფრო ბევრს ვფიქრობ. საქართველოში ჩამოსვლა ძალიან მიყვარს, რადგან სამშობლო სულ სხვაა. ახალ წელს და ზაფხულის არდადეგებზე ჩამოვდივარ. შეიძლება, ახალ წელს ყოველთვის ვერ მოვახერხო, მაგრამ ზაფხულის არდადეგებზე – აუცილებლად. როცა საქართველოში ვბრუნდები, ვერ ვაცნობიერებ, რომ დრო გავიდა და მე რომ არ მიმიღია მონაწილეობა გარკვეულ პროცესებში, ყველაფერს ისევ ისეთს ველოდები, როგორც დავტოვე, ეგოისტური მომენტი მაქვს – თითქოს, აქაური ცხოვრების ნაწილი აღარ ვარ. მერე იტალიაში დაბრუნებისას მაქვს იგივე განცდა და ეს რთულია, მაგრამ ასე თუ ისე, ადამიანი ყველაფერს ეგუება.
საბედნიეროდ, ჩემი პროფესია ძალიან ლმობიერია. მნიშვნელობა არ აქვს, სად იქნები შენ ფიზიკურად, მთავარია, სად იქნება შენი ნამუშევრები. მე ყოველთვის ვამბობ, რომ ქართველი მხატვარი ვარ, არც ფრანგი და არც იტალიელი. რაც მეტ ქვეყანას ვნახავ, ჩემთვის უკეთესია, მაგრამ საქართველოს წარმოვადგენ.
– სოციალურ ქსელშიც ძალიან შესამჩნევია, რომ ოჯახი ერთი გუნდი ხართ და ინტერესები ძალიან მსგავსი გაქვთ?
– კი. მშობლებთან ერთად, ჩემი ძმაც ჩართულია ამ საქმიანობაში. იტალიაში ჩემი ძმაც ჩემთან ერთად სწავლობს უნივერსიტეტში, თუმცა ის – სკულპტურის მიმართულებით. ლუკა ახლა გადავიდა მეორე კურსზე და უნიჭიერესი მოქანდაკეა. მშობლების ძალიან დიდი გავლენაა, რომ ორივე ამ სფეროთი ვართ დაინტერესებული. ერთად მართლა ბევრ რამეს ვაკეთებთ.
– სახლშიც სულ ფუსფუსია?
– კი, მართლა სულ ასეა. დედაჩემი სულ რაღაცას ცვლის, სულ სიახლეების ძიებაშია, ესკიზებს ქმნის სამკაულებისთვის. მამა სულ ხეზე მუშაობს, ალბათ, ოთხი წელია, არ მინახავს, რომ რამე ახალს არ აკეთებდეს. ბევრ რამეს მასწავლის. მეც ძალიან დამაინტერესა და ჩემი ძმაც. მართლა სულ რაღაცის კეთებაში ვართ.
– ალბათ, ბევრს ეგონა, რომ დუტას შვილები ეკრანზე თუ სცენაზე გაიზრდებოდნენ. როგორ გამოვიდა ისე, რომ ამით არ დაინტერესდით?
– მამაჩემსაც და დედაჩემსაც ყოველთვის უნდოდათ, რომ ჩვენი მშობლები ყოფილიყვნენ და არა ჩვენ ვყოფილიყავით მათი შვილები. არ უნდოდათ, მათი ცნობადობის თუ წარმატების ხარჯზე ვყოფილიყავით წარმატებულები, ამიტომ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ჩვენი გზა გვეპოვა და თვითონ მიგვეღწია წარმატებისთვის, მათი ჩარევის გარეშე, რომ თვითონ დაგვემსახურებინა სიყვარული, ყურადღება თუ აღიარება. ამაში მეც ვეთანხმებოდი. არც მე მინდოდა, გამოჩენა და არც ჩემს ძმას. ასე ბევრად კომფორტული და ღირებულია ჩემთვის, რადგან მგონია, რომ ინდივიდუალიზმი არ იკარგება. არ ხარ ვიღაცის შვილი, არ ხარ მშობლების ხარჯზე წარმატებული. ხარ ინდივიდი, რომელიც ყველაფერს დამოუკიდებლად აღწევს.
– თავადაც უთქვამს, ჩემს შვილებს არაფერი ექნებათ იმის გამო, რომ დუტას შვილები არიანო. მშობლების სახელით მართლა არასდროს გისარგებლიათ?
– ერთადერთხელ ვისარგებლე: 16 წლის რომ ვიყავი, მიმტანად ვეძებდი სამსახურს და მამაჩემმა იპოვა ადამიანი, რომელსაც შეეძლო, დავესაქმებინე. თუმცა, ჩვეულებრივად, პრივილეგიის გარეშე გავიარე გასაუბრება და დავიწყე მუშაობა. ზაფხულში ვიმუშავე, ჯიბის ფული ავაგროვე და წამოვედი. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა მამის სახელი გამოვიყენე (იცინის). ჩემი მშობლებით ძალიან ვამაყობ. ისინიც ძალიან წარმატებული ადამიანების შვილები და შვილიშვილები არიან, მაგრამ ორივემ თავისით გაიკვალა გზა და ამის გააზრება, სტიმულს მაძლევს.