“მე რომ ჩემი მეუღლის თავდაჯერებულობის ათი პროცენტი მქონოდა, ძალიან ძლიერი მამაკაცი ვიქნებოდი”

მსახიობი ანრი ბიბინეიშვილი ახალი ამპლუით მოგვევლინა – ის ცოტა ხნის წინ ტელეწამყვანი გახდა.

ანრი ბიბინეიშვილი: დიდი ხნის განმავლობაში მინდოდა, რომ საკუთარი თავი ტელევიზიაში, წამყვანის ამპლუაში გამომეცადა და სრულიად შემთხვევით, POSTV-ზე „დღის პოსტის“ წამყვანი გავხდი. ჩემს ცხოვრებაში პირველად, ყველანაირი გამოცდილების გარეშე, პირდაპირი ეთერის წამყვანი აღმოვჩნდი. რაღა დავმალო, ძალიან მომეწონა.

პასუხისმგებლობა ძალიან დიდია. რესპონდენტს შეიძლება, ათი ადამიანი გაკვირდებოდეს, წამყვანის ამპლუაში კი გაცილებით მეტის ყურადღების ცენტრში ხარ, ამიტომ მეტი დაფიქრება გმართებს. მე ასე მგონია.

– ნერვიულობა ახლავს?

– თან, ძალიან. ამის გადმოცემაც არ შემიძლია. ყველა სიტყვასა და ქმედებაზე ხარ პასუხისმგებელი. რისკიც დიდია, უკაცრავად და, თუ ფეხს წამოჰკრავ, მერე რჩები ძირს დავარდნილი და ამის შემდეგ წამოდგომა ძალიან რთულია.

– მაყურებელში როგორი გამოხმაურება მოჰყვა?

– ჩემი კედლის გარდა, სოციალურ სივრცეში კომენტარებს მაინცდამაინც არ ვკითხულობ. ჩემს ძალიან ახლო წრეს ვუთხარი, რომ პირველ რიგში, შენიშვნები მოეცათ და არ ვიტყვი, რომ არ ჰქონდათ, ნამდვილად ჰქონდათ, მაგრამ გამოუსწორებელი შენიშვნები არ მიმიღია. ყველაზე მთავარი პრობლემა საკუთარ თავში პირველმა მე აღმოვაჩინე და შემდეგ სხვებმაც იგივე მითხრეს. ეს იყო ნერვიულობა, რის გამოც თავიდან ძალიან შებოჭილი ვიყავი. ნელ-ნელა მოვიხსენი ეს დაძაბულობა და მგონია, რომ ახლა უკვე სხვანაირი ვარ, თუმცა იმედია, რომ მალე კიდევ უფრო თავისუფალი ვიქნები.

საერთო ჯამში, რაც რესპონდენტს ეპატიება, ის არა მგონია, წამყვანს ეპატიებოდეს. სრულიად შემთხვევით ერთ-ერთ გადაცემას შევხედე და აღმოვაჩინე, რომ ვერ მომიზომია და ძალიან ხმამაღლა გამიცინია. ხმამაღალი სიცილი არ არის პრობლემა, მაგრამ შეიძლება, ეს ვიღაცისთვის არაესთეტიკურად აღიქმებოდეს. ასეთი დეტალების გათვალისწინება გიწევს და თუ მსგავსი დაკვირვებებით ყოველდღიურად გავიზრდები, მგონი, ამაზე კარგი არაფერი იქნება. ვცდილობ, ვნერვიულობ, ბევრს ვფიქრობ და იმედია, გაცილებით თავშეკავებული, დაკვირვებული და ლაკონური ვიქნები, ბუნებრივად ორიგინალური და იმავდროულად, თავისუფალი. საკუთარ თავს ხელს ვუწყობ ზრდაში.

– როგორი მეოჯახეა ანრი?

– ძალიან მზრუნველი. ალბათ, ისეთი ვარ, როგორიც უნდა იყოს მეოჯახე ადამიანი, არც იმაზე მეტი, არც იმაზე ნაკლები – 24 საათი ყურადღებით საკუთარი ოჯახის მიმართ. ადრე არ მაინტერესებდა, გავჩერდებოდი თუ არა, შუქნიშანზე წითელი რომ ენთო, დღეს მაინტერესებს, რადგან დიდხანს მინდა, ვუყურო ჩემს ოჯახს. იმიტომ კი არა, რომ მე მინდა დიდხანს სიცოცხლე, იმიტომ, რომ მინდა, ჩემი ოჯახი იყოს დიდიხანს უზრუნველყოფილი და მათთვის გავაკეთო ყველაფერი, თუკი რამის გაკეთება შემიძლია. ჩემთვის მეოჯახეობა ნიშნავს 24 საათი ოჯახისთვის შრომას, მასზე ფიქრს, ზრუნვას, მათით გათენებას, მათით დაღამებას.

– რამდენად იცლი საოჯახო საქმეებისთვის?

– მაგალითად, ბაღში მიმყავს ბავშვი, გამომყავს. თუკი ნახატი ჩამოვარდება კედლიდან, ლურსმნის მიჭედებაც შემიძლია. სახლიდან ნაგავიც გამაქვს. თუ დასალაგებელია, დავალაგებ კიდეც და სამზარეულოშიც არაერთხელ მიტრიალია. გემრიელი კერძიც არაერთხელ გამიკეთებია. საერთოდაც, ძალიან მომწონს მამაკაცი სამზარეულოში მზარეულად, თუმცა ჭურჭელიც გამირეცხავს. შეიძლება, ყოველდღე ჭურჭელს არ ვრეცხავ, ვერ ვიტყვი, რომ სამზარეულოში ვდგავარ ჭურჭლის მრეცხავად, ასე ნამდვილად არ არის. ჭურჭლის მრეცხავად არც ჩემი მეუღლე დგას. ჭურჭლის მრეცხავი ან მზარეული – ჩემს ოჯახში ასე არ არის მოვალეობების მიხედვით ადამიანები განაწილებული. არც დედაჩემისა და მამაჩემის ოჯახში ყოფილა ასე და არც ჩემთან. მე მამაც მინახავს თეფშით ხელში, როცა საჭირო იყო და რეცხავდა და დედაც, ასევე, ორივე მინახავს საჭმლის მომზადების დროს. ბავშვები ხომ მაგალითებით იზრდებიან, მეც მათგან ვისწავლე. ალბათ, ჩემი შვილებიც ჩემგან აიღებენ რაღაც ჩვევებს.

– რომანტიკული მეუღლე ხარ?

– რომანტიკული განა არ ვარ, ვერ ვარ. უფრო სწორად, ყოველდღიურობაში ვერ ვარ, თორემ ისე – კი. შეიძლება, ყოველდღე ვერ მივიტანო სახლში ყვავილი ან ვერ შევამკო მეუღლე მაღალფარდოვანი და საოცარი სიტყვებით, თუმცა გამონათებები მაქვს და თუ ეს რომანტიკულობას ნიშნავს, მაშინ – კი ბატონო. შეიძლება, კვირაში ერთხელ ან ორ თვეში ერთხელ გამორჩეული და განსაკუთრებული საჩუქარი გავუკეთო, შეიძლება, სასეირნოდ წავიდეთ, სავახშმოდ ან, უბრალოდ, დავსხდეთ და ერთმანეთს თვალებში ვუყუროთ ან ვისაუბროთ. ჩემი რომანტიკულობა არც მატერიალურ საჩუქრებში გამოიხატება და არც არამატერიალურში. ჩემი რომანტიკულობა უფრო მეტია ან არაფერი, ან არაფერი და იმავდროულად, ყველაფერი.

– როგორი გოგოა ანრის მეუღლე?

– ერთადერთი და განუმეორებელი. ერუდირებული, ძალიან წიგნიერი და განათლებული, მშვიდი და გაწონასწორებული, მტკიცე და საკუთარ თავში ძალიან დარწმუნებული, მოკლე და ლაკონური და რაც მასში ყველაზე მეტად მომწონს, ეს არის თავდაჯერებულობა. მე რომ ჩემი მეუღლის თავდაჯერებულობის 10 პროცენტი მქონოდა, ძალიან ძლიერი მამაკაცი ვიქნებოდი.

– როგორი მამაა ანრიო, რას ამბობენ გარშემო მყოფები?

– ავადმყოფი მამა ვარ, კარგი გაგებით. ბავშვს თითი ეტკინება და პანიკაში ვარ, ძალიან ლამაზია და პანიკაში ვარ, ყველაფერზე პანიკაში ვვარდები. როცა საქმე ჩემს შვილებს ეხება, ემოციები საოცრად მაქვს მოზღვავებული.

– რამდენიმე წლის წინ, როცა საკმაოდ ბობოქარი პირადი ცხოვრება გქონდა, თუ წარმოგედგინა, რომ გავიდოდა დრო და ასეთი ოჯახი გექნებოდა?

– ამაში დარწმუნებული ვიყავი. ეს ხომ ჩემი ქმედებების შედეგია. ეს რეზულტატი ჩემი სურვილი იყო და განვახორციელე კიდეც. სისულელე იქნებოდა, რომ ვთქვა, ვიცოდი, რომ ზუსტად ასეთი იქნებოდა-მეთქი, მაგრამ ოჯახი რომ მექნებოდა, ამაში დარწმუნებული ვიყავი. საერთოდ, მომხრე ვარ ამის, ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს ოჯახი, ყველა ადამიანი უნდა იყოს მშობელი.