ალბათ, ბევრს ახსოვს კვაჭი კვაჭანტირაძის სატელევიზიო რუბრიკა, სადაც ის ქუჩაში ადამიანებს აჩერებდა, კითხვას უსვამდა და მათგან ხან სერიოზულ, ხან სახალისო და ხანაც სასაცილო პასუხებს იღებდა. მართალია, პროფესიით მსახიობი არ არის, თუმცა სცენაზეც იდგა და არც უდიპლომო სასიძოს სტატუსი აქვს, რადგან სამედიცინო კოლეჯი აქვს დამთავრებული. ტელევიზიიდან და სოციალური ქსელიდან კვაჭის ბევრი იცნობს, თუმცა თავად მიიჩნევს, რომ კარიერაში მის ქვეყანაში არ გაუმართლა და საჭირო დროს საჭირო ადგილას ვერ მოხვდა.
კვაჭი კვაჭანტირაძე: თბილისში, ვერაზე დავიბადე და გავიზარდე. ჩემი ბავშვური ოცნება ყოველთვის იყო კამერის წინ დგომა. მიყვარდა პუბლიკა, მინდოდა ცნობადობა და ამ სფეროში აღმოვჩნდი. თან, სულ ვოცნებობდი, ვყოფილიყავი მოტომრბოლელი და ბაიკერიც ვარ. სხვათა შორის, ხშირად, როცა უცხო ადამიანს ვეცნობი და ჩემს სახელს – კვაჭის ვეუბნები, ცოტა იბნევა (იცინის). და, მათგან პირველი კითხვა ესაა: ხუმრობ? (იცინის) მოკლედ, ყველა ჩემს სახელზე აკეთებს აქცენტს.
– კვაჭი, რა პროფესიის ხარ?
– სკოლა რომ დავამთავრე, უცხოეთში მინდოდა სწავლის გაგრძელება, თუმცა პრობლემები შემექმნა. თეატრალურში ვაბარებდი, დავაგვიანე საბუთების შეტანა და წელი რომ არ ჩამვარდნოდა, სამედიცინო კოლეჯში ჩავაბარე, კბილის ტექნიკოსის განხრით. ის დიპლომი სახლში დევს და არც გამომიყენებია. უბრალოდ, უდიპლომო სასიძო რომ არ ვყოფილიყავი, იმის გამო დავამთავრე სამედიცინო კოლეჯი, თორემ ყოველთვის თეატრისკენ მიმიწევდა გული. უდიპლომო მსახიობი ვიყავი, ასე გამოვიდა. სწავლის პარალელურად, ნუგზარ ბუცხრიკიძესთან, „გეპეის“ თეატრ „მოდი ნახეში“ ვიყავი. მერე, ცოტა ხანს, ქვეყნიდან მომიწია წასვლა, იქიდან დაბრუნებულმა კი განვაგრძე თანამშრომლობა ტელევიზიებთან. მერე კი, ტელევიზიებიდან – სოციალურ ქსელებში.
– რომელ ქვეყანაში მოგიწია ემიგრანტად ყოფნა და იქ რას აკეთებდი?
– თურქეთში ვიყავი წელიწად-ნახევარი. ერთ-ერთ სერიოზულ სასტუმროში ვმუშაობდი ანიმატორად. საკმაოდ საინტერესო სამუშაო იყო, შოუებს ვდგამდი, სტუმრებთან ერთად ვერთობოდი. მერე იქიდან წამოვედი და აქაც ვმუშაობდი ანიმატორად ბავშვთა გასართობ ცენტრებში, ივენთებიც მიმყავდა. ზოგადად, ბევრგან მიმუშავია და ვცდილობდი, იქ მეტრიალა, სადაც საზოგადოებაა, მიკროფონია, ტაში და ოვაცია. „პოსტ ტვ-ში“ მიმყავდა რუბრიკა, რომელსაც საკმაოდ ბევრი ნახვა ჰქონდა. ქუჩაში ვაწარმოებდი სახალისო გამოკითხვას და საინტერესო გამოდიოდა. ბევრი კარგი მეგობარი შევიძინე. რასაც ვაკეთებდი გულსა და სულს ვდებდი, მომწონდა ჩემი საქმე, თუმცა, ამ არხიდან ჩემი ნებით არ წამოვსულვარ, შემცირებაში მოვყევი. შემდეგ, „იმედზე“ ვაპირებდი გადაცემის გაკეთებას, პილოტიც ჩავწერეთ, თუმცა ვერ დაფინანსდა ეს პროექტი და ამ არხთან ჩემი თანამშრომლობა ვერ შედგა. ამის შემდეგ ბევრ არხზე მივედი, ჩემი პროექტებითაც და ისეც წამყვანად ან ჟურნალისტად რომ ავეყვანეთ, მაგრამ სამწუხაროდ, მათი მხრიდან მხოლოდ დაპირებები იყო. მოკლედ, პირდაპირ რომ ვთქვათ, ვერსად მოვიკიდე ფეხი.
საბოლოო ჯამში, გული ამიცრუვდა და იძულებით, უცხოეთში წავედი, ისევ ემიგრანტად, ბედის საცდელად. იტალიაში ჩავედი და მქონდა იდეა, ქართველ ემიგრანტებზე გამეკეთებინა გადაცემა, როგორ ცხოვრობენ, როგორ შრომობენ და როგორ წვალობენ, რა წნეხის ქვეშ არიან, როგორ უჭირთ და რა რთულ გზას გადიან. სოციალურ ქსელში მინდოდა, ეს ყველაფერი დამედო. ვფიქრობ, გულის ამაჩუყებელი, რეალური ფაქტები იქნებოდა და საკმაოდ ბევრი ნახავდა და გაიაზრებდა მათ ტკივილს.
– და, რატომ ვერ შეძელი ემიგრანტების რეალური ცხოვრების ასახვა და გადმოცემა სოციალური ქსელით?
– სანამ წავიდოდი, ისეთი სიტუაცია დამიხატეს, მეგონა, მარტივად გავართმევდი თავს, მაგრამ იქ რომ ჩავედი, რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია დამხვდა. შესაბამისად, ის, რის გამოც წავედი, ვერ შევძელი და თავის გადასარჩენად ბრძოლა მომიწია. თვითგადარჩენის ინსტინქტი ჩამერთო, ტაქსისტადაც ვმუშაობდი, რომ პური და სიგარეტი მეყიდა. უხერხულად ვგრძნობდი თავს ყოველი მგზავრის გადაყვანის დროს. კი არ მრცხვენოდა ან მეთაკილებოდა, უბრალოდ, ჩემი არ იყო. ძალიან გამიჭირდა ჩემთვის უცნაური სამუშაოს შეგუება და შესრულება, თუმცა სხვა გზა არ მქონდა. იქ ჩემი დეიდაშვილი ცხოვრობს ოჯახით და ის დამეხმარა, მათ გამატანინეს თავი პირველ ეტაპზე, თორემ ამდენ ხანსაც ვერ გავძლებდი. სხვათა შორის, ბევრი ემიგრანტი სოციალური ქსელებიდან და ჩემი რუბრიკიდან მცნობდა, მაჩერებდა და მეკითხებოდა: „მეცნობი და შენ ის არ ხარ?“ (იცინის). გამიჭირდა, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, ამ გაჭირვებამ მიმახვედრა და მომცა უფრო მეტი „ჟილკა“ და სტიმული იმისა, რომ ჩემს ქვეყანაში დავბრუნებულიყავი და აქ ნებისმიერ სამუშაოზე, თუნდაც მძიმეზე მემუშვა. რომ მივხვდი, ჩემი მიზნები ევროპაში ვერ ახდებოდა, დავბრუნდი სამშობლოში უფრო ძლიერი, მდგრადი, გამოცდილი და იმ სტიმულით, რომ არ უნდა ჩამოვყარო ყურები და უნდა ვიბრძოლო ბოლომდე, იმისთვის, რაც მინდა. ყველა მეუბნებოდა: რატომ ჩამოხვედი, იქ წასვლაზე ბევრი ოცნებობს, აქ რა გინდაო. ხომ იცით, თუ შენს თავზე არ გამოცადე ადამიანმა, სადაც არ ხარ, იქ კარგი გგონია და ვერასდროს მიხვდები, რომ ასე ადვილი არ არის სამშობლოდან შორს ყოფნა. მე დაგეგმილი ცხოვრება მიყვარს, მაგრამ ამ ჩემმა დაგეგმილმა ცხოვრებამ ევროპაში არ გაამართლა. თუმცა, ევროპაში ყოფნამ მასწავლა ჩემს ქვეყანაში ყოველი დღის დაფასება. რადიკალურად შეცვლილი ჩამოვედი საქართველოში, სხვანაირი შეხედულებებით, სხვანაირი დამოკიდებულებებით და გავაგრძელე ჩემი ოცნებების ახდენისკენ სვლა. სოციალურ ქსელში გადიოდა გადაცემა „ველქამ თუ ჯორჯია“ , რომლის წამყვანიც ვიყავი, რომლის პროდიუსერიც გახლდათ მაია სტეფნაძე და გათვლილი იყო ტურისტულ ბიზნესზე. საქართველოს ყველა კუთხე მოვიარეთ, მაგრამ სამწუხაროდ, ერთი წლის მერე, გადაცემა დაიხურა. პარალელურად ვამუშავებდი ღამის ბარებს, პატარა კაფეც გავხსენი და უმუშევრად არ დავრჩენილვარ, თუმცა გული დამწყდა, რომ ჩემს საყვარელ საქმეს ისევ ჩამოვცილდი. შემდეგ იყო გადაცემა „მზარეული გამოძახებით“ და ისიც დაიხურა. ერთი სიტყვით, ბევრგან მოვსინჯე ძალები, მაგრამ საყვარელ სფეროში ბედი არ მწყალობს, თუმცა, უამრავი მეგობარი შევიძინე და ამაში გამიმართლა. კარგი თვისება მაქვს – დეპრესიაში არ ვვარდები და არასოდეს ვნებდები.
ახლაც, მე, თემო გორგაძემ და მიშო თაბაგარმა გავაკეთეთ პროდაქშენი, რომელიც კომპანიებს სთავაზობს მაღალი დონისა და კრეატიულ სარეკლამო მომსახურებას. ტელევიზიაში მუშობამ მომცა საკუთარი თავის „შეფუთვის“ გამოცდილება. მირჩევნია, ჩემი თავი თავად „შევფუთო“ და გავყიდო, ვიდრე ეს სხვამ გააკეთოს. მოკლედ, იმ ეტაპამდე მივედი, რომ კარგად ვისწავლე და ახლა მე თვითონ „ვფუთავ“ ჩემს თავს და მე თავად ვყიდი.
– გისმენ და მგონია, პირადი ცხოვრება კარიერის მიღმა დაგრჩა. მეთანხმები?
– რომ ვთქვა, კარიერის გამო პირადი ცხოვრება უკან დავხიე-მეთქი, მოვიტყუები. თუმცა, 33 წლის ასაკში რომ არ მყავს შეყვარებული, ცოლი და შვილი და ვარ მარტო, ეს ცუდია. სასიყვარულო თავგადასავალი იყო, მაგრამ სამი წლის მერე დაინგრა. ამ სამწლიანმა ურთიერთობამ არ დამაკომპლექსა, უბრალოდ, გამოცდილება მივიღე. ემოციური ადამიანი ვარ და როცა პირადში პრობლემა მაქვს, შრომისუნარიანობაზე ეს უარყოფითად აისახება. ჩემი აზრით, მამაკაცი შემდგარი და ძლიერი უნდა იყოს, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი ქალი დგას მის გვერდით. ქალის ერთი თბილი სიტყვა თუ შექება, ბევრს ნიშნავს ჩემთვის, უფრო მეტად პროდუქტიული ვხდები და მოტივაციას მაძლევს. ქალში, პირველ რიგში, პირდაპირობას ვაფასებ, თავის საქმის მიმართ სიყვარულს, რადგან არ მიმაჩნია, რომ მხოლოდ სამზარეულოში უნდა იდგეს. ჩემს საყვარელ ქალს აუცილებლად შევუწყობ ხელს, კარიერაში წინ წაიწიოს და იყოს პროფესიონალი თავის საქმეში, რადგან გვერდით შემდგარი და წარმატებული მეორე ნახევარი მინდა. ახლა რომ უკან ვიხედები, რთული გზა გავიარე, ბევრი წვალება და შრომა მომიწია, ბევრი წყენა და გულის აცრუება, მაგრამ არაფერს ვნანობ. ეს თუ არ გაიარე, ვერც თავის დაფასებას ისწავლი, ვერც გამოცდილებას მიიღებ და ვერც ბევრ რამეს ისწავლი. ცხოვრების საკმაოდ რთული ეტაპები გავიარე და ახლა ოცნებების ახდენის ეტაპზე ვარ.