შვილის მიერ მოკლულ 49 წლის ნინო ხოჭოლავას მეგობრები და ახლობლები ემშვიდობებიან.
„სულ ნიკაზე ნერვიულობდი და მაინც მისი ხელით წახვედი ამ ქვეყნიდან, ჩემო გოგო… მშვიდად განისვენეთ დედა-შვილმა“.
„ნინ, ჩვენ არასდროს დაგვჭირვებია ერთმანეთისთვის იმის მტკიცება თუ როგორ ვგმობდით ყველანაირ ძალადობას, როგორ გვიყვარდა და ვუფრთხილდებოდით ერთმანეთს, ჩვენს შვილებს, ოჯახის წევრებს, მეგობრებს, კოლეგებს, მეზობლებს, ახლობლებს …
დღეს, რაც ჩვენს უსაყვარლეს საქართველოში ხდება, მეც შენთან ერთად დაუჯერებელი ძალადობის მსხვერპლად ვიქეცი, რომელმაც შენი თავი, შენივე შვილის ხელით წამართვა …
როგორი გადამკვდარი დედა იყავი, რამდენი იბრძოლე ნიკას სწორად აღზრდისთვის და ლამაზი მომავლისთვის! ამ მძიმე ბრძოლაში, ასე ტრაგიკულად და უსამართლოდ დამარცხდით დედა-შვილი და ყველა ჩვენ, თქვენი კეთილის მსურველნი!
შემზარავია შენი სისხლით გასვრილი ხელებით ჩაწერილი ნიკას ვიდეორგოლის ყურება, რომელსაც ამ წუთისთვის 20 000-მდე მოწონება აქვს და 100 000-მდე გადაზიარება … ამ ციფრების გააზრება თქვენთვის მომინდია…
მშვიდობით, ჩემო გოგო და მომავალ შეხვედრამდე!
მაპატიე , რომ არ ვიყავი შენ გვერდით , როცა ყველაზე ძალიან გტკიოდა შენი ნიკას ხელებით მოყენებული ჭრილობები.. გვიყვარდეს და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“, – წერენ მოკლული ქალის მეგობრები.
ცნობისთვის, დედის მკვლელობის შემდეგ, ახალგაზრდამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.