როგორ გახდა გვანცა ბუცხრიკიძე მანჰეტენის ორკესტრის სოლისტი მევიოლინე და ვისი ნაყიდი ვიოლინო იქცა მისი წარმატების თილისმად

ქუთაისელი გვანცა ბუცხრიკიძის ოცნებები სამშობლოდან შორს, ამერიკაში ახდა. 2019 წელს American Protege international competition პირველი საპრიზო ადგილი და გალა კონცერტი კარნეგი ჰოლში – ასე დაიწყო მისი წარმატების გზა. 22 წლის ასაკში საკმაოდ დიდ წარმატებებს მიაღწია. დღეს კი ის მანჰეტენის ორკესტრში სოლისტ მევიოლინედ აირჩიეს. როგორც თავად ამბობს, მის თავს ნამდვილი სასწაულები ხდება, იღბლიანია, გაუმართლა და ამაში, გენეტიკურად გადაცემულ ნიჭთან ერთად, მისი შრომისმოყვარეობა და მებრძოლი ხასიათიც დაეხმარა.

გვანცა ბუცხრიკიძე: ჩემს თავს, ნამდვილი სასწაულები ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან ოცნებად მქონდა, წარმატებული მევიოლინე გამოვსულიყავი, ამდენს თუ მივაღწევდი, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. ახლახან გავიარე მოსმენა მანჰეტენის ორკესტრთან, სადაც ამარჩიეს, როგორც სოლისტი და სულ მალე გვექნება ჩაწერა. ეს ჩანაწერი იქნება მსოფლიო პლატფორმებზე, როგორიცაა Spotify, Amazon, Deezer. ჩვენი დირიჟორია გამორჩეული მუსიკოსი დევიდ ვრო, რომელსაც მალე შევხვდები და ერთად დეტალებს გავივლით. სხვათა შორის, ეს ამბავი რომ გაჟღერდა, უამრავი მესიჯი მომივიდა სოციალურ ქსელში. ჩავუჯექი და სათითაოდ ყველა კომენტარი წავიკითხე. სიხარულის ცრემლები მომადგა. ამდენი უცნობი და ნაცნობი ადამიანის სიტყვები უფრო მეტ სტიმულსა და მოტივაციას მაძლევს. მამაჩემი სულ მეუბნება: ყველაზე დიდი რამ, რაც შეიძლება, გააკეთო, ისაა, რომ ხალხს შენი საქმიანობით უყვარდეო. მიყვარხართ ყველა და მართლა არ ვიცი, როგორ იტევს გული ამდენ სითბოსა და სიყვარულს, რომელიც ბოლო დღეებში ჩემ მიმართ გაეცით. ერთ რამეს მივხვდი – ვერაფერი შემაშინებს, როცა ჩემ ირგვლივ მთელი არმიაა იმ ადამიანების, ვისაც უხარია ჩემი მორიგი წარმატება და დამიჯერეთ, არაფერია მუსიკოსისთვის ამაზე დიდი.

– გვანცა, თუ არ ვცდები, პირველი ქართველი ხარ ვინც მანჰეტენის ორკესტრში დაუკრავს.

– ბოსტონის ფილარმონიის ახალგაზრდულ ორკესტრში რომ ამირჩიეს, მაშინ მითხრეს, პირველი ქართველი ხარ, ვინც აქ დაუკრავსო. ეს ზუსტად ვიცი, მაგრამ მანჰეტენის ორკესტრში თუ უკრავდა ქართველი, არ გამიგია და აუცილებლად გავიგებ.

– თუ გახსოვს, ვინ გიყიდა პირვეელი ვიოლინო და ზოგადად, ვინ გამოიჩინა ინიციატივა, ამ ინსტრუმენტზე დაკვრა გესწავლა?

– ვიოლინოზე სიარული რომ დავიწყე, ჩემი ვიოლინო არ მქონდა. პირველი ვიოლინი ბებიამ, დედის დედამ მიყიდა. უამრავმა ვიოლინომ გაიარა ჩემს ხელში, მაგრამ ზუსტად მახსოვს ემოცია, როცა პირველი, საკუთარი ვიოლინო მომიტანეს. ვერ მოვითმინე სანამ ამწყობი მოვიდოდა, დავიკავე ხელში ასაწყობი ვიოლინო და მეზობლებს იმდღესვე ჩავუტარე კონცერტი და ალბათ, წარმოგიდგენიათ იმ მეზობლების ემოცია (იცინის). ის ჩემი პირველი ვიოლინო არ დაკარგულა, ქუთაისშია, ჩემმა პეგადოდმა იცის, ვის აქვს და მინდა საბოლოოდ მე შევიძინო. ის ჩემი წარმატების ერთგვარ თილისმად იქცა და მინდა, ჩემთან ინახებოდეს. არ დამავიწყდება, ერთმა მეზობელმა მითხრა: შვილო, დაგვასვენე, სულ ნუ მღერი და ნუ უკრავო. ენაწყლიანი ბავშვი ვიყავი და ასე ვუთხარი: ის ხომ კარგად გიხარია, დიპლომები რომ მომაქვს სახლში და ამაყობ, ასეთი მეზობელი მყავსო? (იცინის) დღემდე იხსენებს ის კაცი ამ სიტყვებს. სხვათა შორის, მამა იყო ინიციატორი, მევლო ვიოლინოზე, ამბობდა: ვიოლინო რთული ინსტრუმენტია და თუ ამაზე შეძლებს დაკვრას, სმენა განუვითრდებაო. თორემ, ოჯახს დიდი მასშტბების მიზნები არ ჰქონდა, არ ფიქრობდნენ, რომ მევიოლინე გამოვიდოდი. თუმცა, ერთ თვეში პირველ კონკურსზე რომ გავედი და ლაურეატი გავხდი, მაშინ დაიწყო ყველა ჩემი წარმატება. მართლა ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასეთ წარმატებას მივაღწევდი, თუმცა იღბლიანი აღმოვჩნდი და ამისთვის არც შრომა დამიკლია.

– ალბათ, რთული იყო უცხო ქვეყანაში პატარა გოგონას დამოუკიდებლად დაგეწყო ცხოვრება. ამაში რა დაგეხმარა?

– 17 წლის ვიყავი, როცა პირველად ამერიკაში ჩავედი და მახსოვს, ძალიან გამიჭირდა. ყველა მეუბნებოდა, როგორი მოწყენილი ხარო. მაგრამ, ამ ნოსტალგიის დაძლევაში დაკვრა მეხმარებოდა, ყოველდღე კონცერტები მქონდა და ფიქრის დრო არ მრჩებოდა. რასაკვირველია, რთულია, როცა ამ მასშტაბის ქვეყანაში სრულიად დამოუკიდებლად გიწევს ცხოვრება. თუმცა, ჩემი შრომისმოყვარეობა იმდენად დამეხმარა, ეს ადვილად გადავლახე. ნოსტალგიისთვის, ფაქტობრივად, დრო არ მრჩებოდა. როცა მონატრება შემომაწვებოდა, ვიღებდი ვიოლინოს და ვიწყებდი ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებების დაკვრას. განსაკუთრებით, გენიალური ვაჟა აზარაშვილის ნაწარმოებები მიყვარს, შინაგანად მავსებს. როცა ნოსტალგია მეძალება, ისევ და ისევ ქართული ნაწარმოებების დაკვრა მშველის და სენტიმენტებიც ნელ-ნელა ცხრება. ძალიან მენატრებიან ჩემი ოჯახის წევრები, თუმცა მათთან ხშირი კომუნიკაცია მაქვს და თან, ახლა გვერდით საყვარელი ადამიანიც მყავს – ჩემი მეუღლე. ბევრი მეკითხება: როგორ გიტანს ქმარი ასეთ ხმაურიანსო (იცინის). დიდად გატაცებული არასდროს ყოფილა კლასიკური მუსიკით, მაგრამ ალბათ, როცა მეორე ნახევარი გიყვარს, მის ხმაურსაც იტან (იცინის). ზოგადად, თუ ცუდ ხასიათზე ვიყავი ან სტრესი მქონდა, სულ მუსიკასთან ვიყავი კავშირში და ამან ბევრი რამ დამაძლევინა. იმის გამო, რომ ვიოლინოზე დაკვრას ბევრი შრომა სჭირდებოდა, გარდატეხის ასაკში ბევრმა ასეთ დატვირთვას ვერ გაუძლო და სწავლა შეწყვიტა. მე ეს მომენტი არ მქონია, პირიქით, მიხაროდა, რომ მხარზე ვიოლინო მქონდა გადაკიდებული და ისე დავდიოდი ქუთაისის ქუჩებში. კარგი თვისება მაქვს – არასდროს ვკმაყოფილდები მიღწეულით, არასდროს ვჩერდები და ჩემი თავისგან მაქსიმუმს ვითხოვ. თან, მამის მხრიდან იმერელი ვარ, დედის მხრიდან – მეგრელი და ამ ორი გენეტიკის მიქსი ხომ წარმოგიდგენიათ? (იცინის) იმერულ-მეგრული გენეტიკა მიწყობს ხელს, მქონდეს ამბიცია წინ წავიწიო, არ დავნებდე, და ჩემი სიჯიუტე მშველის, ბოლომდე მივიყვანო დასახული. თან, ზოდიაქოთი კურო ვარ და ესეც მშველის, რქებით მივაწვე წარმატებას (იცინის). ეს ისეთი სფეროა, სულ განვითარებას ითხოვს, არ არსებობს მწვერვალი, რომელსაც დაიპყრობ და მორჩა. 22 წლის ვარ. 15 წელია, ყოველდღიურად ვმეცადინეობ, დღე არ გამიცდენია, არც ახალი გამოწვევები მაშინებს, რადგან ეს უფრო მეტ სტიმულს მაძლევს და თან გამოცდილებასაც ვიღებ.